Facebook Script

ფემიციდის პრევენცია — როგორ შეიძლება ქალების მკვლელობის შეჩერება?

20 თებერვალი, 2023 | ფემიციდი

ფემიციდი — ქალებისა და გოგოების მკვლელობა მათი გენდერის ნიშნით — ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით. დღესდღეობით, საქართველოს კანონმდებლობით, ფემიციდი 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება, თუმცა სტატისტიკა ამ კუთხით მაინც მძიმეა და ფაქტია, რომ მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა ქალების მკვლელობების აღკვეთას ვერ უზრუნველყოფს.

იმისათვის, რომ შესაძლებელ მინიმუმამდე ჩამოვიდეს ფემიციდის მაჩვენებელი, აუცილებელია პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკა. ამ სტატიაში სწორედ ქალების მკვლელობის პრევენციისთვის გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებს განვიხილავთ.

გენდერის ნიშნით ქალებისა და გოგოების მკვლელობის პრევენცია ადრეული ჩარევით, რისკების სწორი შეფასებითა და ძალადობრივ გარემოში მცხოვრები ან ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოებისთვის მხარდაჭერისა და დაცვის სერვისების უზრუნველყოფითაა შესაძლებელი.

სამწუხაროდ, ხშირად სწორედ ის ინსტიტუციები და სტრუქტურები უწყობენ ხელს ფატალური (სასიკვდილო) შედეგის დადგომას, რომლებსაც ძალადობის ადრეულ ეტაპზე შეჩერება ევალებათ. ამის მიზეზი ქალის მდგომარეობის არასათანადო შეფასება და სტერეოტიპული და ქალთმოძულეობრივი აზროვნებაა, რომელიც მსხვერპლის განსჯაში, დადანაშაულებაში ან მისთვის არდაჯერებაში გამოიხატება. ამგვარი დამოკიდებულებით კი პოლიცია და სასჯელაღსრულების სტრუქტურები ხელიდან უშვებენ ფემიციდის პრევენციის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, ინსტიტუციური კულტურის გარდაქმნაზე ეფექტური და ხანგრძლივი მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელშიც გენდერის ნიშნით ძალადობის პრევენცია შეგვიძლია.

საერთაშორისო სტანდარტი — ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია

გაერომ, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკისა და ხედვების შეფასების შედეგად, შეიმუშავა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სტრატეგია. ამ მიდგომის მიხედვით, წარმატებული პრევენციული პოლიტიკა, პირველ ყოვლისა, დამოკიდებულია საკითხის მიმართ პოლიტიკურ ერთგულებაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ მიდგომასა და ეფექტური გზების მუდმივ ძიებას გულისხმობს. ასეთი მიდგომა გამოიხატება: 

  • გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავებაში;

  • ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობაში;

  • ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის საჭირო რესურსების გამოყოფაში.

ამ სტრატეგიის წარმატებული დანერგვა და განხორციელება გულისხმობს 7 სტრატეგიული პუნქტიდან მინიმუმ ერთზე მეტის შესრულებას. ეს პუნქტებია: 

  1. სამოქალაქო სექტორს, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერება;

  2. ქალების გაძლიერება;

  3. ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფა;

  4. სიღარიბის შემცირება;

  5. უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;

  6. ბავშვთა და მოზარდთა მიმართ ძალადობის აღკვეთა;

  7. ქალთმოძულეობრივი და სექსისტური დამოკიდებულებების, რწმენებისა და ნორმების აღმოფხვრა.

ფემიციდის კომპლექსური აღქმა მისი პრევენციისთვის

როდესაც ვსაუბრობთ ფემიციდის პრევენციაზე, ვგულისხმობთ ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ დონეზე განსახორციელებელ ქმედებებს, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ქალების მოკვლის ალბათობა მათი გენდერის ნიშნით.

ფემიციდის რისკ-ფაქტორები:

  • ინდივიდუალურ დონეზე შეიძლება იყოს მოძალადის პიროვნული თვისებები, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, ბავშვობაში გამოვლილი ძალადობა, ასევე მასკულინური, ღირსებაზე დაფუძნებული რწმენა-წარმოდგენები.

  • ურთიერთობათაშორის დონეზე ეს ფაქტორები შეიძლება იყოს: მსხვერპლსა და დამნაშავეს შორის არსებული ურთიერთობის ტიპი და სტატუსი და ოჯახისა და გარშემომყოფების გავლენები.

  • საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ დონეზე კი რისკ-ფაქტორები მოიცავს: საზოგადოებაში არსებულ კულტურას და მისგან გამოწვეულ მცდარ წარმოდგენებს ძალადობაზე; ადრეული პრევენციის კამპანიებს და იმას, თუ რას გვეუბნება კანონი. სწორედ ამიტომ, ფემიციდის პრევენცია კომპლექსური საკითხია და, იდეალურ შემთხვევაში, პრევენციული პოლიტიკა თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ დონეზე უნდა იგეგმებოდეს.

ფემიციდის პრევენციულ პოლიტიკაზე საუბრისას ორი მნიშვნელოვანი პროცედურა უნდა გამოვყოთ. ესენია: ფემიციდის ფატალურობის შეფასება და რისკების შეფასება. პირველი უკვე მომხდარი მკვლელობებისგან კონკრეტული ცოდნისა და სამომავლო რეკომენდაციების მიღებას გულისხმობს, ხოლო მეორე — კონკრეტულ შემთხვევებში რისკების შეფასებას ფემიციდის თავიდან ასაცილებლად.

წყარო: Roma Gavrilă / Behance

ფემიციდის ფატალურობის შეფასება 

ფემიციდის შემთხვევების დროს ფატალურობის შეფასება არის პროცესი, რომელშიც ქალის მკვლელობის პოტენციურ ფაქტორებს ვაკვირდებით, რომლებმაც შეიძლება ახსნას მკვლელობა და დაადგინოს სავარაუდო გარღვევა სისტემაში. ამის მიზანი არა მკვლელის გარდა ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენება, არამედ რეკომენდაციების გაცემაა სტრატეგიისა და პოლიტიკის გაუმჯობესებისა და სამომავლოდ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ამ გზით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ და შევისწავლოთ, თუ რა არ ან ვერ გაკეთდა საიმისოდ, რომ დამნაშავეს მსხვერპლი არ მოეკლა.

რისკების შეფასება 

ფემიციდის რისკების შეფასება არის პროცედურა, რომელიც პრევენციაზეა ორიენტირებული. ის დგას პრინციპზე, რომლის მიხედვითაც ფემიციდის ზოგიერთი შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელია, რადგან ამ მკვლელობების დიდ ნაწილს წინ უძღვის ძალადობა, მუქარა და სხვა რისკ-ფაქტორები. რისკების შეფასება საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ რისკის არსებობა, მსხვერპლის მოწყვლადობის ფაქტორები და დავადგინოთ მათი კავშირი ძალადობასთან. სხვადასხვა რისკის ერთმანეთთან კავშირის შეფასება შესაძლებელს ხდის, უკეთ გავიგოთ პოტენციური საფრთხის სიმძიმე. ეს კი, თავის მხრივ, გვაძლევს შესაძლებლობას, ავირჩიოთ ეფექტური სტრატეგია მასთან გასამკლავებლად.

ფემიციდის რისკებად მიიჩნევა: დახრჩობის მცდელობა, იარაღით დამუქრება, ძალადობის მძიმე ფორმები (რომლებიც იწვევს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას) და, რაც მთავარია, ის, რასაც ქალი თავადვე მიიჩნევს რისკად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალები ზოგჯერ სათანადოდ ვერ აფასებენ რისკებს, რომლის წინაშეც დგანან. ასეთ შემთხვევებში მათ შეიძლება არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ადეკვატურად შეაფასონ საფრთხეები. თუმცა, როდესაც მსხვერპლი ამბობს, რომ ეშინია, რომ მას მოკლავენ (ან მის შვილებს, ოჯახის წევრებსა თუ ნათესავებს), აუცილებელია, რომ ასეთ განცხადებებს პოლიცია სერიოზულად მიუდგეს და დაუჯეროს ქალს.

მოქმედება ფემიციდის დასასრულებლად

იმისათვის, რომ ფემიციდის შემთხვევები შესაძლებელ მინიმუმამდე ჩამოვიდეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი. ესენია:

  1. მონაცემების შეგროვება და დოკუმენტირება — აუცილებელია, გაუმჯობესდეს მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გზები, რათა არსებობდეს მტკიცებულებების ბაზა, რომლითაც შემუშავდება კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები და პოლიტიკა. ამისათვის მნიშვნელოვანია, გადამზადდნენ სხვადასხვა სისტემაში მომუშავე ადამიანები, რათა აწარმოონ ფემიციდის შემთხვევებისა და მის ირგვლივ არსებული ყურადსაღები გარემოებების ზუსტი დოკუმენტაცია.

  2. პრევენციული პოლიტიკა — მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დონეზე ხდებოდეს ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის ადვოკატირება; გაიზარდოს ხელმისაწვდომობა იმ სერვისებზე, რომლებიც ქალებსა და გოგოებს ძალადობისგან დაცვას სთავაზობს; განვითარდეს პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევების ადრეული აღმოჩენისა და აღკვეთის მექანიზმები. გარდა ამისა, აუცილებელია, სასჯელაღსრულების სისტემასა და პოლიციაში მომუშავე ადამიანებმა გაიარონ გადამზადება და ჰქონდეთ ძალადობის თითოეული შემთხვევის ადეკვატურად აღქმის, ძალადობრივ გარემოში მყოფი ქალისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების სწორად შეფასების უნარები.

  3. ცნობიერების ამაღლება — აუცილებელია, გაიზარდოს ცნობიერება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის შესახებ. იმართებოდეს საჯარო დისკუსიები იმ დამოკიდებულებებსა და წარმოდგენებზე, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობას უდევს საფუძვლად. გარდა ამისა, საჭიროა, შეიქმნას საზოგადოებრივი საგანმანათლებლო კამპანიები ქალებისა და გოგოების გასაძლიერებლად და კაცებისა და ბიჭების ჩასართავად ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის პროცესში. მნიშვნელოვანია, საზოგადოება ჩაერთოს აქტივიზმში და გააპროტესტოს თითოეული ქალისა და გოგოს მკვლელობა. 

  4. საკანონმდებლო და პოლიტიკური ცვლილებები — აუცილებელია, სახელმწიფომ დანერგოს პოლიტიკა და პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის მიღწევას განათლების, მმართველობის, შრომით ბაზარზე მონაწილეობისა თუ ღირსეული ანაზღაურების კუთხით. გარდა ამისა, აუცილებელია, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე შევუერთდეთ საერთაშორისო ნულოვან ტოლერანტობას ქალებსა და გოგოებზე ძალადობის მიმართ. ასევე დაინერგოს პოლიტიკა, რომელიც ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოების მხარდაჭერასა და რეაბილიტაციას მოემსახურება, და საკანონმდებლო სისტემა, რომელიც სამართლიანად გამოიძიებს და დასჯის ფემიციდს.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Roma Gavrilă / Behance

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ვიდეო, ფემიციდი, მსოფლიო, სტატისტიკა, რას, ნიშნავს, რა, არის, რატომ, კლავენ, ხოცავენ, ქალებს, ქალები, მკვლელობა, femicidi, msoflio, ra, aris, ratom, klaven, xocaven, qalebs, qalebi, mkvleloba

ვიდეო — ფემიციდი: რატომ კლავენ ქალებს?

ვიდეო — ქალების მკვლელობა და მისი მიზეზები: ინტიმური ფემიციდი, „ღირსების“ სახელით ჩადენილი ფემიციდი, მზითევთან დაკავშირებული ფემიციდი და არაინტიმური ფემიციდი. საქართველოს ფემიციდის სტატისტიკა და პრობლემის მოგვარების გზები.

ფემიციდი
ფემიციდი, მკვლელობა, ქალები, საქართველო, სტატისტიკა, კანონი, პრევენცია, პრობლემა, femicidi, mkvleloba, qalebi, saqartvelo, statistika, kanoni, prevencia, problema

ქალების მკვლელობა საქართველოში — ფემიციდის სტატისტიკა, კანონი და პრევენცია

ფემიციდი საქართველოში — კანონი ფემიციდის წინააღმდეგ, პრობლემის სათავე, სახელმწიფოს როლი და პრევენციის გზები — რა უნდა შეიცვალოს საქართველოში?

ფემიციდი
ფემიციდი, მსოფლიო, სტატისტიკა, რას, ნიშნავს, რა, არის, რატომ, კლავენ, ხოცავენ, ქალებს, ქალები, მკვლელობა, femicidi, msoflio, ra, aris, ratom, klaven, xocaven, qalebs, qalebi, mkvleloba

ფემიციდი მსოფლიოში — რატომ კლავენ ქალებს?

რა არის ფემიციდი, რატომ ვეძახით მას „ფემიციდს“ და მისი რა ფორმები არსებობს — ინტიმური და არაინტიმური ფემიციდი, „ღირსების“ სახელით ჩადენილი ფემიციდი და მზითევთან დაკავშირებული ფემიციდი.

ფემიციდი
ფემიციდი, სექსუალური, ძალადობა, ომი, ომში, ქალების, მკვლელობა, ქალები, გაუპატიურება, აფხაზეთი, რუსეთ-უკრაინა, femicidi, seqsualuri, dzaladoba, omi, omshi, qalebis, mkvleloba, qalebi, gaupatiureba, afxazeti, ruset-urakina

ფემიციდი და სექსუალური ძალადობა ომში

ქალების მკვლელობა და გაუპატიურება ომში — გამომწვევი მიზეზები და მიზნები, საერთაშორისო სამართალი, რუსეთ-უკრაინის ომი და აფხაზეთის ომი, პრევენციის გზები

ფემიციდი

გააზიარე სტატია

ფემიციდის პრევენცია — როგორ შეიძლება ქალების მკვლელობის შეჩერება?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია