Facebook Script

ვაგინა — მისი აგებულება, ფუნქცია, დაავადებები და მკურნალობა

14 აპრილი, 2024 | ვაგინა და ვულვა

როდესაც ვაგინაზე საუბრობენ, ხშირად, სინამდვილეში, ვულვას გულისხმობენ, რომელიც მდედრობითი სქესის ანატომიის გარე სასქესო ორგანოების საერთო სახელწოდებაა. ვულვა მოიცავს:

  • დიდ და მცირე სასქესო ბაგეებს (ე.წ. „ლაბია მაჟორა“ და „ლაბია მინორა“)

  • ვაგინის (საშოს) წიაღს

  • კლიტორს

  • შარდსადენ მილს

  • ბოქვენს

ვაგინა, იგივე საშო, არის კუნთოვანი არხი, რომელიც დაფარულია ნერვებითა და ლორწოვანი მემბრანით. ის ერთმანეთთან აკავშირებს საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელს და მთავარ როლს ასრულებს მენსტრუაციის, სქესობრივი კავშირისა და მშობიარობის პროცესში.

ვაგინის ანატომია და ფუნქციები

ვაგინის (საშოს) შესასვლელი

ვაგინის შესასვლელი (ინგლ. Vaginal opening, ასევე Vaginal vestibule ან Introitus) არის ვაგინის ხვრელში შესასვლელი. ის მდებარეობს შარდსადენ მილსა და ანუსს შორის. ეს არის ხვრელი, საიდანაც გამოდის სისხლი მენსტრუაციის დროს, საიდანაც იბადება ბავშვი და ხვრელი, რომლის საშუალებითაც ხდება პენეტრაცია სქესობრივი კავშირის დროს.

ვაგინის კედელი

ვაგინის კედელი შედგება კუნთისგან, რომელიც დაფარულია პირის ღრუს ქსოვილის მსგავსი ლორწოვანი მემბრანით. ვაგინის კედელი შეიცავს ქსოვილის ფენებს ელასტიკური ბოჭკოებით. კედლის ზედაპირი შეიცავს ასევე დამატებითი ქსოვილის ნაოჭს, რომელიც ვაგინას სექსის დროს ან/და მშობიარობისას გაფართოებაში ეხმარება.

მენსტრუალური ციკლის დროს ვაგინის კედლის ქსოვილები განიცდიან ჰორმონალურ ცვლილებებს. ქსოვილის გარეთა ფენის უჯრედები ინახავს გლიკოგენს. ოვულაციის დროს ეს ფენა იშლება. გლიკოგენი იშლება ბაქტერიებით და ხელს უწყობს pH (მჟავიანობის) დონის შენარჩუნებას, რათა საშო პოტენციურად მავნე ბაქტერიებისა და სოკოებისგან დაიცვას.

საქალწულე აპკი

საქალწულე აპკი არის თხელი მემბრანა, რომელიც ფარავს ვაგინის შესასვლელს. მიუხედავად იმისა, რომ საქალწულე აპკი შეიძლება განსხვავდებოდეს ფორმისა და ზომის მიხედვით, უმეტესობას აქვს ნახევარმთვარის ფორმა. ეს ფორმა მენსტრუალურ სისხლს საშუალებას აძლევს, გამოვიდეს საშოდან.

პირველი სქესობრივი აქტის ან ვაგინაში რაიმეს შესვლის დროს საქალწულე აპკი შეიძლება გაიხეს. ეს ასევე შეიძლება მოხდეს სპორტული აქტივობის ან ვარჯიშის დროს.

არსებობს საქალწულე აპკის გარკვეული ფორმები, რომლებიც ხელს უშლის მენსტრუალური სისხლის გამოსვლას, ტამპონის გამოყენებას ან სქესობრივ კავშირს. ესენია:

  • არაპერფორირებული (ერთიანი) საქალწულე აპკი: ეს არის ერთიანი საქალწულე აპკი, რომელიც მთლიანად ფარავს ვაგინის შესასვლელს, რაც აფერხებს მენსტრუაციის დროს სისხლის გამოსვლას ვაგინიდან. აპკის გასახსნელად საჭიროა მცირე ქირურგიული ჩარევა;

  • მიკროპერფორირებული საქალწულე აპკი: ამ ტიპის საქალწულე აპკი არის ძალიან თხელი. მას აქვს პატარა ხვრელი, თუმცა მაინც მთლიანად ფარავს ვაგინის შესასვლელს. ასეთ დროს მცირე ქირურგიული ჩარევა ხდება ამ ხვრელის გასაზრდელად;

  • ტიხრისებრი საქალწულე აპკი: ამ ტიპის საქალწულე აპკის მემბრანას აქვს ქსოვილის კიდევ ერთი დამატებითი ზოლი, რომელიც წარმოქმნის ორ ხვრელს. ამ შემთხვევაშიც ხდება მცირე ქირურგიული ჩარევა.

ვაგინის პრობლემები და დაავადებები

ბევრი დაავადებაა ისეთი, რომელიც გავლენას ახდენს ვაგინაზე. აქ მოცემულია რამდენიმე ასეთი დაავადება/ინფექცია.

ვაგინიტი

ვაგინიტი არის საშოს ანთება, რომელიც გამოწვეულია ინფექციით. ახასიათებს ისეთ სიმპტომები, როგორიცაა: გამონადენი, ქავილი და წვის შეგრძნება. გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე, განასხვავებენ რამდენიმე სახის ვაგინიტს:

  • ბაქტერიული ვაგინოზი (BV) — ეს არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია სასარგებლო ვაგინალური ბაქტერიების ჭარბი ზრდით. ეს ხდება მაშინ, როცა ირღვევა საშოს pH-ის დონე, მაგალითად, ვაგინის გამობანით. ბაქტერიული ვაგინოზი არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (სგგი), მაგრამ ახალ ან ბევრ სხვადასხვა პარტნიორთან სექსმა შეიძლება გაზარდოს მისი განვითარების რისკი. თანმდევი სიმპტომებია: თეთრი ან ნაცრისფერი გამონადენი, თუმცა შეიძლება უსიმპტომოდაც განვითარდეს;

  • ვაგინის სოკოვანი ინფექცია — ეს არის სოკოვანი ინფექცია, რომლის გამომწვევი მიზეზი არის საშოში საფუარი სოკოს სახეობის, Candida albicans-ის, ჭარბი რაოდენობა. ამ ტიპის სოკოვანი ინფექცია საკმაოდ გავრცელებულია. მის სიმპტომებს შორისაა: ქავილი, ანთება და სქელი თეთრი გამონადენი, რომელსაც ხაჭოს მსგავსი სტრუქტურა აქვს. მისი მკურნალობა ძირითადად ხდება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით;

  • ტრიქომონიაზი — ის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომლის გამომწვევი მიზეზია პარაზიტი, სახელად Trichomonas vaginalis. მისი სიმპტომებია: მწვანე და ყვითელი გამონადენი თევზისებრი სუნით, წვა და სიწითლე. მკურნალობის პროცესში ნიშნავენ ანტიბიოტიკებს. ხელახლა დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად ორივე პარტნიორმა უნდა იმკურნალოს.

ვაგინიზმი

ვაგინიზმი სექსუალური დარღვევაა, რომლის დროსაც ვაგინის კუნთები უნებლიეთ იკუმშება, რაც ნებისმიერი სახის პენეტრაციას — ვაგინაში შეღწევის მცდელობას — ქალისთვის ძალიან მტკივნეულს ხდის. ვაგინიზმი ხშირად ვითარდება მაშინ, როცა ქალი პირველად ცდილობს სქესობრივი კავშირის დამყარებას პარტნიორთან.

ვაგინიზმის გამომწვევი კონკრეტული ერთი მიზეზი არ არის ცნობილი, თუმცა ხშირად დაკავშირებულია წარსულში გადატანილ სექსუალურ ტრავმასთან ან ემოციურ ფაქტორებთან. ვაგინიზმის გამო სექსის შიშმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების კიდევ უფრო შეკუმშვა, რაც ვაგინაში შეღწევას უფრო მტკივნეულს ხდის.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები გადადის სქესობრივი კონტაქტით. მსგავსი ტიპის ინფექციებს შეიძლება გავლენა ჰქონდეს ვაგინაზე და გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: გამონადენი, გენიტალური მეჭეჭები და წყლულებიც კი. სქესობრივი გზით გადამდები ზოგი ინფექცია უსიმპტომოდ ვითარდება და მხოლოდ გეგმური სკრინინგის დროს ჩანს. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიდან ყველაზე გავრცელებულებია ქლამიდია, გენიტალური ჰერპესი, გონორეა, ტრიქომონიაზი და პაპილომავირუსი.

ვაგინალური ატროფია

ვაგინალური ატროფია იწვევს საშოს ქსოვილების შეკუმშვასა და გათხელებას, რამაც შეიძლება, თავის მხრივ, გამოიწვიოს არხის შევიწროება და მისი ელასტიკურობის შემცირება. ვაგინალური ატროფია ხშირია მენოპაუზის დროს. მენოპაუზის დროს მცირდება ესტროგენის გამომუშავება, რაც ამცირებს ვაგინალური სითხეების რაოდენობას და არღვევს ვაგინის pH დონეს.

ვაგინალური ატროფია შეიძლება განვითარდეს ადრეულ ასაკში ესტროგენის შემცირების ისეთი მიზეზების გამო, როგორებიცაა ძუძუთი კვება, საკვერცხეების ამოკვეთა ან გარკვეული მედიკამენტების მოხმარება. გავრცელებული სიმპტომებია: ვაგინალური სიმშრალე, მტკივნეული სქესობრივი კავშირი და გაღიზიანება.

ვაგინალური პროლაფსი

ვაგინალური პროლაფსი ვითარდება, როდესაც მენჯის ფსკერის კუნთები და იოგები იწელებიან და სუსტდებიან, რის შედეგადაც სათანადოდ ვეღარ ამაგრებენ საშვილოსნოს. საშვილოსნო ვარდება ან გამოდის საშოდან. პროლაფსის განვითარების რისკი შეიძლება გაზარდოს ბუნებრივმა მშობიარობამ, მუცელზე ხშირმა ზეწოლამ ჭარბი წონის ან კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემების გამო ან/და მენოპაუზამ.

არსებობს სხვადასხვა სახის პროლაფსი, რომელიც აზიანებს ვაგინას:

  • ცისტოცელე — აზიანებს ვაგინის წინა მხარესა და შარდის ბუშტს;

  • რექტოცეზე — აზიანებს ვაგინასა და სწორი ნაწლავის უკანა მხარეს;

  • ენტეროცელე — აზიანებს საშოს კედლის წინა მხარესა და წვრილ ნაწლავს.

ვაგინალური პროლაფსი ყოველთვის სიმპტომებით არ ვითარდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმის ან ჩამოქაჩვის შეგრძნება მენჯში ან დაჭიმულობა მენჯის მიდამოებში.

სიმპტომები, როგორც წესი, ქრება წოლის დროს და მძაფრდება ფეხზე დგომის, მოძრაობის ან სიმძიმის აწევისას. ვაგინალური პროლაფსის შემთხვევაში შეიძლება გამოიყოს შარდი ცემინების, სიცილის ან ხველების დროს.

ვაგინის (საშოს) კიბო

საშოს კიბო ძალიან იშვიათი დაავადებაა. არსებობს საშოს კიბოს სხვადასხვა ტიპი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, რომელიც საშოს გარსში იწყება. ადრეულ სტადიაზე შეიძლება არ განვითარდეს სიმპტომი, თუმცა გავრცელებულ სიმპტომებს შორისაა უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა, გამონადენი ან გამონაზარდები საშოში.

საშოს კიბოს შემთხვევების ორი მესამედი გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსით (HPV). ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში საშოს კიბო ხშირად განკურნებადია.

ვაგინის პრობლემების სიმპტომები

ვაგინის პრობლემების მიერ გამოწვეული სიმპტომები, დაავადების ტიპიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ძალიან მსუბუქი ან მძიმე.

გავრცელებული საერთო სიმპტომებია:

  • ვაგინალური გამონადენის ოდენობის, ფერის ან სუნის ცვლილება

  • გაღიზიანება საშოში ან მის გარშემო

  • სიწითლე

  • ქავილი

  • სისხლდენა სექსის დროს ან მის შემდეგ

  • სისხლდენა მენსტრუალურ ციკლებს შორის

  • სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ

  • მტკივნეული სქესობრივი კავშირი

ვაგინის ნებისმიერი პრობლემა თუ დაავადება, როგორც წესი, ეფექტურად ექვემდებარება მკურნალობას, თუკი ადრეულ ეტაპზე დადგინდა დიაგნოზი. სწორედ ამიტომ, თუკი რომელიმე ზემოჩამოთვლილ სიმპტომებს შენიშნავთ, აუცილებლად და დროულად მიმართეთ სპეციალისტს.

რჩევები ვაგინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

მიუხედავად იმისა, რომ ვაგინასთან დაკავშირებული ბევრი დაავადება/ინფექცია არსებობს, მათი განვითარების რისკის შემცირება შეიძლება, თუკი ქვემოთ მოყვანილ რჩევებს გავითვალისწინებთ:

  • მოერიდეთ ვაგინის ზედმეტად ხშირ დაბანას. ვაგინა ბუნებრივად იწმინდება და ძალიან ხშირად დაბანამ შეიძლება დაარღვიოს ბაქტერიებისა და სოკოების ბუნებრივი ბალანსი, რაც იწვევს ინფექციას;

  • უარი თქვით სურნელოვან საპნებსა და ჰიგიენურ საშუალებებზე. ასეთმა საშუალებებმა შეიძლება გააღიზიანოს კანი და დაარღვიოს ვაგინის pH ბალანსი. აირჩიეთ უსუნო ჰიგიენური საშუალებები;

  • პასუხისმგებლობით მოეკიდეთ სექსუალურ ცხოვრებას. ყოველთვის დაიცავით თავი სექსის დროს ახალ პარტნიორებთან და აკონტროლეთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები გეგმური ანალიზების ჩატარებით;

  • გააკეთეთ კეგელის ვარჯიშები. ეს ხელს უწყობს მენჯის ფსკერის კუნთების გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს საშოს პროლაფსის განვითარებისა და მენჯის ფსკერი კუნთების დასუსტების რისკს;

  • გაიკეთეთ ვაქცინაცია. სქესობრივი გზით გადამდები ადამიანის პაპილომავირუსისა და B ჰეპატიტის პრევენცია ვაქცინებითაა შესაძლებელი. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და გაიკეთეთ შესაბამისი ვაქცინები;

  • რეგულარულად ჩაიტარეთ გამოკვლევები. მიმართეთ ექიმს და გეგმურად გაიკეთეთ პაპ ტესტი, ჩაიტარეთ ასევე საშვილოსნოს ყელის კიბოსა და ადამიანის პაპილომავირუსის სკრინინგი. რეკომენდებულია, რომ 21-იდან 65 წლამდე ქალებს ჩაუტარდეთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი პაპ ტესტთან ერთად ყოველ სამ წელიწადში ერთხელ.

გამოყენებული წყარო:

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: Shutterstock

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით

მსგავსი სტატიები

ვაგინა, გამონადენი, ვაგინალური, ფერი, ცვლილება, მენსტრუაცია, საშო

ვაგინალური გამონადენი — როდის და რატომ იცვლება ის?

რა ფერის უნდა იყოს ჯანსაღი ვაგინალური გამონადენი? როგორ გავარჩიოთ ის სხვა ტიპის გამონადენებისგან და როდის მივმართოთ ექიმს?

ვაგინა და ვულვა
ქალი, გოგო, სხეული, რეპროდუქციული, ანატომია, სისტემა, ძუძუები, მკერდი, ვულვა, ვაგინა, საშვილოსნო, ყელი, საკვერცხე, ბოქვენი, კლიტორი, აპკი, ჯირკვლები, არეოლა, qali, gogo, sxeuli, reproduqciuli, anatomia, sistema, dzudzuebi, mkerdi, vulva, dzudzu, ძუძუ, vagina, საშო, sasho, sashvilosno, yeli, sakvercxe, boqveni, klitori, apki, jirkvlebi, areola

ქალის სხეული და რეპროდუქციული ანატომია — რა უნდა ვიცოდეთ?

რა შედის ქალის ანატომიაში? ვულვა (ბოქვენი, დიდი და მცირე სასქესო ბაგეები, კლიტორი, კლიტორის ჩუჩა, შარდსადენი, საშო (ვაგინა), საქალწულე აპკი და ბართოლინის ჯირკვლები. საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი, საკვერცხეები, პერინეუმი (შორისი). ძუძუები და მათი ანატომიური ერთეულები.

ჩემი სხეული
კლიტორი, klitori, სავნებო, savnebo, ქალი, სიამოვნება, ორგაზმი, სად, არის, sad aris, qali, siamovneba, orgazmi, მასტურბაცია, masturbacia, გოგო, gogo, ვაგინა, vagina

კლიტორი — ქალის სიამოვნების მთავარი წყარო

კლიტორი (სავნებო) ქალის ეროგენული ორგანოა, რომელიც სექსუალურ აღგზნებაში მონაწილეობას — კლიტორის ანატომია, მასტურბაცია და სიამოვნება

ვაგინა და ვულვა

გააზიარე სტატია

ვაგინა — მისი აგებულება, ფუნქცია, დაავადებები და მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია