Facebook Script

იმედა ლომაია — ჩემი პორტრეტი

24 ნოემბერი, 2024 | ჩემი პორტრეტი

ომი რომ დაიწყო, უკვე სტუდენტი იყო. სოხუმის დაცემის დღეს კი ის გალის რაიონის სოფელ განახლებიდან თბილისში დასაბრუნებლად ემზადებოდა — იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსზე გადადიოდა და უახლოვდებოდა თავის ბავშვობის ოცნებას, ერთხელაც გვერდზე გადაედო აგათა კრისტისა და სხვა ავტორების დეტექტიური რომანები და თავად შესდგომოდა საქმეების გამოძიებას, რათა ამ გზით ებრძოლა სამართლიანობისთვის.

ბავშვობისა და თინეიჯერობის წლები ძალიან კარგად ახსენდება; აფხაზებსა და ქართველებს შორისაც არასდროს შეუნიშნავს დაძაბულობა. ერთი სიტყვით, როგორც ხშირად გვსმენია დევნილებისგან, ცხოვრება თავის კალაპოტს მიუყვებოდა, მოსახლეობა მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა, ქართველები და აფხაზები მეგობრობდნენ, ერთმანეთს ენათესავებოდნენ. შესაბამისად, ომი, რომელიც დაიწყო, ამბის ლოგიკური გაგრძელება არავისთვის ყოფილა. ეს იყო დასაწყისი რაღაც ახალი, დიდი ტრაგედიის, რომლის  გამანადგურებელი შედეგები დღემდე უამრავ ადამიანზე აისახება. 

იმედა ლომაია, 49 წლის.  დევნილი ქალი, რომელსაც სახელმწიფომ სახლი მხოლოდ 4 წლის წინ გადასცა, წინაპირობად კი მათემატიკური სიზუსტით დაუთვალეს, რამდენ ქულას აგროვებდა ჯამში, თუკი მის მიერ დაკარგულ ყველ ადამიანს გაითვალისწინებდნენ.

— ადამიანის სიკვდილი რამდენ ქულად შეაფასეს? 

— სამ ქულად.

— 1993 წლის 27 სექტემბერი. 

— მე და ჩემი ოჯახი გალის რაიონში ვცხოვრობდით. ბუნებრივია, მთავარ დარტყმას სოხუმი, გაგრა და გუდაუთა იღებდა. განახლება ზღვისპირა სოფელია. მახსოვს ხმები და განათებული სანაპირო. უცებ შორიდან რაღაც დაიგრუხუნებდა და ზღვისპირეთიც უცნაურად განათდებოდა. ნელ-ნელა ჩვენკენაც მოდიოდნენ. 27 სექტემბერს სახლში ვიყავი და თბილისში დასაბრუნებლად ვემზადებოდი. იმ დროს მარტივი არ იყო ამხელა გზაზე სიარული, ამიტომ წასვლამდე ბებიასთან წავედი დასამშვიდობებლად. ვვარაუდობდი, რომ შემდეგი რამდენიმე თვე ვეღარ ვნახავდი. სახლისკენ მომავალ  გზაზე უამრავი მანქანა დავინახე. სოხუმისკენ მიდიოდნენ იმ იმედით, რომ დაიცავდნენ. თუ ვინმე იყო, ვისაც ბრძოლა შეეძლო, ყველა წავიდა. საღამოს გავიგეთ, რომ სოხუმი დაეცა.

— 1993 წლის 30 სექტემბერი. 

— ღამის სამ საათზე უცნაური ხმაური გავიგონეთ. განგაშის ხმა იყო. გვაფრთხილებდნენ, ვისაც შეგიძლიათ, ახლავე დატოვეთ სახლები, გაიქეცითო. მაშინვე წამოვცვივდით ლოგინებიდან. ჩემმა ძმამ  ტომარა აიღო და ერთი რაც მოასწრო, ალბომები ჩაყარა. მამაჩემს დიდი სატვირთო მანქანა ჰყავდა. იქ დაგვსვეს ქალები, ბავშვები. თევზებივით ვიყავით, ვერ გაინძრეოდი. ჩემი ძმა ველოსიპედით  წავიდა გალში, იქიდან უნდა გაეწიათ წინააღმდეგობა. დედაჩემმა, ჩემი შვილი აქ არის და მე სად უნდა წავიდეო, და სოფელში დარჩა. ორსანტია-ოტობაიას დამაკავშირებელი ხიდით გადმოვედით ზუგდიდის რაიონში. ზოგი ფეხითაც მოდიოდა. ვისაც მანქანა ჰყავდა, მაგრამ ბენზინი არ ჰქონდა, ის სხვის მანქანას იყო მიბმული და ასე. გზები გადაჭედილი იყო. ყველა მხრიდან ტოვებდნენ ქართველები აფხაზეთს.

ოზურგეთში ნათესავის სახლში მივიდნენ. ნივთები დაყარეს და მაშინვე ხიდთან დაბრუნდნენ. სახლში რა გაგვაჩერებდაო, ამბობს იმედა. ყველანი ხიდთან შეიკრიბნენ და უყურებდნენ, როგორ ტოვებდა იძულებით ხალხი თავიანთ მიწა-წყალს. ნაკადი არ ჩერდებოდა. გადმოსული მანქანა გზას აგრძელებდა, რადგან უკან სხვა მანქანები მოჰყვებოდა. ასე დაათენდათ ხიდთან იმ იმედით, რომ ვინმე რამეს ეტყოდათ, რაღაც იმედს მისცემდნენ და დაუდასტურებდნენ მათ ვარაუდს, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე დღის ან კვირის ამბავი იყო, ყველაფერი მოგვარდებოდა და მალე დაუბრუნდებოდნენ თავიანთ სახლებს. დღეებიც გავიდა, კვირებიც და წლებიც. ხიდთან აღარ, მაგრამ ხიდს მიღმა, საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ეს ადამიანები ისევ ელოდებიან დაბრუნებას.

— სამი დღის მერე დედაჩემი და ჩემი ძმაც გადმოვიდნენ. ყველანი, მთელი ჩემი ოჯახი და სხვა რამდენიმე ოჯახიც ჭანტურიების სახლში ვიყავით. ხომ ხედავდნენ, რა დღეში ვიყავით, ის ხალხი არასდროს გვეტყოდა, წადითო, მაგრამ რამდენი ხანი უნდა გავჩერებულიყავით? ცოლ-ქმარი იყვნენ, შვილებიც ჰყავდათ და თავისთვის მხოლოდ ერთი ოთახი დაიტოვეს. სხვები ჩვენ გაგვინაწილეს. რაც რამე საჭმელი ჰქონდათ, პური იყო ეს, სიმინდი თუ სხვა, ყველაფერს გვინაწილებდნენ. ქათმები დაკლეს, ღორი, ხბო. ჩვენც, ვინც იქ ვიყავით, ვაბარებდით რაც რამე ძვირფასეულობა გაგვაჩნდა, რომ საჭმელი გვეყიდა. იმაზე ვფიქრობდით, რომ სახლში დაბრუნებამდე როგორმე გაგვეტანა თავი და მერე, როცა დავბრუნდებოდით, რაღა გვიჭირდა.

— ამ დროს თბილისში სწავლა უკვე დაწყებულია? რა გეგმები გქონდათ, როგორც სტუდენტს?

— სწავლა პირველ მარტს იწყებოდა და დეიდასთან წამომიყვანეს თბილისში, რომ მოვმზადებულიყავი. ჩემები იმ ოჯახში დარჩნენ. გეგმა ასეთი იყო: ჩემთვის ბინა უნდა ექირავებინათ, სადაც დედაჩემთან ერთად ვიცხოვრებდი, ხოლო მამაჩემი და ჩემი ძმა ცოტა ხნით რუსეთში უნდა წასულიყვნენ, რომ რაღაც შემოსავალი გვქონოდა. რუსეთის გარდა სხვა გზა მაშინ არ იყო. თუმცა, ბოლომდე ვერც იმას ვიაზრებდით, რომ ყველაფრის გამომწვევი რუსეთი იყო. ეს ასეთი აშკარა უფრო მერე გახდა, როცა ცივ გონებაზე გავაანალიზეთ ყველაფერი. მოკლედ, თებერვლის თვეა და ჩვენ ამ დაგეგმვის ამბავში ვართ, პარალელურად კი ასეთი სიტუაციაა: ხალხი მაინც გადადის ჩუმად აფხაზეთში, სახლებში დარჩენილი ნივთები და საჭმელი რომ წამოიღონ. ჩუმად საღამოობით მიიპარებოდნენ და ბრუნდებოდნენ. აფხაზებმა რომ დაინახეს, ქართველები ვერ ელეოდნენ სახლებს და მაინც გადადიოდნენ. დაქირავებულ მკვლელებთან გაერთიანდნენ და სწორედ ამ პერიოდში იწყება ე.წ. „აჩისტკა“. რაც ამ ადამიანებმა დაატრიალეს... უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ სისასტიკის აღწერა.

ამ პერიოდში იწყება იმედას ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომელზე საუბარიც მისთვის დღემდე ძალიან მტკივნეულია. რთული იყო ამ ამბის მოსმენაც. ომზე საუბრისას უფრო ხშირად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და შეცდომებზე ვამახვილებთ ყურადღებას.; ვსაუბრობთ ომში ჩართულ ქვეყნებსა და მათ ლიდერებზე, ზოგად სისასტიკესა და გამომწვევ მიზეზებზე, რაც ომისგან, როგორც მოვლენისგან, გარკვეულ დისტანცირებას იწვევს, რადგან ყურადღების მიღმა გვრჩება პირადი, ადამიანური ისტორიები და ტკივილი, რომელიც ყველა დევნილს აერთიანებს და ამავე დროს, განასხვავებს ერთმანეთისგან. დევნილი ქალების პორტრეტებზე მუშაობამ მასწავლა ისიც, რომ აფხაზეთის ომს მხოლოდ დასაწყისი აქვს, დასასრული კი არა, რადგან ტკივილი, ზიანი, რაც მისგანაა გამოწვეული, არასდროს სრულდება.

— ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი გადასვლის დროს დედაჩემი სოფელში ჩარჩა, უკან ვეღარ ბრუნდებოდა. მამაჩემი და ჩემი ძმა აქეთ იყვნენ. ბუნებრივია, მამაჩემმა წასვლა გადაწყვიტა, ცოლს იქ ხომ არ დატოვებდა. ეს უკვე ის პერიოდია, როცა ქართველები პარტიზანულად გადადიან აფხაზეთში და, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით იბრძვიან მტრის წინააღმდეგ. მამაჩემი და ჩემი ძმა ჩავიდნენ დედაჩემთან. ამ დროს თურმე დედა მეზობლებს წერილს ატანდა, სადაც მამას სთხოვდა, ზუგდიდში დარჩენილიყო და თვითონვე მოახერხებდა უკან დაბრუნებას. მოკლედ, ჩემი ოჯახი და კიდევ 20-25 ადამიანი დაიძრა ზუგდიდისკენ. სახლებს გამოემშვიდობნენ, რადგან ისეთი მძიმე ვითარება იყო, გადასვლები უსაფრთხო აღარ იყო. როგორც ჩანს, ვიღაცას აფხაზებისთვის უთქვამს, რომ ამ გზით, რა გზითაც ესენი მოდიოდნენ, პარტიზანები აპირებდნენ გადასვლას. პარტიზანებმა გაიგეს, რომ აფხაზები ჩასაფრებული ელოდებოდნენ და სხვა გზით წავიდნენ, ჩასაფრებულ აფხაზებს კი ეს ხალხი გადაეყარა. უკვე შუაღამე იყო. როგორც დედაჩემი იხსენებს, უცებ საშინელი სროლა ატყდა. დაწექითო, ვიღაცები ყვიროდნენ. დედაჩემს ტყვია ხელში მოხვდა და დაცემისას ხელიც მოიტეხა. რამდენიმე ადამიანმა გაქცევა მოასწრო, სხვები კი ვიღაცის სახლის გარაჟში შეყარეს. დედაჩემი ჩემს ძმას და მამას ეძებდა. ამ დროს ვიღაც ახალგაზრდა ბიჭს შეუყვანია ჩემი ძმა, დაჭრილი იყო და უთქვამთ, ვიღაც თეთრთმიანი კაცია მკვდარიო. ასეთი მარტო მამაჩემი იყო. 14 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. იქვე, ადგილზე გარდაცვლილა. დედაჩემი სისხლს კარგავდა და გული მისდიოდა ხოლმე. ჩემს ძმას რომ დაუნახავს, გულზე დაემხო, ეგონა კვდებოდა. მამა მომიკვდა, დედა მაინც გადამირჩინეთო, ითხოვდა. სხვა ქალები გაუშვეს, დედა ვერ წავიდოდა, ძალიან ცუდად იყო. ამ ქალებისთვის დაუბარებიათ, ვინმე მოვიდეს, ეს ქალი წაიყვანოს და მკვდარიც წაიღონო. მამაჩემის მეგობარი მოსულა ორთვალათი. ჯერ დედა გაატანეს, ცხედარი მეორე წასვლაზე წაიღეო, უთქვამთ. ერთი აფხაზი ბიჭი იყო მათ რიგებში, ჩემი ძმისთვის ჩაი მოუდუღებია. ის ბიჭი დაჰპირებია დედაჩემს, ნუ გეშინია, შენს შვილს შენს მეუღლესთან ერთად გამოვუშვებთო. როცა მამაჩემის მეგობარი უკან დაბრუნდა ცხედრის წასაღებად, ის აფხაზი ბიჭი იქ აღარ დახვედრია, ჩემი ძმა კი არ გამოატანეს. 25 თებერვალს გავიგეთ, რომ მოკლეს. დედაჩემი კი მყავს ცოცხალი...

ადამიანები, რომლებიც ვითომ მძევლებად დაიტოვეს, სინამდვილეში იმთავითვე განწირული იყვნენ სასიკვდილოდ. ისინი არაფერს ითხოვდნენ. არც ფულს, არც რაიმე ძვირფასეულობას. როგორც ჩემი რესპონდენტი ამბობს, მათ, უბრალოდ, სისხლი სწყუროდათ, ამით იკვებებოდნენ.

— დედაჩემი იხსენებს, როგორ სასტიკად ექცეოდნენ იქ მყოფ ახალგაზრდა კაცებს, ბიჭებს. ერთი ბიჭი შეუგდიათ გარაჟში, სულ სისხლიანი იყო. საკუთარმა დედამაც კი ვერ იცნო. ვისი ხარ შვილოო, ეკითხებოდნენ. ქალები რომ გაუშვეს და კაცები დაიტოვეს, იმათგან ორს მიწა გაათხრევინეს, გარდაცვლილები გამოიყვანეს გარაჟიდან, ჩაყარეს და ესენიც ზედ დააკლეს. მიწა ისე დააყარეს, სიკვდილიც არ აცალეს, ცოცხლად დამარხეს. მიწა ფეთქავდაო, თვითმხილველები ამბობდნენ. ამას რამე გამართლება და ახსნა აქვს? იცი, რას ვფიქრობ ხოლმე? იქნებ, ეს სისასტიკე აფხაზებსაც არ უნდოდათ, რასაც დაქირავებული მკვლელები აკეთებდნენ... არ ვიცი... ვფიქრობ.. იქნებ, არც იმათ უნდოდათ...

— ახლა მარტივია იმის მიხვედრა, რომ ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე რუსეთია. მაშინ როგორ ფიქრობდით? ვინ იყო თქვენთვის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?

— მაშინ ამაზე ვერ ვფიქრობდით. ანალიზის გაკეთების არც დრო გვქონდა და არც ემოციური რესურსი. ზედაპირზე ამოტივტივებული იყო მხოლოდ ის, რომ აფხაზი ეომებოდა ქართველს და ქართველი აფხაზს. ახლა ყველამ ვიცით, რომ ორივე მხარესთან რუსეთი მუშაობდა, ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებდა ხალხს. მაშინ ერთმანეთს აღვიქვამდით მტრებად. ჩემი ოცნებაა, ყველა დევნილის ოცნებაა, სახლში დაბრუნება, მაგრამ თაობები თუ არ შეიცვალა, ძალიან რთული იქნება ეს პროცესი. აფხაზი ვერ შეგვიყვარებს. გულწრფელად გეტყვით, ვერც მე შევიყვარებ. შევეცდები, მაგრამ რთულია ამ ყველაფრის პატიება, როცა საკუთარი თვალით ვნახე ამდენი საშინელება, ამდენი ადამიანი დავკარგე. ამ ტრაგედიამ ხომ მთელ ჩემს მომავალზე იმოქმედა? ან, რით ვიბრუნებთ ამ ხალხს? სახელმწიფო რას სთავაზობს? კი, იმათ რუსები სძულთ, მაგრამ ჩვენ უფრო ვძულვართ.

— რა არის თქვენი, როგორც დევნილი ადამიანის მთავარი ტკივილი/სათქმელი დღეს?

— როცა აფხაზეთიდან წამოვედით, ხშირად გაიგონებდით ასეთ ფრაზებს: კარგი გოგოა, მაგრამ დევნილია; კარგი ბიჭია, მაგრამ დევნილია. „დევნილი“ რომ უარყოფით კონტექსტში დაგვერქვა, იმის მერე არცერთმა მთავრობამ არ მოგვხოცა ეს. მერე რა, რომ დევნილები ვართ, ჩვენც ხომ გვინდა დაფასებულად ვიგრძნოთ თავი ჩვენს ქვეყანაში? მეც ხომ ამ ქვეყნის შვილი ვარ, ასე არ არის? ხალხიც და მთავრობაც როგორ გვექცევა, იცით? აი, ქუჩაში დახმარების მთხოვნელს რომ დაინახავ, რომ გეცოდება?! შეიძლება ფულიც მისცე, ტანსაცმელიც, მაგრამ წახვალ და გავიწყდება. ასე თეორიულად კი იცი, რომ ეს ხალხი არსებობს და უჭირთ, მაგრამ ამაზე დიდხანს არ ფიქრობ. კიდევ იმას ვერ ვხვდები, რა საჭიროა ეს ქულების სისტემა. დევნილის მოწმობა რომ მაქვს, ეს ხომ უკვე ყველაფერს ამბობს ჩემზე? ხომ იცი, რომ ქონება დავკარგე, დიდი მორალური ზიანი მივიღე, რაღას მაწვალებ? რამდენი ფული იხარჯება მონიტორინგში, მერე კომისიის ხელფასებში. ვითომ დევნილებისთვისაა გამოყოფილი ფული და ისევ შიგნით იჭმევა, დევნილი კი ისევ ყველაფრის გარეშე რჩება. ეს ყოველთვის ასე იყო, ყველა მთავრობის დროს.

— და ბოლოს, რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

— სახლი. მენატრება და თან ძალიან მეცოდება მიტოვებული სახლები. ასე მგონია, რომ სახლი ადამიანის ნაწილია, ადამიანებით სუნთქავს და არსებობს. ადამიანი აძლევს სახლს ძალას, ემოციას. მიტოვებული სახლი სხვანაირად ძველდება. აი, როცა ვინმე ცხოვრობს, ძლიერად დგას. თითქოს, არც ძველდება. რამდენი ასეთი მიტოვებული სახლია დღეს აფხაზეთში... რამდენი სახლი ელოდება თავის პატრონს...

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე

ფოგოტრაფი: ანა თავაძე

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით

გაზიარება

მსგავსი სტატიები

ელისო, ტასიკო, გეგენავა, ჩემი, პორტრეტი, ქალი, ქალები, ძალადობა, ოჯახური, ოჯახში, სექსუალური, ფსიქოლოგიური, eliso, tasiko, gegenava, chemi, portreti, ojaxshi, dzaladoba, ojaxuri, seqsualuri, fsiqologiuri

ელისო (ტასიკო) გეგენავა — ჩემი პორტრეტი

გაიცანით ელისო (ტასიკო) გეგენავა — ერთი ფერადი ჭანჭიკი, რომელსაც უნდა, რაღაც კონკრეტულ ადგილს მოერგოს, აგრამ თან ერთ ადგილას გაჩერებას არ შეუძლია.

ჩემი პორტრეტი
ირინა, კოტუა, პორტრეტი, დევნილი, ქალი, აფხაზეთი, დევნილობა, ომი

ირინა კოტუა — ჩემი პორტრეტი

აფხაზეთიდან დევნილი ქალის პორტრეტი — „ირინა კოტუა, პირველ რიგში, არის ქალი. მეუღლე, დედა, და, მეგობარი. დილის ყავით, სიგარეტით და მთელი დღე განვლილ ცხოვრებაზე ფიქრით“

ჩემი პორტრეტი

გააზიარე სტატია

იმედა ლომაია — ჩემი პორტრეტი

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია