Facebook Script

ოჯახში ძალადობა — გამომწვევი მიზეზები და თავდაცვის გზები

ოჯახში ძალადობა (ან „ოჯახური ძალადობა“) არის ძალადობის, დაშინებისა თუ მუქარის გამოყენება ოჯახის წევრის, პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მანიპულაციის და კონტროლის მიზნით. ასეთ ურთიერთობაში არის ძალაუფლების დისბალანსი და ძალადობრივი ქცევა გამოიყენება სხვების სამართავად.

ოჯახში მოძალადეები ყოველთვის კაცები არ არიან, მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ ოჯახურ ურთიერთობებში ძალადობის ჩამდენი ყველაზე ხშირად კაცები არიან, მსხვერპლები კი — ქალები და ბავშვები. მაგალითად, ავსტრალიაში ყოველი მესამე ქალს გამოუცდია ფიზიკური და/ან სექსუალური ძალადობა, რომელშიც მოძალადე მათი ნაცნობი კაცი იყო.

ოჯახში ძალადობა ნებისმიერი ტიპის ოჯახურ ურთიერთობაში შეიძლება მოხდეს, მათ შორის წყვილებს შორის, ოჯახის წევრებს შორის და ასაკოვანი ან შშმ პირების მიმართ.

მართალია, ოჯახში ძალადობა შეიძლება შეეხოს ნებისმიერს, განურჩევლად მისი სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსისა, მაგრამ ზოგი ადამიანი ოჯახში ძალადობის უფრო გაზრდილი რისკის ქვეშაა, მათ შორის:

  • რეგიონებში მცხოვრები ქალები;

  • ახალგაზრდა ქალები;

  • ქალები, რომლებიც კულტურულად ან ენობრივ უმცირესობას წარმოადგენენ;

  • ორსული ქალები;

  • ლგბტქ+ ადამიანები;

  • შშმ ქალები.

ოჯახში ძალადობის გამომწვევი ხშირი ფაქტორები

გენდერული უთანასწორობა კაცსა და ქალს შორის, მათ შორის მასკულინობაზე არსებული საზიანო წარმოდგენები, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ურთიერთობებში კაცების მხრიდან ქალებზე ძალადობის მაღალ მაჩვენებელზეა პასუხისმგებელი.

მასკულინობა მოიცავს წყებას პრაქტიკებისა, მიმართებებისა და ქცევებისა, რომელთა შორისაცაა სოციალური ნორმები და „დაუწერელი კანონები“ იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს კაცი საზოგადოებაში. სოციალური მოლოდინები იმაზე, თუ როგორები უნდა იყვნენ და როგორ იქცეოდნენ კაცები და ბიჭები, ყოველდღიურად ისწავლება და ინერგება საზოგადოებაში ინსტიტუციების, პრინციპებისა და კანონების გავლით.

ბევრი ნიშან-თვისება, რომელიც ხშირად ასოცირებულია კაცებთან და ბიჭებთან, ასევე ახასიათებთ სხვებსაც, მათ შორის ქალებს, გოგოებს, ტრანს, ინტერსექს, ქვიარ და არაბინარულ ადამიანებს.

ოჯახში ძალადობის კუთხით არ არსებობს „ტიპური“ მოძალადე, თუმცა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირები ხშირად:

  • ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას იყენებენ საიმისოდ, რომ აკონტროლონ ოჯახი და მისი წევრები;

  • ფიქრობენ, რომ მათ უფლება აქვთ, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ, როცა საკუთარ სახლში არიან;

  • აქვთ გარკვეული წარმოდგნები მასკულინობაზე, მათ შორის ის, რომ „ნამდვილი მამაკაცი“ უნდა იყოს მტკიცე, ძლიერი და სახლის უფროსი. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ოჯახში გადაწყვეტილებების უდიდესი ნაწილი მათ უნდა მიიღონ, მათ შორის ის, თუ როგორ და რაში უნდა დაიხარჯოს ფული;

  • სჯერათ, რომ კაცებს აქვთ უფლება, მიიღონ სექსი პარტნიორებისგან;

  • პასუხისმგებლობას არ იღებენ საკუთარ ქცევაზე და ფიქრობენ, რომ მათი ქცევა პროვოცირებული იყო საყვარელი ადამიანების ან გარემოებების მიერ;

  • ცდილობენ, გაამართლონ ჩადენილი ძალადობა — მაგალითად, დააბრალონ ის ალკოჰოლს ან სტრესს;

  • ამბობენ, რომ გაბრაზებისას „წყობილებიდან გამოდიან“ ოჯახში ყოფნისას, თუმცა მათ შეუძლიათ საკუთარი ბრაზის მართვა სხვა ადამიანების მიმართ. ისინი, ჩვეულებრივ, არ მიმართავენ ძალადობას სხვა სიტუაციებში, მაგალითად, მეგობრებთან, უფროსებთან, კოლეგებთან ან პოლიციასთან;

  • ცდილობენ, მოახდინონ ჩადენილი ძალადობის მინიმიზაცია, დააბრალონ ის სხვებს, გაამართლონ ან საერთოდაც უარყონ ძალადობა თუ მისი გავლენა ოჯახის წევრებზე

ოჯახში ძალადობის კონტექსტში იძულებითი კონტროლი კომპლექსურია და შეიძლება რთული აღსაწერი და განსასაზღვრი იყოს. მართალია, თითოეული მოძალადის და ძალადობაგამოვლილი ადამიანის ქცევების ტაქტიკები და კანონზომიერებები უნიკალურია, მაგრამ იძულებითი კონტროლი ოჯახში ძალადობის ყველა ფორმას ახასიათებს. ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძალადობაგამოვლილი ადამიანების უსაფრთხოებაზე, ავტონომიაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ართმევს მათ იდენტობისა და თავისუფლების განცდას.

ზოგი ოჯახში მოძალადე თავადაც ძალადობრივ გარემოში გაიზარდა, თუმცა უმრავლესობა — არა.

ოჯახში ძალადობის ფორმები

ოჯახში ძალადობა მოიცავს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ:

  • ფიზიკურ ძალადობას — მაგალითად, ხელის კვრას ან დარტყმას;

  • სექსუალურ ძალადობას — მაგალითად, ადამიანის იძულებას, მონაწილეობა მიიღოს სექსუალურ აქტივობაში;

  • ემოციურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას — მაგალითად, ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვების დაძახებას და მისი ქცევის გაკონტროლების მცდელობას;

  • ეკონომიკურ ძალადობას — მაგალითად, ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებისა და თანხების გაკონტროლებას მათი თანხმობის გარეშე;

  • უგულებელყოფას — ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვას, საფრთხისაგან დაუცველობას, ასევე სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის საჭირო მოქმედებების განუხორციელებლობას, როცა მშობელს სათანადო ინფორმაცია და რესურსები აქვს.

  • ოჯახის წევრის საკუთრების განზრახ დაზიანებას;

  • ნებისმიერ სხვა ქცევას, რომელიც ოჯახის წევრს აგრძნობინებს, რომ მას, სხვა ადამიანს ან ცხოველს საფრთხე ემუქრება;

  • ზემოჩამოთვლილთაგან ნებისმიერის ჩადენის მუქარას.

ვარ თუ არა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი?

გაეცით პასუხი შემდეგ კითხვებს:

  • თქვენი პარტნიორი ან ოჯახის წევრი ოდესმე დაგმუქრებიათ, რომ რამეს დაგიშავებდათ ან მოგკლავდათ?

  • თქვენი პარტნიორი გაყენებთ ფიზიკურ ზიანს, აზიანებს თქვენს საკუთრებას, გესვრით ნივთებს ან თავს საფრთხის ქვეშ გაგრძნობინებთ?

  • თქვენი პარტნიორი თავს ცუდად გაგრძნობინებთ ან გაფიქრებინებთ, თითქოს ვერაფერს ვერ აკეთებდეთ სწორად?

  • თქვენი პარტნიორი მუდმივად ცდილობს თქვენს დაკნინებას, თქვენი გარეგნობის გაკრიტიკებას ან თქვენთვის შეურაცხმყოფის მოყენებას?

  • გრძნობთ, რომ თქვენზე ზეწოლას ახდენენ ან გაიძულებენ, დაკავდეთ სექსით, მაშინაც კი, როცა ეს არ გსურთ?

  • თქვენს პარტნიორს თქვენთვის დაუძალებია რამე ისეთის გაკეთება, რაც თქვენთვის დამამცირებელი იყო?

  • ოჯახის ფინანსებს ან თქვენს თანხას პარტნიორი განაგებს (მაგალითად, თვითონ წყვეტს, არ მოგცეთ გული ან გააკონტროლოს, როგორ დახარჯავთ მას)?

  • როდესაც საპირისპირო სქესის ადამიანებს ესაუბრებით, თქვენ პარტნიორი უმიზეზოდ ეჭვიანობს ან გაბრალებთ, რომ ვინმეს ეფლირტავებით?

  • თქვენ პარტნიორი ცდილობს, რომ აკონტროლოს, გექნებათ თუ არა კონტაქტი თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან (მაგალითად, ამოწმებს თქვენს ზარებს ან მიმოწერებს), ან გიკრძალავთ მათ ნახვას?

  • თქვენი პარტნიორი მუდმივად მოითხოვს, რომ იცოდეს, სად ხართ ან სად იყავით?

  • თქვენი პარტნიორი ისე გექცევათ, თითქოს მისი საკუთრება იყოთ?

  • თქვენს პარტნიორს დაუძალებია თქვენთვის ისეთი რამის გაკეთება, რაც არ გინდოდათ?

  • თუკი თქვენი პარტნიორი აგრესიული ყოფილა, მას უცდია, რომ მისი ბრაზი და ძალმომრეობა თქვენთვის დაებრალებინა?

  • თქვენს პარტნიორს უცდია, რომ უარეყო ჩადენილი ძალადობა ან უთქვამს, რომ ის ისეთი მძიმე არ ყოფილა ან რომ ის თქვენ თავად გამოიწვიეთ?

  • რთულია, რომ თქვენს პარტნიორს „არა“ უთხრათ?

  • უცდია თუ არა თქვენს პარტნიორს თქვენთვის თვალთვალი ან თქვენი მუდმივად შევიწროება?

  • თუკი შვილები გყავთ, თქვენი პარტნიორი დაგმუქრებიათ თუ არა, რომ მათ წაგართმევდათ?

  • დაგმუქრებიათ თუ არა თქვენი პარტნიორი, რომ ის ზიანს მიაყენებდა თქვენს შვილებს, ოჯახს, მეგობრებს ან შინაურ ცხოველებს?

  • ეკითხება თუ არა თქვენი პარტნიორი თქვენს შვილებს, თუ სად იყავით და ვისთან?

  • წაუხალისებია თუ არა თქვენს პარტნიორის თქვენი შვილები, რომ მათ თქვენთვის შეურაცხყოფა მოეყენებინათ ან შეუფერებლად ესაუბრათ თქვენთან?

  • თქვენი შვილები ისმენენ ან ხედავენ ისეთ რაღაცებს, რაც შეიძლება მათთვის საზიანო იყოს?

  • გემუქრებათ თუ არა თქვენი პარტნიორი, რომ თავს მოიკლავს?

თუკი ჩამოთვლილთაგან რომელიმე შეკითხვას „კი“ უპასუხეთ, მაშინ, შესაძლოა, თქვენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყოთ — თუნდაც ეს მხოლოდ ერთხელ მომხდარიყოს.

► ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, არის მოძალადე და მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მას.

► იხილეთ აგრეთვე:

წყარო: MamaMia

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები

საქართველოში, თუკი ოჯახში ძალადობის შემთხვევა არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად და მოძალადეთა შესაზღუდად დროებითი ღონისძიების სახით გამოიყენება შემაკავებელი და დამცავი ორდერები.

შემაკავებელი ორდერი გაიცემა პოლიციის თანამშრომლის მიერ კონკრეტული ძალადობის ფაქტზე რეაგირების დროს, 1 თვემდე ვადით, ხოლო დამცავ ორდერს გამოსცემს პირველი ინსტანციის სასამართლო, 6 თვემდე ვადით. შემაკავებელი/დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:

  • მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდების საკითხს (განურჩევლად იმისა, მოძალადე ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა);

  • მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდებისა და თავშესაფარში მოთავსების საკითხებს;

  • მოძალადისთვის თანასაკუთრებაში არსებული ქონების ერთპიროვნულად სარგებლობის აკრძალვას;

  • მოძალადის არასრულწლოვანისაგან განცალკევების საკითხს;

  • მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების საკითხს;

  • მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების საკითხს;

  • მოძალადისთვის იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას;

  • მოძალადის გაფრთხილებას ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

  • სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შესაძლოა, ორდერის გამოცემისას ერთდროულად დადგეს ყველა სახის შეზღუდვა.

► შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ისჯება კანონით.

► თუკი ოჯახში ძალადობა შეიცავს ისეთ ნიშნებს, როგორებიცაა:  განზრახ მკვლელობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, გაუპატიურება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის სერიოზული მოშლა ან შრომისუნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითება ან დაკარგვა და სხვა მსგავსი — ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

რა სახის დახმარებითა და უფლებებით შეიძლება ისარგებლოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა?

ოჯახში ძალადობის მსხვერპლს შეუძლია, მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს:

  • დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან მისი დარღვევის ფაქტზე რეაგირების მოთხოვნით;

  • ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან შემაკავებელი თუ დამცავი ორდერების პირობების დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით;

  • მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით;

  • საქართველოში ყოფნისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუკი იგი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირია;

გარდა ამისა, მას შეუძლია:

  • ისარგებლოს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებით;

  • თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში განთავსებისას ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებითა და ფსიქოლოგიური დახმარებით;

  • თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით;

  • „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე;

► ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლს შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო თავშესაფრით ან კრიზისული ცენტრით, რომელშიც მისთვის უზრუნველყოფილი იქნება ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, ასევე იურიდიული და სამედიცინო დახმარება. ალტერნატიულად, შესაძლებელია მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილზე დროებით დარჩენა და მოძალადის განრიდება ამ საცხოვრებლისგან, თუნდაც საცხოვრებელი მოძალადის საკუთრებაში იყოს.

ოჯახში ძალადობის ნებისმიერ ფორმას შეიძლება გრძელვადიანი უარყოფითი ეფექტები ჰქონდეს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. თუკი ძალადობა გამოგიცდიათ, გახსოვდეთ: ეს არ არის თქვენი ბრალი და თქვენ სიკეთეს, თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებთ.

განურჩევლად იმისა, თუ დახმარების მიღების პროცესის რა საფეხურზე ხართ, გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო — არსებობს ძალადობისგან თავის დაღწევის არაერთი გზა და უამრავი ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც გვერდში დაგიდგებათ და დაგეხმარებათ.

► თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან იცით ასეთი ფაქტის შესახებ, მიმართეთ:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა  საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;

  • საგანგებო და გადაუდებელ დახმარებას — 112

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: ABC

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ოჯახში, ძალადობა, ოჯახი, გამომწვევი, მიზეზები, თავდაცვის, მექანიზმები, შემაკავებელი, დამცავი, ორდერი, ქალები, ქალთა, მიმართ, ოჯახი, ქმარი, ojaxshi, ojaxi, dzaladoba, gamomwvevi, mizezebi, tavdacvis, meqanizmebi, shemakavebeli, damcavi, orderi, qalebi, qalta, mimart

ოჯახში ძალადობა — მისი ფორმები და ამოცნობის გზები

რა არის ოჯახში ძალადობა და რა ფორმები ახასიათებს მას? სიტყვიერი, ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობა — მათი ამოცნობის გზები.

ოჯახში ძალადობა
ოჯახში, ძალადობა, ოჯახი, გამომწვევი, მიზეზები, თავდაცვის, დახმარების, გზები, ფორმები, გავლენა, ბავშვები, ბავშვი, ბავშვთა, მოზარდები, არასრულწლოვანი, ოჯახი, ქმარი, ojaxshi, ojaxi, dzaladoba, gamomwvevi, mizezebi, tavdacvis, daxmarebis, gzebi, formebi, gavlena, bavshvebi, bavshvta, bavshvi, shvili, arasrulwlovani

ოჯახში ძალადობა და ბავშვები — ფორმები, გავლენა და დახმარების გზები

ოჯახში ძალადობა ბავშვთა მიმართ — ბავშვის მიმართ ძალადობის ფორმები, საქართველოში გავრცელებული არასწორი შეხედულებები ბავშვთა აღზრდის შესახებ, ძალადობის გავლენა (გრძელვადიანი და მოკლევადიანი შედეგები) ბავშვზე და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დახმარების გზები.

ოჯახში ძალადობა
ოჯახში, ოჯახური, ძალადობა, შშმ, ქალები, შეზღუდული, შესაძლებლობები, პირები, ოჯახი, ojaxshi, ojaxuri, dzaladoba, shshm, qalebi, shezguduli, shesadzleblobebi, pirebi, ojaxi

ოჯახში ძალადობა და შშმ ქალები — რა უნდა ვიცოდეთ?

რა გამოწვევების წინაშე დგანან შშმ ქალები ოჯახში ძალადობის კუთხით? — რატომ არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი უმეტესად შშმ ქალები და როგორც დავეხმაროთ შშმ პირს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია?

ოჯახში ძალადობა
ოჯახში, ოჯახური, ძალადობა, ლგბტ, ლგბტქ+, ქვიარი, ქვიარები, ოჯახი, ojaxshi, ojaxuri, dzaladoba, ojaxi, lgbt, lgbtq+, qviari, qviarebi, queer

ოჯახში ძალადობა და LGBTQ+ ადამიანები — რა უნდა ვიცოდეთ?

ქვიარ ადამიანებზე ოჯახში ძალადობის ფორმები და სტატისტიკა — ოჯახის წევრებისა და ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა, ძალადობა LGBTQ+ ბავშვებზე, საქართველოში გავრცელებული ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია.

ოჯახში ძალადობა
ვიდეო, ოჯახში, ძალადობა, ოჯახური, ქორწინება, სახლი, შევიწროება, გაუპატიურება, ცემა

ვიდეო — ოჯახში ძალადობა: რა უნდა ვიცოდეთ?

ამ ვიდეოში იმ საბაზისო საკითხებზე გიყვებით, რომელთა შესახებაც ინფორმაციის ფლობა აუცილებელია ოჯახში ძალადობის პრევენციისა ან მისგან თავის დაღწევისთვის.

ჩემი უსაფრთხოება

გააზიარე სტატია

ოჯახში ძალადობა — გამომწვევი მიზეზები და თავდაცვის გზები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია