Facebook Script

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) — სიმპტომები, ტიპები და მკურნალობა

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ინგლ. Obsessive Compulsive Disorder, იგივე OCD) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება შემაწუხებელი, არასასურველი ფიქრებითა (აკვიატებებით) და მათზე საპასუხო განმეორებადი, კომპულსიური ქცევებით. OCD-ის მქონე ადამიანები განიცდიან ძლიერ შფოთვას აკვიატებული ფიქრების გამო და შიშის შემცირების მიზნით მიმართავენ კომპულსიურ (განმეორებად და გადაულახავ) ქცევებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ობსესიურ კომპულსიური აშლილობა მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს ახასიათებს. OCD ნებისმიერ სქესის ადამიანში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა რამდენიმე კვლევა ცხადყოფს, რომ ის უფრო ხშირია ქალებში და მათი სიმპტომებიც მეტად მწვავეა. რაც შეეხება ასაკს, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად მოზარდობასა და ადრეულ ზრდასრულობაში ვლინდება. International OCD Foundation-ის მიხედვით, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დაწყების საშუალო ასაკი 19 წელია.

ობსესიურ კომპულსიური აშლილობის მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტებით ან/და ფსიქოთერაპიით, რის შედეგადაც მცირდება სიმპტომების სიმწვავე და სიხშირე.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) სიმპტომები

OCD-ის ძირითადი სიმპტომი შემაწუხებელი ფიქრები და შიშებია, მაგალითად, არასწორ ურთიერთობაში ყოფნის ან საყვარელი ადამიანებისთვის ზიანის მიყენების შიში. არასასურველ ფიქრებს კი საპასუხო აკვიატებული და კომპულსიური ქცევები მოსდევს, მაგალითად, ხშირი რეცხვა ან მუდმივი გადამოწმება. 

აკვიატებული ფიქრები (ობსესიები)

აკვიატებული ფიქრები არასასურველი და განმეორებადი ფიქრებია, რომელიც შფოთვასა და უსიამოვნო განცდას იწვევს. მათ, შესაძლოა, ჰქონდეთ სიტყვების, წარმოსახვების, ან იმპულსების ფორმა. OCD-ის მქონე ადამიანი ცდილობს, ასეთი ფიქრები დათრგუნოს, უგულებელყოს ან გაანეიტრალოს საპასუხო ქცევებით.

ყველაზე გავრცელებული აკვიატებული ფიქრებია:

  • მიკრობების გავრცელების ან დაბინძურების შიში

  • საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანისათვის ზიანის მიყენების შიში

  • წესრიგის დამყარებისა და სიმეტრიის შექმნის მოთხოვნილება

  • სექსუალური შიშები (მაგ., შიში, რომ პედოფილი ხარ)

  • არასწორ ურთიერთობაში ყოფნის შიში, მუდმივი „გადამოწმება“, რომ პარტნიორს ისევ უყვარხარ/იზიდავ

კომპულსიური ქცევები

კომპულსიური ქცევები აკვიატებული აზრების საპასუხო ქმედებებია, რომელსაც განმეორებადი ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ქცევებს სიამოვნება არ მოაქვს OCD-ს მქონე ადამიანისთვის, ისინი მცირეოდენ შვებას ანიჭებს მას და ათავისუფლებს შფოთვისგან. დროთა განმავლობაში კომპულსიური ქცევები ადამიანის ცხოვრებასა და რუტინას არღვევს.

ყველაზე გავრცელებული კომპულსიური ქცევებია:

  • მუდმივი გადამოწმება 

  • ხშირი რეცხვა, წმენდა და სტერილიზება

  • წესრიგი და ორგანიზებულობა, სიმეტრიისკენ სწრაფვა

  • ნივთების შეგროვება

  • სიტყვების მუდმივი გამეორება ან თვლა

  • მკაცრი რუტინის დაცვა (მაგ., კვებასა და ჰიგიენაში)

  • ლოცვებისა და მანტრების გამეორება

  • კონკრეტული საგნების, ადგილებისა და სიტუაციებისგან თავის არიდება

  • ონლაინ კვლევა და ინფორმაციის მოძიება

  • მუდმივი ნუგეშის მოლოდინი სხვებისგან

აღნიშნული სიმპტომების გარდა, OCD-ის მქონე ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს:

  • ერთი კონკრეტული აზრის აკვიატება და სხვა საკითხზე კონცენტრაციის სირთულე

  • მუდმივი შფოთვა და ღელვა

  • სიების კეთება და თვლა (საკვების, ყოველდღიური აქტივობების და სხვა)

  • განმეორებადი ქცევები, რომლებიც სტრესთან გამკლავებას უწყობს ხელს (კონკრეტული სიტყვების გამეორება, ხელების დაბანა)

  • ნებისმიერ სიტუაციაში კონტროლის მოთხოვნილება

  • ჩვეულ რუტინაში ცვლილების ან უცნაურობის მიმართ აუტანლობა

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე. შედარებით მსუბუქი სიმპტომები ყოველდღიური ცხოვრების, რუტინისა და სამსახურისთვის ხელისშემშლელია, ხოლო მწვავე სიმპტომები ადამიანს სრულიად ართმევს უნარს, კონცენტრირდეს სხვა რამეზე, გარდა აკვიატებული აზრებისა და საპასუხო კომპულსიური ქმედებებისა.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) ტიპები

OCD-ის მქონე ადამიანებს ახასიათებთ კონკრეტული აკვიატებული ფიქრები და შიშები, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის მკვლევრებმა OCD-ის ოთხ ძირითად კატეგორიაში გააერთიანეს, ესენია: დაბინძურების OCD, გადამოწმებისა და საკუთარ თავში დაეჭვების OCD, სრულყოფილების OCD და აკრძალული ფიქრების OCD.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ტიპებს შორისაა:

  • ზიანის OCD — საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანებისთვის ზიანის მიყენების შიში, რომელიც შეიძლება ძალადობრივი და სასტიკი იყოს. მსგავსი ფიქრები ადამიანს საკუთარი თავისადმი ნდობას უკარგავს, რადგან სჯერა, რომ მისი ფიქრები რეალობად იქცევა.

  • დაბინძურების OCD — სიმპტომები მოიცავს მიკრობების, დაავადების გავრცელების ან დაბინძურების შიშს.

  • სიმეტრიის OCD — პიროვნებას ახასიათებს სიმეტრიისა და სისწორის აკვიატება და უჩნდება მოთხოვნილება, რომ ყველაფერი თანაბარი და დაბალანსებული იყოს.

  • გადამოწმების OCD — პიროვნებას აკვიატებული აქვს მუდმივი გადამოწმება, იქნება ეს ჯიბეების, საკეტის თუ საკუთარი სხეულის ნაწილისაც კი.

  • ურთიერთობების OCD — უმეტესად რელევანტურია სასიყვარულო ურთიერთობებში, როდესაც პიროვნება არ არის დარწმუნებული, თუ რამდენად შეეფერება ან/და უყვარს პარტნიორს, ან აქვს ღალატისა და მიტოვების შიში. 

  • პედოფილიის OCD — პიროვნებას ახასიათებს აკვიატებული სექსუალური ფიქრები ბავშვებზე, რაც იწვევს პანიკასა და შფოთს, რომ შესაძლოა, იგი პედოფილი აღმოჩნდეს.

  • სექსუალური ორიენტაციის OCD — პიროვნება ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასა და იდენტობას და სხვადასხვა გენდერის ადამიანებისადმი მიზიდულობის გასარკვევად ხშირად მიმართავს კომპულსიურ ქმედებებს.

  • სომატური OCD — პიროვნება ფოკუსირდება ჯანმრთელობის ან სხეულის რომელიმე ნაწილზე. იგი შეიძლება კომპულსიურად აკვირდებოდეს და ამოწმებდეს, მაგალითად, სუნთქვას, თვალის დახამხამებას, ღეჭვას და ა.შ. 

  • ე.წ. „Just-Right“ („ისე, როგორც საჭიროა“) OCD — პიროვნებას მოთხოვნილება აქვს, ყველაფერი „სწორად“ ხდებოდეს. ხოლო, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ რაღაც რიგზე არ არის, ეწყება შფოთვა და ეუფლება უსიამოვნების განცდა. 

  • ე.წ. „Pure-O“, ანუ წმინდად ობსესიური OCD — პიროვნებას მხოლოდ აკვიატებული ფიქრები და იდეები ახასიათებს, მაგრამ არა საპასუხო კომპულსიური ქმედებები. მართალია, ზოგი ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს, საერთოდ არსებობს თუ არა ამ ტიპის OCD, თუმცა არსებობს ადამიანთა ნაწილი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ აწუხებთ შემაწუხებელი და განმეორებადი ფიქრები, რასაც არ ახლავს საპასუხო ქცევა.

წყარო: Calm Clinic

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) გამომწვევი მიზეზები

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის გამომწვევი ფაქტორები, შესაძლოა, განპირობებული იყოს გენეტიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური და კოგნიტიური ფაქტორებით, რომელთა შორისაა:

  • მშობიარობამდელი რისკ-ფაქტორები — შესაძლოა, OCD-ის გამომწვევ მიზეზად ფეხმძიმობის პერიოდში განვითარებული მოვლენები იქცეს. უახლესი კვლევების მიხედვით, OCD-ის რისკი მაღალია ნაადრევად ან საკეისროს დახმარებით დაბადებულ ბავშვებში. ასევე, ფეხმძიმობისას მოწევა, დაბადებისას ჭარბი წონა და აპგარის დაბალი მაჩვენებელი ზრდის OCD-ის რისკს.

  • გენეტიკა — როგორც მენტალური აშლილობების დიდი ნაწილისთვის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის შემთხვევაშიც გენეტიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია. OCD-ის მქონე ადამიანთა 25%-ს ერთი ოჯახის წევრი მაინც ჰყავს მსგავსი დიაგნოზით. კვლევის მიხედვით, როდესაც OCD-ის სიმპტომები ბავშვობაში ვლინდება, ეს 45-65%-ით გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული, ზრდასრულობისას გამოვლენის შემთხვევაში კი — 27-47%-ით.

  • ნევროლოგიური დარღვევები — ნეიროვიზუალიზაციის კვლევების მიხედვით, OCD-ის მქონე ადამიანის ტვინი განსხვავდება ჩვეულებრივი ტვინისგან, მათ შორის ტვინის კონკრეტული რეგიონების ზომაში, სტრუქტურაში, ქიმიურ აგებულებასა და ტვინის სხვადასხვა რეგიონის ერთმანეთთან კომუნიკაციის ფორმაში.

  • ფსიქოლოგიური და პიროვნული განსხვავებები — ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კონკრეტული პიროვნული მახასიათებლების მქონე ადამიანები მეტად არიან მიდრეკილი ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისკენ, მაგალითად, პერფექციონისტები და ნევროზული მიდრეკილებების მქონენი, ასევე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, მერყევი და იმპულსური ადამიანები. OCD-ის მქონე ადამიანების ტვინი განსხვავებულად ამუშავებს და აგზავნის ინფორმაციას. მაგალითად, კვლევის მიხედვით, ასეთი ადამიანების ტვინში შეცდომების იდენტიფიცირებისა და არასასარგებლო მოქმედების შეჩერების მექანიზმები გამართულად არ ფუნქციონირებს. 

  • სოციალური და გარემო ფაქტორები — გარემომ, შესაძლოა, ბავშვებსა და მოზარდებს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისკენ უბიძგოს. მაგალითად, ისეთ ბავშვებს, რომლებსაც განშორების შიში ან საკუთარი სხეულით გამოწვეული შფოთი ახასიათებთ, მეტად მოსალოდნელია, რომ განუვითარდეთ OCD. 

  • სტრესი — ცხოვრებისეული ტრავმა შეიძლება ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ხელშემწყობი მიზეზი აღმოჩნდეს. სტრესული გარემო დამოუკიდებლად არ ხდება OCD-ის გამომწვევი მიზეზი, თუმცა იგი აჩქარებს სიმპტომების გამოვლენას. გარდა ამისა, ქალები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რომ პოსტ-პარტუმ (მშობიარობისშემდგომ) პერიოდში განუვითარდეთ OCD.

  • ბავშვობის ტრავმა — ბავშვობაში განცდილი ტრავმული გამოცდილება, მაგალითად, ძალადობა და უგულებელყოფა, OCD-ის სიმპტომების გამოვლენას აჩქარებს და ამწვავებს მათ.

  • სტრეპტოკოკულ ინფექციებთან დაკავშირებული პედიატრიული ავტოიმუნური ნეიროფსიქიატრიული დარღვევები (ინგლ. PANDAS) — ასეთი დარღვევები მაშინ ხდება, როდესაც ბაქტერიულ ინფექციასთან ბრძოლისას სხეული საკუთარ თავსაც ესხმის, რის შედეგადაც ვლინდება სხვადასხვა სიმპტომები, მათ შორის OCD, და აუცილებელია მისი განხილვა არასწორი დიაგნოზის თავიდან აცილების მიზნით. PANDAS-ის სიმპტომებს შორისაა მოტორული და კვებითი დარღვევები და ძლიერი შფოთვა.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) მკურნალობა

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მკურნალობით შესაძლებელია სიმპტომების შემცირება და მართვა ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულფასოვნად ფუნქციონირება. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს როგორც მედიკამენტებსა და ფსიქოთერაპიას, ისე ორივეს ნაზავს.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მკურნალობის გავრცელებული მეთოდებია: 

  • ექსპოზიციის და რეაგირების პრევენცია (ERP) — OCD-ის მკურნალობის ყველაზე ეფექტური ფორმა, რომელიც ეხმარება ადამიანებს, ნაკლებად მგრძნობიარენი იყვნენ შფოთის გამომწვევი ფაქტორებისადმი და გაუმკლავდნენ კომპულსიური ქცევების მოთხოვნილებას. აღნიშნული მკურნალობის კურსი დაახლოებით 8-12 სესიას (თითო 60-90 წუთი) მოიცავს. 

  • კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) — თერაპიის ტიპი, რომელიც ეხმარება ადამიანს, შეცვალოს აზროვნების არასწორი ტენდენციები და ქცევისკენ მიდრეკილებები, რაც აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას. CBT ეფექტურია სხვა მენტალური აშლილობების სამკურნალოდაც. მკურნალობის ზოგადი დროითი ჩარჩო განსაზღვრული არ არის, რადგან ის შედეგზე ორიენტირებული მეთოდია, თუმცა, როგორც წესი, პროგრესის მისაღწევად 12-20 სესია საკმარისია ხოლმე. 

  • აღიარებისა და პასუხისმგებლობის თერაპია (ACT) — თერაპიის ფორმა, რომელიც ეხმარება ადამიანს, თვალი გაუსწოროს და აღიაროს საკუთარი ფიქრები, რათა გადალახოს ისინი. 

  • მედიკამენტები — ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანმა შეიძლება მიიღოს ფსიქიატრიული მედიკამენტები, რომელიც აუცილებლად დანიშნული უნდა იყოს ფსიქიატრისა და ლიცენზირებული ექიმის მიერ, რომელსაც მენტალური აშლილობების მკურნალობის გამოცდილება აქვს.

როგორ დავეხმაროთ ახლობლებს, რომლებსაც ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) აქვთ 

მენტალური აშლილობების მქონე ადამიანის მხარდაჭერა გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რადგან მნიშვნელოვანია, რომ დახმარების გაწევასთან ერთად არ გავაუარესოთ მათი სიმპტომები. 

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანთან ურთიერთობისას სასურველია:

  • ვანუგეშოთ და დავამშვიდოთ, რომ მისი ობსესიები, დიდი ალბათობით, უსაფუძვლო შიშებია

  • გავეცნოთ OCD-ის სიმპტომებსა და მისი მკურნალობის გზებს

  • მივუთითოთ ადამიანს მაშინ, როცა სიმპტომებს გამოავლენს

  • წავახალისოთ, რომ იყოს მეტად ღია და გულწრფელი

  • გავუწიოთ ემოციური მხარდაჭერა ან გავყვეთ ექიმთან 

  • მათთან ერთად განვიხილოთ აკვიატებულ ფიქრებსა და კომპულსიურ ქცევებს შორის არსებული ირაციონალური კავშირი

► გახსოვდეთ, რომ OCD-ის მქონე ადამიანებს ყოველთვის სიყვარულითა და გაგებით უნდა მოეპყრათ და არა — აგრესიულად.

გამოყენებული წყაროები:

სტატიის მთარგმნელი: ლეილა ჩხეტიანი

მთავარი სურათი: Sekka

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

მსხვერპლის დადანაშაულება, ძალადობა, გაუპატიურება, სექსიზმი

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება და რატომ ხდება ის?

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება? — როდესაც დანაშაულის ან ძალადობის შემთხვევაში საზოგადოება პასუხისმგებლობას მთლიანად ან ნაწილობრივ მსხვერპლს აკისრებს

ჩემი ფსიქიკა
სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) — სიმპტომები, ტიპები და მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია