Facebook Script

ოჯახში ძალადობა და ბავშვები — ფორმები, გავლენა და დახმარების გზები

11 ივნისი, 2023 | ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა არის იმგვარი ქცევა, რომელიც ერთი ან რამდენიმე ადამიანის მხრიდან ოჯახის წევრის დამცირებას, დაშინებასა თუ კონტროლს ისახავს მიზნად. ოჯახში ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური, ემოციური და ეკონომიკური ხასიათის და ის შეიძლება გამოვლინდეს როგორც სახლში ან სახლს გარეთ ოჯახის წევრის მიმართულებით, ისე მობილურით, სოციალური ქსელებითა თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის, სქესის, წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მქონე ადამიანი. რა თქმა უნდა, ამ ტიპის ძალადობას ძალიან დიდი გავლენა აქვს მსხვერპლზე და სამწუხაროდ, მსხვერპლის როლში ხშირად ბავშვებიც გვევლინებიან.

ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდები გამოუსწორებელ უარყოფით კვალს ტოვებს ბავშვზე და მოქმედებს მის შემდგომ განვითარებაზე, რადგან სწორედ ამ წლების განმავლობაში გადის ადამიანი პიროვნულად ჩამოყალიბების მნიშვნელოვან ეტაპებს და ამ დროს მნიშვნელოვანია მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

ბავშვებისთვის რთულია საკუთარი უფლებების დაცვა და მათ სჭირდებათ გვერდში მდგომი ზრდასრული ადამიანი, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს. მასწავლებლის, ფსიქოლოგის, პოლიციელისა თუ სოციალური მუშაკების მოვალეობაა, დროულად ამოიცნონ ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევები და იმოქმედონ შესაბამისად.

სტატიაში განვიხილავთ, რა გავლენა აქვს ოჯახში ძალადობას ბავშვებზე და როგორ უნდა დავეხმაროთ ძალადობაგამოვლილ ბავშვებს.

ბავშვზე ძალადობის ფორმები

ბავშვზე ძალადობა ბევრი ტიპის ქმედებას აერთიანებს, მათ შორისაა:

  • ბავშვის მიტოვება — მშობლ(ებ)ის მიერ ბავშვის მიტოვება, მიტოვების შესახებ განცხადების გაკეთება, ან მშობლობის მოვალეობების შესრულებისგან თავის არიდება;

  • ბავშვთა პორნოგრაფია — ნებისმიერი ვიზუალური ან აუდიომასალა, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს;

  • ბავშვის უგულებელყოფა — მშობელთა ან მზურველ პირთა მიერ ბავშვის ფიზიკური ან ემოციური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა;

  • იძულება — ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, მისი სურვილის წინააღმდეგ შეასრულოს ან არ შეასრულოს გარკვეული ქმედება;

  • მკაცრი აღზრდის მეთოდების გამოყენება — მკაცრად დასჯა, ბრძანება ან იძულება;

  • სექსუალური ძალადობა — ბავშვთან სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით;

  • სიტყვიერი დამცირება — ბავშვის განზრახ დამცირება უხამსი გამოთქმების გამოყენებით;

  • ფიზიკური ძალადობა — ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი ქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას;

  • ფიზიკური სასჯელი — ნებისმიერი სასჯელი, რომელიც ფიზიკური ძალის გამოყენებით ხორციელდება და მიზნად ისახავს ტკივილის მიყენებას ან დისკომფორტის შექმნას;

  • ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობა — შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი ქმედება, რომელიც იწვევს ბავშვის პატივისა და ღირსების შელახვას;

  • ცემა — ცემა ან სხვა სახის ძალადობა, რომელმაც ბავშვის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

  • წყევლა — მოწოდება, რომ ბავშვს სიავე ან უბედურება დაატყდეს თავს;

სამწუხაროდ, ჩამოთვლილი ძალადობის ფორმები ბავშვის მისამართით ხშირად ოჯახურ გარემოშიც ვლინდება. ბავშვის მიმართ ძალადობრივი ქცევა შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი — როგორიცაა, მაგალითად, ცემა — ასევე ბავშვთან ურთიერთობის მუდმივი ფორმა (მაგალითად, ემოციური ზეწოლა ან ზრუნვის არარსებობა).

ოჯახში ბავშვებზე ძალადობა და საქართველო

2013 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა ფართოდაა გავრცელებული და ამ თემაზე არასწორი შეხედულებებიც საკმაოდ ხშირია:

  • ყოველი მეორე ქართველი მიიჩნევს, რომ დასჯის ძალადობრივი ფორმები უფრო ეფექტურია, ვიდრე არაძალადობრივი აღმზრდელობითი მეთოდები;

  • გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა დისციპლინური ზომაა;

  • გამოკითხულთა 94% მიიჩნევს, რომ ბავშვისთვის საზიანოა ოჯახში ძალადობის ფაქტების შესწრება, თუმცა, მიიჩნევენ, რომ საზოგადოება ოჯახის „შიდა საქმეებში“ არ უნდა ჩაერიოს;

  • გამოკითხულთა 90%-ს არ სჯერა, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირები შეიძლება იყვნენ მშობლები ან ოჯახის წევრები.

საქართველოში ოჯახში ძალადობა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, თუმცა ამგვარ ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება კვლავ ძალიან დიდ პრობლემად რჩება. როგორც ჩატარებული კვლევა აჩვენებს, საზოგადოება უარს ამბობს საჭირო ზომების მიღებაზე, რადგან გავრცელებულია ის მოსაზრება, რომ ოჯახში ძალადობა მხოლოდ „ოჯახის საქმეა“, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

გარდა ამისა, საქართველოში არსებობს ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, დაიცვას ბავშვები ძალადობისა და მოძალადეებისგან, განურჩევლად იმისა, თუ რა კავშირი აქვს მოძალადეს ბავშვთან (იქნება ის ოჯახის წევრი თუ არა). მიუხედავად ამისა, ბავშვები სისტემური ძალადობის მსხვერპლები არიან და ხშირად სამართალდამცავებამდე არ მიდის ინფორმაცია მსგავსი ფაქტების შესახებ, სწორედ ზემოხსენებული არასწორი შეხედულებების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს საჭირო ჩანაწერები, რომლებიც ბავშთა დაცვას ისახავს მიზნად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

  • საქართველოს კონსტიტუციაში ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით არ არსებობს ცალკე ჩანაწერი;

  • ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირების გამო გადასახედია სანქციების გამკაცრების საკითხი;

  • კანონმდებლობა დასახვეწია ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხთან მიმართებით.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა ქართულ მედიაში არაეთიკურად შუქდება, ასევე საჭიროა გადამზადდეს პედკოლექტივი ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე, როგორც ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დროული იდენტიფიცირების მიზნით, ასევე ბავშვის მიმართ ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

ოჯახში ძალადობის გავლენა ბავშვებზე

ოჯახში ძალადობას აქვს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი შედეგები მსხვერპლზე. თუმცა, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ასაკით პატარაა, მოსალოდნელია, რომ უარყოფითი გავლენა უფრო რთულად გამკლავებადი და დაძლევადი იქნება. ოჯახში ძალადობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმეთელობაზე და შეცვალოს მათი ქცევა.

ოჯახში ძალადობის მოკლევადიანი შედეგები ბავშვებზე

იმ გარემოში, რომელშიც ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, ის მუდმივად დაძაბულია და ელოდება ძალადობის შემდეგ ეპიზოდს. ეს კი სხვადასხვა ასაკში განსხვავებულად ვლინდება:

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვები — შეიძლება გამოვლინდეს უნებლიე შარდვა ძილში, გახშირებული ტირილი, ცერა თითის წოვა. მათ ასევე შეიძლება განუვითარდეთ ძილის პრობლემები, განშორებასთან დაკავშირებული შფოთვა, დამალვა და აგრესიულობა;

  • სკოლის ასაკის ბავშვები — ამ ასაკში შეიძლება ბავშვმა თავი დამნაშავედ იგრძნოს და მიიჩნიოს, რომ ძალადობა მისი ბრალია. ამგვარ გარემოში ყოფნა აზიანებს ბავშვის თვითშეფასებას და, შესაძლოა, ის გამოეთიშოს სასკოლო აქტივობებს, არ ჰყავდეს მეგობრები ან ექმნებოდეს დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები;

  • მოზარდები (თინეიჯერები) — მოზარდები, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არიან, ყველაზე ხშირად დისციპლინის პრობლემებს ავლენენ. დამატებით, შესაძლოა, მათ მოიხმარონ ნარკოტიკები და ალკოჰოლი ან ჰქონდეთ დაუცველი სქესობრივი კავშირი. გარდა ამისა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ მოზარდებს უყალიბდებათ აგრესიული დამოკიდებულება და ქცევები, რომლებსაც უმეტესად თანატოლების მიმართ ავლენენ.

ოჯახში ძალადობის გრძელვადიანი შედეგები ბავშვებზე

სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს უწევს ოჯახში ძალადობის საკუთარ თავზე გამოცდა. მაგალითად, აშშ-ში 15 მილიონზე მეტი ბავშვი ცხოვრობს ისეთ სახლში, რომელშიც ოჯახში ძალადობა ერთხელ მაინც მომხდარა. მსგავსი გამოცდილების მქონე ბავშვებში დიდია იმისი ალბათობა, რომ ზრდასრულობისას თვითონაც გაიმეორონ ამგვარი ქცევა. მაგალითად, ის ბიჭები, რომლებიც ხედავდნენ, როგორ ძალადობდა მამა დედაზე, მომავალში 10-ჯერ უფრო ხშირად ძალადობენ პარტნიორზე, ხოლო გოგოები, რომლებმაც ოჯახში ძალადობა გამოიარეს, 6-ჯერ უფრო ხშირად ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები.

ამგვარ რეალობას განაპირობებს ის, რომ ოჯახში ძალადობა ბავშვებში ტოვებს პოსტტრავმულ სტრესტულ აშლილობას (PTSD), რომელსაც პოტენციურად შეუძლია ძალიან დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

გარდა განხილული მაგალითებისა, ბავშვისთვის განვითარებაზე გავლენა აქვს იმგვარ ფაქტებს, რომლებიც შეიძლება არ ხდებოდეს გაცნობიერებულად ან არ მიემართებოდეს უშუალოდ ბავშვს, მაგალითად:

  • უგულებელყოფა;

  • ძალადობის ფაქტის დაფიქსირება ოჯახში;

  • ოჯახის წევრის თვითმკვლელობის მცდელობა ან გარდაცვალება;

  • ოჯახის წევრი, რომელიც დამოკიდებულია სასმელზე ან ნარკოტიკებზე;

  • მშობლების დაშორება;

  • ოჯახის წევრის დაჭერა.

ცხადია, ეს მხოლოდ არასრული სიაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ რომელიმე ერთ შემთხვევასაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე და შეუქმნას განვითარების პრობლემები. 

როგორ დავეხმარო ბავშვს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია ან იყო?

თითოეული ბავშვი განსხვავებულად რეაგირებს ძალადობასა და ტრავმაზე. თუმცა, ზოგადად, ტრავმა საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ბავშვზე და მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზიანის შესამცირებლად მან რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს დახმარება.

ძალადობის მსხვერპლისთვის განსაკუთრებით რთულია იმაზე საუბარი, რაც მას გადახდა ან როგორ გარემოშიც უწევს ყოფნა. ბავშვებისთვის კი რთულია ძალადობის იდენტიფიცირება და მასზე საუბარი, როცა, შესაძლოა, სანდო ადამიანი გვერდით არ ეგულებოდეთ. თუკი, ბავშვი გიყვებათ მსგავსი ფატქების შესახებ:

  • მოუსმინეთ ყურადღებით და აგრძნობინეთ თანადგომა — მნიშვნელოვანია, ბავშვს შეუქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო, რომელშიც შეძლებს, რომ ძალადობის ფაქტისა თუ ფაქტების შესახებ მოგითხროთ. გამოიყენეთ ისეთი ფრაზები, როგორებიცაა „ძალიან ვწუხვარ, რომ ამის გადატანა მოგიწია“ ან „მჯერა შენი“;

  • აჩვენეთ სერიოზული დამოკიდებულება იმ ამბის მიმართ, რომელსაც გიზიარებთ — საუბარი არ გააწყვეტინოთ და ბოლომდე მოუსმინეთ მის მონათხრობს;

  • აგრძნობინეთ, რომ სწორად იქცევა, როცა დახმარებას ითხოვს — უთხარით, რომ ძალიან მამაცია, როცა ამ თემაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს;

  • არ უთხრათ, რომ დამნაშავეა — არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს, რომ რაიმეში თვითონ არის დამნაშავე ან რაიმე მოეჩვენა;

  • არ დაიცვათ დამნაშავე!

  • აუხსენით, რომ ეცდებით დახმარებას, და გაუზიარეთ ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც გეგმავთ — დეტალურად განუმარტეთ, რას აპირებთ, და ხაზი გაუსვით იმ ფაქტს, რომ არ ყველაფერს მხოლოდ მათ დასახმარებლად და გადასარჩენად აკეთებთ;

  • შეატყობინეთ შესაბამის ორგანოებს/ორგანიზაციებს ძალადობის ფაქტის შესახებ — აუცილებლად შეატყობინეთ იმ ორგანიზაციებსა თუ სამართალდამცავებს, რომელთა ვალდებულებაცაა ამგვარ ფაქტებზე რეაგირება.

შესაძლოა, მოხდეს ისეც, რომ ბავშვს უჭირდეს მომხდარზე საუბარი. ამ დროს შეიძლება თხოვოთ, რომ დახატოს ან დაწეროს თავს გადამხდარი ძალადობის შემთხვევა, თუკი ეს თავს უფრო კომფორტულად აგრძნობინებს.

გარდა ამისა, სასურველია, ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ვესაუბროთ ჯანსაღი ურთიერთობებისა და საზღვრების შესახებ. ბავშვისთვის რთული გასარჩევია ის, თუ რომელი ქცევაა მისაღები და რომელი საზიანო. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, თუკი მას პატარა ასაკიდანვე ეცოდინება, რა სახის ქცევებია დასაშვები მის მიმართ.

ხშირია პრაქტიკა, როდესაც ოჯახში ძალადობა მუდმივად გრძელდება, რადგან რომელიმე პარტნიორს სჯერა, რომ ოჯახის შენარჩუნება ბავშვისთვის უკეთესია. რაც არ არის სიმართლე! გარემო, რომელშიც ბავშვი მუდმივ სტრესსა და შფოთვას განიცდის, მასზე მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს.

მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ოჯახში ძალადობას შეუძლია ხანგრძლივი გავლენა მოახდინოს ბავშვის მენტალურ, ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობაზე, შემდგომ კი — მთლიან ცხოვრებაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი დროულად და სათანადოდ დავიცვათ ძალადობისგან.

► თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, იცნობთ ბავშვს ან მოზარდს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია ან იცით ასეთი ფაქტის შესახებ, მიმართეთ:

  • ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზს — 111

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა  საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;

  • საგანგებო და გადაუდებელ დახმარებას — 112

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56

  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას — 032 2 99 50 76 

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03

მსგავსი სტატიები

ოჯახში, ძალადობა, ოჯახი, გამომწვევი, მიზეზები, თავდაცვის, მექანიზმები, შემაკავებელი, დამცავი, ორდერი, ქალები, ქალთა, მიმართ, ოჯახი, ქმარი, ojaxshi, ojaxi, dzaladoba, gamomwvevi, mizezebi, tavdacvis, meqanizmebi, shemakavebeli, damcavi, orderi, qalebi, qalta, mimart

ოჯახში ძალადობა — გამომწვევი მიზეზები და თავდაცვის გზები

რას ნიშნავს ოჯახში (ოჯახური) ძალადობა — რა ფაქტორები იწვევს მას, რა ფორმებით ვლინდება და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ოჯახში ძალადობისგან?

ოჯახში ძალადობა
ოჯახში, ძალადობა, ოჯახი, გამომწვევი, მიზეზები, თავდაცვის, მექანიზმები, შემაკავებელი, დამცავი, ორდერი, ქალები, ქალთა, მიმართ, ოჯახი, ქმარი, ojaxshi, ojaxi, dzaladoba, gamomwvevi, mizezebi, tavdacvis, meqanizmebi, shemakavebeli, damcavi, orderi, qalebi, qalta, mimart

ოჯახში ძალადობა — მისი ფორმები და ამოცნობის გზები

რა არის ოჯახში ძალადობა და რა ფორმები ახასიათებს მას? სიტყვიერი, ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობა — მათი ამოცნობის გზები.

ოჯახში ძალადობა
ოჯახში, ოჯახური, ძალადობა, შშმ, ქალები, შეზღუდული, შესაძლებლობები, პირები, ოჯახი, ojaxshi, ojaxuri, dzaladoba, shshm, qalebi, shezguduli, shesadzleblobebi, pirebi, ojaxi

ოჯახში ძალადობა და შშმ ქალები — რა უნდა ვიცოდეთ?

რა გამოწვევების წინაშე დგანან შშმ ქალები ოჯახში ძალადობის კუთხით? — რატომ არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი უმეტესად შშმ ქალები და როგორც დავეხმაროთ შშმ პირს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია?

ოჯახში ძალადობა
ოჯახში, ოჯახური, ძალადობა, ლგბტ, ლგბტქ+, ქვიარი, ქვიარები, ოჯახი, ojaxshi, ojaxuri, dzaladoba, ojaxi, lgbt, lgbtq+, qviari, qviarebi, queer

ოჯახში ძალადობა და LGBTQ+ ადამიანები — რა უნდა ვიცოდეთ?

ქვიარ ადამიანებზე ოჯახში ძალადობის ფორმები და სტატისტიკა — ოჯახის წევრებისა და ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა, ძალადობა LGBTQ+ ბავშვებზე, საქართველოში გავრცელებული ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია.

ოჯახში ძალადობა
ვიდეო, ოჯახში, ძალადობა, ოჯახური, ქორწინება, სახლი, შევიწროება, გაუპატიურება, ცემა

ვიდეო — ოჯახში ძალადობა: რა უნდა ვიცოდეთ?

ამ ვიდეოში იმ საბაზისო საკითხებზე გიყვებით, რომელთა შესახებაც ინფორმაციის ფლობა აუცილებელია ოჯახში ძალადობის პრევენციისა ან მისგან თავის დაღწევისთვის.

ჩემი უსაფრთხოება

გააზიარე სტატია

ოჯახში ძალადობა და ბავშვები — ფორმები, გავლენა და დახმარების გზები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია