-
თქვენი პარტნიორი ან ოჯახის სხვა წევრი ოდესმე დაგმუქრებიათ, რომ რამეს დაგიშავებდათ ან მოგკლავდათ?
-
თქვენი პარტნიორი მუდმივად ცდილობს თქვენს დაკნინებას, თქვენი გარეგნობის გაკრიტიკებას ან თქვენთვის შეურაცხყოფის მოყენებას?
-
ოჯახის ფინანსებს ან თქვენს თანხას პარტნიორი განაგებს (მაგალითად, თვითონ წყვეტს, არ მოგცეთ ფული ან გააკონტროლოს, როგორ დახარჯავთ მას)?
-
თქვენი შვილები ისმენენ ან ხედავენ ისეთ რაღაცებს, რაც შეიძლება მათთვის საზიანო იყოს?
ეს მცირე ჩამონათვალია იმ კითხვებისა, რომლებზე დადებითი პასუხიც ოჯახში ძალადობას ადასტურებს.
ოჯახში ძალადობა მოიცავს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ფიზიკურ, სექსუალურ, ემოციურ ან ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას. ასევე, უგულებელყოფას, საკუთრების განზრახ დაზიანებას, ნებისმიერ სხვა ქცევას, რომელიც ოჯახის წევრს აგრძნობინებს, რომ მას, სხვა ადამიანს ან ცხოველს საფრთხე ემუქრება. გარდა ამისა, ზემოჩამოთვლილთაგან ნებისმიერის ჩადენის მუქარას.
საქართველოში, 2023 წლის პირველ სამ თვეში ოჯახში ძალადობაზე 2757 მიმართვა დაფიქსირდა პოლიციაში. აქედან ყველაზე მეტი, 2141 ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა იყო.
თუმცა რეალობა სტატისტიკასთან შედარებით გაცილებით მძიმეა და მსხვერპლები ხშირად ვერ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, შიშის, უიმედობის, უნდობლობის ან არასაკმარისი ინფორმაციის ფლობის გამო.
ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზი სისტემურია და საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს, მოძალადის მხრიდან ძალაუფლების არასწორ და არაჯანსაღ აღქმას, დაუსჯელობის სინდრომსა და მსხვერპლის მიმართ ემპათიის ნაკლებობას მოიცავს, როგორც საზოგადოების, ისე სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მხრიდან.
საქართველოში, თუკი ოჯახში ძალადობის შემთხვევა არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად და მოძალადეთა შესაზღუდად დროებითი ღონისძიების სახით გამოიყენება შემაკავებელი და დამცავი ორდერები.
თუკი ძალადობა გამოგიცდიათ, გახსოვდეთ: ეს არ არის თქვენი ბრალი და თქვენ მხოლოდ სიკეთეს, თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებთ.
სცენარის ავტორი: ვერო მელუა
გრაფიკული დიზაინერი: ანიკი გელაშვილი
მოუშენ დიზაინერი: იერვანდ მურადიანი
♦ ვიდეო მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.