Facebook Script

თამთა თოდაძე — ჩემი პორტრეტი

27 თებერვალი, 2023 | ჩემი პორტრეტი

გეტყოდით, თავი სასამართლოს დარბაზში წარმოიდგინეთ, ყურადღებით მოისმინეთ ყველა პასუხი, აწონ-დაწონეთ და განაჩენიც თავად გამოიტანეთ-მეთქი, მაგრამ ამას არ ვიზამ. ეს არ იქნება სასამართლო დარბაზი და არც იმ მნიშვნელოვან წესს დავიცავ, რომელსაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე პირველივე დღეს ასწავლიან სტუდენტებს: აუცილებლად მოუსმინეთ ყველა მხარეს, გააჟღერეთ ყველას პოზიცია, რომ მკითხველმა თავად შეძლოს სიმართლის დადგენა. აქ თქვენ ვერ მოისმენთ ბრალდებულის პოზიციას, არ შევეცდები ამბავი მისი გადმოსახედიდანაც დაგანახოთ, რადგან ჩვენს პატრიარქალურ გარემოში საკმარისად ვუყურებთ მოვლენებს იმ გადმოსახედიდან, რომლიდანაც ქალები არ ჩანან, მათი ხმა არ ისმის, მათი სიმართლე კი მხოლოდ იმიტომ დგება ეჭვქვეშ, რომ კაცისას არ ემთხვევა.

მედალს ორი მხარე აქვსო, ხშირად გვეუბნებიან და ნამდვილად ასეა, მაგრამ სექსუალური ძალადობა მედალი არ არის, ის დანაშაულია, რომელიც ახსნასა და გამართლებას არ ექვემდებარება. და მაინც, დღემდე ვერ შევთანხმდით იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ დამნაშავე მოძალადეა და არა — მსხვერპლი. როგორც არასდროს, ისე ვეძებთ მედლის იმ მეორე მხარეს, რომელიც მოძალადის საქციელს ახსნის, მას გასაგებს გახდის. ვეძებთ მსხვერპლის მიერ დაშვებულ შეცდომას, ვეძებთ პრობლემას მის ხასიათში, ჩაცმულობაში, სიტყვა-პასუხში. ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ქალებმა ამ თემაზე საჯაროდ ვერ ისაუბრონ.

რესპონდენტს ერთი თვე მაინც ვეძებდი. ბევრ ქალს მივწერე: უცხოებს, მეგობრებს, მეგობრის ნაცნობებს, რომლებსაც, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენთვის რაღაც ჰქონდათ სათქმელი. პირველივე უარის შემდეგ მადლობას ვუხდიდი და ვეუბნებოდი, რომ მესმოდა მათი. ასეც არის. მე მესმის ყველა იმ ქალის, ახალგაზრდა გოგოსი, რომლებსაც არ სურთ თავიანთ ამბავზე საჯაროდ საუბარი, არ აქვთ ამის ძალა, ენერგია. არ არიან მზად, მათ მიმართ უსამართლოდ ნასროლი ტალახების აცილებაში გაატარონ დღეები, კვირები ან თვეები. მეგობარს ვუთხარი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალს ვერ ვპოულობ-მეთქი, გაეღიმა, რა კარგი ქვეყანა ვყოფილვართო. არა, კარგი ქვეყანა არ ვართ. საქმე ისაა, რომ მას სათქმელი არასწორი ფორმულირებით ვუთხარი. პოვნით უამრავი ქალი ვიპოვე, ვისაც მსგავსი გამოცდილება ჰქონია, მე, უბრალოდ, რესპონდენტს ვერ ვპოულობდი — ქალს, ვინც ამაზე საუბარს შეძლებდა. სექსუალური ძალადობა (მათ შორის გაუპატიურება) ისეა წარმოჩენილი, თითქოს ის გამონაკლისი, იშვიათი ფენომენი იყოს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ქალს „ემართება“. თითქოს რამდენიმე მსხვერპლი და რამდენიმე მოძალადეა და ამით მთავრდება ყველაფერი. რეალობა სულ სხვანაირია. სექსუალური ძალადობა ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს საზოგადოებაში, ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თითქმის რუტინად ქცეული, და მას ყველგან ვაწყდებით. თუ ახლა გაგეფიქრათ, რა უცნაურია, მე არცერთ მოძალადეს არ ვიცნობო, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ თქვენ მას იცნობთ და ამის შესახებ მხოლოდ იმიტომ არ იცით, რომ მსხვერპლი დუმს... და დუმს გასაგები მიზეზების გამო.

ბავშვობაში, როცა გმირებზე ვუყურებდი ფილმებს, ვფიქრობდი, რომ გმირობა თანდაყოლილი „თვისება“ იყო და ეს ადამიანები კონკრეტული მისიის შესასრულებლად იბადებოდნენ. გავიზარდე და ამ ამბავს სხვანაირად შევხედე. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ გმირობა არჩევანი იყო. ახლა თუ მკითხავთ, არ ვიცი, რომელია სწორი ვერსია. შესაბამისად, არც ის ვიცი, თამთა თოდაძე ბუნებრივად არის ასეთი მამაცი და მებრძოლი ადამიანი თუ თავად აირჩია, ასეთი ყოფილიყო, მაგრამ შედეგი ერთია: ის არის ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც წლების წინ საჯაროდ ისაუბრა თავის გამოცდილებაზე და ღიად დაუპირისპირდა პრივილეგირებულ კაცს, რომელსაც მთელი სისტემა იცავდა. თამთამ გაუცნობიერებლად დაიწყო ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად და გაცნობიერებულად გააგრძელა ის უკვე სხვებისთვის მაგალითის მისაცემად.

— გულწრფელად გეტყვით, შეუძლებელია, ადამიანმა ასეთი მტკივნეული გამოცდილება მიიღოს და ამაზე ღიად საუბარი სურდეს. ჩემს შემთხვევაშიც, თავიდან ყველაფერი ინერციით დაიწყო.  ჩემზე იძალადეს, პოლიცია გამოვიძახე, მათი მხრიდან რეაგირება არ მოხდა, ილია ჯიშკარიანს მთელი მთავრობა გადაეფარა. პოლიცია ადგილზეც კი არ მივიდა დროულად, ოფისის დალაგების, კვალის წაშლისა და მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობა მისცეს დამნაშავეს, ამის მერე სასამართლოს იმედი როგორ უნდა მქონოდა? ერთადერთი გზა დამრჩა, ჟურნალისტებისთვის მიმემართა და საჯაროდ დამეწყო ამ თემაზე საუბარი. ჟურნალისტების როლი დიდი იყო ამ საქმეში. პოლიციას ვეუბნებოდი დამნაშავის სახელს და გვარს, იცოდნენ, ვინ იყო, მაგრამ დაკითხვაზე მხოლოდ ფაქტიდან 4 დღის მერე,  ანუ მას შემდეგ დაიბარეს, რაც პირველი რეპორტაჟი გავიდა ამ თემაზე. ღია სასამართლო პროცესებიც მე მოვითხოვე. მართალი ვიყავი და მინდოდა, ჩემი სიმართლე სხვებსაც დაენახათ. ამ ნაბიჯით ხალხს ვეუბნებოდი, მოდით, მომისმინეთ, მოწმეებს მოუსმინეთ და მიხვდებით, რომ მართალი ვარ. ვერ გეტყვით, რომ ბრძოლის ღიად დაწყების სურვილი მქონდა, მაგრამ სხვა არჩევანი უბრალოდ არ მქონდა.

როცა თამთას ინტერვიუს დღეს შევხვდი, ისეთი გაღიმებული და ლაღი მოვიდა, მომეჩვენა, რომ ემოციურად ყველაფერი დავიწყებული ჰქონდა, რაც ლოგიკური ჩანდა, რადგან საკმაოდ დიდი დრო გავიდა. თუმცა, ინტერვიუს პროცესში მივხვდი, რომ ის უბრალოდ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც თავიანთი ტკივილისა და ემოციების სხვისთვის თავს მოხვევა არ უყვართ. საუბრის დროს არაერთხელ აღნიშნა, რომ საკმარისი ცრემლი დაანახა საზოგადოებას და აღარ უნდა ამის გაკეთება. იმასაც ბევრჯერ გაუსვა ხაზი, რომ ზოგჯერ მაშინაც იღიმის, როცა არ ეღიმება... და მაინც, იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა თამთამ თავს უფლება მისცა, უცხო ადამიანის წინაშე ბოლომდე გულწრფელი ყოფილიყო, არ გაეღიმა, როცა ამის სურვილი არ ჰქონდა, და არც აწყლიანებული თვალების დასამალად გასულიყო „ხელის დასაბანად“. მაშინ გავაცნობიერე, რომ მსგავსი ტკივილი დროსთან ერთად უკვალოდ კი არ ქრება, არამედ გამოცდილებად ტრანსფორმირდება, რომელიც, დიდი ძალისხმევის შემთხვევაში, შეიძლება საკუთარ სიძლიერედ აქციო. თამთა სწორედ ასე მოიქცა.

— ვინ არის თამთა, როგორია ის დღეს?

— თამთა დღეს ყველაზე ძლიერი ადამიანია, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. თამთას ეშინოდა, მაგრამ აღარ ეშინია. თამთა გაიზარდა. არ მინდა, პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ორჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში. პირველად მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ ავარიაში მოვყევი, მეორედ კი ამ ამბების მერე. თუმცა, ეს შემთხვევა პირველისგან იმით განსხვავდებოდა, რომ აქ მე თავად მსურდა სიკვდილი. მეგონა, რომ ამდენს ვერ გავუძლებდი, მაგრამ გავუძელი. ფსიქოლოგთან ვიარე, საკუთარ თავთან ლაპარაკი ვისწავლე. დღეს მე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვარ. როცა საჯარო სასამართლოს გამოივლი, როცა ერთი ძალადობის მერე უკვე საზოგადოება ძალადობს შენზე, როცა ყვირი, მაგრამ მაინც არ ესმით შენი, როცა შენი ტკივილი სხვებისთვის არაფერს წარმოადგენს, აი, როცა ამ პროცესებს გადიხარ ახალგაზრდა გოგო, ბოლოს ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ბევრად დიდი ხარ, არ ვიცი, მაგალითად, ოთხმოცი წლის ხარ. საბოლოოდ, ისეთი დიდი ხდები, რომ აღარაფერი გაშინებს და ცხოვრებასთან  ბრძოლას იწყებ. მკითხე, ბედნიერი თუ ხარო. იცი, ზოგჯერ მაქვს შეგრძნება, რომ იმდენად დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს ჩემგან ცხოვრება, რათა ძლიერი ვიყო, ბედნიერების აღმოსაჩენად, უბრალოდ, დრო აღარ მრჩება. თუმცა, არის მომენტები, როცა ამას ვახერხებ, მაგალითად, როცა ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ — როცა ვცეკვავ, როიალზე ვუკრავ, მთებში ვმოგზაურობ ან მეგობრებთან ერთად ვატარებ დროს.

თამთას ტკივილი მაშინ დავინახე, როცა მას უშუალოდ ამბის მოყოლა ვთხოვე. ბევრი ვიფიქრე, საერთოდ დამესვა თუ არა მისთვის ეს შეკითხვა, მეთხოვა თუ არა, კიდევ ერთხელ გაეხსენებინა ყველაფერი. ვკითხე. ვკითხე იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ეჩვენებინა გზა იმ ქალებისთვის, რომლებიც მას უსმენენ.

სექსუალურ ძალადობაზე ღიად საუბარი ახლახან დავიწყეთ, ამიტომ ხშირად არ ვიცით, რა ქმედება შეიძლება იდენტიფიცირდეს ძალადობად. ამას განაპირობებს ჩვენს კულტურაში ფესვგადგმული მანკიერი დამოკიდებულებები, რომლებიც არ აღიარებს ადამიანის პირად სივრცეს. ასე ვიზრდებით. უცხო ადამიანი ბავშვთან მიდის და ლოყაზე ხელს უსვამს ან კოცნის იმის გამოსახატად, რომ საყვარელი ბავშვია, და აზრადაც არ მოსდის, რომ ამით მის პირად საზღვრებს, მის სურვილს უგულებელყოფს. ჩვენთვის არ უსწავლებიათ, რომ არავის აქვს უფლება, შეგვეხოს ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ. არ გავზრდილვართ გარემოში, რომელშიც  სექსუალური ხასიათის ქმედების დროს ორივე მხარის თანხმობის მნიშვნელობაზე დაგველაპარაკებოდნენ. ახლა კი, უკვე გაზრდილებს, თავად გვიწევს ამის სწავლა და გააზრება, რაშიც ზუსტად ის ადამიანები გვეხმარებიან, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ.

— მის კაბინეტში ვიყავი. სამსახურში, სამუშაო საათებში. ჯერ ჩამეხუტა, არ მიშვებდა. ლოყა მოწიე, უნდა გაკოცოო. არ მიშვებდა, კისერში მკოცნიდა, უკან მეხებოდა, ხელებს მისრიალებდა. რას აკეთებთ-მეთქი, ვეკითხებოდი. რა, არ გსიამოვნებსო? როცა გავუძალიანდი, ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა, ხელზე ცოტა წვეტიანი ბეჭედი მეკეთა, ისე მაგრად მიჭერდა ხელს, თითებთან სისხლი მქონდა, ტელეფონი დამიმტვრია... როცა სასამართლოში უკანალზე ჩქმეტა ვახსენე, გაეცინათ. ეს იმიტომ, რომ ამას კაცები ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებენ. ვერაფერ უცნაურს ამაში ვერ ხედავენ, მით უმეტეს, დანაშაულს. ქალებსაც გაეცინათ. ზოგჯერ მგონია, რომ ამ ქალებმა ყველაფერი კარგად იციან, რადგან გულის სიღრმეში ხომ მაინც ყოველთვის ვიცით, როცა რაღაც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ხდება, მაგრამ ურჩევნიათ, თვალები დახუჭონ, დამნაშავე გაამართლონ, ჩემს ამბავზე გაიცინონ. ეს იმიტომ, რომ თუკი ისინი აღიარებენ, რომ თამთა სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, მაშინ მათ დიდ ნაწილს მოუწევს იმის აღიარება, რომ თავადაც მსხვერპლნი არიან. ასე რომ, მარტივი გამოსავალი იპოვეს — ნორმად აქციონ ეს სიმახინჯე, მაშინ შეგეხოს კაცი, როცა ამას თავად გადაწყვეტს და მოისურვებს. არ ვიცი, ამაზე გავბრაზდე თუ არა, რადგან ვხვდები, რომ ამით ქალები თავიანთი უსუსურობის გამართლებას ცდილობენ. რომ დავფიქრდეთ, ძალიან სევდიანი ამბავია.

მხატვრულ ლიტერატურასა თუ ფილმებში ხშირად ვხვდებით „შეშლილი“ ქალის პერსონაჟს, რომელსაც ქმარი ღალატობს ან რომელზეც ძალადობენ. ამით თითქოს ქმრის/პარტნიორის ქმედება გასაგები, ახსნადი ხდება. ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალის შემოყვანა სიუჟეტში ყოველთვის კარგი გამოსავალია რეჟისორებისა თუ მწერლებისთვის, რადგან მაყურებელს/მკითხველს ამბის რეალურობაში ეჭვი არ ეპარება. ასეა, უფრო მარტივად ვიჯერებთ იმას, რომ შეიძლება ქალი არაადეკვატური იყოს, ვიდრე იმას, რომ შეიძლება კაცი იყოს მოძალადე. თუკი ქალის სიმართლე კაცისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ის, უბრალოდ, იტყვის, რომ ის ქალი „გიჟია“, ემოციურია, გაუწონასწორებელია, ყველაფერს იგონებს. სამწუხაროდ, საზოგადოება მარტივად იჯერებს ამ ვერსიას. ასე მოხდა თამთას შემთხვევაშიც. ხან ალკოჰოლზე დამოკიდებულება დააბრალეს, ხან ემოციურობა. ბოლოს შარი იმაზეც კი მოსდეს, რომ ცოტა ხნით ადრე ავარიაში მოყვა და დიდი შანსია, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს და სიტუაციას სწორად ვერ აღიქვამდესო.

— იმდენი რაღაც დამაბრალეს და იმდენი იძახეს, არაადეკვატურიაო, სასამართლოდან გამოსულს უკვე იმის მტკიცება მიწევდა, რომ ნორმალური ვარ. ამის მტკიცების ტვირთიც კი მე ამკიდეს. ყველაფერს მაბრალებდნენ, რაც კი შეიძლება ადამიანს დააბრალო. არაადეკვატური, ფსიქოპატი, ალკოჰოლიკი, ყველასთან კონფლიქტური, ბოლოს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე გადავიდნენ, განდიდების მანიით შეპყრობილი, ერთი გაუნათლებელი გოგოაო. შეიძლება სასაცილო იყო ეს აბსურდული ბრალდებები, მაგრამ იმ წამებში არ გეცინება. ბოლოს საკუთარ თავსაც გინდა დაუმტკიცო, რომ ასე არ არის. ავდექი და სადოქტორო პროგრამაზე ჩავაბარე, საკმაოდ წარმატებით. უცნაურია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც შენს განადგურებას ცდილობენ, შესაძლოა, შენი წარმატების მთავარ ხელშემწყობად იქცნენ. დღეს მე არ მეპარება ეჭვი ჩემს „ნორმალურობაში“, პრინციპში, არც მაშინ მეპარებოდა, არადა რთულია, არ გაგიჟდე, როცა ყველა მხრიდან ჩაგძახიან, რომ „გიჟი“ ხარ მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობ და მოძალადეს ამხელ.

თამთას საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი გარემოება მოქმედებდა. ის ვერ ჯდებოდა „კარგი მსხვერპლის“ სტანდარტებში, რადგან ბრძოლის ენერგია ჰქონდა, ცოცხალი იყო, ენერგიული, არ ტიროდა, კარგად გამოიყურებოდა. ვირჟინი დეპანტი თავის წიგნში „თეორია კინგ კონგი“ (ყველას გირჩევთ, წაიკითხოთ) წერს: „ჩემი ცოცხლად გადარჩენა, თავისთავად, არის მტკიცებულება, რომელიც ჩემს საწინააღმდეგოდ მოქმედებს...{ }... მოძალადეები ახერხებენ თავის დარწმუნებას, რომ თუ ქალი ძალადობას ცოცხლად გადაურჩა, ესე იგი, ამას იგი მაინცდამაინც არ შეუწუხებია“. მსგავს აბსურდულ დამოკიდებულებას ვხვდებით ნეტფლიქსის სერიალში „დაუჯერებელი რამ“ (Unbelievable, 2019), რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. თინეიჯერი გოგოს ნათქვამს იმის შესახებ, რომ ის გააუპატიურეს, მხოლოდ იმიტომ აყენებს ეჭვქვეშ მისი ერთ-ერთი მეურვე, რომ მისი ემოციები უცნაურად, არასაკმარისად დრამატულად ეჩვენება. „ყველაფერი არასწორად იყო... როგორც ის იქცეოდა და რეაგირებდა. ის განყენებული იყო... დამიჯერეთ, მე თავად მაქვს ამის გამოცდილება. 20 წლის ასაკში თავად გადავიტანე სექსუალური ძალადობა. ვიცი, ეს რა გრძნობაა, და ამის გათვალისწინებით, როგორც ის იქცეოდა, ეს… არასწორი იყო“, ეუბნება ის დეტექტივს, საქმე კი იქამდე მიდის, რომ ძალადობაგამოვლილ გოგოს სარჩელი გამოაქვს, რადგან ვერ უძლებს გარემოს მხრიდან ზეწოლას და ეჭვი უჩნდება, ეს ყველაფერი თავად ხომ არ მოიგონა, ხომ არ დაესიზმრა.

— ჩვენზე ძალადობენ, შემდეგ კი იმდენს ახერხებენ, ჩვენვე დაგვაეჭვონ, ხომ არ შევცდით, ხომ არ გავაზვიადეთ. როგორი იყო ამ ნაწილში შენი გამოცდილება?

— თავდაპირველად, ძალადობის ფაქტები გამუდმებით გიტრიალებს გონებაში, ძალიან გინდა, დაივიწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის გარდა ვერაფერს ხედავ. თუ დაგეძინა, სიზმარშიც კი ამას ნახულობ კოშმარების სახით. რაღაც პერიოდის შემდეგ, ფსიქოლოგთან ხანგრძლივი და ინტენსიური მუშაობის მერე ცდილობ, რომ ეს ყველაფერი დაივიწყო და ცხოვრება განაგრძო. ეს პროცესი იმდენად ხანგრძლივია, თითქოს შენი გონებაც რაღაც ეტაპებს გადის.  სასამართლოში ჩემი დაკითხვა ფაქტიდან თითქმის ორი წლის შემდეგ იყო, როდესაც ცხოვრება მეტ-ნაკლებად განვაგრძე და ძალიან ბევრი ვიმუშავე იმაზე, რომ ჩემზე განხორციელებული ძალადობის ნაწილი დამევიწყებინა, მეხსიერებიდან წამეშალა... აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ყველაფრის პარალელურად დამნაშავეები, მათი ადვოკატები თუ მხარდამჭერები ყოველთვის ცდილობენ, განწყობა შეგიცვალონ; გაჯერებენ, რომ პრობლემა შენშია და არა — მოძალადეში; რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხელახლა იწყებ საკუთარ თავთან ამ ყველაფრის დეტალურად გახსენებას. მინდა, აღვნიშნო, რომ ყველას მიმართ ყოველთვის სამართლიანი ვიყავი, პატარა, მინიმალური დეტალების მიმართაც კი. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემამდე ყველაფერი ხელახლა, დეტალურად და სრული სიზუსტით გამეხსენებინა, რომ თუნდაც პატარა ნაწილიც, რასაც მე ვიტყოდი, არ ყოფილიყო ჩემ მიერ გადაჭარბებულად აღქმული და შეფასებული. ასეთ დროს არის მომენტები, როცა საკუთარ თავსაც ეკითხები, ხომ სრული სიზუსტით აფასებ ძალადობის სიმძიმეს? მაშინ, როცა ყველაზე მეტად ამ ამბის დავიწყება გინდა, პირიქით იქცევი და ყველა დეტალს ხელახლა აანალიზებ. ალბათ, ეს ამ პროცესების ყველაზე რთული ნაწილია და ამის გასამკლავებლად ყველას სხვადასხვა ხერხი აქვს. პირადად მე რამდენიმე საათი ვიჯექი ხოლმე ეკლესიის ეზოში. მქონდა შეგრძნება, რომ მაშინ სიმართლე მხოლოდ სამმა ვიცოდით: მე, მოძალადემ და ღმერთმა. მესმის, შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მით უმეტეს, თუ ადამიანს არ სწამს, მაგრამ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო. ვიჯექი ეზოში და ვცდილობდი, სიმშვიდე მეპოვა ჩემში. თითქოს ღმერთთან ერთად ვიხსენებდი თითოეულ დეტალს და ტკივილის სიმძიმეს, თითქოს მისგან დადასტურებას ველოდებოდი, რომ კი, სრულიად მართალი ვიყავი ყველაფერში. თითქოს ღმერთს ვთხოვდი, სწორი გზა ეჩვენებინა, ჩემი სიმართლე დაედასტურებინა. იმდენად დიდი იყო საზოგადოების ზეწოლა, შეიძლება ერთ წამს, შენც დაეჭვდე, გადაჭარბებულად ხომ არ შეაფასე ძალადობის კონკრეტული ნაწილი, თუმცა, რაც არ უნდა ძლიერად დაგაეჭვონ, სიმართლეს, ფაქტებს ხომ ვერ შეცვლიან? ემოციას ხომ ვერ გაგიყალბებენ, შენ ხომ ზუსტად იცი, როგორ ძალიან გეტკინა. შეუძლებელია, ეს გააზვიადო. ეს ცხოვრების ყველაზე მტკივნეული გამოცდილებაა, რომელსაც საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ თუ მიაძინებ შენს გონებაში. შეუძლებელია, ეს ყველაფერი დაივიწყო.

ვუსმენდი თამთას და ვფიქრობდი, როგორი არაჯანსაღი უნდა იყოს გარემო, როგორი უსამართლო უნდა იყოს სისტემა და როგორი ბრმა — საზოგადოება, რომ რაღაც მომენტში შეიძლება დაგაეჭვონ კიდეც, ხომ ნამდვილად იძალადეს შენზე, ხომ ნამდვილად განიცადე ეს ტკივილი. და მაშინ, როცა ამ ყველაფერს გადალახავ, როცა ამხელა ზეწოლას გაუძლებ და მყარად დადგები შენს პოზიციაზე, სასამართლო დარბაზში მისულს, ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში მოსამართლე გეუბნება: ბრალდებული უდანაშაულოა. შეიძლება ძალით გაკოცეს, მაგრამ შენზე არ უძალადიათ. იცი, სისხლი შენს თითებზე საკმარისი არ იყო, შენი სიმართლე დამეჯერებინა. კარგად დაფიქრდი, მგონი, არც გტკენია. მოკლედ, დამნაშავე უდანაშაულოა, იმიტომ, რომ ის პრივილეგირებული კაცია და მას აქვს საკმარისი ძალაუფლება იმისათვის, მაშინაც კი უდანაშაულო იყოს, როცა დანაშაულს ჩადის. სხვა ქალებს კი, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან პროცესებს, ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ეუბნება: გაჩუმდით, აზრი არ აქვს ბრძოლას. დაივიწყეთ, რაც მოხდა.

— საზოგადოებაში, სადაც ქალის სიტყვა იმთავითვე ეჭვქვეშ დგება, სადაც მოსამართლე სიმართლის მხარეს არ არის, აქვს ბრძოლას აზრი?

— აქვს აზრი, აუცილებლად აქვს. რთულია გამარჯვება, მაგრამ, როდესაც მართალი ხარ, შესაძლებელია. ამ საქმესთან დაკავშირებით წინ კიდევ დიდი ბრძოლაა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ. ეჭვიც არ მეპარება სტრასბურგის გადაწყვეტილებაში. შეიძლება ჩვენი სისტემის წინაშე რაღაც დოზით დავმარცხდი, მაგრამ თავს მაინც გამარჯვებულად მივიჩნევ. ჩემი გამარჯვება ლაპარაკის დაწყება იყო. ქალებისთვის გზის ჩვენება, მოტივაციის მიცემა. ძალიან ბევრმა ქალმა მითხრა ამ ამბების მერე, რომ მათთვის მაგალითი ვიყავი, მათი ცხოვრება შევცვალე. ხალხმა დაიწყო სექსუალურ ძალადობაზე საუბარი. ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მოვხსენით ტაბუ ამ საკითხს, მეტ-ნაკლებად. როცა მოდიან და გეუბნებიან, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყებას შეუწყვე ხელი, ხვდები, რომ შენს არსებობას ფასი აქვს. ასე რომ, კი, სამართლიან ბრძოლას  ყოველთვის აქვს აზრი.

ინტერვიუს ბოლოს ვხვდები, რომ თამთას მთავარი გამარჯვება ბრძოლის დაწყება კი არა, მისი გაგრძელება და საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილია. მან იცის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება შეიძლება ოთხ ან ხუთ წელში იყოს და მზად არის, დაელოდოს. ისიც იცის, რომ სანამ პასუხი არ იქნება, თავს მშვიდად ვერ იგრძნობს. მისი ამბავი მთელი ეს წლები აჩრდილივით დაჰყვება, ხელს უშლის პირად ცხოვრებაში, კარიერის შექმნაში. მან იცის, რომ მასზე მომაგრებული იარლიყის მოშორება ძალიან რთულია, მაგრამ ისიც ზუსტად იცის, რომ ადრე თუ გვიან, ამას შეძლებს და საზოგადოებისთვის ის იქნება ქალი, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ გადარჩა. ამ გამოცდილებამ კი იგი ერთ-ერთ იმ ყველაზე ძლიერ ქალად აქცია, რომელმაც თავისი სამართლიანი ბრძოლით პრეცედენტი შექმნა ჩვენს ქვეყანაში და ბევრი მოძალადის შემაკავებელ ორდერად იქცა. ქალი, რომელსაც გაგიჟებით უყვარს ცეკვა, მეგობრები და ცხოვრება… და დილით ერთი ფინჯანი ყავა, რა თქმა უნდა.

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea

ფოტოგრაფი: ტბელ აბუსერიძე

ფოტოგადაღებისთვის სტუდია დაგვითმო Enigma Media-მ

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ელისო, ტასიკო, გეგენავა, ჩემი, პორტრეტი, ქალი, ქალები, ძალადობა, ოჯახური, ოჯახში, სექსუალური, ფსიქოლოგიური, eliso, tasiko, gegenava, chemi, portreti, ojaxshi, dzaladoba, ojaxuri, seqsualuri, fsiqologiuri

ელისო (ტასიკო) გეგენავა — ჩემი პორტრეტი

გაიცანით ელისო (ტასიკო) გეგენავა — ერთი ფერადი ჭანჭიკი, რომელსაც უნდა, რაღაც კონკრეტულ ადგილს მოერგოს, აგრამ თან ერთ ადგილას გაჩერებას არ შეუძლია.

ჩემი პორტრეტი
ირინა, კოტუა, პორტრეტი, დევნილი, ქალი, აფხაზეთი, დევნილობა, ომი

ირინა კოტუა — ჩემი პორტრეტი

აფხაზეთიდან დევნილი ქალის პორტრეტი — „ირინა კოტუა, პირველ რიგში, არის ქალი. მეუღლე, დედა, და, მეგობარი. დილის ყავით, სიგარეტით და მთელი დღე განვლილ ცხოვრებაზე ფიქრით“

ჩემი პორტრეტი

გააზიარე სტატია

თამთა თოდაძე — ჩემი პორტრეტი

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია