ქართული კინო, თავისი ფორმებითა და გამოხატვის საშუალებებით, ყოველთვის იყო წინააღმდეგობაში. ქართველი კინორეჟისორები ფილმების სიუჟეტებითა და ფორმებით უპირისპირდებოდნენ საბჭოთა სისტემას, ავლენდნენ მის მანკიერ მხარეებს და საზოგადოების გამოღვიძებას ცდილობდნენ.
იმას, რომ კინოს დიდი გავლენა აქვს საზოგადოების აზრის ფორმირებაზე, ადასტურებს თავად ის ფაქტი, რომ საბჭოთა ხელისუფლება თავადაც აქტიურად იყენებდა კინოს პროპაგანდისთვის. გარდა ამისა, იმისთვის, რომ თავისუფალ კინოს არ ეარსება, საბჭოთა კავშირში არსებობდა ცენზურა, რომელიც ახარვეზებდა ყველაფერს, რაც მათთვის ანტიბოლშევიკური იდეის მატარებელი იყო. ამის გამო ბევრი ქართული ფილმი წლების განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული.
ამის მიუხედავად, ქართველი რეჟისორების გარკვეული ნაწილი მაინც ახერხებდა, ცენზურის გვერდის ავლით შეექმნა ფილმები, რომლებიც იმ დროს, შეიძლება ითქვას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასაც ემსახურებოდა, რადგან აჩვენებდა იმ მავნე რეალობას, რომლის დამალვასაც საბჭოთა ხელისუფლება მთელი ძალით ცდილობდა. ასეთ ფილმები იყო, მაგალითად, კოტე მიქაბერიძის „ბებია“, რომელიც ადრეული საბჭოთა სისტემის და მასში არსებული ველური ბიუროკრატიის სატირული გადმოცემაა, რის გამოც ფილმი დიდი ხნის განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული. 1983 წელს შეიქმნა პირადად ჩემთვის საუკეთესო ქართული ფილმი „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომელიც განსაკუთრებული ოსტატობით აშარჟებს უკვე გვიანდელ საბჭოთა სისტემას, კარიკატურულ ბიუროკრატიასა და მასში ჩართულ „ჩინოვნიკებს“. მიუხედავად სისტემის მძაფრი კრიტიკისა და, მე ვიტყოდი, დაცინვისა, ელდარ შენგელაიას ფილმმა მაშინვე მოახერხა ეკრანებზე გამოჩენა. ქართული კინოს წინააღმდეგობა აღნიშნული ფილმებით არ შემოიფარგლება და მიუხედავად მკაცრი ცენზურისა, ქართველი კინორეჟისორების დიდი ნაწილი მაინც ახერხებდა ისეთი ღირებული ფილმების შექმნას, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სისტემის მხილებაში.
საბჭოთა სისტემის ნგრევასთან ერთად, ქართული კინო ნელ-ნელა თავისუფლდებოდა. სიტყვა „ცენზურა“ თანამედროვე საქართველოში მხოლოდ საბჭოთა რეალობას უკავშირდებოდა, მასზე ყოველთვის წარსულ ფორმაში ვლაპარაკობდით და, ალბათ, არავის წარმოგვედგინა, რომ 2025 წელს ქართული კინო კვლავ დადგებოდა იმ რეალობის წინაშე, რასაც „ცენზურის საფრთხე“ ჰქვია.
ქართული კინო საფრთხეშია
„კინემატოგრაფისტების პრობლემები 2021 წელს დაიწყო, როცა თეა წულუკიანი მოვიდა კულტურის მინისტრად. მისი კულტურის პოლიტიკა იყო მხოლოდ და მხოლოდ აკრძალვა, დასჯა, ცენზურის შემოღება და ეს ყველაზე მავნებლური ფრაზა: სახელმწიფო აფინანსებს, ემსახუროს სახელმწიფოს. არა, ეს ასე არ არის. სახელმწიფო გაფინანსებს, არ ნიშნავს, რომ ემსახურო სახელმწიფოს. მე უნდა ვემსახურო ჩემი ქვეყნის ინტერესებს, კი ბატონო, მაგრამ არა მთავრობის. მთავრობასთან მე სულ უნდა ვიყო ჩასაფრებულ პოზიციაში, რომ შეცდომა არ დაუშვას, ამაზე უნდა ვილაპარაკო. ხელოვნება თავის თავში ხომ პროტესტს გულისხმობს? შესაბამისად, ჩვენი წინააღმდეგობა და ბოიკოტი გაცილებით ადრე დაიწყო, როცა წელიწად-ნახევრის წინ კინემატოგრაფისტებმა უარი თქვეს კინოცენტრის კონკურსში მონაწილეობაზე, რადგან იქ შეფასების კრიტერიუმი იყო არა ხელოვნება, არამედ მთავრობის ერთგულება, და დღემდე ეს ადამიანები, ფაქტობრივად, უმუშევრები არიან, რაც მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა ეს ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ ამათთან, რადგან დღეს მათთან თანამშრომლობა თავისუფალ შემოქმედებაზე უარის თქმას ნიშნავს“, — ამბობს „ფემეასთან“ საუბრისას კინომცოდნე ნინო მხეიძე.
2022 წლის აპრილში ყველასთვის ცხადი გახდა, რომ სისტემამ ცენზურა აამუშავა და მისი პირველი „მსხვერპლი“ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ აღმოჩნდა. ფილმი მოგვითხრობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის გეგმის შესახებ, ასწლოვანი ხეები საკუთარ კერძო ბაღში გადაიტანოს. საქართველოს კინოაკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კინოს სახლში ეს ფილმი აღარ გავიდოდა. კინოაკადემიის დირექტორმა მინდია ესაძემ თავიანთი გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა:
„მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფილმი გახლავთ პოლიტიკურად მოტივირებული, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების გაღიზიანება პოლიტიკური ნიშნით. ააიპ „საქართველოს კინოაკადემია“ ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ღონისძიებას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს მხოლოდ ორი საპრემიერო ჩვენება და კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი არ იქნას გამოყენებული პოლიტიკურ ტრიბუნად“.
კონკრეტული ფილმის აკრძალვას და მმართველის პარტიის მხრიდან ისეთი კომენტარების გაკეთებას, რომელიც აშკარად მიუთითებდა მათ სურვილზე, აკონტროლონ შემოქმედებითი სფეროები და, მათ შორის, კინოც, მალევე მოჰყვა კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომლის მე-9 მუხლში ნათქვამია:
„დაუშვებელია მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა მაუწყებლის ეთერში შემოქმედებითი ნაწარმოების განთავსების მიმართ გულისხმობს მხოლოდ ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელების დაუშვებლობას“.
ცენზურა დაკანონდა. ჰომოფობიური კანონი, რომელიც ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ აამუშავეს, თავის თავში მოიცავს ისეთი სფეროების ცენზურას, რომლებშიც მსგავს საკითხებზე საუბრობენ. თუკი თანამედროვე ქართულ კინოში არ იქნებიან ქვიარ პერსონაჟები, ეს ქართული კინო ვერ იქნება ადეკვატური ასახვა იმ რეალობის, რომელშიც ვიმყოფებით.
2025 წელს კვლავ დავუბრუნდით რეჟიმს, სადაც შეიძლება ფილმები თაროზე შემოიდოს. სისტემა კვლავ ებრძვის თავისუფალ აზრს, ინდივიდუალიზმს, მრავალფეროვნებას. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტ მსგავსებას ვპოულობთ დღევანდელ სისტემასა და საბჭოთა რეჟიმს შორის. კინო კვლავ აღიქვეს მნიშვნელოვან წინააღმდეგობად და აქტიურად დაუწყეს ბრძოლა. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა: კინემატოგრაფისტებმა შეწყვიტეს ფილმების გადაღება, გაიფიცნენ და ბრძოლის არეალად არა ეკრანი თუ სცენა, არამედ ქუჩა აირჩიეს.
ნინო მხეიძე: „შეიძლება ითქვას, რომ მსახიობები და რეჟისორები ფიზიკური დაზიანებების ხარჯზე გადაეფარნენ ამ პროცესებს იმიტომ, რომ მათი მოქალაქეობრივი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებლისთვის. ამასთან, მათ ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს თავისუფლების შეზღუდვა, რას ნიშნავს, როცა შენ აღარ გექნება საშუალება, ეკრანიდან თქვა შენი სათქმელი. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავისუფალი შემოქმედება, თავისუფლად სუნთქვა შეგვიზღუდონ. თუმცა, ვიღაცები მაინც ჩუმად არიან. ოცდაჩვიდმეტი წელი მარტო ბერიას და სტალინს ხომ არ შეუქმნიათ? ოცდაჩვიდმეტი წელი ხომ იმ ადამიანებმაც შექმნეს, რომლებიც გაუთავებლად წერდნენ საჩივრებს მეზობლებზე, ნათესავებზე. აქაც იგივე მოხდება? თუკი მე ვილაპარაკებ მათთვის მიუღებელ თემებზე, ვინ იქნება ჩემი დამბეზღებელი? ჩემივე სტუდენტი? ასეთ რეალობას მივიღებთ? თუმცა, როცა ეს ყველაფერი შეიცვლება, ისინი, ვინც დღეს ჩუმად არიან, იტყვიან, მე ხომ არ დამიჭერია თითი ამ ბიჭების დაპატიმრებაზე, მე ხომ არ დამიჭერია თითი დახვრეტაზე, მე ხომ... მე ხომ... და ჩვენ მაინც მოგვიწევს მათთან ერთად ცხოვრება და ეს იქნება ძალიან რთული. ამაზე მამაჩემის ნათქვამი მახსენდება. ძალიან კეთილშობილი კაცი იყო, ამიტომ პატარა რომ ვიყავი, სულ მხვდებოდა თვალში, რომ ჩვენს ერთ მეზობელს არასდროს ესალმებოდა. რომ ვეკითხებოდი, რა დაგიშავა ამ მოხუცმა კაცმა-მეთქი, კარგა ხანი არ მპასუხობდა, რაღაც მიზეზებს იგონებდა. არ მეუბნებოდა რეალურ მიზეზს იქამდე, სანამ არ ჩათვალა, რომ მე ამის გაგებას შევძლებდი. 14-15 წლის ვიყავი, როცა კიდევ ერთხელ ვკითხე, რატომ არ ესალმებოდა ჩვენს მეზობელს და მან მითხრა: ერთხელ გვიან ვბრუნდებოდი სახლში, ის მთვრალი ამოდიოდა კიბეებზე და იძახდა, ხომ დავაფსი მიხეილ ჯავახიშვილსო. ესე იგი, ის იმ ორგანოებში იყო ნამუშევარი და მამაჩემის პროტესტი იყო ის, რომ მას ამ კაცისთვის იმ დღის შემდეგ არასდროს უთქვამს სალამი. თუმცა, ის ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას და მიუხედავად იმისა, რომ გავიდა დრო და ხომ აღმოჩნდა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი არ იყო ქვეყნის მტერი, მაგრამ მისთვის ეს მაინც საამაყო ამბავი იყო, რადგან რეჟიმის ერთგული იყო შინაგანად“.
კინოს წარმომადგენლები მართლაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ დღევანდელ პროტესტში. მათი წინააღმდეგობა გაცილებით ადრე დაიწყო და ჯიუტად გრძელდება დღემდე. ქართველი მსახიობები, რეჟისორები, სცენარის ავტორები, პროდიუსერები — ყველა ადამიანი, ვინც ქართული კინოს შექმნაში იღებს მონაწილეობას, უწყვეტად დგას ხალხის გვერდით და ისინი ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან, თუმცა რა ბედი ეწევა ქართულ კინოს? შეძლებს ის ამ პროცესებში გადარჩენას? არის დღეს ქართული კინო, როგორც შემოქმედება, წინააღმდეგობაში თუ მისი შემქმნელები აკეთებენ ამას? შეიძლება ტოლობის ნიშანი დავსვათ რეჟისორისა და მისი შემოქმედების წინააღმდეგობას შორის? რა უფრო ეფექტური გზაა წინააღმდეგობისთვის, ბოიკოტის გამოცხადება თუ ცენზურის „მოტყუება“ და სისტემის მამხილებელი სატირის შექმნა, რომელსაც ასე წარმატებით ართმევდნენ თავს საბჭოთა კავშირში მოქმედი რეჟისორები?!
„ხელოვნება პოლიტიკურია. მე არ მჯერა კონფორმისტული და თვითდაცენზურებული ხელოვნების — ანუ, როცა ხელოვანი ერგება არსებულ კონიუნქტურას ან სასჯელის შიშით თავს იცენზურებს და აკეთებს მთავრობისთვის მოსაწონ კინოს. ასეთი ხელოვნება და კინო არის პროპაგანდა. ცენზურის ეპოქაში შექმნილი ე.წ. „გაპარული” ქართული ფილმების ხილვის შესაძლებლობა კი თაობებს მრავალი წლის შემდგომ მიეცათ, რაც საერთოდ არ არის კარგი ამბავი. ქართული კინომოძრაობა უკვე მე-3 წელია წინააღმდეგობაშია და ეს პროტესტი უკვე საერთო სახალხო პროტესტის მნიშვნელოვანი ნაწილია. 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს უცხადებს კინოცენტრს და კულტურის სამინისტროს, ემიჯნება კონფორმიზმს. კულტურა ფრონტის წინა ხაზზეა და სწორედ ამიტომ დააპატიმრეს მსახიობები, რეჟისორები და კულტურის სხვა წარმომადგენლები. ამ ეტაპზე იმდენად მნიშვნელოვანია შენი ხელოვნება, რამდენადაც წვლილი შეგაქვს საერთო სახალხო ბრძოლაში. არავითარ ისტორიას არ შემორჩება „ოცნების“ მიერ დაკვეთილი ან მოწონებული „ჰეფიენდიანი“ ფილმები. ისტორიას შემორჩება ქართული კინომოძრაობა, უპრეცედენტო ბოიკოტი, პოლიტპატიმრების ამბავი და უწყვეტი პროტესტი“, — ამბობს ჩვენთან საუბრისას კინოპროდიუსერი თიკო ნადირაშვილი
ბოიკოტის პირობებში და, ზოგადად, ქართული კინოსთვის ძალიან მძიმე დროში განსაკუთრებით იმედისმომცემია ახალგაზრდა დამწყები რეჟისორის წარმატებული მცდელობა, შეექმნა ფილმი, რომელიც თავისთავად იქნებოდა ამ პროტესტის ნაწილი და შეიძლება ითქვას, ნაყოფიც. თიკუ კობიაშვილის „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“ ბერლინალეს წლევანდელ პროგრამაში ერთადერთი ქართული ფილმი იყო. ბერლინალეს სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საინტერესო სამეგობროს ყოველდღიურობის კვალდაკვალ დაჰკვირვებოდნენ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებს და გაეგოთ იმ ბრძოლის შესახებ, რომელშიც დღეს ყველანი ერთად ვიმყოფებით.
თიკუ კობიაშვილი: „ეს ფილმი ჩემი საბაკალავრო ნაშრომია, ასე გამოვიდა. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ჩემს მეგობრებზე უნდა გადამეღო, რადგან საინტერესო დაკვირვების ობიექტები არიან. თუმცა, როცა თბილისში ცხოვრობ და, ზოგადად, საქართველოს მოქალაქე ხარ, შენი ყოველდღიურობა თავისთავად ხდება პოლიტიკური. ჩემი ფილმიც, პრინციპში, მაგაზეა, რომ ჩვენი ყოველდღიურობა, რაც ძალიან ძვირფასი და საყვარელია, ძალაუნებურად ხდება პოლიტიკური. ასევე, როცა ეს ფილმი დავასრულე, მივხვდი, რომ ის მომენტები გახდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომლებიც პოლიტიკურ სივრცეს არის მოშორებული, რაც ასე გვაკლია დღეს ყველას. თუმცა, რამდენადაც ის არის მნიშვნელოვანი, რომ იყო ამ ბრძოლის ნაწილი, იმდენად მნიშვნელოვანია ისიც, შევინარჩუნოთ ის ყოველდღიურობა, ის მომენტები, რაც ამ ბრძოლის ძალას მოგვცემს. ბერლინალეზე მიღებული უკუკავშირიდან ყველაზე ძვირფასი იყო ჩემთვის მაყურებელთა კომენტარები იმის შესახებ, რომ თურმე როგორ შეიძლება თავი მიუძღვნა შენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, ენერგია და ძალა არ დაზოგო და მაინც იმედიანად იყო“.
თიკუ, ფაქტობრივად, მის პირველ ნაბიჯებს დგამს ამ სფეროში. დავინტერესდი, იყო თუ არა მისთვის დამაბრკოლებელი ცენზურა, აშინებდა თუ არა ეს ფაქტი მას, როგორც დამწყებ რეჟისორს.
„სიმართლე გითხრათ, იმდენად გააზრებული მაქვს, რამხელა ძალა აქვს კინოს, ცენზურა დიდად არ მზღუდავს და არ მაშინებს. მესმის, რომ ეს სიტუაცია ძალიან არაკომფორტულია, მით უმეტეს, როდესაც ერთადერთი ფინანსური დახმარება ქრება, მაგრამ მაინც მგონია, რომ კინოს შეუძლია ლავირება. არ არის სამყაროს დასასრული ცენზურა და არასდროს ყოფილა ის სამყაროს დასასრული“, — ამბობს ახალგაზრდა რეჟისორი.
და მაინც, დღეს კინო ქუჩაშია. იქნებ, ეს ქართული კინოსთვის არათუ ზიანის მომტანი, პირიქით, მისი გადამრჩენიც იყოს. თავისუფლებაში შექმნილი ქართული კინო, რიგი მიზეზების გამო, ხშირად ვერ აღწევდა ქართველ აუდიტორიამდე. მუნიციპალური კინოს არარსებობა ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. როცა წლების წინ აქტიურად გავრცელდა ფრაზა „ქართული კინო საფრთხეშია“, მოქალაქეების დიდი ნაწილი მას შემდეგ შეკითხვით პასუხობდა: „სად არის ქართული კინო?“. დღეს ამაზე ცალსახა პასუხი არსებობს: ქართული კინო ქუჩაშია, ხალხის გვერდითაა. და იმ ადამიანებს, რომლებიც, ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში გააგრძელებენ ფილმების შექმნას, ზუსტად ეცოდინებათ, რას გრძნობს ხალხი, რა აწუხებს, რა აინტერესებს, რა გამოწვევების წინაშე დგას, რაც ქართულ კინოს, ჩემი აზრით, ახალ სიცოცხლეს მისცემს და მას თავის მაყურებელთანაც უფრო დააკავშირებს.
სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე
მთავარი ფოტო: DALL·E
♦ სტატია მომზადებულია New Democracy Fund-ის ფინანსური მხარდაჭერით