„აბორტზე პირადი მოსაზრება ჯერ კიდევ გვიან თინეიჯერობაში ჩამომიყალიბდა — ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ავტონომია საკუთარ სხეულზე და შვილების გაჩენა მათი არჩევანი უნდა იყოს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ არასასურველი ორსულობის წინაშე აღმოვჩნდებოდი, აბორტის შესაძლებლობა მხსნელად მომევლინებოდა. გამოკვლეული და მოძიებული მქონდა ყველაფერი სამ თვემდე ნაყოფზე და ჩემს სხეულზე.
მანამდე დარჩა აბორტი ჩემთვის მარტივ გამოსავლად, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექი. სანამ არ გავიგე, რომ ორსულად ვარ. კარგად მახსოვს იმ უბედურების და უმწეობის განცდა, რომელმაც მომიცვა. თითქოს ჩემმა რაციონალურმა მოსაზრებებმა სამუდამოდ დამტოვა სწორედ იმ დროს, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და დავრჩი შემდეგი რეალობის წინაშე: სრულიად მარტო, სტუდენტი, რომელსაც ოჯახი არჩენს. მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური ფონის გათვალისწინებით აბორტი საერთოდ აღარ ჩანდა მარტივი გამოსავალი. ამას ისიც ემატებოდა, რომ ოჯახისთვის საჭირო ფული ისე უნდა გამომერთმია, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ, რაში მჭირდებოდა.
თუმცა ფსიქოლოგიური და ემოციური ფონი იმდენად მძიმე იყო, რომ ფინანსები უკანასკნელ პრობლემად მესახებოდა. ცხადად მახსოვს, როგორ ვცდილობდი საკუთარ თავში არგუმენტების პოვნას, რომ ბავშვი გამეჩინა. ძალის პოვნას, რომელიც მის გაზრდაში დამეხმარებოდა. როცა მივხვდი, რომ გადაწყვეტილების მიღების დრო ზედმეტად მოახლოვდა, დამატებითმა პანიკამ მომიცვა.
ორივე ალტერნატივას ჰქონდა დიდი შანსი, რომ შეცდომად აღმექვა წლების შემდეგ და მეფიქრა, რომ სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი. ბოლოს გადავწყვიტე სრული სიცხადით წარმომედგინა ის რეალობა, სადაც შვილი მყავს: ვარ 21 წლის მარტოხელა დედა, ან სამსახური მაქვს და შვილის სადმე დატოვება მიწევს, ან თავად ვზრდი და ვერ ვმუშაობ. ჩემი ოჯახი ჩემზე გაბრაზებულია, რცხვენიათ და არ მელაპარაკებიან. მაქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და ემოციურად არამდგრადი ვარ. ვერ ვაკმაყოფილებ ჩემი შვილის საბაზისო საჭიროებებსაც კი და გამუდმებით მჭირდება სხვისი დახმარება. თვალდახუჭული წარმოვიდგენდი ამ კადრებს და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სხვა გზა არ არსებობდა - აბორტი ერთადერთი გამოსავალი იყო.
ამ ისტორიას ორი მიზეზით ვყვები: 1. მინდა მათ, ვინც აბორტის წინააღმდეგია, ცხადად დაინახონ, რომ ჩვენთვის, ქალებისთვის, ხშირად ეს პიროვნული და ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი გზაა. 2. მინდა ახალგაზრდა გოგონებმა, რომლებიც თავდაცვას ალტერნატიული გზებით არიდებენ თავს და საკმარის მნიშვნელობას არ ანიჭებენ, შეცვალონ ეს მიდგომა და ეცადონ, არასდროს დადგნენ ამ ტრავმული გამოცდილების წინაშე. არასდროს მოუხდეთ ამ ერთადერთი, ძალიან მძიმე გამოსავლის პოვნა“.