Facebook Script

ორსულობის ტესტი — როდის და როგორ გამოვიყენოთ?

ორსულობა ხშირად ბედნიერი, მისასალმებელი და სასურველი მოვლენაა, მაგრამ დაუგეგმავი ორსულობის აღმოჩენა ზოგჯერ შოკისმომგვრელია! გულისრევა, დაღლილობა და მადის ზრდა ორსულობის ადრეული ნიშნებია, თუმცა თუ შესაძლო ორსულობის დადგენა გსურთ, ამის მარტივი გზა ორსულობის ტესტის სწორად და სწორ დროს გაკეთებაა.

ორსულობის ტესტები იაფი, ხელმისაწვდომი და მარტივად გამოსაყენებელია — შედეგის მისაღებად შარდის სულ რამდენიმე წვეთია საჭირო. მიუხედავად ამისა, ისინი 100%-ით ზუსტი არ არის, ამიტომაც თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, უმჯობესია თქვენს პირად ექიმს ან გინეკოლოგს გაესაუბროთ. შემდეგ მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, რომელიც შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

ვარ თუ არა ორსულად?

ქალს დაორსულება (ბავშვის ჩასახვა) მხოლოდ განსაზღვრულ, ძალიან სპეციფიკურ პირობებში შეუძლია. საშუალო 28-დღიანი მენსტრუალური ციკლის დაახლოებით მე-14 დღეს ქალს ოვულაცია აქვს — ეს ნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი საკვერცხიდან გამოიყოფა კვერცხუჯრედი, რომელიც ფალოპის მილს გადის და საშვილოსნოში აღწევს. თუკი სპერმა ვაგინაში მოხვდება და საშვილოსნოს გავლით ფალოპის მილებში მიაღწევს, მას შეუძლია კვერცხუჯრედის განაყოფიერება, თუ ის ამ დროს იქ დახვდება.

მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ყველაზე სტაბილური მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობაც კი ცვალებადია და ოვულაციის დრო შეიძლება თვიდან თვემდე შეიცვალოს. ეს განსაკუთრებით ასეა თინეიჯერების შემთხვევაში, რომელთა სხეულის რიტმები ჯერ კიდევ არასტაბილური და ცვალებადია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი მენსტრუაციის მსვლელობისთვის თვალის დევნება. ეს საშუალებას მოგცემთ, გაიგოთ, რამდენ ხანს გრძელდება თქვენი ციკლი, რაც გაამარტივებს ცვლილებების, მაგალითად, მენსტრუაციის დაგვიანების ან მენსტრუაციებს შორის უჩვეულო სისხლდენის შემჩნევას.

კვერცხუჯრედის განაყოფიერება ოვულაციიდან დაახლოებით 12-24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. თუმცა, სპერმატოზოიდს ქალის სხეულში რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია ყოფნა, ამიტომაც მისი სიცოცხლისუნარიანობა ბევრად მაღალია. თუკი სპერმატოზოიდი უკვე ადგილზეა (წინა დღეებში მომხდარი სქესობრივი კავშირის გამო), როდესაც ქალს ოვულაცია აქვს, მისი კვერცხუჯრედი შეიძლება განაყოფიერდეს. ან თუკი ქალს ოვულაციის დროს ექნება სექსი, სპერმატოზოიდმა შეიძლება მყისიერად გაანაყოფიეროს კვერცხუჯრედი, რომელიც ახლახან გამოთავისუფლდა.

არ აქვს მნიშვნელობა, ეს პირველი, მეხუთე თუ მეასე სექსია ქალისთვის — დაორსულების სურვილის ქონას ან არქონას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ადამიანის სხეული სქესობრივ რეპროდუქციასაა მორგებული და ყოველთვის ცდილობს განაყოფიერებას.

► თუკი კვერცხუჯრედი ჯანმრთელ, ფერტილურ სპერმატოზოიდს შეხვდება, ის შეიძლება განაყოფიერდეს — ამ დროს იწყება ორსულობა.

ეს როგორ მოხდა?!

სექსუალურად აქტიური ადამიანებისთვის ორსულობის თავიდან არიდების საუკეთესო საშუალება კონტრაცეფციის გამოყენებაა. თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველა ტიპის კონტრაცეპტივი არ გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (სგგი-ებისგან), ამიტომაც უმჯობესია გამოიყენოთ პრეზერვატივი (კონდომი), თუკი თქვენ და თქვენი პარტნიორი ექსკლუზიურ ურთიერთობაში არ ხართ და ორივემ იცით, რომ ინფექციები არ გაქვთ.

თუმცა, ცხოვრება მოულოდნელია და ადამიანები ყოველთვის ფრთხილად და ბრძნულად არ იქცევიან — განსაკუთრებით როცა საქმე სიყვარულსა და ვნებას ეხება. ასეთ დროს კონტრაცეფცია ზოგჯერ ბოლო რამაა, რაც გვახსენდება, ან გვგონია, რომ ინტიმური მომენტის დროს ამის განხილვა შეუფერებელი ან სამარცხვინო იქნება.

► დაუგეგმავი ორსულობა ასევე შეიძლება გაუპატიურების ან სექსუალური ძალადობის შედეგი იყოს, რა დროსაც გაცილებით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ქალი ეფექტური კონტრაცეფციით იქნება დაცული.

და ზოგჯერ, თუნდაც წყვილი კონტრაცეფციას იყენებდეს, ის, უბრალოდ, არ მუშაობს. ასეთ დროს ქალმა შეიძლება სასწრაფო კონტრაცეფცია მიიღოს სექსის შემდეგ.

სურათი: WomanLog

როგორ მუშაობს ორსულობის ტესტი?

ორსულობის დასადგენად ყველაზე ზუსტი მეთოდი ლაბორატორიაში სისხლის ანალიზის გაკეთებაა, თუმცა ამას დიდი დრო სჭირდება — ზოგჯერ რამდენიმე დღე — ლოდინი კი ასეთ დროს შეიძლება რთული იყოს. ორსულობის ტესტის ყიდვა ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება და ის პასუხს ბევრად მარტივად და სწრაფად იძლევა, თუმცა ოდნავ უფრო არაზუსტად.

ორსულობის ტესტი ქალის სისხლში ან შარდში ჰორმონის — ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის, იგივე hCG-ს — არსებობას ამჩნევს. როდესაც კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება და საშვილოსნოს კედელში ჩაეშენება, ემბრიონი hCG-ს გამომუშავებას იწყებს.

ეს ჰორმონი სხეულს აუწყებს, რომ დროა, გამოყოს სხვა ჰორმონი, პროგესტერონი, რომელიც საშვილოსნოს ენდომეტრიული ამომფენი გარსის შენებისა და შენარჩუნებისთვისაა საჭირო, ემბრიონისთვის სათანადო გარემოს შესაქმნელად.

ახლა კი, ამოისუნთქეთ. დაუცველი სექსის შემდეგ მყისიერად ორსულობის ტესტის გაკეთებას არავითარი აზრი არ აქვს. თუკი თქვენი ერთ-ერთი კვერცხუჯრედი განაყოფიერდა, მას დაახლოებით 6-7 დღე დასჭირდება, რათა ფალოპის მილიდან საშვილოსნოში გადავიდეს, სადაც ის შემდეგ ენდომეტრიუმში, ანუ საშვილოსნოს ღრუს ამომფენ ლორწოვან გარსში, უნდა ჩაშენდეს.

ყველაზე ადრე, ორგანიზმში hCG-ს დონე განაყოფიერებიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ იქნება საკმარისად მაღალი საიმისოდ, რომ ლაბორატორიულმა სისხლის ანალიზმა ის შეამჩნიოს, თუმცა ის ჯერ კიდევ შეუმჩნეველი იქნება შარდში.

► ყველაზე დიდი ალბათობით ზუსტ პასუხს იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუკი საშინაო ორსულობის ტესტს მენსტრუაციის დაგვიანებიდან ერთი დღის შემდეგ გაიკეთებთ.

აქედან მოყოლებული, hCG-ს დონე სწრაფად იზრდება და მაქსიმალურს აღწევს ორსულობის დაახლოებით მეშვიდე-მეთორმეტე კვირაში. ამის შემდეგ hCG-ს გამომუშავება შემცირებას იწყებს, თუმცა მისი შემჩნევა მაინცაა შესაძლებელი სისხლსა და შარდში მთელი ორსულობის განმავლობაში.

თუკი ქალს მუცელი მოეშლება ან ის აბორტს გაიკეთებს, სხეულს საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად რამდენიმე კვირა სჭირდება და hCG ორგანიზმში ისევ იქნება, ამიტომაც ამ დროის განმავლობაში ახალი ორსულობის შემოწმება ძალიან რთულია.

როგორ გამოვიყენო ორსულობის ტესტი?

საშინაო ორსულობის ტესტების გამოყენება ძალიან მარტივია. მართალია, ყველა მათგანი ერთსა და იმავე პრინციპს ემყარება, თუმცა ტესტი ბევრი სხვადასხვა ტიპის არსებობს, ამიტომ უმჯობესია, თუ ჯერ ინსტრუქციებს გადახედავთ და ვარგისიანობის ვადას შეამოწმებთ!

საშინაო ორსულობის ტესტი, როგორც წესი, პლასტმასაში შეფუთული რეაქციული სტრიპ-ტესტისგან (ქაღალდის სატესტო ზოლისგან) შედგება. ზოგისთვის საჭიროა, რომ სტრიპ-ტესტის ბოლო უშუალოდ შარდის ნაკადს შეუშვიროთ რამდენიმე წამის განმავლობაში, სხვებს კი პიპეტი (საწვეთური) მოჰყვება. ტესტი შედეგს რამდენიმე წუთში აჩვენებს, პასუხის ჩვენების ფორმა კი გამოყენებულ ტესტზეა დამოკიდებული (ყველაზე ხშირად ორსულობას ორი ხაზი აღნიშნავს).

ორსულობის ტესტის სატესტო ზოლი ზონებადაა დაყოფილი — ნიმუშის სათავსო, რეაქციის ზონა, ტესტის ზონა და კონტროლის ზონა. შარდი ნიმუშის სათავსოში თავსდება, შემდეგ კი რეაქციის ზონაში ჩაედინება, სადაც შარდში არსებული hCG უკავშირდება ანტისხეულებს, რომლებიც ფერმენტს შეიცავს, ის კი შემდეგ ორ ზონაში შეფერვის რეაქციაში შედის. შარდი აგრძელებს ტესტის ზონაში ჩადინებას, სადაც ფერმენტიანი ანტისხეულები აკატალიზებენ შეფერვის რეაქციას (როგორც წესი, ესაა ხაზი ან პატარა პლუსი), თუკი hCG იქ აღმოჩნდება. საბოლოოდ, შარდი გადადის კონტროლის ზონაში, სადაც კიდევ ერთი შეფერვის რეაქცია (კიდევ ერთი ხაზი ან პლუსი) სრულდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ტესტი გამართულად გაკეთდა. ერთფერიანი რეაქცია უარყოფით პასუხს ნიშნავს — ანუ ორსულობა არ დამდგარა. ორფერიანი რეაქცია დადებით პასუხს ნიშნავს — ანუ ორსულად ხართ.

ორსულობის ტესტების უმეტესობის გაკეთება დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი, თუმცა შარდში hCG-ის შემცველობა ყველაზე მაღალი დილითაა. თქვენი ორსულობის ტესტი ყველაზე სანდო სწორედ დილით, პირველად მოშარდვისას იქნება.

სურათი: WomanLog

ორსულობის ტესტი 100%-ით ზუსტია?

საშინაო ორსულობის ტესტის მთავარი პლუსი ისაა, რომ ის სწრაფად იძლევა პასუხს; მიუხედავად ამისა, ის 100%-ით ზუსტი არ არის.

შეიძლება, ტესტმა ცრუ დადებითი პასუხი აჩვენოს, თუკი:

  • ტესტი, რომელსაც იყენებთ, ვადაგასულია

  • იღებთ ფერტილურობის (ნაყოფიერების) მედიკამენტებს ან სხვა ისეთ წამლებს, რომლებიც hCG-ს შეიცავს

  • გაქვთ ღვიძლის დაავადება, კიბო ან სხვა ისეთი დაავადება, რომელიც ორგანიზმში hCG-ს მაღალ დონეს განაპირობებს

► ტესტის არაზუსტი პასუხი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ექტოპიურმა (საშვილოსნოსგარე) ორსულობამ, საკვერცხეებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ან მენოპაუზის ჰორმონებმა.

შეიძლება, ტესტმა ცრუ უარყოფითი პასუხი აჩვენოს, თუკი:

  • მოუთმენლობის გამო ტესტს იმაზე ადრე გაიკეთებთ, ვიდრე hCG-ს შესამჩნევადაა საჭირო

  • შედეგის ნახვას იჩქარებთ და საკმარისად არ მოიცდით საიმისოდ, რომ ტესტში მიმდინარე რეაქცია შესრულდეს

  • ტესტისთვის გამოყენებული შარდი რაიმე მიზეზით გაზავებული იყო და hCG-ს დაფიქსირება ვერ მოხდა

ზოგადი რეკომენდაციაა, რომ ორსულობის ტესტი ორ კვირაში ისევ გაიმეოროთ. თუკი კიდევ ერთ დადებით პასუხს მიიღებთ, შეგიძლიათ ექიმს მიმართოთ სისხლის ანალიზისთვის. ამ მეთოდით ყველაზე სანდო შედეგის მიღებაა შესაძლებელი.

ახლა რა ვქნა?

► ტესტის პასუხის განურჩევლად, დანიშნეთ ვიზიტი თქვენს ექიმთან.

თუკი რამდენიმე ტესტი გაიკეთეთ სახლში, მაგრამ სხვადასხვა შედეგი მიიღეთ, სისხლის ანალიზი საბოლოო პასუხს მოგცემთ.

თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, მაგრამ თქვენი მენსტრუაცია არ იწყება და ორსულობის სიმპტომები გაქვთ — მაგალითად, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ტკივილისადმი მგრძნობიარე ძუძუები ან მოთენთილობა — ექიმი გაგსინჯავთ, დაადგენს მიზეზს და გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ, რათა ყველაფერი ნორმაში დაბრუნდეს.

თუ ტესტის პასუხი დადებითია, ექიმი გეტყვით, შემდგომ რისი გაკეთებაა საჭირო. ორსულობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რას უნდა ელოდოთ და რისი გაკეთებაა საჭირო ნაყოფის ჯანმრთელობისთვის — მაგალითად, რა მედიკამენტები მიიღოთ, როგორი რეჟიმი და დიეტა დაიცვათ, როგორ უნდა ივარჯიშოთ და ა.შ. თუ ორსულობა დაუგეგმავი და არასასურველია ან თუ მას სამედიცინო უკუჩვენებები აქვს, ექიმი ორსულობის შეწყვეტის უსაფრთხო მეთოდებს გირჩევთ.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები საქართველოში

რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების მნიშვნელობა — აბორტი და უშვილობა: როგორია რეალობა საქართველოში?

ორსულობა და მშობიარობა
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

ორსულობის ტესტი — როდის და როგორ გამოვიყენოთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია