ბრძოლას, რომელსაც დღეს ყველა ერთად ვაკვირდებით ან რომლის მონაწილეც ვართ, ბევრი სახე და ხმა აქვს. ლიდერები თვალსა და ხელს შუა იბადებიან და ვითარდებიან. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანის სახელი და გვარი ამოდის ზედაპირზე და უფრო მეტი ადამიანის ხმა გვესმის ყოველდღიურად. ეს ის ხმებია, რომლებიც გვაიმედებენ, რომ ცვლილებები აუცილებლად დაიწყება. თუმცა ქალაქში, რომელიც დედაქალაქიდან დაახლოებით 310 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, უკვე ძალიან ბევრი წელია ერთი ქალის ხმა ისმის. ელისო ჯანაშია ფოთში მცხოვრები ის აქტივისტია, რომელმაც უსამართლობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს დაიწყო და დღემდე ზუსტად იმავე ან უფრო მეტი შემართებით აგრძელებს. იცავს ადამიანის უფლებებს, ცხოველებს, გარემოს. აკვირდება არჩევნებს და ყოველთვის დგას იქ, სადაც პროტესტია. უფრო სწორად, მას თავად შეაქვს პროტესტი ყველგან, სადაც მიდის, რადგან, როგორც თავად ამბობს, თუ ერთხელ მაინც „მოიწამლე“ აქტივიზმით, თავს ვერასდროს ვეღარ ანებებ.
როგორც მოსალოდნელი იყო, მასთან საუბარი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ვთხოვე, თქვენი აქტივიზმის შესახებ მინდა დაწერა და თუ შეგიძლიათ, ნახევარი საათი რომ დამითმოთ-მეთქი. ინტერვიუს ბოლოს საათს რომ დავხედე, აღმოჩნდა, რომ ორი საათი გვისაუბრია. მისი ცხოვრება და საქმიანობა ბევრად მეტია, ვიდრე ნახევარ საათში მოსაყოლი ამბავი.
როდის და როგორ იწყება ელისო ჯანაშიას, როგორც აქტივისტის, ისტორია?
— ჩემი აქტივიზმი სამ ხელისუფლებას ითვლის. სამივე რეჟიმის დროს ვიბრძოდი სამართლიანობისთვის. ამას რომ ვამბობ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოსწონთ. იმ დროს რეჟიმი არ ყოფილაო, სახელმწიფო ავაშენეთო. არადა, მათი მხრიდანაც პირდაპირი მუქარები იყო. მე ხომ ვიცი, რა გამოვიარე, რას განვიცდიდი, როგორი ზეწოლა იყო.
2000 წელს დავაფუძნე ფოთში „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი“. 27-28 წლის ვიყავი. 2002 წელს გამოვეცი ერთ თანამოაზრესთან ერთად გაზეთი „თავისუფალი სიტყვა“, რომელიც 2010 წლამდე ბეჭდური სახით გამოდიოდა. ვატარებდით ჟურნალისტურ გამოძიებებს და ისეთ თემებს ვეხებოდით, რომლებსაც სხვაგან ვერ/არ ეხებოდნენ, რადგან არ იყო მარტივი. 2005 წელს საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის პრიზიც ავიღეთ. ეს გამოძიება წითელ წიგნში შესულ ნეკერჩხალს ეხებოდა, რომელიც საქართველოდან კონტრაბანდულად გადიოდა და ამ საქმეს ახალაიები და ვანო მერაბიშვილი მფარველობდნენ. ზოგადად, ხე-ტყე მერაბიშვილის ბიზნესი იყო. საქმე ისაა, რომ წიგნში შესული ნეკერჩხალი გააფორმეს, როგორც წიფელა და ისე გაჰქონდათ. ეს ამბავი კუდის ახლად დანიშნული უფროსისგან გავიგეთ, რომელმაც თავად გვითხრა ეს, რადგან არ იცოდა, ვისი ტვირთი იყო და ვინ მფარველობდა. როცა ეს საქმე გამოვიძიეთ და დავბეჭდეთ, მირეკავდა ეს ადამიანი, მთხოვდა, არ დამეწერა, გამანადგურებენო, შეიძლება მომკლანო. უარი ვუთხარი. წავიდა და მთლიანი ტირაჟი იყიდა იმ ნომრის, რომელშიც ეს ამბავი დაიწერა. მეც ავდექი და მეორე ნომერშიც იგივე დავწერე. ცუდი ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ სახელებით და გვარებით გვეწერა პასუხისმგებელი პირები, ამათმა მხოლოდ ექსპერტი და მებაჟე დაიჭირეს. ექსპერტი გასაგებია, გააყალბა დოკუმენტი, მაგრამ მებაჟე საერთოდ არაფერ შუაში იყო. ძალიან ვინერვიულე მაშინ მაგაზე.
გაზეთმა 2010 წლამდე იარსება. შემდეგ ონლაინ გავაგრძელეთ საქმიანობა და დაახლოებით 7-8 წელი ვაკეთებდით ამ საქმეს. ნამდვილად დამოუკიდებელი მედია ვიყავით. ზოგჯერ ხალხი ქუჩაში რომ მხვდებოდა, არ გეშინიაო, მეკითხებოდნენ, პირზე ხელს მაფარებდნენ. სადღაც, 2016-2017 წელს გადავედი თბილისში, თუმცა კოვიდის დროს ისევ დავბრუნდი ფოთში, რადგან ვერ გავუძელი თბილისის გადატვირთულობას. თან, აქ სახლი მქონდა, ბოსტანი გავაკეთე, ძაღლები შევიფარე და ისევ აქ გავაგრძელე აქტივიზმი.
ყველა ხელისუფლების დროს წინააღმდეგობაში იყავით. რა გიცავდათ მათგან?
— მიშას დროს, მაგალითად, საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა იმ ფაქტს, ამერიკის ან დასავლეთის მხარდაჭერა თუ გქონდა, რაც მე ყოველთვის მქონდა. ძალიან გვიჭერდა მხარს ამერიკის საელჩო, ჯონ ბასი პირადად შეგვხვდა, შემდეგ თავადაც მიგვიწვიეს საელჩოში, ჩვენს საჭიროებებზე ვილაპარაკეთ. სააკაშვილი ძალიან აქცევდა ამას ყურადღებას და ყველაფერს აკეთებდა, რომ დასავლეთს არ გაეგო მათი დანაშაულების შესახებ. შესაბამისად, ეს მხარდაჭერა მეხმარებოდა, ალბათ. დღეს პირიქითაა. ამერიკა თუ გიჭერს მხარს, აგენტს გეძახიან. უფრო და უფრო უარესდება მდგომარეობა. შევარდნაძის დროსაც კი იყო გარკვეულ უსამართლობებზე რეაგირება. მთავარია, უშუალოდ მის ოჯახს და კლანს არ შეხებოდი, ჩხარტიშვილების, ახვლედიანების და ასეთ რამდენიმე ოჯახს, სხვა შემთხვევებში, რაღაცებზე რეაგირებდა. ახლა ეგეც აღარაა. ყველას, არც ისე მნიშვნელოვან თანამდებობებზე მყოფ თავისიანებსაც ბოლომდე იცავენ, რაც არ უნდა დააშავონ. ეს ძალიან საშიში მოცემულობაა.
თქვენი პროტესტი ხშირად შეუფასებიათ, როგორც ერთი ქალის პროტესტი ფოთში. რას ფიქრობთ ამაზე?
— დღეს ფოთში აქტივიზმი, ფაქტობრივად, არ არსებობს. საერთოდ არ მომწონს თეთრი ყვავობა, მაგრამ ასეა. ეს პატარა ქალაქის სევდაა. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის ნათესავია და არ მიდიან ერთმანეთის წინააღმდეგ. გარდა ამისა, მარტივად ექცევიან გავლენების ქვეშ. ამას დაუმატეთ მუქარები და ზეწოლა. უმრავლესობა ამ ყველაფერს ვერ უძლებს. ამის ფონზე, ჩემი აქტიურობა, რა თქმა უნდა, ძალიან ჩანს, რის გამოც ჩემს სერიოზულ დისკრედიტაციას ეწევიან. ჭორებს ავრცელებენ, რომ ფული მინდა ან ფულს ვიღებ ამ ყველაფერში. აქ მაქვს კაფე და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე „ლიმენა“. რამდენჯერ ყოფილა, რომ დაბადების დღე არ გადაუხდიათ ჩვენთან იმის გამო, რომ მერიაში ან სადმე ეგეთ ადგილას მუშაობენ და იქ არ მოეწონებათ. ხალხს ეუბნებიან, რომ არასამთავრობოა ეგ და მანდ რა გინდათო. როცა აქ ასე აქტიურობ, მარტივად ხვდები თვალში ყველას და ისეთ გარემოში გიწევს შემდეგ ყოფნა, წესით, თვითონ რომ უნდა იყვნენ იმ კორუფციის და ღალატის გამო, რასაც სჩადიან. როცა 23 დეკემბრის ინციდენტი მოხდა და თავს დამესხნენ „ტიტუშკა“ ქალები, ძალიან ცუდად ვიყავი, უამრავი ნათესავი მყავს ფოთში და არავის არ მოვუკითხივარ, არავის ერთი ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებია. მერიაში და ადმინისტრაციულ სამსახურებში მუშაობენ და არ უნდათ, რომ ღიად დამიჭირონ მხარი. უფრო მეტიც, ფიქრობენ, მე ვუშლი ხელს მათ სიმშვიდეში და კარიერულ გზას ვუხშობ.
ერთი ქალი არ ვიცი, მაგრამ ვინც რაღაცას ვაკეთებთ და ვცდილობთ, ვინც მუდმივად დავდივართ აქციებზე, მათ შორის, 10-15 ადამიანი თუ ვიქნებით ასეთი, რაც ძალიან ცოტაა.
თუმცა, მხარდამჭერებიც არიან. ბევრნი არა, მაგრამ არიან და ეგ მაძლებინებს. თავს რომ დამესხნენ, მაგ დღის მერე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ აქტივისტები, ზოგი ისედაც მოდიოდა ჩემს სივრცეში და მეკითხებოდნენ, რა მჭირდებოდა და რით შეიძლებოდა დამხმარებოდნენ. მაშინ ამ სივრცის შენარჩუნება მჭირდებოდა, რადგან არც გრანტი გვქონდა და არაფერი. „ქრაუდფანდინგით“ მართლა შეგროვდა სამი თვის იჯარის ფული და მაგ მხარდაჭერით მოვდივარ დღემდე.
საუბრისას ახსენეთ, მედიები არ ინტერესდებიან, რეალურად რა ხდება ფოთში და პროტესტიც ცენტრალიზებულიაო. ამაზე რომ ვისაუბროთ — ამ პროტესტში მედიის როლზე.
— დამოუკიდებელი მედია არ გვყავს. ტელევიზიებს ვგულისხმობ. ან ხელისუფლების მიერ არიან მართული ან ყოფილი ხელისუფლების (ასე ვეძახი მაგათ). ეთერებში მხოლოდ ან ოცნების წევრები ჩანან, ან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ვინც პროტესტში აქტიურად არაა ჩართული და გარედან აკვირდება, უყურებს ამ ტელევიზიებს და ფიქრობს, რომ ახლანდელი და ყოფილი პოლიტიკოსები ებრძვიან ერთმანეთს და დაუხოცავთ ერთმანეთიო. რამდენ რამეს ვაკეთებ ფოთში, მაგრამ ოპოზიციურ არხებზე პირველად მაშინ მოვხვდი, თმებით რომ მითრიეს, ეგეც რამდენიმე წუთით, ბევრი დრო არ გვაქვსო. სკანდალი იყო და ეგეც მაგიტომ. ცოტა ხნის წინ „ფორმულასთან“ მომივიდა კამათი. ისე შუქდებოდა ყველა აქცია ფოთში, არცერთი სამოქალაქო აქტივისტი არ ვჩანდით. მარტო ის ჩანდა, რომ „ნაცები“ გამოდიოდნენ სიტყვით. მივედი და ოპერატორს ვკითხე, რატომ იღებთ ეგრე, რომ არავინ ჩანს ამათ გარდა-მეთქი, შენ ვინ გეკითხება, ჩემი საქმე მე ვიციო, მიპასუხა ძალიან უხეშად. შენი ცოლი ხომ მერის პრესსამსახურის უფროსია და „ქოცი“ ხარ-მეთქი? და კიო, პირდაპირ მითხრა. გასაგებია მაშინ, რატომაც აკეთებ-მეთქი. მივწერე „ფორმულას“ ამის შესახებ. ახლახან გავიგე, გაუშვეს ეს ოპერატორიო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, იმის მერე არც არაფერი გაშუქებულა ფოთიდან, რომ დავკვირვებოდი. მედია ძალიან უწყობს ხელს ამ პოლარიზებას და ეს პროტესტზე უარყოფითად აისახება. არადა, რამდენი განათლებული, ჭკვიანი აქტივისტია. ზოგჯერ ვუსმენ და ვფიქრობ, რა კარგად ლაპარაკობენ, როგორ ზუსტად იციან, რა უნდათ, რისთვის იბრძვიან, რატომ არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები პოლიტიკაში და რატომ უნდა იყოს პოლიტიკა პრივატიზებული ვიღაც ჯგუფების მიერ-მეთქი. თუმცა, ეთერებში ეს ხალხი არ ჩანს.
ჩვენმა მედიაგამოცემამ 2019 წლის მერე შეწყვიტა არსებობა. ეს ინფორმაციული ვაკუუმი რომ ამოვავსოთ, გვინდა, გავაკეთოთ მედიაპლატფორმა „ამბები ფოთიდან“. შეტანილი გვაქვს პროექტი და პასუხს ველოდებით. უნდა არსებობდეს ალტერნატივა და მოსახლეობას უნდა ჰქონდეს წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც რეალობას ასახავს.
შევარდნაძის რეჟიმიდან მოყოლებული იბრძვით. როგორც ამბობთ, უკეთესობისკენ კი არ იცვლება სიტუაცია, პირიქით, უარესდება კიდეც. ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა ფარ-ხმალი 100 დღეში დაყარა. თქვენ წლებია, უწყვეტად იბრძვით. როგორ ახერხებთ ამას? რა გაძლევთ ძალას?
— ძალიან იდეური ვარ, ალბათ, არ ვიცი და გამოუსწორებელი ოპტიმისტი. მაქვს ხოლმე ისეთი პერიოდები, როცა ძალიან ცუდად ვარ და ვერაფერს ვაკეთებ, მაგრამ მერე ისევ თავიდან ვიწყებ. მებაჟე რომ დაიჭირეს მაშინ, იმის დედა ამ ამბავს მე მაბრალებდა და მწყევლიდა. ვერაფრით გაიგო, რომ ამ უსამართლობასთან მე არაფერ შუაში ვიყავი, არც კი მიხსენებია მებაჟე სტატიაში. საშინელებებს მითვლიდა ხოლმე სხვების პირით. ძალიან რთული იყო ამის ატანა. თუმცა, ერთხელ რომ მოიწამლები აქტივიზმით, მერე თავის დანებება რთულია, ვეღარ ხდები გულგრილი იმ უსამართლობის მიმართ, რაც გარშემო ხდება. თან, ჩვენ ხომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ან ჩვენი ოჯახებისთვის არ ვიბრძვით? ყველასთვის გვინდა ეს ცვლილებები და კეთილდღეობა. ალბათ, ესეც მაძლებინებს, რომ მაინც სადღაც გულის სიღრმეში მჯერა, რომ ერთ დღესაც მივაღწევთ ამ ცვლილებებს და ხალხიც დაინახავს, რომ მათთვისაც ვიბრძოდით. განა მადლობა მჭირდება მათგან, უბრალოდ, მინდა დაინახონ, რომ მარტო ჩემთვის არ ვაკეთებდი ამ ყველაფერს. რაც დრო გადის, შეიძლება უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ერთ დღესაც მივიღებ იმას, რისთვისაც ვიბრძვი და არ იქნება ამდენი ჩაგრული ქვეყანაში, აღარ იქნება ასეთი სიღარიბე. ჩვენი მტერი ხომ ეს არის? სიღარიბე, კორუფცია. არ ვიცი, როგორ ამოატრიალეს ყველაფერი ისე, რომ მთავარ თემად, მაგალითად, ლგბტ საკითხი წამოწიეს და ეს დააჯერეს ადამიანებს. შენს მაცივარში რა გიდევს, ეს როგორ შეიძლება ვინმეს სექსუალურ ორიენტაციას უკავშირდებოდეს? მართალია, ფოთში ნაკლებად, მაგრამ, ზოგადად, დღეს უფრო მეტი აქტივისტია, ვიდრე წინა ხელისუფლებების დროს იყო და ესეც მაძლევს იმედს. მაშინ მართლა შეძლეს და დააშინეს ვიღაცები. დღეს რომ ახალგაზრდების დაშინება მოინდომეს, თითქოს, უკუშედეგი გამოიღო, უფრო გაძლიერდნენ ეს ახალგაზრდები. იცით, რა? შემიძლია დღესვე დავკრა ფეხი და წავიდე და ამდენი წელი ბრძოლის მერე საკუთარ თავთანაც მართალი ვიყო, მაგრამ არ შემიძლია, რადგან ეს მაინც იმ ახალგაზრდების ღალატი მგონია, რომლებიც აქციებზე დგანან. არ უნდა გავჩერდეთ, ეს არის მთავარი. თუ გავჩერდებით, წავაგებთ.
ელისო ჯანაშიას აქტივიზმი კიდევ ბევრ ამბავს იტევს — ბევრ გამოძიებას, რომელსაც სხვადასხვა ხელისუფლება ერთნაირი გზებით — მუქარითა და ზეწოლით — პასუხობდა. სიჩუმის სანაცვლოდ ხან თანამდებობებს სთავაზობდნენ, ხან — ფულს. არასდროს არაფერს დასთანხმებია, რადგან სიჩუმე მისი არჩევანი არასდროს ყოფილა.
ელისო ჯანაშიას უწყვეტი პროტესტი 28 ნოემბერს არ დაწყებულა, ის 25 წელს ითვლის და როგორც თავად აღნიშნავს, დანებებას არ აპირებს. გული მხოლოდ იმაზე წყდება, რომ ყველაფერთან ერთად, პროტესტიც ცენტრალიზებულია და საზოგადოების ყურადღებაც მხოლოდ რუსთაველისკენაა მიმართული, თუმცა ამასაც თავისებურად ამართლებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია იქ დგომა, რადგან ადამიანები ერთმანეთს ხედავენ და ამითაც ძლიერდებიან, მმართველი პარტია კი ღიზიანდება. ცხადია, წინააღმდეგობის ყველა ფორმა მნიშვნელოვანია, თუმცა ამ წინააღმდეგობებშიც გამოირჩევა ხმები, რომლებიც განსაკუთრებულად ხმამაღალი და შემაწუხებელია ე.წ. „ხელისუფლებისთვის“. ერთ-ერთი ასეთი ხმა სწორედ ელისო ჯანაშიას ეკუთვნის.
სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე
მთავარი ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა / UN Women
♦ სტატია მომზადებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით