Facebook Script

10 ცნობილი სერიალი, რომელიც ქალების ცხოვრებას სხვა თვალით გვაჩვენებს

11 იანვარი, 2022 | საკითხავი

სერიალების ყურება ბევრი ჩვენგანისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი უფრო მეტ სერიალში შეხვდებით ისეთ ქალ პერსონაჟებს, რომლებიც საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბრობენ ან არსებულ სტერეოტიპებს ანგრევენ. თანამედროვე სერიალებში ქალები ხშირად მათთვის განსაზღვრული ჩარჩოდან გამოდიან — იყვნენ ნაზები, ჩუმები, მზრუნველები და ა.შ. — და აჩვენებენ იმას, რომ ყველა ქალს ერთი და იგივე მახასიათებლები არ აქვს და ინდივიდუალური გამოცდილებები და რეალობა მათ ცხოვრებას ერთმანეთისგან განასხვავებს.

ამ სტატიაში განვიხილავთ ათ სერიალს, რომლებიც ქალების ცხოვრებას სულ სხვა თვალით გვაჩვენებენ:

#1. The Handmaid’s Tale — მხევლის წიგნი

მარგარეტ ეტვუდის კლასიკად ქცეულ წიგნზე დაყრდნობით შექმნილი იმავე სახელწოდების სერიალი გვიყვება დისტოპიური სამყაროს შესახებ, რომლის შექმნაც  კონტრაცეპტივების აკრძალვით დაიწყო და ძალიან მოკლე დროში ქალების კასტებად დაყოფითა და მათი სრული დამონებით დასრულდა.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შეიქმნა სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ კითხვა, მუშაობა, ქონებისა და საკუთარი სხეულის ფლობა, ართმევენ შვილებს, აუპატიურებენ ღმერთის სახელით და უნაყოფობის შემთხვევაში ან შინა მოსამსახურეებად იყენებენ, ან კოლონიებში, უმძიმესი შრომით სიკვდილისთვის გზავნიან. გილიადი, ესაა ქვეყანა, სადაც დილა კედელზე ჩამოკიდებული ახალი გვამებით იწყება და ძალადობა ყოველდღიური რუტინის ნაწილია.

წყარო: The Handmaids Tale Fandom

სერიალი ცხადად გვაჩვენებს, რამხელა საფრთხე დგას ერთი შეხედვით „უწყინარი“ აკრძალვების უკან და რამხელა ბოროტების მოტანა შეუძლიათ მიზოგინიასა და სექსიზმს.

სწორედ ამიტომ, რთულია, ამ სერიალს ძლიერი ემოციების, ცრემლებისა და ბრაზის გარეშე უყუროთ, არ შეუერთდეთ ლეგიონს (სისტემის წინააღმდეგ შექმნილი მიწისქვეშა საზოგადოება გილიადში) და ბოლომდე არ ადევნოთ თვალი ქალების ბრძოლას გათავისუფლებისთვის.

#2. Big Little Lies — დიდი პატარა ტყუილები

ქალების ერთობა ყოველთვის ამაღელვებელი საყურებელია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამ ქალებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრების სტილი აქვთ. მაშინ რა აერთიანებს ერთმანეთისგან ამდენად განსხვავებულ ქალებს? პასუხი ამ შემთხვევაში ერთია — დაუცველობის განცდა.

წყარო: HBO

სერიალში მოთხრობილია ხუთი ქალის კომპლექსური ურთიერთობის შესახებ, რომელიც, ერთი შეხედვით, მეგობრობას ჰგავს, თუმცა საბოლოოდ ამაზე ბევრად მეტი აღმოჩნდება. ხუთივე მათგანს განსხვავებული წარსული აქვს, რომელიც მუდამ თან სდევთ და ერთად, თანადგომით ცდილობენ ამჟამინდელ პრობლემებთან გამკლავებას.

#3. Anne with an E — ენი

ალბათ, ბავშვობაში თქვენც ხშირად გეუბნებოდნენ, რომ ისე უნდა მოიქცეთ, როგორც გოგოს შეეფერება. მაგრამ რა ხდება იმ დროს, როდესაც საპირისპიროდ ვიქცევით — ჩვენს სურვილებს, შეხედულებებსა თუ აზრებს ხმამაღლა და მკაფიოდ ვაფიქსირებთ? 

წყარო: Netflix Life

სერიალი გვიყვება 13 წლის ენის ისტორიას, რომელსაც მოხუცი და-ძმა იშვილებს. ენი  საკუთარი დამოკიდებულებების გამო როგორც ახალ სახლში, ისე სკოლაშიც სხვებისგან გამორჩეულია. მასთან ურთიერთობა და საერთო ენის გამონახვა უჭირთ, რადგან განსხვავებულად მიიჩნევენ, თუმცა მისთვის სირთულეების გადალახვა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

#4. The Morning Show — დილის შოუ

#MeToo (#მეც) მოძრაობამ, რომელმაც ძალაუფლების მქონე კაცები სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში ამხილა, მნიშვნელოვნად შეცვალა როგორც სხვადასხვა ინდუსტრიები, ისე სრულიად დასავლური სამყაროს დღის წესრიგი.

„დილის შოუ“ სწორედ ამ მოვლენების გამოძახილით შექმნილი სერიალია, სადაც ამერიკული ტელევიზიის დილის გადაცემის წამყვანს, ცნობილ და გავლენიან მიჩ კესლერს, რამდენიმე ქალი ძალადობასა და შევიწროებაში სდებს ბრალს. ეს კი მის და მისი ირგვლივმყოფების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის.

წყარო: Polygon

ეს სერიალი ერთგვარი ბეწვის ხიდზე გავლა და არსებული რეალობის ობიექტური ასახვის ძალიან წარმატებული მცდელობაა. „დილის შოუ“ კარგად ასახავს როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალების, ისე მოძალადის, მისი ოჯახის, მეგობრებისა და მოძალადის მხარდამჭერი სისტემის რეალურ სახეს. 

თუ ეს საკითხები გაინტერესებთ, „დილის შოუ“ იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ. მეტიც, მან შეიძლება ბევრ კითხვაზე პასუხიც გაპოვნინოთ.

#5. Why Women Kill — რატომ კლავენ ქალები

„რატომ კლავენ ქალების“ პირველი სეზონი ერთ სახლში, სხვადასხვა დროში მცხოვრები სამი ქალის ისტორიას გვიყვება. 60-იან, 80-იან და 2000-იან წლებში ქალების გამოწვევები და ყოველდღიურობა განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და სწორედ ამ განსხვავებებსა და მათ ფონზე არსებულ გამაერთიანებელ ნიშნებს გვაჩვენებს სერიალი. 

წყარო: Sixth Tone

პირველი სეზონი ისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება, როგორიცაა: გენდერული როლები, ოჯახი, ერთგულება, შიდსი, სექსუალური ორიენტაცია და მასთან დაკავშირებული სტიგმები. 

სერიალის მეორე სეზონი 2021 წელს გამოვიდა, განსხვავებული სიუჟეტით, პერსონაჟებითა და ისტორიით, თუმცა კითხვა იგივე დარჩა: რატომ კლავენ ქალები?

#6. The Marvelous Mrs. Maisel — საოცარი მისის მეიზელი

არავისთვის იქნება გასაკვირი ის ფაქტი, რომ ქალებს ბევრ სტერეოტიპთან უწევდათ ბრძოლა და სამწუხაროდ, დღემდე უწევთ. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული შეხედულება კი ისაა, რომ ქალები მორჩილი ცოლები უნდა იყვნენ და პრობლემებზე საჯაროდ არ უნდა ილაპარაკონ. 

წყარო: Flare

მისის მეიზელი საპირისპირო გზას ირჩევს. ის სრულიად შემთხვევით ე.წ. „სთენდაფ“ (ინგლ. Stand-up) კომიკოსობას იწყებს და საჯაროდ ხუმრობს ისეთ თემებზე, როგორებიცაა ღალატი, განქორწინება, დედობა, ქალების ყოველდღიურობა და ა.შ. სერიალში მოქმედება 1950-იანი წლების ამერიკაში ვითარდება, სადაც ქალების მიმართ სტერეოტიპები ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე დღეს. თუმცა, მისის მეიზელის პერსონაჟი არ ერიდება მათთვის გვერდის ავლას და იმის კეთებას, რაც ნამდვილად გამოსდის და დიდ სიამოვნებას ანიჭებს. 

#7. Fleabag — ფლიბეგი

„ფლიბეგი“ იმ მცირერიცხოვანი სერიალების ჯგუფს მიეკუთვნება, სადაც მთავარი პერსონაჟი ქალი არ არის დედა, და, შვილი, ცოლი ან შეყვარებული. არც გამორჩეულად მზრუნველი, მგრძნობიარე და მეგობრული. არც გულნატკენი, მიტოვებული ან გაბრაზებული. სერიალის მთავარი პერსონაჟი ჩვეულებრივი ადამიანია, ცუდი და კარგი თვისებებით, დადებითი და უარყოფითი გამოცდილებებით, შეცდომებითა და პრობლემებით. 

წყარო: Harper’s Bazaar

სწორედ ამით გამოირჩევა „ფლიბეგი“ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ და ქალების მეტად მრავალფეროვნად წარმოჩენაში.

თუ ორიგინალური სიუჟეტის მქონე, არასტანდარტული მხატვრული გადაწყვეტით შესრულებულ სერიალს ეძებთ ქალებზე, „ფლიბეგი“ ნამდვილად უნდა ნახოთ.

#8. Girls — გოგოები

„გოგოები“ 2012 წელს გამოსული ამერიკული სერიალია, რომელიც ნიუ იორკში მცხოვრები ოთხი გოგოს ისტორიას გვიყვება. სერიალის მთავარი სიუჟეტური ხაზი თავად ავტორის, ლენა დანჰემის, რეალური ცხოვრებისეული გამოცდილებების მიხედვითაა შექმნილი — ფინანსური იზოლაცია მშობლებისგან, სამწერლობო კარიერის დაწყება და ბევრი თვითდამაზიანებელი გადაწყვეტილება.

წყარო: The Daily Beast

„გოგოები“ არაჩვეულებრივად გვიყვება ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, ტოქსიკური ურთიერთობები, სილამაზის სტანდარტები, დედობა, მეგობრობა, ძალადობა და შევიწროება. 

„გოგოები“ 6 სეზონისგან შედგება, 2017 წელს დასრულდა და დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფემინისტურ სერიალადაა მიჩნეული.

#9. Maid — მოახლე

როდესაც დედობაზე ვსაუბრობთ ან ვფიქრობთ, ალბათ, პირველი ასოციაცია ბედნიერი ქალი და გაღიმებული ბავშვია. თუმცა, დედად გახდომას ყოველთვის მსგავსი გაგრძელება არ მოსდევს, განსაკუთრებით, მარტოხელა დედობის პირობებში. 

წყარო: Fiction Horizon

2021 წელს გამოსული სერიალი „მოახლე“ გვიყვება ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელმაც თავი დააღწია ოჯახურ ძალადობას და შვილის გაზრდა მარტოს უხდება. მისი ცხოვრება სავსეა წინააღმდეგობებით და თითოეულ სერიაში ვუყურებთ იმას, თუ რა მსხვერპლის გაღება უწევს ქალს იმისთვის, რომ შვილი არჩინოს.

#10. Unorthodox — არაორთოდოქსი

ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანები რელიგიის სახელით ერთმანეთს ზღუდავენ, ჩარჩოებში ამწყვდევენ და ცხოვრების მხოლოდ ერთ გზას უსახავენ. შესაძლოა, 2022 წელს მსგავსი მიდგომა წარმოუდგენელი იყოს, თუმცა ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული სერიალი „არაორთოდოქსი“ გვაჩვენებს, რომ ნების შეზღუდვა შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დროს მოხდეს.

წყარო: Screen Rant

ნეტფლიქსის ამ საკმაოდ ცნობილ სერიალში მოთხრობილია ებრაელი გოგოს ისტორია, რომელიც რელიგიისა და ტრადიციების გამო სრულიად უცხო კაცზე, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, გაათხოვეს. ესტერი ვერ უძლებს ამგვარ რეალობას და მალევე გარბის დედასთან, სხვა ქვეყანაში, რათა თავს უშველოს. ცხოვრების რადიკალურად შეცვლა და ამხელა პროტესტი, რა თქმა უნდა, რთული გზაა, თუმცა მთავარი პერსონაჟი მაინც დგამს ნაბიჯებს, ახალ ადამიანებს ხვდება და ვითარდება.

თუკი, გაინტერესებთ ამბები იმაზე, თუ როგორ ეწინააღმდეგებიან ქალები მათთვის მიუღებელ ყოველდღიურობას, მაშინ ეს სერიალი აუცილებლად მოგეწონებათ.

თეგები
გაზიარება

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

10 ცნობილი სერიალი, რომელიც ქალების ცხოვრებას სხვა თვალით გვაჩვენებს

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია