Facebook Script

რატომ იგვიანებს ჩემი მენსტრუაცია? — შესაძლო მიზეზები

რეგულარული მენსტრუალური ციკლი კარგი ჯანმრთელობის მანიშნებელია. თუმცა, ქალების უმეტესობისთვის მენსტრუაციას განსაზღვრული ცვალებადობა ახასიათებს.

ორსულობის გარდა, მენსტრუალური ციკლის რიტმზე შეიძლება რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედოს, მათ შორის ზოგიერთმა დაავადებამ, მედიკამენტმა, სტრესმა, ზედმეტმა მუშაობამ ან ვარჯიშმა, ასევე წონის უეცარმა მატებამ ან კლებამ.

► მენსტრუაციის დაგვიანება ზოგჯერ შემაშინებელია, თუმცა სანამ გაარკვევდეთ, რაშია საქმე, წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. შეიძლება, სანერვიულო არც არაფერი იყოს — აბსოლუტურად ნორმალურია, რომ თქვენი მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა ზოგჯერ შეიცვალოს.

საშუალო მენსტრუალური ციკლი

მენსტრუალური ციკლი იმ ცვლილებების ერთობლიობაა, რომლებიც ყოველთვიურად მიმდინარეობს ქალის სხეულში შესაძლო ორსულობისთვის მოსამზადებლად. თვეში ერთხელ ორი საკვერცხიდან ერთ-ერთი ათავისუფლებს მომწიფებულ კვერცხუჯრედს (იშვიათად, ორს ან სამს). ამ პროცესს ოვულაცია ეწოდება.

თუკი ოვულაცია მოხდება, მაგრამ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდება, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი ნელ-ნელა ჩამოიფცქვნება და კუნთების შეკუმშვის მეშვეობით საშვილოსნოს ყელის გავლით სხეულიდან გამოიდევნება. ამას მენსტრუაცია ეწოდება — სისხლდენის პირველი დღე ციკლის დაწყების პირველ დღეს აღნიშნავს.

ციკლი საშუალოდ 21-35 დღე გრძელდება, მენსტრუაცია კი — 3-5 დღე, თუმცა ასევე ნორმალურია, რომ ის 2-იდან 7 დღემდეც გაგრძელდეს. ახალგაზრდა გოგოებს, რომლებსაც ახლახან დაეწყოთ მენსტრუაცია, ხშირად არარეგულარული ციკლები აქვთ, თუმცა მათი რიტმი ასაკთან ერთად სტაბილურდება.

► თვალი ადევნეთ საკუთარ მენსტრუალურ ციკლს, რათა მიხვდეთ მის საშუალო ხანგრძლივობასა და ცვალებადობას. ამგვარად ცვლილებების მართვა უფრო მარტივი გახდება.

ციკლის არევა და მენსტრუაციის დაგვიანება ბევრმა სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორისაა:

#1. სტრესი

თუ თქვენი მენსტრუაცია იგვიანებს, შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სტრესმა და მღელვარებამ შეიძლება მენსტრუაციის დაწყება კიდევ უფრო გადაწიოს. როდესაც მუდმივი ან ძლიერი სტრესის ქვეშ ხართ, თქვენი სხეული სტრესის ჰორმონებს — კორტიზოლსა და ადრენალინს — გამოყოფს.

ადრენალინი გაძლევთ ენერგიას, კორტიზოლი კი ზრდის ტვინის ფუნქციას და თქვენს სხეულს ეუბნება, რომ სხეულის ის ფუნქციები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, ენერგიის დაზოგვის მიზნით უნდა შეანელოს ან სულაც გააჩეროს. სტრესმა შეიძლება დათრგუნოს რეპროდუქციული სისტემა — თუკი კორტიზოლი ტვინს პროგესტერონისა და ესტროგენის გამოყოფას შეაწყვეტინებს, მენსტრუალური ციკლი ვერ შესრულდება.

თითოეული ქალი სხვადასხვანაირად რეაგირებს სტრესზე. ზოგისთვის შფოთვამ და ნერვიულობამ შეიძლება გამოიწვიოს ადრეული სისხლდენა ან მენსტრუაციებს შორის სისხლდენა, ასევე ჩვეულზე უფრო მსუბუქი ან უფრო ძლიერი სისხლდენა.

უმნიშვნელო უსიამოვნებები სხეულის რეპროდუქციულ ფუნქციებზე, დიდი ალბათობით, არ იმოქმედებს, თუმცა შეიძლება იმოქმედოს საყვარელი ადამიანის დაკარგვამ ან ძალიან ბევრმა მუშაობამ, თანაც არა მხოლოდ მენსტრუალურ ციკლზე — სტრესმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს თავისტკივილი, ძილის დარღვევა, კუნთებისა და მუცლის ტკივილი.

სურათი: WomanLog

#2. ორსულობა

თუკი რეპროდუქციულ ასაკში იმყოფებით და სექსუალურად აქტიური ხართ, დაგვიანებული მენსტრუაცია შეიძლება ორსულობის მანიშნებელი იყოს. ორსულობის სხვა ადრეულ ნიშნებს შორისაა:

  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება

  • ტკივილისადმი მგრძნობიარე მკერდი

  • შებერილობა

  • შარდვის გაზრდილი მოთხოვნილება

  • დაღლილობა და მოთენთილობა

  • ჭამის ძლიერი სურვილი, მადისა და გემოვნების ცვლილება

  • სუნებისადმი მგრძნობიარობა

  • კუჭის შეკრულობა

  • განწყობის უეცარი ცვლილებები

► ორსულობის ალბათობა მხოლოდ მაშინაა, თუკი დაუცველი ვაგინალური („პენისი ვაგინაში“ ტიპის) სექსი გქონდათ ან თუ სექსის დროს თქვენს ვაგინას ან ვულვას სპერმა შეეხო. თუ ეჭვობთ, რომ ორსულად ხართ, გაიკეთეთ ორსულობის ტესტი.

► იხილეთ აგრეთვე: ორსულობის ტესტები — როდის და როგორ გამოვიყენოთ?

ყველაზე ზუსტი შედეგის მისაღებად უმჯობესია, მენსტრუაციის დაგვიანებიდან ერთი კვირა მოიცადოთ. პასუხში დარწმუნება თუ გსურთ, ორი ან სამი დღის შემდეგ კიდევ ერთი ტესტი გაიკეთეთ. გარდა ამისა, თუ უარყოფითი პასუხიდან ერთი კვირის შემდეგ მენსტრუაცია კვლავ არ დაიწყო, ყოველი შემთხვევისთვის ტესტის კიდევ ერთხელ გაკეთება სჯობს.

აღსანიშნავია, რომ ორსულობასთან დაკავშირებული ბევრი სიმპტომი პრემენსტრუალურ სინდრომსაც — ე.წ. „პიემესსაც“ — ახასიათებს. თუმცა, თუკი ეს სიმპტომები დიდხანს შენარჩუნდა ან მენსტრუაცია ისევ არ დაიწყო, აუცილებლად მიმართეთ თქვენს პირად ექიმს ან გინეკოლოგს, რადგან ეს შეიძლება ჯანმრთელობის სხვა პრობლემების ნიშანი იყოს.

► აღსანიშნავია, რომ ორსულობის შიში ან დაორსულებაზე ზედმეტი ფიქრი შეიძლება ფსიქოლოგიური ბარიერი გახდეს და მენსტრუალური ციკლის ნორმალურ ფუნქციონირებას შეუშალოს ხელი.

#3. წონის ცვლილება

წონის ცოტათი დაკლება, სავარაუდოდ, არ იმოქმედებს თქვენს მენსტრუალურ ციკლზე. პირიქით, ზომიერად გახდომას შეუძლია თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება და მენსტრუალური ციკლის რიტმის ნორმალიზება — მაგალითად, პოლიკისტური (ან პოლიცისტური) საკვერცხის სინდრომის შემთხვევაში.

თუმცა, წონის უეცრად და დიდი რაოდენობით დაკლებამ შეიძლება დააზიანოს რეპროდუქციული სისტემა, რადგან ის სხეულის ჰორმონალურ ბალანსზე ზემოქმედებს.

► ჰორმონ ლეპტინს ცხიმოვანი ქსოვილი აწარმოებს. თუკი ორგანიზმში ლეპტინის დონე უეცრად დაეცემა, ეს სხეულს ატყობინებს, რომ რთულ მდგომარეობაშია და ახლა ორსულობისთვის შესაფერისი დრო არ არის, რადგან საკვები ნივთიერებების ნაკლებობა ორსულობის წარუმატებლობის შანსებს ზრდის.

ნაყოფიერებასა და ჩასახვასთან დაკავშირებული ყველა პროცესი, მათ შორის მენსტრუაცია, ნელდება ან ჩერდება, რათა სხეულის ენერგია უფრო მნიშვნელოვან საკითხს მოხმარდეს — გადარჩენას. ანორექსიის მქონე ადამიანებსა და იმ სპორტსმენებს, რომლებსაც ცხიმის ძალიან დაბალი შემცველობა აქვთ სხეულში, ხშირად აქვთ არარეგულარული ციკლები ან საერთოდ არ აქვთ მენსტრუაცია.

► სხეულში ჰორმონალური ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს როგორც წონის უეცარმა კლებამ, ისე მატებამაც. ჭარბწონიანობა მოქმედებს ესტროგენისა და პროგესტერონის რეგულაციაზე, რამაც შეიძლება ფერტილურობის (ნაყოფიერების) პრობლემებიც წარმოშვას.

#4. ზედმეტი ვარჯიში

ზედმეტად ბევრმა ვარჯიშმა შეიძლება ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავება შეცვალოს, რაც ოვულაციასა და მენსტრუაციაზე მოქმედებს. თუმცა, დღეში ერთი ან ორი საათით ვარჯიში მენსტრუალურ ციკლზე არ იმოქმედებს — ჰორმონალური ცვლილებები საათობით დაუღალავი ვარჯიშის შემთხვევაში ხდება.

თუკი ასეთ ვარჯიშს გეგმავთ, სპორტული მედიცინის სფეროში მომუშავე სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტაცია. ის დაგეხმარებათ, რომ ვარჯიშის დროს თქვენმა სხეულმა ფიზიკურ დატვირთვას გაუძლოს და თქვენი ჯანმრთელობა არ დაზიანდეს. ეს შეიძლება მოიცავდეს შესაფერის კვების რაციონს, ფიზიკური სტრესის შესამცირებლად საჭირო ტექნიკებსა და რეგულარულ სისხლის ანალიზებს, რომლებშიც შემოწმდება რკინისა და ვიტამინების ნაკლებობა, ჰორმონალური დისბალანსი, დეჰიდრატაცია და ა.შ.

#5. დაავადებები

მენსტრუალურ ციკლზე ბევრი ქრონიკული დაავადებაც მოქმედებს. მათ შორისაა:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები

  • პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი

  • ჰიპოფიზის სიმსივნე

  • საკვერცხის ცისტები (კისტები)

  • ღვიძლის დისფუნქციები

  • დიაბეტი

► ისეთი დარღვევები, როგორებიცაა ტერნერის სინდრომი და ანდროგენებისადმი უგრძნობლობა, როგორც წესი, ასევე ხდება მენსტრუაციისა და ფერტილურობის პრობლემების მიზეზი. ეს თანდაყოლილი დაავადებები ხშირად უკავშირდება ამენორეას — მენსტრუაციის არქონას.

#6. ჰორმონალური კონტრაცეფცია და მედიკამენტები

ჰორმონალური კონტრაცეფციის — მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების — მიღების დაწყება, შეცვლა ან შეწყვეტა პირდაპირ მოქმედებს თქვენს მენსტრუალურ ციკლზე. ჰორმონალური კონტრაცეფციის ზოგი ფორმა ამსუბუქებს მენსტრუაციას, ზოგჯერ კი, სულაც, აჩერებს. ასეთი კონტრაცეპტივების მიღებისას პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში სხეული ახალ ჰორმონალურ რიტმს ეჩვევა, ამიტომ მენსტრუაცია შეიძლება არარეგულარული იყოს.

► უმჯობესია, ჰორმონალური კონტრაცეფციის დაწყებიდან მინიმუმ ერთი სრული თვე მაინც გავიდეს, სანამ დაუცველი სექსით დაკავდებით. როდესაც მის მიღებას შეწყვეტთ, სხეულს ასევე დასჭირდება დრო ამასთან შესაგუებლად.

სურათი: Parla

მენსტრუაციის დაგვიანება ან არმოსვლა ასევე დაკავშირებულია:

  • სხვა ტიპის კონტრაცეპტივებთან — ინიექციებთან და იმპლანტებთან. სხვადასხვა ტიპის კონტრაცეპტივმა სხვადასხვაგვარად შეიძლება იმოქმედოს თქვენს მენსტრუალურ ციკლზე. ზოგი უფრო ძლიერ მენსტრუაციას იწვევს, ზოგი უფრო მსუბუქს, ზოგი კი — ამენორეას (მენსტრუაციის შეწყვეტას).

  • გარკვეულ მედიკამენტებთან — მათ შორისაა ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური მედიკამენტები, ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტები, ანტიკონვულსანტები (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები) და ქიმიოთერაპიის ზოგიერთი მედიკამენტი.

#7. არეული ძილის რეჟიმი

ცირკადული რიტმის — სხეულის შინაგანი საათის, რომელიც ძილისა და ღვიძილის დროს არეგულირებს — დარღვევა მენსტრუალური ფუნქციის არევასთანაა დაკავშირებული. მუშაობის ცვალებადმა განრიგმა და ღამის ცვლაში მუშაობამ შეიძლება მენსტრუაციის არარეგულარულობა გამოიწვიოს.

ციკლი ასევე შეიძლება შეიცვალოს მოგზაურობის დროს, განსაკუთრებით საერთაშორისო ფრენებისა და სასაათო სარტყლების ცვლილების შემთხვევაში.

#8. პერიმენოპაუზა და მენოპაუზა

პერიმენოპაუზა გარდამავალი პერიოდია რეპროდუქციულ ასაკსა და მენოპაუზას შორის. ამ დროს მენსტრუალურ ციკლში გარკვეული ცვლილებები ხდება. ამ დროს მენსტრუაცია შეიძლება გახდეს უფრო მსუბუქი ან ძლიერი, უფრო ხშირი ან იშვიათი. ქალების უმეტესობისთვის მენსტრუაცია წყდება 45-იდან 55 წლამდე შუალედში, ციკლში კი რამდენიმე წლით ადრე შეინიშნება ცვალებადობა.

► მანამ, სანამ მენსტრუაცია გაქვთ, ორსულობა ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუ მისი თავიდან არიდება გსურთ, აუცილებლად გააგრძელეთ კონტრაცეფციის გამოყენება.

როდის მივმართოთ ექიმს?

ერთჯერადად მენსტრუაციის დაგვიანება ან გამოტოვება, როგორც წესი, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემაზე არ მიანიშნებს. თუმცა, თუკი მენსტრუალური ციკლი ზედიზედ ერთზე მეტჯერ შეწყდა ან თუ მენსტრუაციის გამოტოვებას თან ახალი და უჩვეულო სიმპტომები ახლავს, მიმართეთ ექიმს. ექიმი ზუსტად დაადგენს პრობლემის მიზეზს და მკურნალობის გზებზე გაგესაუბრებათ.

ექიმს ასევე უნდა მიმართოთ, თუკი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გაწუხებთ:

  • უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა

  • მაღალი ტემპერატურა

  • ძლიერი ტკივილი

  • მხედველობის გაუარესება

  • თმისცვენა ან თმის ჭარბი ზრდა

  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება

  • გამონადენი მკერდიდან

  • სისხლდენა, რომელიც 7 დღეზე მეტხანს გრძელდება

  • სისხლდენა მენოპაუზის დროს, როცა მენსტრუაცია უკვე წელიწადზე მეტია არ გქონიათ

► თუ ძალიან ძლიერი სისხლდენა და/ან ძალიან მტკივნეული მენსტრუაცია გაქვთ — ეს ნორმალური არ არის. ამის გამო თუ ყოველდღიურ აქტივობებში ვეღარ მონაწილეობთ ან თუ სამსახურის/სკოლის გაცდენა გიწევთ, მიმართეთ ექიმს.

თუკი თქვენს მენსტრუაციაზე დარდობთ, გირჩევთ, თვალი ადევნოთ თქვენს ციკლს და უფრო მეტი გაიგოთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც მის დროს ხდება სხეულში. შესაძლო პრობლემაზე დარდი არაფერს მოგცემთ და უმჯობესია, მის მოგვარებაზე იზრუნოთ — გახსოვდეთ, რომ გინეკოლოგთან საუბარი ყოველთვის შეიძლება.

რაც უფრო მეტს გაიგებთ იმაზე, თუ როგორ რეაგირებს თქვენი სხეული სხვადასხვა სიტუაციაზე, მით უფრო კომფორტულად მოახერხებთ თქვენი მენსტრუაციის მართვას. არ შეგეშინდეთ და შეეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი სხეულის უკეთ გაცნობას.

მსგავსი სტატიები

ვიდეო, მითები, მითი, მენსტრუაცია, თვიური, პერიოდი, მენსტრუალური, ციკლი, video, mitebi, miti, menstruacia, tviuri, periodi, menstrualuri, cikli

ვიდეო — 5 მითი მენსტრუაციაზე

ამ ვიდეოში საუბარია მენსტრუაციაზე და მასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებზე: მენსტრუალური ტკივილი, სისხლი, დაორსულება, ე.წ. „პიემესი“ (პმს) — ვის აქვს მენსტრუაცია?

მენსტრუაცია
რჩევები, მშობლები, შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობები, მოზარდები, კომუნიკაცია, ლაპარაკი, საუბარი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, სექსი, შვილი, ბავშვი, თინეიჯერი, ssm, shezguduli, shesadzleblobebi, mozardebi, laparaki, seqsi, sqesobrivi, momwifeba

რჩევები მშობლებს — შშმ მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

როგორ ვესაუბროთ გარდატეხის ასაკის შშმ მოზარდს სქესობრივ მომწიფებაზე? — პირადი საზღვრები, უსაფრთხოება, სექსი და სხვა თემები. გასათვალისწინებელი ფაქტორები მშობლებისთვის.

ჩემი სექსუალობა
რჩევები, მშობლები, მოზარდები, კომუნიკაცია, ლაპარაკი, საუბარი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, სექსი, შვილი, ბავშვი, თინეიჯერი, mozardebi, laparaki, seqsi, sqesobrivi, momwifeba

რჩევები მშობლებს — მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

როგორ ვესაუბროთ გარდატეხის ასაკის მოზარდს სქესობრივ მომწიფებაზე? — პირადი საზღვრები, უსაფრთხოება, სექსი და სხვა თემები. გასათვალისწინებელი ფაქტორები მშობლებისთვის.

ჩემი სექსუალობა
პრემენსტრუალური, სინდრომი, პიემესი, პმს, pms, დისფორიული, აშლილობა, პიემდიდი, PMDD, მიზეზები, მკურნალობა, გამკლავება, mizezebi, piemesi, gamklaveba

პრემენსტრუალური სინდრომი, ანუ „პიემესი“ (PMS) — გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები

რა არის პიემესი (PMS) და რა იწვევს ამ მდგომარეობას? როგორ შეგიძლიათ პმს-ის სიმპტომებთან გამკლავება? ამ სტატიაში განხილულია ის გზები, რომელთა დახმარებითაც პრემენსტრუალური სინდრომის დღეები თქვენთვის ნაკლებად მძიმე გახდება.

მენსტრუაცია
მენსტრუაცია, ციკლი, მენსტრუალური, დარღვევა, დისფუნქცია, მიზეზები, მკურნალობა, menstruacia, cikli, tviuri, dargveva, disfunqcia, mizezebi, mkurnaloba

3 ყველაზე გავრცელებული მენსტრუალური დარღვევა — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

რომლებია ყველაზე გავრცელებული მენსტრუალური დარღვევები და როგორ შეიძლება მათი მკურნალობა? სტატიაში თავმოყრილია ინფორმაცია სამ ყველაზე გავრცელებულ მენსტრუალურ დარღვევებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე.

მენსტრუაცია

გააზიარე სტატია

რატომ იგვიანებს ჩემი მენსტრუაცია? — შესაძლო მიზეზები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია