ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!
გაფრთხილება: ეს გამოგონილი ამბავი არ გეგონოთ. პროცესი, რომელზეც გიყვებით, ნამდვილად ჩატარდა. ჩატარდა ხუთჯერ და ჩატარდა საქართველოში, 2025 წელს. არც მოქმედი პირები გეგონოთ წიგნისთვის გამოგონილი პერსონაჟები და არც კონკრეტული ფაქტები გეგონოთ მკითხველის გასაცინებლად გამოგონილი ან უტრირებული.
მოქმედი გმირები (და ანტიგმირები):
-
ელენე ქაიხოსროშვილი — მთავარი გმირი, ბრალდებული.
-
ციალა რატიანი — ელენეს ადვოკატი.
-
მანუჩარ ცაცუა — „მოსამართლე“ ან, როგორც ელენე უწოდებს, „ოცნების ნოტარიუსი“.
-
ნიკა ხარშილაძე — მოწმე პოლიციელი, რომელმაც ვერაფერი დაამოწმა.
-
გიორგი ბუაძე — საბუთების შემგროვებელი მოწმე პოლიციელი, რომელმაც ვერაფერი შეაგროვა.
-
არჩილ იაკობაშვილი — ცრუ მოწმე პოლიციელი, რომელსაც ელენე იქაც ელანდება, სადაც ელენე არ არის.
► ავტორის შენიშვნა: სტატიაში „მოსამართლე“ ყველგან ჩასმული იქნება ბრჭყალებში, რადგან იმ მიმიკებს, რასაც ელენე ამ სიტყვისა და მანუჩარ ცაცუას ერთად წარმოთქმისას იღებს, სხვაგვარად ვერ გამოვხატავ.
19 იანვარს ელენე ქაიხოსროშვილის ტელეფონზე შევიდა ზარი პირდაპირ სასამართლოდან და უთხრეს, რომ ის დაჯარიმებული იყო 19 ნოემბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის (დროის შუალედი: 18 ნოემბერი ღამდება და 19 ნოემბერი თენდება). ეს ის დღეებია, როცა ვაკეში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის წინ მოქალაქეების დიდ ნაწილს კარვები ჰქონდათ გაშლილი და ღამეს ათევდნენ. სასამართლოდან ზარი საეჭვოდ ემთხვევა რამდენიმე დღით ადრე ელენეს მიერ სახალხო დამცველის აპარატის წინ გამართულ აქციაზე „ვენოკის“ მიტანას. ვიდეო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში და როგორც ჩანს, მმართველ პარტიას ძალიან მოხვდა გულზე. ამ ფაქტიდან მალევე ელენეს ეუბნებიან, რომ ის დაჯარიმებულია, ხოლო მტკიცებულებად კი იმ ფოტოზე მიუთითებენ, რომელიც მან თავად ატვირთა თავის სოციალურ ქსელში. ფოტო იდო ჯგუფ „დაიტოვეშიც“.
ზარიდან რამდენიმე კვირაში ჩაინიშნა პირველი პროცესი. აღმოჩნდა, რომ მოწმეები, რომლებსაც უნდა ელაპარაკათ, თუ როგორ გადაკეტა ელენემ გზა ხელოვნურად, წინა დღით თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ თავიანთი უფლებამოსილების შესასრულებლად — ანუ ქალების საგინებლად და ხალხის უკანონოდ დასაპატიმრებლად — და ძალიან გადაიღალნენ. ის, რომ მოწმეები თავიანთ საქმეს ასრულებდნენ, დაღლილები იყვნენ და სასამართლოში ვერ გამოცხადდებოდნენ, ეს ელენეს სასამართლოში ნამდვილად უთხრეს და ჩემი შეფასების ნაწილი არ გეგონოთ.
პროცესი გადაიდო, რადგან მოწმეები აუცილებლად უნდა დაკითხულიყვნენ. ელენე ამ ამბავმა ძალიან გაახარა. პრინციპში, დანარჩენს თავად მოგიყვებათ, პერიფრაზის დროს შემთხვევით რამე დეტალი რომ არ დაიკარგოს, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროცესი აუცილებლად უნდა დარჩეს ისტორიას სიტყვა-სიტყვით, როგორც უსამართლო სასამართლოს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.
პროცესის გადადება ძალიან მესიამოვნა, რადგან ყოველი გადადებული პროცესი ნიშნავს იმას, რომ ე.წ. „მოსამართლეს“ — მე მას მოსამართლეს არ ვეძახი — ანუ იმ კაცს, მანუჩარ ცაცუას, ნაკლები რესურსი დარჩებოდა სხვა აქტივისტების გასასამართლებლად. შესაბამისად, სულ ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი პროცესი გადამედო სხვადასხვა არგუმენტით, რაც საკმაოდ წარმატებით შევასრულე. ჩემს საქმეს ხუთი პროცესი დასჭირდა. მგონი, ამდენი ხანი არცერთი სხვა საქმე არ გაწელილა. კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს, პირველ რიგში, ვკითხეთ, თუ როგორ მოიპოვეს ფოტო, რომელსაც მტკიცებულებად იყენებდნენ. გვითხრეს, ჩვენმა მოწმე პოლიციელმა გადაიღოო. მანდ უკვე მივხვდი, რომ ეს პროცესი იქნებოდა ძალიან სასაცილო, რადგან ფოტოზე, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ პოლიციამ გადაიღო, ძალიან გარკვევით ჩანს ფოტოგრაფის სახელი MOSE.
ორი კვირის შემდეგ ჩაინიშნა მეორე პროცესი. ამჯერად მოწმე გამოცხადდა — ნიკა ხარშილაძე, რომელმაც თქვა, რომ იმ ღამეს ასრულებდა თავის უფლებამოსილებას, თუმცა იდგა კეკელიძის ქუჩაზე და ის ფიზიკურად ვერ დამინახავდა, რადგან ადამიანების დიდი რაოდენობის გამო ქვემოთ ვერ ჩავდიოდიო. ანუ, კარგად რომ დავინახოთ, რა ხდება: მაჯარიმებენ იმის გამო, რომ ხალხის არასაკმარისი რაოდენობა იყო და გზა ხელოვნურად გადავკეტე, მაგრამ თან ეს პოლიციელი მე პირადად ვერ დამინახავდა ჭავჭავაძეზე, რადგან იმდენად ბევრი ადამიანი იყო, რომ კეკელიძიდან იქ ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. ეს რომ წამოსცდა, მე ძალიან გავბედნიერდი. დარბაზშიც იცინოდნენ. შემდეგ ვკითხე, ვინ მიაწოდა მას ჩემი ეს ფოტო. როგორც გვითხრა, მას ეს ფოტო გადასცა მისმა თანამშრომელმა, ვინმე გიორგი ბუაძემ. მოვითხოვე, რომ ეს პირი დაგვეკითხა, რაზეც თანხმობა მივიღე და, შესაბამისად, ეს პროცესიც გადაიდო.
მესამე პროცესზე მოვიდა გიორგი ბუაძე, რომელიც აქციაზე იმ დღეს ადგილზე არ ყოფილა და მას მხოლოდ მტკიცებულებების შეგროვება ევალებოდა. ვკითხეთ, ვისი გადაღებული იყო ეს ფოტო. მოსესიო, გვიპასუხა. შემდეგ ვკითხეთ, გადაამოწმეს თუ არა ფოტოს ავთენტურობა, საერთოდ, დაინტერესდნენ თუ არა იმით, არის თუ არა მოსე რეალური პიროვნება, ან ფოტოშოპი ხომ არ იყო, მაგალითად. ეგ განცდა არ გამჩენია, ამიტომ პირდაპირ მტკიცებულების სახით მივიღეო, გვითხრა. პროცესის დროს „მოსამართლე“ ისე იქცევა, თითქოს ძალიან კრიტიკულია პოლიციელების მიმართ და ბოლომდე წურავს მათ. სხვა აქტივისტებისგანაც ვიცოდი ეს, ამიტომ მის ამ ვითომ კრიტიკულობას არ მოვუტყუებივარ. ცოტა ხანში შსს-ს წარმომადგენლები ამბობენ, კიდევ ერთი მოწმე გვინდა დავკითხოთო. ყველა მოწმე ამბობდა, ელენე არ დაგვინახავსო და ვინმეს ხომ უნდა ეთქვა, რომ დამინახა?! ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით. თან, როცა გიორგი ბუაძეს ჰკითხეს, ვინ მოგაწოდათ თქვენ ეს ფოტოო, მან ვერ გაიხსენა სახელი და გვარი იმ პოლიციელის, რომელიც შემდეგი მოწმე უნდა ყოფილიყო. „მოსამართლემ“ ახსენა არჩილ იაკობაშვილი და მხოლოდ შემდეგ თქმა ამ მოწმემ, გამახსენდა, კიო. ყველა იცინოდა დარბაზში. ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს იყო შეკერილი საქმე, რომ თითქოს ვიღაცამ მას ფოტო მისცა. ამის მერე იწყება კიდევ უფრო სასაცილო ამბავი. შემოვიდა მოწმე არჩილ იაკობაშვილი, რომელმაც თქვა, რომ კი, მე დავინახე ელენე 19 ნოემბრის საღამოსო. მაშინვე გასაგები იყო, რაც მოხდა. როგორც ჩანს, ფოტო იქვე აჩვენეს. ფოტოზე ბნელა, ღამეა და უთხრეს, რომ ეს არის 19 ნოემბერი, საათი არ დაუზუსტეს. ამანაც ჩათვალა, რომ რახან ცხრამეტია და ბნელა, ესე იგი, 19 ნოემბრის საღამო იყო. ზუსტად სამჯერ გავამეორებინე და დავაზუსტებინე, რომ 19 ნოემბრის საღამოს დამინახა იქამდე, სანამ ვეტყოდი, რომ მაგ დღეს აქციაზე საერთოდ არ ვყოფილვარ. 19-ში საღამოს მე ვიყავი ტვ პირველის ეთერში, ხოლო შემდეგ კი სტუმრები მყავდა სახლში. ამაზე ვერაფერი მიპასუხა, დაბნეული იყურებოდა იქეთ-აქეთ. მოვითხოვე კიდევ ერთხელ პროცესის გადადება, რადგან განვაცხადე, რომ მინდოდა, მიმეტანა ყველა ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ხუთი საათიდან ღამის პირველ საათამდე, თავისი საათებით და ლოკაციებით დასტურდება, რომ იმ დღეს მე აქციაზე არ ვყოფილვარ. „მოსამართლემაც“ კარგიო. პროცესი ისევ გადაიდო.
მეოთხე პროცესი ჩაინიშნა 10 დღის შემდეგ. მივიტანე ყველანაირი დოკუმენტაცია და „მოსამართლემ“ თქვა, რომ საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოიტანდა. 14 მარტს ჩაინიშნა ეს პროცესი. 500 ლარით დამაჯარიმეს. მანუჩარ ცაცუა ძალიან გაბრაზებული დამხვდა ამ პროცესზე. სამართლებრივი საკითხების გარდა, ისედაც ვაბრაზებდი. ბევრი აქტივისტი ერიდება საჯაროდ თავის „მოსამართლეზე“ ლაპარაკს გადაწყვეტილების გამოტანამდე. მე ასე არ მოვიქეცი. თავიდანვე ბევრს ვპოსტავდი მასზე, რაც, ფაქტია, აბრაზებდა. არც დარბაზში ვიქცეოდი მისთვის სასურველად. ერთხელ მამაჩემს სრულიად უსამართლოდ მისცა შენიშვნა, რაც გავაპროტესტე და ეგრევე დაიწყო ყვირილი და 100 ლარით დამაჯარიმა. მანდ მივხვდი, რომ მე მოვიგე. მამაჩემისტოლა კაცი ხარ, რა გაყვირებს? საერთოდ, მოსამართლე რატომ უნდა ყვიროდეს?
თქვენ თავი სად გგონიათ? — ეკითხება „მოსამართლე“ ელენეს.
თავი სასამართლოში ნამდვილად არ მგონია, — უპასუხებს ელენე.
აბრძანდით, სასამართლო მობრძანდება! — აცხადებს სასამართლოს მდივანი.
დგება ყველა. ელენე ზის.
აბრძანდით! — უყვირის მანუჩარ ცაცუა ელენეს.
არ ვაპირებ ადგომას! — ამბობს ელენე და თან ფიქრობს, რატომ უნდა ავდგე, „ჩმორი“ ხომ არ ვარო. არც დგება.
შემდეგ პროცესზე, როცა დარბაზში შესვლამდე ელენე საკუთარ თავთან დისკუსიაშია იმის შესახებ, ხომ არ ადგეს, როცა „მოსამართლე“ შემოვა, რადგან თავადაც დაიღალა ამ ყველაფრით, დარბაზში შესულს მას მანუჩარ ცაცუა დამჯდარი ხვდება. ელენეს რომ სასამართლოსავით მდივანი ჰყოლოდა, იქნებ, მასაც გამოეცხადებინა მანუჩარ ცაცუასთვის:
„აბრძანდით, ელენე მობრძანდება!“
ელენე 500 ლარით დაჯარიმდა გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, ელენეს, როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს, ბუნებრივია, სურდა, გაეგო, რა რაოდენობის ადამიანი მიიჩნევა საკმარისად იმისთვის, რომ გზის გადაკეტვა კანონდარღვევად არ ჩათვლილიყო.
ჩემმა ადვოკატმა პირველივე პროცესზე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ „მოსამართლე“ მანუჩარ ცაცუას მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რათა განსაზღვრულიყო, რა რაოდენობის ხალხის შემდეგ შეიძლება გზის გადაკეტვა, რადგან ამაზე არსად არაფერი წერია. ამაზე უარი განაცხადა „მოსამართლემაც“ და შსს-ს წარმომადგენლებმაც და თქვეს, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად და არის პოლიციის შესაფასებელი. მე, მოქალაქემ, რაღაც ხომ უნდა გავიგო პროცესისგან. სამართალდამრღვევი რომ ვარ, პროცესი ხომ იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მე გავიგო, რა დავაშავე და, შესაბამისად, შევცვალო ჩემი ქცევა. როგორც სასამართლოში ამიხსნეს, ესე იგი, მე უნდა მოვიქციე შემდეგნაირად: აქციაზე რომ მივდივარ, თურმე, უნდა მივიდე იქ მდგომ პოლიციელთან და ვკითხო, მისი აზრით, მოცემულ მომენტში შემიძლია ტროტუარიდან ფეხის გადადგმა თუ არ შემიძლია. თან, მე ხომ არ ვიცი, რომელი პოლიციელი წყვეტს ამას და ეს აღქმაც ხომ ინდივიდუალური იქნება, ვინ როგორ აფასებს. ესე იგი, რამდენიმე პოლიციელთან უნდა მივიდე და მიღებული ინფორმაციების საშუალო არითმეტიკულით ვიხელმძღვანელო. გარდა ამისა, აქცია არის ცოცხალი პროცესი. გზის გადაკეტვიდან ათ წუთში შეიძლება ვიღაც სადღაც წავიდეს, მერე დაბრუნდეს, მერე სხვა წავიდეს, ანუ, ათ წუთში ერთხელ მე უნდა მივიდე პოლიციელთან და ვკითხო, აი, ახლა როგორ ფიქრობთ, სად დავდგე, რომ არ დავჯარიმდე-მეთქი. ზუსტად ეს აზრი გამოვიტანე მე, როგორც მოქალაქემ და მე, როგორც იურისტმა, ამ პროცესიდან. არა, მე ასე ვერ მოვიქცევი, შესაბამისად, არ ვაპირებ ჩემი ქცევის შეცვლას.
ელენეს პროცესი დასრულდა. თუმცა, მისი ბრძოლა გრძელდება.
ყველა ჯარიმას ვასაჩივრებ. გარდა ამისა, პროკურატურაშიც შემაქვს სარჩელი ცრუ მოწმე პოლიციელის წინააღმდეგ, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივყვეთ ხოლმე ჩვენს საქმეებს. სულ რომ ახლავე არ გამოიღოს შედეგი, პროცედურულად ძალიან იტვირთებიან და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ბევრი დრო არ დარჩეთ სხვა საქმეებისთვის. ჩემს საქმეს ხუთი პროცესი დასჭირდა, ეს საკმაოდ დიდი რესურსია: შსს-ს რესურსი, ოთხი მოწმე, „მოსამართლე“, თანაშემწე. პროცესი დასრულდა, მაგრამ ახლა სამი საჩივრით გავეკიდები უკან. ზუსტად ვიცი, რამდენიმე წელში კომპენსაციასაც მივიღებ, მაგრამ საქმე ამაში არაა. მინდა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ეწეროს მანუჩარ ცაცუას სახელი და გვარი. ჩვენ უნდა გავასაჩივროთ, რადგან ევროპულ სასამართლომდე მივიდეს ეს საქმეები და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, რომ ეს იყო არა სასამართლო პროცესები, არამედ რეპრესიები.
მე არ ვიღლები ამით და ეს არც ისე დიდ დროს მოითხოვს. მით უმეტეს, ადვოკატები ყველანაირად გვეხმარებიან. ჩემთვის ეს ყველაფერი იყო უძვირფასესი გამოცდილება. მგონია, რომ ამ პროცესის გარეშე ჩემი აქტივიზმი და ზოგადად, ჩემი ბრძოლა, სრულყოფილი ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია სასამართლოს პლატფორმად გამოყენება და ეს უნდა გავაკეთოთ. ჩემი მიზანიც ეს იყო, ისე წარმომეჩინა სასამართლო პროცესები, რომ არავინ შეშინებულიყო, მაგრამ ამისთვის ძალისხმევის ჩადებაც არ დამჭირვებია, რადგან თავისთავად და ბუნებრივად იყო სასაცილო ეს ყველაფერი.
უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს! — მაშინ, როცა აქციაზე ამ ფრაზას მონაწილეთა დიდი ნაწილი ინერციით ვიმეორებთ და მუხტის გაზრდაში გვეხმარება, ელენე ქაიხოსროშვილი, დიდი შანსით, ამ ფრაზას ამბობს და ამას გულისხმობს, რადგან უსამართლო სასამართლოს, მის „მოსამართლესა“ და ცრუ მოწმეებს, ელენეს ძალის და ბრძოლის ნამდვილად უნდა ეშინოდეთ, რადგან თავად არაერთხელ აღნიშნა, რომ ის ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და მანუჩარ ცაცუა ისტორიას დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო „მოსამართლე“.
სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე
რესპონდენტი: ელენე ქაიხოსროშვილი
მთავარი ფოტო: MOSE
♦ სტატია მომზადებულია New Democracy Fund-ის ფინანსური მხარდაჭერით