Facebook Script

ელისო (ტასიკო) გეგენავა — ჩემი პორტრეტი

06 აპრილი, 2023 | ჩემი პორტრეტი

სოფო, მადონა, სალომე, მაკა, რუსუდანი, თინათინი, ლამზირა, მარიამი, ნონა, ეთერი, ჟანა, დონარა, ეკატერინე, ლეილა, შუშანა, ნატალია, ზიზი, მერი, ნინო, გუნაი, ანა

ეს იმ ქალების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სისტემამ, ოჯახმა, მეზობლებმა, საზოგადოებამ ვერ დაიცვა. ისინი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან, რომელთა ხმა ჩვენამდე ვერ მოვიდა. უფრო სწორად, ვერ მოვიდა საკმარისად მკაფიოდ იმისათვის, რომ დროულად დავხმარებოდით. სამართალდამცავებისთვის მათი სისხლჩაქცევები არასდროს იყო საკმარისი მკაცრი ზომების მისაღებად. სახელმწიფო მათ თავშესაფრების არა მხოლოდ ადგილმდებარეობას, არამედ არსებობასაც უმალავდა, ნებსით თუ უნებლიეთ. ფაქტია, თავშესაფრებში მათი ადგილი ვერ გამოიძებნა. ოჯახის წევრები მათ ეუბნებოდნენ, რომ ურთიერთობა კომპრომისებზე წასვლას გულისხმობდა. არც ეკლესია იშურებდა რჩევებს, თმენა ისწავლეთ, ქალებოო, საკურთხევლიდან უქადაგებდნენ. მეზობლები ჩხუბის დროს არ ერეოდნენ, ოჯახის საქმეში ცხვირს ხომ არ ჩავყოფთ, ქმარს წინ ხომ არ გადავუდგებით, ის მოქნეული ხელი ჩვენ არ მოგვხვდესო. საზოგადოება მათ ეკითხებოდა, რამე ისეთი ხომ არ გითქვამთ, ქმარი რომ გაღიზიანებულიყოო... იქნებ, საკმარისად ვერ შეუთბეთ საჭმელი ან ღმერთი ხომ არ გაგიწყრათ და სექსზე უარი ხომ არ გითქვამთო; შემთხვევით, სახლიდან წამოსვლა ხომ არ გაგიბედავთ და ყოფილი ქმარი ხომ არ აეჭვიანეთო. ბავშვების გამო მაინც ნუ დაანგრევთ ოჯახსო, ამასაც ეუბნებოდნენ.

დღეს ასობით ბავშვი იზრდება დედის გარეშე.

დიანა, შორენა, ოლენა, როზეტა, ანასტასია, თამუნა, ბელა, სოფიკო, მანანა, ნაზი, ლალი, მაია, მირანდა, ეკა, თეონა, თამარი,  საბინა, ხანუმ, მანანა, ელენე, ჟუჟუნა, ნელი, სვეტლანა

2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოში 186 ქალი მოკლეს.

„კულტურა არ ქმნის ადამიანებს. ადამიანები ქმნიან კულტურას. და თუკი მართლაც ჩვენი კულტურის ნაწილია, რომ ქალს სრულფასოვან ადამიანად არ მივიჩნევთ, მაშინ კეთილვინებოთ და ეს კულტურა შევცვალოთ“, — გვეუბნება ნიგერიელი მწერალი ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი. ჩვენც არაერთხელ გვიწევს იმის მოსმენა, თუ როგორია ჩვენი ქვეყნის კულტურა, როგორ „უნდა“ იქცეოდეს ქალი ამ კულტურაში, რისი უფლება აქვს ან არ აქვს. საინტერესოა,  როდის და ვის მიერ ჩამოერთვა ქალს სიცოცხლის უფლება. როდის ჩამოერთვა მას უფლება, არ დაემორჩილოს იმ ბრძანებებს, რომლებიც მის სურვილებს ეწინააღმდეგება? როდის და ვის მიერ გადაწყდა, რომ ქალი კაცის საკუთრებაა ან როდის მიეცა ქმარს ცოლზე ძალადობის უფლება? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნთა კრებულში ვკითხულობთ: „კაცი რომ ცოლს სტანჯვიდეს და უპატიურად ეპყრობოდეს და ურიგოს უშურებდეს, მეფემ ის კაცი დააბას, დატუქსოს, ავად მოეპყრას და კათალიკოზმაც ასე უყოს“. თუკი საუკუნეების წინ მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ცოლზე ძალადობის შემთხვევაში ქმარი უნდა დაისაჯოს კანონის თანახმად და ის უნდა დასაჯოს არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ ეკლესიამაც, როგორ მოვახერხეთ, რომ 21-ე საუკუნეში ოჯახში ძალადობა არათუ ვერ აღმოიფხვრა, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილი ვერც კი აცნობიერებს, რომ ეს დანაშაულია?!

როცა ოჯახში ძალადობაზე ან ფემიციდზე ვსაუბრობთ, ხშირად გვაკრიტიკებენ, რატომ ამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ ქალი მოკლეს, რატომ უსვამთ ხაზს მის სქესსო? იმიტომ, რომ ყოველი ასეთი შემთხვევა, იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა თუ მკვლელობა, ნასაზრდოებია კაცის რწმენით, რომ მსხვერპლი მისი თანასწორი არ არის. ქალზე ძალადობა პირდაპირ კავშირშია იმ გენდერულ სტერეოტიპებთან, რომლებიც კაცს ქალზე უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, მასზე აღმატებულად წარმოაჩენს. როცა ერთი კაცი ძალადობს ერთ ქალზე, ეს არ არის ერთი ოჯახის ტრაგედია — ეს არის ქვეყნის, საზოგადოების ტრაგედია. ეს აჩვენებს, რომ სისტემა არ მუშაობს. აჩვენებს, რომ ქვეყანა ვერ შედგა და ვერ შედგა საზოგადოება.

რამდენიმე თვის წინ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „რომანი დიდ-ხევაში“ წავიკითხე, რომლის დასასრულმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. ამბავი ასეთია: მაროს და პავლეს ერთმანეთი შეუყვარდებათ, თუმცა შორეული ნათესაური კავშირის გამო, რჯულის მიხედვით, ერთად ყოფნის უფლება არ აქვთ. მღვდელი ჯვრის დაწერაზე უარს ამბობს. მარო დაორსულდება, ამიტომ სასწრაფოდ მოუძებნიან საქმროს, ერთ ქვრივ კაცს. ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე კი წყაროზე მყოფ მაროს პავლე ხანჯლით კლავს სიტყვებით: „ახლა ჩემი ხარ, ჩემი, შენს თავს ვეღარავინ წამართმევს“. დიდი ხანი მიტრიალებდა თავში შეკითხვა: რატომ არ მოკლა პავლემ მაროს მამა, მღვდელი ან მაროს საქმრო? როგორ მოუვიდა თავში აზრად, რომ სიყვარულის სახელით საყვარელი ქალი მოეკლა? როგორ მოხდა, რომ ამბავში, სადაც მაროს არაფერი დაუშავებია, მსხვერპლი მაინც ის აღმოჩნდა?

იმიტომ, რომ ქალებს მარტივად კლავენ. იმიტომ, რომ ქალებს მარტივად სწირავენ.

ქმრების, ყოფილი ქმრების ან პარტნიორების ეჭვიანობას უამრავი ქალი ემსხვერპლა. მხოლოდ ბოლო წლებში ასობით ქალი მოკლეს ამის ნიადაგზე.

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გაეროს პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ დოკუმენტურ ფილმში „ხმა ამოიღეთ!“ ერთ-ერთი რესპონდენტი (ანონიმურად) ჰყვება, თუ როგორი მძიმე იყო მისთვის იმის გააზრება, რომ ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა, თვალსა და ხელს შუა მონსტრად გადაიქცა. ჩანს, რომ ამ ამბავში ყველაზე მეტად ეს სიყვარული ენანებოდა, არ ეთმობოდა. თუმცა, ბოლოს ჩაილაპარაკებს: „სადაც ძალადობაა, იქ სიყვარული არ არის“.

იმ აზრს, რომ ძალადობა არ შეიძლება სიყვარულის გამოხატულება იყოს, სრულიად იზიარებს ელისო (ტასიკო) გეგენავაც, რომელიც თავის ამბავზე სასაუბროდ ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდა. როცა დავუკავშირდი, ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, როგორ მეთხოვა ამ თემაზე საუბარი ისე, რომ მისთვის მტკივნეული ემოციები არ გამეხსენებინა. დიდი ტექსტი მივწერე, ალბათ, გამაღიზიანებლად ბევრი ბოდიშით. პასუხმა ერთდროულად გამახარა და გამაკვირვა: დიდი სიამოვნებით დაგთანხმდებით ინტერვიუზე, ნუ ნერვიულობთ, ეგ ამბავი უკვე ჩემი წარსულია და სწორედ მან შემქმნა იმ ტასიკოდ, როგორიც ახლა ვარო. არ ვიცი რამ შექმნა ასეთად, მაგრამ პირველივე წამიდან, როცა კაფეში შემოვიდა, მივხვდი, რომ საქმე ძალიან ძლიერ, მხიარულ და თავდაჯერებულ ქალთან მქონდა, რომელსაც ქუთაისური სილაღე დაჰყვებოდა, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია ხოლმე.

— რთული შეკითხვით დავიწყებ. ვინ ხართ?

— ერთი ფერადი ჭანჭიკი ვარ, რომელსაც უნდა, რაღაც კონკრეტულ ადგილს მოერგოს, მაგრამ თან ერთ ადგილას გაჩერებაც არ შეუძლია. ჭანჭიკი ვარ, რომელსაც უნდა, მნიშვნელოვანი იყოს თავის საქმეში. ჩემი სამყარო მაქვს და მომწონს ეს სამყარო. ვიცი, რომ ირგვლივ ბევრი ბოროტებაა, მაგრამ ავირჩიე, სიკეთე დავინახო. არ არსებობს ადამიანი, რომელშიც სიკეთეს არ ვეძებ. თუნდაც ეს ილუზიაში ცხოვრებას ჰგავდეს, მე მირჩევნია, ილუზიაში ვიცხოვრო, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ვუყურო, არ ვიტირო და მჯეროდეს, რომ ყოველი დღე დღესასწაულია. თავისუფლება მიყვარს, წლების წინ საჯარო სამსახურში ვმუშაობდი და მივხვდი, რომ არ შემეძლო ეს ბიუროკრატია, ამის ნერვები არ მქონდა. ჩემი საქმე, ჩემი სივრცე მჭირდებოდა და ამის მერე აქტიურად დავიწყე ქსოვა. დღეს ეს არის ჩემი თერაპია, ჩემი სიძლიერეც, სისუსტეც და შემოსავლის წყაროც.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წამიკითხავს ძალადობის შემთხვევებზე, მაინც დაძაბული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, როგორ უნდა მესაუბრა უშუალოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთან. არ ვიცოდი, რა შეიძლებოდა მეთქვა და რა არა, რა ემოციას ელოდა ჩემგან: ემპათიას იმის გამო, რაც გადაიტანა, თუ პატივისცემას იმის გამო, რომ იბრძოლა და გადარჩა. იქნებ, ორივეს ან არცერთს. როცა თავისი ამბის მოყოლა და დეტალების გაზიარება დაიწყო, შუა ლაპარაკის დროს მითხრა, ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით, მე ეს ყველაფერი უკვე გავიარე, გავიმარჯვე და დღეს კარგად ვარო. როგორც ჩანს, ჩემს თვალებში იმაზე მეტი თანაგანცდა დაინახა, ვიდრე სჭირდებოდა. უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ ისევ მისმა სილაღემ მიხსნა ამ მდგომარეობიდან. მოკლედ, ბევრი რომ არ მეწვალა, პირდაპირ ვკითხე, როგორ უნდა მელაპარაკა ძალადობის მსხვერპლთან.

— მარკეტინგულად გეტყვით, ბაზარზე რისი მოთხოვნაცაა, ისე უნდა ისაუბროთ. იყო პერიოდი, როცა მომწონდა, რომ გარშემომყოფებს ვეცოდებოდი. მომწონდა, რომ მეფერებოდნენ. იმ წამებში მე მგონია, რომ მსხვერპლი ვარ, საცოდავი ვარ, ამ დროს კი მოდიხარ და რას მეუბნები, რომ ძლიერი ვარ? ამას ვერ მივიღებ. იყო პერიოდი, როცა ჩხუბი მჭირდებოდა იმისათვის, რომ აზრზე მოვსულიყავი. შემდეგ, როცა გავიაზრე, რომ საერთოდ არ ვარ საცოდავი, მჭირდებოდა ეთქვათ, როგორი ძლიერი და კარგი ვარ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. თუმცა, ზოგჯერ ისიც გამაღიზიანებელია, სულ იმას რომ ჩაგჩიჩინებენ, ძლიერი ხარ, ძლიერიო. თითქოს პასუხისმგებლობას გაკისრებენ ამით, რომ ბევრი რამ უნდა აიტანო, არადა შენ გინდა, რომ რაღაც მომენტში სუსტი იყო. როცა ძალიან ცუდად ხარ, მაშინ განსაკუთრებით გაღიზიანებს ფრაზა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამ დროს ჯობია, გითხრან, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. ამით ხედავ, რომ გენდობიან და იციან, რომ საკუთარი თავისთვის კარგი გინდა. როცა ქსოვა დავიწყე, მაშინ მინდოდა, სხვებსაც ეღიარებინათ, რომ კარგი გოგო ვარ, რადგან ეს მეხმარებოდა ყველაზე მნიშვნელოვანში, მე თავად დამეჯერებინა და მეღიარებინა, რომ კარგი ვარ. მოკლედ, თუკი რეალურად მოუსმენთ ძალადობის მსხვერპლს, აუცილებლად მიხვდებით, რისი მოსმენა სურს მას თქვენგან.

როცა ჩემს რესპონდენტს ვუსმენდი და ვხედავდი, თუ რამდენად მარტივად მიყვებოდა მისთვის ყველაზე მტკივნეული გამოცდილების შესახებ, მქონდა განცდა, რომ ჩემ წინ იჯდა ოჯახში ძალადობის გამოცდილების მქონე ქალი და არა — მსხვერპლი. ვუყურებდი მას და ჩემს ერთ-ერთ საყვარელ წიგნზე, თანამედროვე ინგლისური ლიტერატურის გამორჩეულ ტექსტზე „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ ვფიქრობდი, განსაკუთრებით ერთი ფრაზა მიტრიალებდა თავში: „მსხვერპლი ნაღდად არა ვარ და მსხვერპლივით ნუ მექცევი; დედაჩემმა ისე აღმზარდა, რომ მსხვერპლი არასდროს გავხდები“. ვუყურებდი ჩემ წინ მჯდომ ქალს და ყოველ წამს მქონდა განცდა, რომ მას, უბრალოდ, არ შეეძლო, მსხვერპლი ყოფილიყო. თუმცა, შეეძლო, ჰქონოდა მძიმე გამოცდილება, რადგან მსგავსი რამ ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეემთხვეს.

— იცი, რომელ ფრაზას ვერ ვიტანდი ყველაზე მეტად? აი, ამბიდან დიდი ხნის მერეც ზოგი ადამიანი რომ დამტიროდა, ისეთი გოგო იყავი, შენ ეს არ უნდა დაგმართოდაო. რას ნიშნავს, მე არ უნდა დამმართოდა? რატომ მიწყვეტ, მე რა უნდა დამმართოდა და რა არა? თურმე, კარგი გოგო თუ ხარ, ეს არ გემართება. ტყუილია. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი, რადგან ეს გრძელი და რთული პროცესია. იცით, რამდენი ხანი ვერ ვიტანდი საკუთარ თავს? არ მომწონდა ჩემი გარეგნობა, მეგონა, რომ არაფერი გამომდიოდა. ამას გაჯერებენ მოძალადეები. საკუთარი თავის რწმენას და სიყვარულს გიკლავენ. დიდი დრო დამჭირდა, საკუთარი თავი შემეყვარებინა, მაგრამ მთავარია, ახლა ვგიჟდები ჩემს გადარეულ თავზე.

— მოგვიყვებით თქვენი გამოცდილების შესახებ უფრო დეტალურად?

— რა თქმა უნდა. 24 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. რვათვიანი ურთიერთობის მერე გავიპარეთ. ყველაზე დიდი შეცდომა, იცით, რა არის? ურთიერთობის დროს რაღაცებზე თვალის დახუჭვა და ფიქრი, რომ შეიცვლება. არავინ იცვლება ასე. ის, რაც გათხოვების მერე გადავიტანე, ჩემთვის ჩვეულებრივი კულტურული შოკი იყო. მე არ ვიყავი მზად ამხელა ტკივილისთვის, რადგან ლაღი ბავშვობა მქონდა, ჩემს ოჯახში არავინ არავისზე ძალადობდა და არ ვიცოდი, რომ ბევრისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. გათხოვებიდან სადღაც ორ კვირაში დაიწყო ჩემი ცემა და ხუთი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ყოველდღე აკეთებდა ამას. 24 წლის გოგოს მთელი სამყარო, წარმოდგენები თავზე დამამხო, სიგარეტს სახეზე მაწვავდა. თავის მოკვლაზეც ვფიქრობდი, იმიტომ, რომ რეალურად მაინც მკვდარი ვიყავი იმასთან და რა აზრი ჰქონდა? ყველა სახის ძალადობას ახორციელებდა ჩემზე: ფიზიკურს, სექსუალურს, ფსიქოლოგიურს. მაშინაც, როცა უკვე ორსულად ვიყავი. თვეების განმავლობაში ჩემს ოჯახთან ვმალავდი ამ ამბავს. მეშინოდა, მრცხვენოდა. ისიც მეგონა, რომ ეს ყველაფერი უნდა ამეტანა, რადგან ირგვლივ ყველასგან ეს მესმოდა, როცა ძალადობის მსხვერპლებზე საუბრობდნენ.

ცემის მიზეზს სპეციალურად არ ვეკითხები, რადგან ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არ ვეძიები არც მოძალადის ფსიქოლოგიურ პროტოტიპს, იმიტომ, რომ არც ამას აქვს მნიშვნელობა. როცა არსებულ მდგომარეობაზე ფართო ჭრილში ვმსჯელობთ, ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ მოძალადეებს, თავის მხრივ, აქვთ მძიმე ტრავმული გამოცდილება. კაცები იზრდებიან საშინელ საზოგადოებრივ წნეხში, სადაც მათ ემოციების გამომჟღავნებას უშლიან, ამის გამო დასცინიან. ბევრი მოძალადე თავად იზრდება ძალადობრივ გარემოში, მაგრამ ამაზე ძალადობის მსხვერპლმა არ უნდა იფიქროს. მოძალადე ქმრებისა თუ პარტნიორების წარსულზე ქალები არ არიან პასუხისმგებელნი. ჩვენი მოვალეობა არ არის მათი გამოსწორება და მათში ადამიანის გაღვიძება. ეს უფრო ფსიქოლოგების საქმეა. ქვეყანაში არსებულ არასწორ მიდგომებზე, აგრესიულ პატრიარქალურ მენტალიტეტსა და მიზეზებზე, თუ რა აქცევს მოძალადეს მოძალადედ, უნდა იფიქროს და იზრუნოს სახელმწიფომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, მაგრამ არა — ძალადობის მსხვერპლებმა. ძალადობა არ მართლდება. ოჯახში ძალადობა დანაშაულია.

— გარშემომყოფების რეაქციაზე და მხარდაჭერაზე მკითხეთ. ერთ ამბავს მოგიყვებით და ამით გაიგებთ პასუხს. ჩვენს ეზოში ერთი პოლიციელი ცხოვრობდა. დილით შემხვდა და მითხრა, მთელი ღამე ვერ დავიძინე შენი ტირილის გამო, შევწუხდიო. ხვდებით, არა? საყვედური მითხრა. ბოდიში, რომ შეგაწუხეთ. ისე, იმიტომ ვტიროდი, რომ მცემდნენ. იმიტომ ვტიროდი, რომ ვეხვეწებოდი, ან მოვეკალი ან თავი დაენებებინა ჩემთვის. თურმე, მეზობელი შევაწუხე. ძილი გავუტეხე. ბოდიში.

როცა მის ამბავს მიყვებოდა, ნეტფლიქსის სერიალი „მოსამსახურე“ (Maid, 2021) და მისი მთავარი პერსონაჟი ალექსი მახსენდებოდა. ეს არის ისტორია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ მარტოხელა დედაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ურთულეს ბიუროკრატიასთან უწევს გამკლავება იმისათვის, რომ თავშესაფარი ჰქონდეს და შვილზე ზრუნვა შეძლოს. სერიალში არაჩვეულებრივადაა ნაჩვენები ახალგაზრდა ქალის ემოციური მდგომარეობა, როგორ ეშინია, მერე რცხვენია, თავს იდანაშაულებს, სიმართლეს თვალს არ უსწორებს — მას ჩემზე არ უძალადია, ჩემ ზემოთ კედელს დაარტყა მუშტიო, თავშესაფრის ერთ-ერთ მცხოვრებს ეუბნება, რაზეც ის უპასუხებს: „ეს ფსიქოლოგიური ძალადობაა. კბენამდე ჯერ იყეფებიან. სანამ სახეში დაგარტყამენ, მანამდე შენთან ახლოს ურტყამენ. შემდეგ ჯერზე ეს შენი სახე იქნებოდა და ეს შენც იცი“.  კი, მან ეს იცოდა.

— როგორ დაუსვით წერტილი ამ ყველაფერს?

— ჩემი ოჯახის, განსაკუთრებით ჩემი ძმის დამსახურებით. ის, რომ მე დღეს ცოცხალი ვარ, მისი დამსახურებაა. დედაჩემმა შემთხვევით დაინახა ჩემს ხელზე ჩალურჯებები, ვეღარ დავმალე, ყველაფერი მოვუყევი. ჩემმა ძმამაც გაიგო. ამის მერე პირველივე შემთხვევაზე, როცა მცემდა, ჩემს ძმას დავურეკე, დამეხმარე-მეთქი. მაშინვე წამიყვანეს. უკვე ხუთი თვის ორსული ვიყავი. მე რომ ასეთი ოჯახი არ მყოლოდა, ვერ გადავრჩებოდი. დღემდე ისე ვბრაზდები, როცა ოჯახები მხარს არ უჭერენ შვილებს ასეთ დროს. ხომ შენი შვილია, შენ გაზარდე, სად ტოვებ? რატომ ტოვებ? წამოსვლის მერეც იყო მისგან ზარები, დაპირებები, მქონდა მომენტები, როცა მეცოდებოდა და მჯეროდა, რომ შეიცვლებოდა. თავის შეცოდების საოცარი უნარი აქვთ, მაგრამ აქაც ჩემმა ძმამ გადამარჩინა. თვალები ამიხილა, რომ არა, ის არ შეიცვლებოდა. საბოლოოდ, ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ უსვამ წერტილს, როცა ბოლომდე აცნობიერებ, რომ ბევრად მეტს და კარგს იმსახურებ. საკუთარ თავს უნდა დაუსვა კითხვა, კარგი, დღეს იტირე, ხვალ, ზეგ, მაგრამ მთელი ცხოვრება აპირებ ტირილს? ცხოვრება მიდის, შენ ამ დროს ზიხარ და ტირი, გაქვს განცდა, რომ ცა ძირს ჩამოდის. ასეა, გცემეს, გაგაუპატიურეს და ეს საშინელებაა. ამაზე ვერავინ შემოგედავება, მაგრამ საბოლოოდ მაინც უნდა ადგე, ფეხზე დადგე და სამაგიერო ამით გადაუხადო. არ ჯობია შენ იყო გამარჯვებული, ვიდრე ის? ამ ტკივილს ვერ დაივიწყებ, ეს ტყუილია. ის არ ქრება, უბრალოდ მასთან ერთად ცხოვრებას სწავლობ, აღარ ფიქრობ. რამდენი წელი გავიდა და დღესაც, როცა ძალადობის ფაქტის შესახებ ვიგებ, საშინლად მოქმედებს, პირდაპირი გაგებით რქები ამომდის სიბრაზისგან, მაშინვე საკუთარ თავს ვაიგივებ. თუმცა, მე უკვე შემიძლია, რომ საკუთარ წარსულზე ვიხუმრო, ეს იმას ნიშნავს, რომ მე გავიმარჯვე.

საუბრისას ხშირად ახსენებდა შვილს, თინეიჯერი ბიჭი ჰყავს, და, სიმართლე გითხრათ, ოდნავადაც არ გამკვირვებია, როცა თქვა, რომ სტანდარტული დედაშვილური ურთიერთობა არ გვაქვს, უფრო მეგობრები ვართო. თუკი ელისოს (ტასიკოს) ერთხელ მაინც შეხვდებით, მიხვდებით, რომ ის სტანდარტული ვერაფერში იქნება. თუმცა, მარტოხელა დედის სტატუსით ცხოვრება არც მისთვის იყო მარტივი. რამდენიმე სამსახურში სწორედ ამის გამო არ მიიღეს, შვილი რომ ავად გაგიხდეს, რა უნდა ქნაო. სახელმწიფოსგან მარტოხელა დედებს ისეთი მინიმალური დახმარება აქვთ, შვილს კი არა, მარტო დედასაც არ ეყოფა, მაგრამ საუბარში დაბრკოლებებზე მეტად შვილთან მის ემოციურ კავშირსა და მისი სწორად აღზრდის მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას.

— როცა შვილი გავაჩინე, სამი თვე ვერ ვიღებდი. ვერ ვგრძნობდი, რომ ის ჩემი შვილი იყო, აგრესია მქონდა. შემდეგ ჩემმა ძმამ რაჭაში გაგვიშვა, უნდოდა მარტო დავრჩენილიყავი, პასუხისმგებლობა მეგრძნო. მართლა ასე მოხდა, როცა მარტო დავრჩი ჩემს შვილთან, მაშინ ვიგრძენი, ეს რა ემოცია იყო. მაშინ ვიგრძენი როგორი მტკივნეულია, როცა შენი შვილი ტირის. მანამდე ეს მსიამოვნებდა კიდეც. ახლა უკვე თინეიჯერია და შვილი კი არა, ჩემი მეგობარია. რომ ამბობენ, შვილის გამო არ უნდა დაანგრიო ოჯახიო, პირიქით, სწორედ მის გამო უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. უბედური დედა ბედნიერ შვილს ვერ გაზრდის. როცა ხედავ, მამა დედას როგორ სცემს ყოველდღე, როგორ შეიძლება ასეთ გარემოში ნორმალური გაიზარდო? როგორ შეიძლება, ეს შვილისთვის კარგი იყოს? იმედი მაქვს, ჩემი შვილი ღირსეული ადამიანი, ღირსეული კაცი გაიზრდება, ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის.

სოციალურ ქსელში ასეთ ფრაზას გადავაწყდი: თქვენი ქალიშვილების დაცვაზე კი არ იფიქროთ, თქვენი ვაჟები აღზარდეთ სწორად.  ჩემი რესპონდენტიც სწორედ ამას ცდილობს: ისე აღზარდოს თავისი შვილი, რომ  არავის ქალიშვილი არ გახდეს მისგან დასაცავი და ეს საუკეთესო რომ არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ბიჭებს არ უნდა დავუშალოთ ტირილი, მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა და უფლება, იყვნენ ემოციურები, სუსტები, ნაზები. ისევ ჩემი საყვარელი ნიგერიელი მწერლის ჩიმამანდა ადიჩის სიტყვებს მოვიშველიებ: „აღზრდის ჩვენეული მეთოდით ბიჭებსაც ცუდ სამსახურს ვუწევთ. მათში ადამიანობას ვკლავთ. ძალიან ვიწროდ განვმარტავთ მამაკაცურობას, თითქოს მამაკაცურობა პატარა, უხეში გალიაა, რომელშიც ჩვენს ბიჭებს ვატუსაღებთ“. არ არსებობს არანაირი ბიოლოგიური ახსნა და წინაპირობა იმისა, რომ კაცი უხეში, აგრესიული და ძალადობისკენ მიდრეკილია. გამოდის, რომ კაცის ამგვარი გაგება სხვების მიერ და ასევე მათი თვითაღქმაც არასწორი აღზრდის შედეგია. ზოგ შემთხვევაში კი, უბრალოდ, მათივე არჩევანია.

— დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, რა იყო ის მთავარი ფაქტორი, რომ დღეს იქ ხართ, სადაც ხართ?

— ჩემი ოჯახის უპირობო მხარდაჭერა, ლაპარაკი და საყვარელი საქმის კეთება. როგორც ვთქვი, ამ ამბების მერე აქტიურად დავიწყე ქსოვა. რაც უფრო რთულ საქმეს ვეჭიდებოდი, მით უფრო მარტივი ხდებოდა ჩემთვის ცხოვრების გაგრძელება. ამის მერე საუბარი ვისწავლე. არ ვიცოდი, როგორ მელაპარაკა, როგორ მეთქვა ის, რაც მტკიოდა, მაგრამ ვისწავლე. იმდენად კარგად, რომ შემდეგ სხვა ქალებსაც ვუზიარებდი ჩემს გამოცდილებას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე საუბარი, ამ დროს შეიძლება სხვისთვის მოტივაციაც გახდე. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ სირცხვილი არ არის, როცა ძალადობის მსხვერპლი ხარ. უნდა იბრძოლო, ისწავლო, იმოძრაო, ილაპარაკო — სხვა ვერაფერი გადაგარჩენს. არის რაღაცები, რაც იმ გამოცდილებამ, შეიძლება ითქვას, ტრავმად დამიტოვა, მაგალითად, ახალი ურთიერთობების დაწყების მეშინია, მაგრამ ესეც გადალახვადია, უბრალოდ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე არ მინდა ამის გადალახვა. და, რა თქმა უნდა, შვილი. შვილი იყო უმთავრესი მოტივაცია. მინდოდა, მას ბედნიერი, ფერადი, რეალიზებული დედა ჰყოლოდა და ეს შევძელი. თუმცა, დღესაც ვაგრძელებ მოძრაობას. გამსახურდიამ თქვა, დინებას მარტო მკვდარი თევზი მიყვებაო... მე არ მინდა მკვდარი თევზი ვიყო, მინდა ვიცურო, ვიბრძოლო. მინდა, რომ ვიცხოვრო.

თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, დარეკეთ ნომერზე 116 006. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ისე იყოთ, როგორც გინდათ. მოითხოვეთ მხარდაჭერა და დახმარება. მოსთხოვეთ სამართალდამცავებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრებში გადაყვანა, რადგან ჩვენ გვაქვს ამის უფლება, ჩვენ გვაქვს წასასვლელი. სახელმწიფო ვალდებულია, დაგვიცვას.

თუ ხედავთ ან გესმით, რომ თქვენ გვერდით ქალზე ძალადობენ, დარეკეთ ნომერზე 112. და აუცილებლად გააკეთეთ ეს, იმიტომ, რომ მაგ დღეს ამაზე მნიშვნელოვანს და სწორს ვერაფერს იზამთ.

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ირინა, კოტუა, პორტრეტი, დევნილი, ქალი, აფხაზეთი, დევნილობა, ომი

ირინა კოტუა — ჩემი პორტრეტი

აფხაზეთიდან დევნილი ქალის პორტრეტი — „ირინა კოტუა, პირველ რიგში, არის ქალი. მეუღლე, დედა, და, მეგობარი. დილის ყავით, სიგარეტით და მთელი დღე განვლილ ცხოვრებაზე ფიქრით“

ჩემი პორტრეტი

გააზიარე სტატია

ელისო (ტასიკო) გეგენავა — ჩემი პორტრეტი

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია