Facebook Script

ჩემი ამბავი — რას ნიშნავს მარტოხელა დედობა

23 სექტემბერი, 2021 | პირადი ისტორიები

„შენ ჭკვიანი გოგო ხარ, დაფიქრდი მაინც, ბავშვს მამას ნუ დაუკარგავ“ — ამ სიტყვებს ვისმენდი ყოველდღე, როცა ორი თვის ორსულმა ქმართან დაშორება გადავწყვიტე.

ჩვენი ლექსიკა დაუნდობლად გვყიდის და ჩვენს სოციალურ დაკვეთებსა და ქცევებს აშიშვლებს. რას ქვია „მამას ნუ დაუკარგავ“?! ზრდასრულ ადამიანს, რომელიც აცნობიერებს შვილის ყოლის პასუხისმგებლობას, აქვს ინსტინქტი და სურვილი, ისწავლოს შვილის სიყვარული, რა ძალა დაათმობინებს შვილს? რომელი „ავი“ ყოფილი ცოლი? ან სიდედრი?

მიზეზი სხვა რამაა — მამების (უმრავლესობის) გარდაუვალი სადამსჯელო აქტი: შვილზე უარის თქმა. უფრო სწორად, შვილზე ყოველდღიური ზრუნვისგან თავის არიდება. თორემ, ისე, სხვა განზომილებაში, უკეთეს დროს, უფრო მეტი შემოსავალი რომ ექნებათ, უფრო მეტი თავისუფალი დრო და უფრო მოიწყენენ ან შეეშინდებათ, მაშინ კი შეიძლება გაახსენდეთ „ნაშიერი“ და რომელიმე პარკში გაასეირნონ და მერე ბურგერიც კი უყიდონ.

ეს შიშია, რაც ქალებს აიძულებს, ლმობიერად მოექცნენ თავიანთ ზრდასრულ ყოფილ ქმრებსა თუ პარტნიორებს, რომ შვილს მამა არ „დაეკარგოს“.

მე „თავხედი“ გამოვდექი და ჩემი გადაწყვეტილების ყველა შესაძლო შედეგის წინაშე პირისპირ დადგომა ავირჩიე.

ბევრი წინასწარ წარმოდგენილი პრობლემის გარდა, უფრო მეტი დაუგეგმავი სირთულის გზაა ეს გზა. ფინანსური საკითხები ყველაზე უმნიშვნელოა მგონი, როცა ბავშვის ზრდასთან ერთად ჩნდება მისი კითხვები, გულისტკენები და დედისთვის ძალიან აშკარა, შვილის გამუდმებული სევდა. ზუსტად ამ დროს ვიგრძენი ყველაზე მტკივნეულად, რომ ჩემი შვილი უარყვეს. არც ექოსკოპიაზე თვალებაციმციმებული მამის, არც ბავშვის გაჩენის დღეს მისი და მისი სამეგობროს ყიჟინის არარსებობა განმიცდია განსაკუთრებით მტკივნეულად. იმიტომ, რომ ეს მე მეხებოდა მხოლოდ, ჩემი გადასატანი იყო და კი ბატონო. მაგრამ, უკვე წლებია არ ვიცი, ყოველ დღე რითი ჩავუნაცვლო ჩემს შვილს ის სიცარიელე, რაც მესენჯერიდანაც კი თვეობით გამქრალ მამას მოაქვს, მამას, რომელიც ფეიბუქზე მისი სხვა შვილების ფოტოებს სიყვარულითა და სიამაყით დებს.

არ ვიცი, როგორ გადავუკეთო წლების წინ მამისგან ერთადერთხელ ნაჩუქარი ჯემპრი, რომელიც აღარ ერგება და გულის სწყდება, რომ ვეღარ იცვამს.

9 წლისამ თვითონ გადაწყვიტა, ენახა მამა. ნახეს ერთმანეთი. და ამ შეხვედრიდან ბავშვი უფრო გაზრდილი დაბრუნდა, მამა კი — იგივე.

ცოტა ხნის წინ ბავშვის მამის დედამ, რომელსაც მისი ნახვის სურვილიც კი არასდროს გასჩენია, თუმცა ფოტოებს აფრიალებს ფეისბუქზე, ერთ-ერთ ჩემს პოსტზე, რომელიც დაახლოებით ამ საკითხებს ეხებოდა, ანდაზით დამიკომენტარა: რაც მოგივაო...

ბედნიერი ვარ, რომ ამ აზროვნების ადამიანებში არ იზრდება ჩემი შვილი. მაგრამ, წინ ისევ დიდი გზაა, შვილთან ლაპარაკის, საკუთარი ბრაზის მოთოკვის, ასაკის გათვალისწინების, ბალანსის დაცვის, რომ არც გადაჭარბებულად კარგი, და შესაბამისად, არასწორი წარმოდგენა ჰქონდეს მამაზე, და არც მიტოვებულის კომპლექსი.

„შენ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ, როგორიც არ უნდა იყო, მე და სხვა კარგ ადამიანებს ყოველთვის გვეყვარები. ვისაც არა, მოდი, ფეხებზე დავიკიდოთ ისინი“ — ერთი კვირის წინ ასე დავამთავრეთ ლაპარაკი, როცა თავის რომელიღაც ყოფილ მეგობარზე შემომჩივლა. ვხედავდი, როგორ ქრებოდა მისი თვალებიდან ეჭვები და როგორ გათავისუფლდა რაღაცეებისგან. ის დამშვიდდა, მე ისევ ეჭვებით და ახალი გამოწვევებით ვიძინებ: სწორად ვუთხარი? იქნებ თვითონ მიხვდეს და მამაზეც იგივე გააკეთოს? მაგრამ სწორი იქნება? ხვალ ვინ წამოაძახებს, რომ მის სახლში მხოლოდ ქალები ცხოვრობენ? რა იქნება მერე? სადაა პასუხები?“

მსგავსი სტატიები

ჩემი ამბავი, აბორტი, aborti

ჩემი ამბავი — რატომ გავიკეთე აბორტი

აბორტზე პირადი მოსაზრება ჯერ კიდევ გვიან თინეიჯერობაში ჩამომიყალიბდა — ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ავტონომია საკუთარ სხეულზე და შვილების გაჩენა მათი არჩევანი უნდა იყოს.

პირადი ისტორიები

გააზიარე სტატია

ჩემი ამბავი — რას ნიშნავს მარტოხელა დედობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია