Facebook Script

ჩემი ამბავი — 8 წელი ემიგრაციაში

23 სექტემბერი, 2021 | პირადი ისტორიები

დაოჯახება

19 წლის ვიყავი, როცა ჩემმა მეგობარმა მოტყუებით მომიყვანა ცოლად. მე მეგობრად ვთვლიდი, იმას თურმე ვუყვარდი. ერთ დღეს სასეირნოდ წავედით მანქანით, მაგრამ ეს გასეირნება იმით დამთავრდა, რომ მისი ნათესავის სოფელში აღმოვჩნდი.

იქ მისულს მოლოცვებით რომ შემხვდნენ, მაშინ მივხვდი, რაც ხდებოდა და ყვირილი და ჩხუბი დავიწყე, სახლში წამიყვანეთ-მეთქი.

ჩემი რეაქციის საპასუხოდ იქვე ახლოს, ტყეში, რაღაც ფანჩატურში დამმალეს. ვთხოვდი, გავეშვი, მაგრამ უარს მეუბნებოდა. მეც სხვა გზა არ მქონდა და მოვიტყუე, თითქოს დარჩენა გადავწყვიტე. ვიფიქრე, სახლში რომ დავბრუნდებით ამასობაში ჩემებიც მომაგნებენ-მეთქი.

სახლში დაბრუნებულს სუფრა დამხვდა გაწყობილი, ჩვენს დაოჯახებას ზეიმობდნენ. ამასობაში ჩემი ნათესავებიც მოვიდნენ ჩემს წასაყვანად და ჩხუბი და ხმაური ატყდა.

ჩემმა მომავალმა მამამთილმა თოფი გადმოიღო და იძახდა, ჩემი რძალია და არ გაგატანთო. ჩემი ქმრის ძმა ახალგამოსული იყო ციხიდან და ჩემმა დედამთილმა ოთახში მუხლებზე დაჩოქილმა შემომაკითხა, მეხვეწებოდა, ცოტა ხნის წინ გამოვიდა ჩემი შვილი ციხიდან და უკან არ შემიბრუნოო.

ამ წნეხისა და სტრესის ფონზე ჩემებს ვუთხარი, წადით, არ მოვდივარ-მეთქი. შემეშინდა, ჩემ გამო ვინმეს რამე არ მოსვლოდა. იმათმაც გამიგონეს და წავიდნენ.

როგორც კი მანქანის დაქოქვის ხმა გავიგონე, მაშინვე გონს მოვედი და მივხვდი, რაც ვქენი. ვინანე, რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ასე შევქმენი ოჯახი.

პირველი სამსახური

20 წლისამ, 40 დღის შვილი ჩემს მშობლებთან დავტოვე და თბილისში წავედი სამუშაოდ. თავიდან სასტუმრო „კოლხეთის“ წინ მზა საჭმელს ვყიდდი, მერე მარილის დაფასოებაზე ვიმუშავე, რაღაც პერიოდი სახლებსაც ვალაგებდი, მერე ისევ საჭმლებს ვაკეთებდი სადგურის მოედანზე და მზა საჭმელს ვყიდდი ჩემს ნათესავთან ერთად. ჭურჭლის მრეცხავიც ვიყავი ერთ-ერთ რესტორანში, სადაც დამაწინაურეს და მეორე შვილზე შვიდი თვის ორსული მზარეულის დამხმარედ ვმუშაობდი.

ჩემი ქმარი იშვიათად, რაღაც პერიოდულობით მუშაობდა, ხან პურის საცხობში, ხან მაიონეზების დამამზადებელ ქარხანაში. ძირითადად უმუშევარი იყო.

წასვლა

მეორე შვილის გაჩენიდან მალევე ისევ რაიონში დავბრუნდით საცხოვრებლად. ამ პერიოდში აღარ ვმუშაობდი, სახლის საქმეებს ვაკეთებდი - ბავშვებს ვუვლიდი, სახლს ვალაგებდი. ეზოში, ბოსტანში, ყანაშყველგან ყველაფერს მე ვაკეთებდი.

ჩემი ქმარი ისევ არ მუშაობდა. რაღაც პერიოდი პატარა ბიზნესი წამოიწყო, ფული დახარჯა და ვალები აიკიდა. ამ ვალების გამო მომიწია თბილისში ბინის დაგირავება. გირაო ვერ გადავიხადეთ და ის ბინაც დავკარგეთ. ვერც ვალებიდან ამოვედით.

ამ პერიოდში ჩემი უფროსი შვილი აბიტურიენტი იყო, უმცროსი ახალშესული იყო სკოლაში, უამრავი რამე სჭირდებოდათ და მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა. ამიტომ სხვა გზა არ დამრჩა, ისევ მე უნდა მექნა რამე. ამ დროს ახლობლისგან გავიგე, რომ თურქეთში შემეძლო წასვლა.

თურქეთი

პირველად 2012 წელს წავედი 20 დღით, თხილზე სამუშაოდ, ჩემს ქმართან ერთად. რომ ჩამოვედით დაახლოებით ერთ თვეში მხოლოდ მე დავბრუნდი უკან. ოჯახში დავიწყე მუშაობა მოხუცის მომვლელად. უკან დაბრუნების პერიოდი ვერ გავთვალე სწორად და ოთხწლიანი დეპორტი ჩამირტყეს. ოთხი წელი თურქეთში დაბრუნების გარეშე რა უნდა მექნა, ამიტომ, გადავწყვიტე არალეგალურად გადავსულიყავი და ისე მემუშავა.

ვისესხე ფული, რომელსაც საზღვარზე გადამყვანს გადავუხდიდი. პირველ ჯერზე გამომიჭირეს და უკან მომაბრუნეს, მაგრამ მეორედაც ვცადე და გადავედი. ხალხის ფეხებში ვძვრებოდი, რომ არავის დავენახე. ძალიან შემეშინდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.

თავიდან ყველაზე დიდი პრობლემა ენის არცოდნა იყო. ამის გამო იქაურობაზე მორგება ძალიან გამიჭირდა. ყველას და ყველაფერს მოშორებული, სრულიად მარტო ვიყავი. თან სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემს შვილებს როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი, მაშინ არ ვიყავი მათთან — სკოლის და ბაღის დამთავრება, უნივერსიტეტში ჩაბარება, სკოლაში შესვლა — ყველაფერი გამოვტოვე.

გარეთ გამოსვლა საშიში იყო, არალეგალი რადგან ვიყავი და გარეთად სულ ფრთხილად, პარანოიით დავდიოდი, ვინმეს არ შევემჩნიე. პოლიციის დანახვისას სულ მეგონა, ჩემთან მოდიოდნენ, და ვცდილობდი, არ შემემჩნია, რომ რამე არაკანონიერს ვაკეთებდი.

ოჯახში ძალიან გამიმართლა, როგორც შვილი ისე მიმიღეს, პატივს მცემდნენ და ეგ ძალიან მეხმარებოდა. ჩემი ოჯახის წევრებსაც მასპინძლობდნენ, როცა ჩემთან ჩამოდიოდნენ.

ეს დიდი გამართლებაა, რადგან ჩემი მეგობრები ისეთ ოჯახებში მუშაობდნენ, სადაც მაცივრის გაღება ორჯერ შეეძლოთ დღეში ან მხოლოდ ერთი კვერცხის ჭამის უფლება ჰქონდათ და უარეს დამცირებებს იტანდნენ კიდევ.

ბოლო წასვლიდან 4.5 წელი საერთოდ ვერ ჩამოვდიოდი საქართველოში. წელიწადში ერთხელ ჩემი შვილები და დედაჩემი ჩამოდიოდნენ. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მაგრამ ამ პერიოდს სულ მონატრება ახლდა თან.

კვირადღეს სხვა ემიგრანტებთან ერთად ვატარებდი და ერთმანეთს ვახალისებდით. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მანდ ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი.

ჩამოსვლების ჩათვლით თუ დავთვლით, 8 წელი გავატარე ემიგრაციაში. ჩემი სახლის, ოჯახის, შვილების, მშობლების მონატრებაში. მტერიც კი გენატრება იქ რომ ხარ. ყველაზე მეტად შვილებზე ვდარდობდი, რომ უდედოდ დარჩნენ. ჩემი მეორე შვილი პატარა იყო და ძალიან გაუჭირდა უჩემობა. უფროსი შვილი მირეკავდა ხოლმე ატირებული, მენატრებიო. ამას ძლივს ვუძლებდი. ერთადერთი ის მამშვიდებდა, რომ ჩემს შვილებს არ შიოდათ და არ სციოდათ.

საქართველოში გასაგზავნი

თავიდან ქმარს და შვილებს ვარჩენდი. ქმარს ვალების დასაფარ ფულს ვუგზავნიდი, მაგრამ სამჯერ რომ არ გადაიხადა, შევწყვიტე ფულის გაგზავნა, რაზეც ძალიან გაბრაზდა. თურქეთშიც ვალები დამიტოვა, მაგრამ არ გადავუხადე. მამა რომ გარდაეცვალა, მე გავუგზავნე ფული. მერე თურქეთში ჩამოვიდა და ისევ ვალები აიღო, ჩემ იმედად. ზუსტად ამ პერიოდში დავშორდი, არ ვაპირებდი, მერჩინა იქედან. ჩემი შვილები მყავდა სარჩენი.

ვიხდიდი უფროსი შვილის ქირის, უნივერსიტეტის, ყოველდღიური ცხოვრების ფულს. ასევე უმცროსი შვილის სკოლისა და ყოველდღიური საჭიროებების ფულს. თან ვცდილობდი, ცოტა მომეგროვებინა, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი უკან.

დაბრუნება

უკან დაბრუნება თურქეთში სიტუაციის არევის გამო გადავწყვიტე. არალეგალებისთვის გაუსაძლისი გახდა მდგომარეობა და იქ აღარ დამედგომებოდა.

650$ გადავუხადე ავტობუსის მძღოლს, რომ უკანონოდ გადმოვეყვანე. საქართველოში რომ ჩამოვედი, ჩემმა თურქმა ოჯახმა სტუმრის მოწვევა გამომიგზავნა და 2.5 თვეში ისევ უკან დავბრუნდი.

ვალები რომ დავფარე და უფროსმა შვილმა მუშაობა და საკუთარი თავის რჩენა დაიწყო, მივხვდი, რომ დრო იყო, დავბრუნებულიყავი. ჩემს უმცროს შვილს ძალიან უჭირდა უჩემოდ და აღარ მინდოდა კიდევ დიდხანს ყოფილიყო ასე.

მე დავბრუნდი და გამძლეობას ვუსურვებ ყველას, ვინც ჯერ ისევ ემიგრაციაშია. ვიცი, რომ ყველა გაჭირვების გამოა იქ და ღმერთმა მისცეთ იმის საშუალება, რომ მალე დაბრუნდნენ სახლში.

მსგავსი სტატიები

ჩემი ამბავი, აბორტი, aborti

ჩემი ამბავი — რატომ გავიკეთე აბორტი

აბორტზე პირადი მოსაზრება ჯერ კიდევ გვიან თინეიჯერობაში ჩამომიყალიბდა — ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ავტონომია საკუთარ სხეულზე და შვილების გაჩენა მათი არჩევანი უნდა იყოს.

პირადი ისტორიები
ჩემი ამბავი, მარტოხელა დედა

ჩემი ამბავი — რას ნიშნავს მარტოხელა დედობა

პირადი ისტორია იმაზე, თუ რას ნიშნავს მარტოხელა დედობა და რა სირთულეები ახლავს მას — „შენ ჭკვიანი გოგო ხარ, დაფიქრდი მაინც, ბავშვს მამას ნუ დაუკარგავ“

პირადი ისტორიები

გააზიარე სტატია

ჩემი ამბავი — 8 წელი ემიგრაციაში

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია