„ერთხელ ჩემი მეგობრის სახლიდან ტაქსი გამოვიძახე. ღამის 2 საათი იყო და სახლში ვბრუნდებოდი. ტაქსიში რომ ჩავჯექი, მძღოლმა წინამძღვრიშვილიდან თემქაზე გასასვლელად ზღვით წასვლა შემომთავაზა, რაზეც უპრობლემოდ დავთანხმდი. ცოტა ხანში უადგილო კომპლიმენტების თქმა დაიწყო, რასაც უპასუხოდ ვტოვებდი, თან უკვე ვნანობდი, რომ ზღვით წამოსვლაზე დავეთანხმე.
მეკითხებოდა, გათხოვილი ვიყავი თუ არა, რაზეც მოვატყუე, რომ ვიყავი. ამან არ გააჩერა და მაინც საზიზღრობებს მეუბნებოდა. ჩემი შეყვარებული რომ იყო, ყოველდღე გაკოცებდიო და ეგეთ ამაზრზენ ფრაზებს. ჩემს გარეგნობაზეც აკეთებდა კომენტარებს. თან გზაში შიგადაშიგ სვლას ანელებდა და ამ დროს უკვე ძალიან მეშინოდა, ძალიან ცივად ვპასუხობდი და ჩანთაში გასაღები მეჭირა, უცებ რომ მომესწრო თვალების გამოთხრა.
ალბათ, შემატყო, რომ ძალიან დავიძაბე და ყველაფრისთვის მზად ვიყავი. გზაში მამაჩემმა დამირეკა და ყურმილი რომ ავიღე, ვეცადე, გარკვევით გაეგო მძღოლს, რომ მამაჩემს ველაპარაკებოდი. ალბათ, მაგანაც დაახევინა ცოტათი უკან. მთელი გზა წინამძღვრიშვილიდან თემქამდე ამ შიშში გავატარე.
როცა უკვე მოვედით და მეგონა, ყველაფერი დამთავრდა, ამოვისუნთქე, მადლობა გადავუხადე და ფული გავუწოდე. ამ დროს ხელი დამიჭირა და ჩემკენ გამოიწია. მეორე ხელს ფეხებში მიცურებდა. ჭიდაობის შემდეგ გადმოვაღწიე მანქანიდან. ლიფტამდე რომ მივრბოდი, მეგონა, მომყვებოდა. ეს შიში დღემდე მაქვს, როცა სახლში ავდივარ.
იმ დღეს ტაქსის კომპანიას მივწერე და მითხრეს, რომ მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდებოდა და მძღოლს სამსახურიდან გაუშვებდნენ. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ იმავე მისამართზე იმავე კომპანიის ტაქსი გამოვიძახე. ისევ ის მძღოლი მოვიდა.
როცა მანქანა დავინახე, მაშინ გავიაზრე, რომ ის იყო. ამჯერად ჩემს ძმასთან ერთად ვიყავი. დავიბენი, არაფერი მითქვამს და ჩავსხედით მანქანაში. ჩუმად მივდიოდით. ძალიან მეშლებოდა ნერვები და ამ დროს შევახსენე ჩემი თავი, ზუსტად არ მახსოვს როგორ, მაგრამ ერთ-ერთი მისი ნათქვამი გავიმეორე. ძალიან შეეშინდა ჩემი ძმის და ბოდიშები იხადა, თავის მოსაწყლება დაიწყო. მეორე დღეს დედაჩემთან ერთად მივედით ტაქსის კომპანიის ოფისში, სადაც უაზროდ დაიწყეს თავის მართლება. დედაჩემი ითხოვდა, რომ ის მძღოლი მოსულიყო. მოვიდა და ჩვენ თვალწინ გაუშვეს სამსახურიდან. ძალიან მინდოდა, ყველაფერი მალე დასრულებულიყო და დამევიწყებინა. მაშინაც ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს ბევრი რამის გამო. გულს მირევდა ის სიტუაცია და როგორც გადაწყდა ამ პრობლემის მოგვარება.
მაშინ 20 წლის ვიყავი და ამ ამბის შემდეგ დღემდე ვცდილობ, არასდროს დავბრუნდე სახლში გვიან. მაინც თუ მიწევს გვიან მგზავრობა, ყოველთვის რომელიმე მშობელი მაკითხავს, როცა შეუძლიათ. ეს ძალიან მზღუდავს, მაგრამ უსაფრთხოდ მხოლოდ ასე ვგრძნობ თავს“.