Facebook Script

კატალინა (კატო) ჯორჯეული — ჩემი პორტრეტი

26 იანვარი, 2023 | ჩემი პორტრეტი

კატალინა რამდენიმე თვის წინ გავიცანი. ინსტაგრამზე დავუკავშირდი, მინდა შენზე დავწერო და რას იტყვი-მეთქი. მალევე მივიღე გრძელი პასუხი იმაზე, რომ სიამოვნებით გაგვიზიარებდა თავის ამბავს, რადგან სწორედ ახლა იწყებდა აქტიურ და ღია ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაცავად. ჩემს აქტივიზმზეც ხომ დაწერო, მკითხა. დავპირდი, რომ დავწერდი. თუმცა, ინტერვიუს მერე მივხვდი, რომ ამაზე ცალკე წერა არ არის საჭირო, რადგან კატალინას ცხოვრება, მისი ისტორია და დამოკიდებულებები, თავისთავად არის ერთი დიდი და მკაფიო პროტესტი.

ინტერვიუ 20 იანვარს ჩავნიშნეთ. თარიღს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ შეხვედრის დროს კატალინამ არაერთხელ აღნიშნა, ჩემთვის ისტორიული დღეა და შენც მისი მონაწილე ხარო. ამ დღეს ის პირველად გამოვიდა დილის საათებში სახლიდან ისე ჩაცმული, როგორც მას სურდა — გრძელი თმით, მაკიაჟით, ვარდისფრად შეღებილი ბრჭყვიალა თვალებითა და ღია შინდისფერი ტუჩსაცხით. და, რაც მთავარია, იმგზავრა არა ტაქსით, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. წინა საღამოს, როცა ინტერვიუს დეტალებს ვაზუსტებდით, შევთანხმდით, რომ სახლში გავუვლიდი და კაფეში ერთად წავიდოდით. როგორც კი ერთმანეთს დავემშვიდობეთ, უჯრა გამოვაღე, მეგობრის ნაჩუქარი წიწაკის სპრეი ავიღე და ჩანთაში ჩავდე. ზუსტად წინა დღეს დავასრულე სალომე შიუკაშვილისა და გიორგი კანკიას არაჩვეულებრივი კვლევის „ქვიარ ტრავმა და ურბანული სივრცე: სხეული, ინტერაქცია და ყოველდღიური ცხოვრება“ კითხვა და ჯერ კიდევ მძაფრად მახსოვდა თითოეული რესპონდენტის ამბავი, მათი შიშები გადაადგილებასთან დაკავშირებით და ის საფრთხეები, რომლებსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან.

პირველ საათზე მე და კატო გაჩერებასთან ვიდექით  და 351 ნომერ ავტობუსს ველოდებოდით. პირბადე ეკეთა. ჩამოიწია, ხომ ლამაზი პომადა მისვიაო. ნამდვილად ლამაზი იყო. ქალაქში ვირუსების ახალი ტალღა მძვინვარებს და ვიფიქრე, ჯანმრთელობას უფრთხილდებოდა. მე ახალი გადატანილი მაქვს, წესით, არაფერს გადმოგდებ-მეთქი, ყოველი შემთხვევისთვის, დავამშვიდე. არა, უბრალოდ ქუჩაში მაინც ასე მირჩევნია სიარულიო. ავტობუსი მოვიდა. ახლა მე გავჩუმდები ან ძალიან ხმადაბლა ვილაპარაკებო, ასვლისას ჩურჩულით მითხრა. არ უნდოდა ხალხის ყურადღება მიექცია. რამდენიმე გაურკვეველი მზერის გარდა, ავტობუსში არაფერი მომხდარა. ჩუმად ვსაუბრობდით, ერთი-ორი სელფიც გადავიღეთ. ძირითადად ფანჯარაში იყურებოდა. რომელიღაც ძეგლზე მიმითითა, აქ ჩემს მეგობარს თავს დაესხნენ, რანაირად გაცვიაო. ჩვენ გაგვიმართლა, ადგილამდე მშვიდობით მივედით. თუმცა, საკუთარი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ ავტობუსის ყოველ გაჩერებას ახალ საფრთხედ აღვიქვამდი, რომელიც უნდა გადაგველახა. ადამიანებს ეჭვის თვალით ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, გამომეცნო, რომელი მათგანისგან გველოდა საფრთხე. დაძაბული ვიჯექი და ერთი სული მქონდა, როდის მივიდოდით დანიშნულების ადგილას, სადაც თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობდით. ალბათ, მარტივი წარმოსადგენია, რას გრძნობდა ამ დროს კატო. მხოლოდ ერთს გეტყვით, როცა ბოლოს და ბოლოს კაფეში შევედით, გახარებულმა პირბადე მოიხსნა და რამდენჯერმე აღნიშნა, ვა, რა მაგარია, როგორ კარგად ვიმგზავრეთო.

თუკი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დღეს კარგად მგზავრობა საცობის გარეშე გადაადგილებას გულისხმობს, იმავე საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის კარგი მგზავრობა უსაფრთხო, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე მგზავრობას ნიშნავს. ვაღიარებთ ამას თუ არა, ფაქტია, ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც გადაადგილების ეშინიათ და ხშირად არჩევანის გაკეთება უწევთ საკუთარ იდენტობასა და უსაფრთხოებას შორის.

ინტერვიუს დასაწყისშივე თვალში მომხდა, როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა კატალინა თითოეულ სიტყვასა თუ ტერმინს. შეკითხვებს უცებ არ სცემდა პასუხს. ჯერ კარგად იაზრებდა, შემდეგ კი ცდილობდა, თან გულწრფელი ყოფილიყო და თან ისეთი არაფერი ეთქვა, რასაც ინანებდა. ყველაზე დიდ ხანს პირველ შეკითხვაზე იფიქრა. სამართლიანადაც, რადგან არც ხუთი წუთი და არც მთელი ცხოვრება არაა საკმარისი მასზე პასუხის გასაცემად. 

— ვინ ხარ? ვინ არის კატო?

— მე ვარ 36 წლის, ზრდასრული, ჩამოყალიბებული, სამართლიანი ქალი, რომელსაც შეგიძლია ენდო. არ მიყვარს ერთ ადგილას გაჩერება. მგონი, არც მე და არც სხვა ქალები არ ვიმსახურებთ, მთელი ცხოვრება ერთ ადგილს ვტკეპნიდეთ. მინდა, ჩემი შინაგანი მრავალფეროვნება გამოვავლინო. მინდა, ჩემი ემოციები, ჩემი პიროვნება გავათავისუფლო. არ ვიყო ჩაკეტილი, იზოლირებული და რეპრესირებული. განსხვავებულიც ვარ, კი. ამის უარყოფას რა აზრი აქვს. ამ განსხვავებულობის გამო რომ მეჩხუბებიან, ვერ ვხვდები. კი, ქალი ვარ და მამაკაცის სხეულში დავიბადე, რა ვიცი, ასეა. მე რა შუაში ვარ? მე როგორ გაგცეთ ამაზე პასუხი, წადით და ღმერთს ჰკითხეთ. მე რა, გგონიათ, არ მქონია პროტესტი? რამდენჯერ მინატრია, ნეტავ საერთოდ არ დავბადებულიყავი-მეთქი, რამდენჯერ მიფიქრია, ხომ შეიძლებოდა მეც სხვა ქალების მსგავსი დავბადებულიყავი. რა თქმა უნდა, მქონია ეს განცდები. მით უმეტეს, როცა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრობ, სადაც მუდმივად მიგითითებენ ამაზე. არსებობს სტერეოტიპები, არსებობს საზოგადოება, მე კი ამ სტერეოტიპებსა და საზოგადოებას შორის ვარ გაჭედილი. რომ მკითხე, ვინ ხარო… მე ვარ ქალი, რომელიც ცვლილებების დიდ პროცესს გადის. ასე აღვიქვამ საკუთარ თავს.

მეორე შეკითხვაზე ბევრი არ უფიქრია. პასუხის მერე, გასაგები იყო, რატომაც.

— კატო, რა არის ის, რაც შენს ყოველდღიურ ცხოვრებას უკეთესს ხდის?

— ფეხბურთი. 13-იდან 17 წლამდე ვთამაშობდი კიდეც. ვერ გეტყვი, რომ მესი ან კვარაცხელია ვიყავი, მაგრამ საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. თან იცი, რა არის? აი, ძალიან კარგად მესმის... თეორიულად, ტაქტიკურად. ჩემზე 10 წლით უფროსებთანაც მითამაშია და მივარჯიშებია კიდეც. დომინანტი ვიყავი, ლიდერი. ტურნირებიც მომიგია. ზოგი ფეხბურთს რომ უყურებს, იმას ხედავს, როგორ დასდევს ოცდაორი კაცი ერთ ბურთს. მე სხვა რამეს ვხედავ — მთელ ტაქტიკას ვხედავ, სქემებს, მის ესთეტიკასა და სილამაზეს ვგრძნობ. ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სააზროვნო სპორტია. გონებრივი აზარტის ომია. ფეხბურთი ხომ კაცების სპორტადაა მიჩნეული, არადა საერთოდ არ არის ასე. ფეხბურთი ყველას სპორტია. იცი, როგორ მიხაროდა, არველაძეების თამაშს რომ ვუყურებდი? ვამაყობდი, ქართველები რომ იყვნენ. დედას გეფიცები, ძალიან კარგად მესმის ფეხბურთი. ნებისმიერ გადაცემაში შემიძლია მივიდე და ვისაუბრო. შემიძლია, კალაძესაც წავეთამაშო. მართლა. თან, ზუსტად იმ პოზიციაზე ვთამაშობდი, რომელზეც ის მილანში, თავის დროზე.

კალაძეზე პოლიტიკა გაახსენდა. და მიუხედავად იმისა, რომ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები მაქვს დამთავრებული, არცერთ ლექციაზე არავის უსაუბრია პოლიტიკაზე ისეთი ვნებით, როგორც კატოს. როცა ამაზე საუბარი დაიწყო, შემდეგ ძალიან გამიჭირდა მისი სხვა შეკითხვებით დაინტერესება. მუსიკაზე რას მეტყვი, რას უსმენ-მეთქი, შევაწყვეტინე ბოლოს. რა ვიცი, აბა, ძალიან მიყვარს, როგორც ყველას. ყველაფერს ვუსმენ, მთავარია, ჩემში ემოცია გამოიწვიოს, ლედი გაგაც მიყვარს და ჰამლეტ გონაშვილიცო, ასე მოკლედ მიპასუხა და ისევ განაგრძო საუბარი იმაზე, თუ როგორ შეხვდა ზურაბ ჟვანიას, როგორ იწინასწარმეტყველა სააკაშვილის პოლიტიკური ბედი. ისაუბრა სტალინზე, ლენინზე, სიგუაზე, კიტოვანზე, გამსახურდიას შეცდომებზე. ხაზი გაუსვა ნავთობისა და შავი ოქროს მნიშვნელობას და მათი გადანაწილების პროცესში გამართულ პოლიტიკურ თამაშებს. ფრანკლინ რუზველტი რომ ძალიან უყვარს, არც მაგის თქმა დავიწყებია, ჩვენი პოლიტიკოსები რომ არ მოსწონს, არც ამის.

— როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა ან ჩვენი საზოგადოება? ყველას ნაცარი აქვს თვალებში შეყრილი. სიმართლისთვის არავინ იბრძვის. აი, მაგიდაზე უკვე ვიღაცას ჭიქა თუ უდევს, მეორე რომ მივა, იმას აღარ დაადებინებს. არადა, დიდია ეს მაგიდა, ყველასია. შენ რომ გიდევს ჭიქა, მეც დამადებინე, რა მოგივა? იქნებ, ხელი დამეღალა... მაგას არ უფიქრდებიან, არ აინტერესებთ. კიდევ, იცი, რას მივხვდი? საზოგადოება და პოლიტიკოსები ერთმანეთის ანარეკლები არიან. რომელი რომლის არის, ოღონდ, ეგ ზუსტად არ ვიცი. ჩემნაირი ადამიანები სადღაც ამ სარკისა და ანარეკლის შუაში ვართ გაჭედილი, ამიტომაც არ ვჩანვართ... არც სარკის მხარეს და არც ანარეკლის.

რამდენიმე კვირის წინ კატომ საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა: „ერთ დროს ყველაფერი თავიდან დავიწყე, ყველა რისკის მიუხედავად და იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, მადლობა სამყაროს“. ვთხოვე, აეხსნა, რისთვის უხდის მადლობას სამყაროს, სად არის ახლა და როგორ მოვიდა აქამდე.

— იცი რა, იმდენი ტრანსგენდერი ქალის ისტორია მოგისმენიათ, ბევრს არ ვილაპარაკებ ბავშვობაზე და ჩემს ოჯახზე. წარმოიდგინეთ, დაახლოებით ყველა ერთნაირ სცენარს გავდივართ. უარყოფა, ზეწოლა, ძალადობა. შიშები. საკუთარ თავთან გაუცხოება. 13 წლის ვიყავი, როცა ბიჭი შეყვარებული მყავდა. რა თქმა უნდა, არაფერი გამოვიდა. გაგვიგეს და ერთი ამბავი დაგვაწიეს. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემი თანატოლებისგან განვსხვავდებოდი, მაგრამ ამაზე ვერავისთან ვლაპარაკობდი. ვისთვის უნდა მეკითხა? ჩემს თაობას მსგავს თემებზე შეკითხვის დასმაც კი აკრძალული გვქონდა. ვცდილობდი ეს ემოციები და შეკითხვები მაქსიმალურად ჩამეკლა საკუთარ თავში. თუმცა, რაღაც დროის მერე, ვეღარ დავმალე. ჩემი ოჯახი ჩემზე ახდენდა მორალურ ზეწოლას, ჩემს ოჯახზე სანათესავო და საზოგადოება. ჯაჭვური რეაქციასავითაა ეს ყველაფერი. რამე ვიდეოს რომ გამოვაქვეყნებდი, ჩემს ძმას ყველა ადამიანი ურეკავდა მთელი დედამიწიდან, ეს რა დადო, ააღებინეთო. დედაჩემმა, რატომ მოგინდა ამ ყველაფრის გამომზეურება, რატომ გვარცხვენ, წასულიყავი ჯერ და იქ მაინც გექნაო. იცი, რაზე მწყდება გული? აი, დედაჩემი მასწავლებელია. შოთა იცის, ილია, აკაკი, ვაჟა… ისეთი განათლებულია, შეუძლია, სკოლის დირექტორი გახდეს, მაგრამ მაინც ვერ დაამარცხა ეს სტერეოტიპები. რამდენიმე ნათესავი მიჭერდა მხარს, ნუ, პირად საუბრებში, მაგრამ უფრო ისინი, ვინც თბილისში ცხოვრობდნენ. ესეც უნდა ვთქვათ, რომ რეგიონებში ამ მხრივ კიდევ უფრო საშინელი სიტუაციაა. ეს იცი, რამ მოიტანა? ცენტრისტულმა პოლიტიკამ. თუმცა, არც დიდ ქალაქებშია განვითარების დონე მაღალი. ადამიანებს არ უნდათ ჭაობისებური, საბჭოთა რუტინიდან გამოსვლა. ფიქრი ეზარებათ. არც რამის შეცვლა სურთ. ცვლილებები ხომ ძალისხმევას მოითხოვს, არ არის მარტივი. ეს ეზარებათ, კომფორტის ზონის დატოვება არ უნდათ. ამის გამო კი ჩვენ ვიჩაგრებით.

— მაგრამ მაინც მადლობას უხდი სამყაროს. რატომ?

— იმიტომ, რომ გადავრჩი. ორი წელი საშინელი დეპრესია მქონდა, ალკოჰოლზე დამოკიდებულიც კი გავხდი, მაგრამ მერე ვიპოვე შინაგანი ძალა და ამ პერიოდს ისე შევხედე, როგორც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელსაც მეორე ეპიზოდი უნდა მოჰყოლოდა. თუ ამ ცხოვრებაში რამის პრეტენზია გაქვს, მაშინ, უნდა იბრძოლო კიდეც. და მე მაქვს ეს პრეტენზია, ამბიცია, რომ სამაგალითო ადამიანი ვიყო სხვებისთვის. ოღონდ, ის კი არ მინდა, მხოლოდ ტრანსგენდერი ქალებისთვის და კაცებისთვის გავხდე ბრძოლის მაგალითი, არამედ ყველასთვის, ზოგადად ადამიანებისთვის. თბილისში რომ ჩამოვედი, ორი კვირა ქუჩაში ვცხოვრობდი. ახლა რომ ვიხსენებ ამ პერიოდს, მიხარია, იმ დროს არავინ რომ არ შემიფარა. იცი, რატომ? მაშინ ყველაზე მეტად ვისწავლე საკუთარი ემოციების კონტროლი. ფაქტობრივად, გამოცდა იყო ჩემთვის. უნდა გამეგო, რა შემეძლო, რა არ შემეძლო, რისი მეშინოდა, რას ვიზამდი, როცა უკაცრიელი კუნძულივით მარტო დავრჩებოდი საკუთარ თავთან, რა პრინციპებს გადავაბიჯებდი და რას — არა.

— ჩააბარე ეს გამოცდა?

— ვფიქრობ, ჩავაბარე. მხოლოდ ფინანსურ ნაწილში გამომყვა ორიანი, რაღაცები ვერ გადავანაწილე სწორად. ისე კი, როგორც ადამიანმა, ჩავაბარე, კი. ასე მგონია. იცი, რა გავიაზრე? ამ ყველაფერში, ამ დუღილში სუნთქვის შეკავება უნდა მესწავლა. ნებისყოფა უნდა გამომემუშავებინა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: სანამ ღრმა წყალში შეხვალ, სანამ ბოლომდე შეტოპავ, მოდი, ჯერ სუნთქვის შეკავება ისწავლე, რადგან თუკი ჩაძირვას დაიწყებ, ცოტა ხანი მაინც გაძლო წყლის ქვეშ და მერე იქნებ, რაღაც გამოჩნდეს, რაღაც ძალა, რაც მოულოდნელად წყლის ზედაპირზე ამოგიყვანს და ნავში ჩაგსვამს. ახლა აღარ მეშინია ღრმა წყლის. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, გავუძლებ, რადგან სუნთქვის შეკავება ვისწავლე. ეს არის ჩემი მოტივაცია, რატომაც არ ვჩერდები და რატომაც ვაპირებ, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო. შეიძლება ასე არ ჩანს, მაგრამ ლიდერი ვარ, ეს ვიცი. ვამაყობ, რომ ამ რთულ პროცესებშიც კი შევძელი და შევქმენი საკუთარი თავი, ერთგვარი ბრენდი, სახელად „კატალინა“, რომელიც თავის სათქმელს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იტყვის.

შუა საუბრის დროს კატოს კბილი ასტკივდა. შევთავაზე, ცოტა ხანი შეგვესვენა, სანამ არ გაუვლიდა, მაგრამ არა, გავაგრძელოთო. რამდენიმე თემას შევეხეთ, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ტკივილი იმდენად აწუხებდა, ყველა ეს საკითხი რაღაც პერიოდი მისთვის უმნიშვნელო გახდა. ვუყურებდი, ვუსმენდი და პარალელურად თავში ის ამბავი მიტრიალებდა, ქრისტეს ჯვარზე რომ აკრავდნენ, ერთ იერუსალიმელ ვაჭარს კი იმ დღის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად საკუთარი კბილის ტკივილი მიაჩნდა. სტომატოლოგთან ვარ მისასვლელი სასწრაფოდო, ჩაილაპარაკა. რატომ არ მიდიხარ-მეთქი, ვკითხე და მალევე მივხვდი, ექიმთან ვიზიტის ფასების გათვალისწინებით, რამდენად არაადეკვატური იყო ამ შეკითხვის დასმა ადამიანისთვის, რომელიც არ მუშაობს.

— სკოლა რომ დავამთავრე, მაშინვე ჯარში წავედი. ჯარიდან რომ ჩამოვედი, სწავლა არ გამიგრძელებია. ცოტა ხანში სასაზღვრო პოლიციაში დავიწყე მუშაობა. მუშაობის ბევრწლიანი გამოცდილება მაქვს, მაგრამ დღეს მაინც უმუშევარი ვარ. ეს იმიტომ, რომ არჩევანის გაკეთება მიწევს მუშაობასა და საკუთარ იდენტობას შორის. ხშირად მაკრიტიკებენ ამის გამო, დიდი ამბავი, მივიდეს კაცივით ჩაცმული, შუბლზე ხომ არ აწერია ტრანსგენდერობაო? ჯერ ერთი, კი, შუბლზე მაწერია და, მეორეც, აღარ მინდა, ვიმალებოდე. არც ის მინდა, ისეთ საქმიანობაში ჩავება, რასაც ტრანსგენდერი ქალებისგან ელიან. მე მაქვს ჩემი პრინციპები და არ მინდა იმათ გადავახტე. იყო ერთი-ორი შემოთავაზება, მოვიდეს როგორც უნდაო, მაგრამ როცა მივედი ადგილზე, მივხვდი, რომ იქ მე ვერავინ დამიცავდა, გარემო კი არც ისე უსაფრთხო მომეჩვენა. რა გამოგდისო, მკითხე. აი, კულინარია მეხერხება. სიამოვნებით ვიმუშავებდი მზარეულის დამხმარედ. შეიძლება, ძალიან განათლებული არ ვარ, მაგალითად, უცხო ენა არ ვიცი კარგად, მაგრამ სხვა უნარ-ჩვევები მაქვს. მე რომ დამსაქმებელი ვიყო, თუ დავასაქმებდი კატოს, ასე მკითხე, არა? მოდი, ასე ვიტყვი: შანსს მივცემდი, სტაჟირებაზე მაინც ავიყვანდი და დავაკვირდებოდი, რა როგორ გამოსდის. ვფიქრობ, რაღაცები ნამდვილად გამომდის.

კატო ძალიან ფრთხილი ადამიანია. ეს სიფრთხილე მას ზოგჯერ გარკვეულ შესაძლებლობაზე უარის თქმას აიძულებს, თუმცა სწორედ ეს სიფრთხილე ეხმარება იმაში, რომ ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის ობიექტი არ გახდეს. კი, ზოგჯერ სამსახურზეც უთქვამს უარი და არა იმიტომ, რომ არ სურს ან ეზარება, არამედ თავისი პირადი თუ საერთო ქვიარ ტრავმული გამოცდილების გამო, რომელიც ძალადობის ფაქტის უამრავ შემთხვევას ინახავს. ახსოვს ისიც, როგორ დასცინოდნენ ძველ სამსახურში იმის გამო, რომ სხვებს არ ჰგავდა.

— პოლიციაში როცა ვმუშაობდი, მაქსიმალურად ვცდილობდი მასკულინური როლის მორგებას. ვიცოდი, რომ სხვანაირად ვერ გადავრჩებოდი. ჩემი სხეული ჩემი თავშესაფარი იყო. თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ დავმალე. მახსოვს, ერთხელ გასახდელში შეამჩნიეს,  ტანზე თმა გაპარსული რომ მქონდა. თავს დამესხნენ, ეს რა გააკეთე, ხომ არ გაგიჟდიო. დამცინოდნენ, ჩემზე ჭორაობდნენ. ჩემი დამცირებით ცდილობდნენ თავიანთი თავის დამკვიდრებას. აღარ მინდა იგივე ემოციები გამოვცადო. დავიღალე. თუკი მუშაობას დავიწყებ, მინდა, რომ მე მე ვიყო — კატალინა.

— რისი გეშინია ყველაზე მეტად?

— ალბათ, იმის, რომ ჩემი განვითარების ბოლო ეტაპს ცოცხალი ვერ მოვესწრო. მინდა საკუთარი ადგილი ვიპოვო. თუ ჩემს რეალურ, ღირსეულ ადგილს ვერ ვიპოვი, ეს იქნება ჩემი ტრაგედია. ისიც ვიცი, რომ ამ ადგილის მოსაპოვებლად ბევრი უნდა ვიბრძოლო. და ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი ბრძოლა. თუ მე ვერ შევდექი, ესე იგი, გარემოც ვერ შედგა. თუ გარემო არ იქნება შემდგარი, ვერც მე შევდგები. რა გამოდის? გარემოს ცვლილებისთვისაც უნდა ვიბრძოლო, რადგან მე გარემოს გარეშე ვერ ვიარსებებ და გარემო — ჩემ გარეშე. როცა დასახულ მიზანს ვერ აღწევ, ეს მხოლოდ შენი ბრალი არ არის. ზოგჯერ ისეთი ფაქტორები თამაშობს შენ წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ უმკლავდები. მაგალითად, როცა ვიღაცას ენდობი, მისი მხარდაჭერის იმედი გაქვს და უცებ მიგატოვებს. საერთოდ მარტო რჩები. იმიტომ კი არა, რომ ცუდი ადამიანია, უბრალოდ, იმას სხვა ომი აქვს, იმას სხვა გარე ფაქტორებთან უწევს ბრძოლა და შენი ომი აღარ/ვეღარ აინტერესებს.

კატოს პასუხზე ინტერვიუს პროცესში უკვე მეორედ მახსენდება იერუსალიმელი ვაჭარი, საკუთარმა კბილის ტკივილმა სხვისი ტკივილის მიმართ თანაგრძნობა რომ დაუკარგა. კატოსთან საუბრის მერე თავში სულ ის მიტრიალებდა, როგორ არ დაკარგა სიყვარულის უნარი. ადამიანებზე ყოველ ჯერზე ძალიან მოზომილად საუბრობდა და ცდილობდა, ცუდთან ერთად მათი კარგი თვისებაც აღენიშნა. ოჯახის წევრებზეც ასე იყო. მამის მხრიდან უარყოფაზე საუბრისას არაერთხელ აღნიშნა მისი ხატვის ნიჭი. არც დედის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე ხაზგასმა დავიწყებია. ჩვენ კი, მთელი საზოგადოება, იმ იერუსალიმელ ვაჭრად ვიქეცით, რომელიც ვერა და ვერ ჩაერთო სხვის ბრძოლაში, ვერ დაინახა სხვისი ომი. უფრო სწორად, დაინახა, მაგრამ რა ექნა, თუკი საკუთარი „ომი“ სამყაროსთვის უფრო მნიშვნელოვანი ეგონა...

ინტერვიუ დავასრულეთ. ავტობუსის გაჩერებისკენ ფეხით გავისეირნეთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამჯერად ნაკლებად დაძაბულები ვიყავით. თბილისის იერსახეზე ვსაუბრობდით. გაჩერებაზე ქალი მოგვიახლოვდა, გოგოებო, ხომ არ იცით თავისუფლებისკენ რა ნომერი მიდისო, გვკითხა. ვუპასუხეთ. როგორც კი წავიდა, კატომ ხელი მომკიდა, თვალებგაბრწყინებულმა და გაღიმებულმა მკითხა, გაიგონე, როგორ მოგვმართაო?

რა თქმა უნდა, გავიგონე, ყურადღებაც მივაქციე და გამიხარდა კიდეც. არადა, სხვანაირად როგორ უნდა მოემართა, როცა გაჩერებაზე ნამდვილად ორი გოგო ვიდექით.

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea

ფოტოგრაფი: ტბელ აბუსერიძე

ფოტოგადაღებისთვის კატოს მაკიაჟზე იზრუნა სილამაზის სალონმა ლა ბოტე

ფოტოგადაღებისთვის სტუდია დაგვითმო Enigma Media-მ

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ელისო, ტასიკო, გეგენავა, ჩემი, პორტრეტი, ქალი, ქალები, ძალადობა, ოჯახური, ოჯახში, სექსუალური, ფსიქოლოგიური, eliso, tasiko, gegenava, chemi, portreti, ojaxshi, dzaladoba, ojaxuri, seqsualuri, fsiqologiuri

ელისო (ტასიკო) გეგენავა — ჩემი პორტრეტი

გაიცანით ელისო (ტასიკო) გეგენავა — ერთი ფერადი ჭანჭიკი, რომელსაც უნდა, რაღაც კონკრეტულ ადგილს მოერგოს, აგრამ თან ერთ ადგილას გაჩერებას არ შეუძლია.

ჩემი პორტრეტი

გააზიარე სტატია

კატალინა (კატო) ჯორჯეული — ჩემი პორტრეტი

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია