Facebook Script

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა — რა უნდა ვიცოდეთ?

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, მწვავე და საზიანო გამოწვევაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რას მოიცავს ბავშვზე სექსუალური ძალადობა, როგორ შეიძლება მისი პრევენცია და როგორ ამოვიცნოთ ძალადობის ნიშნები და დავიცვათ ბავშვი.

ამ სტატიაში ყველა იმ მნიშვნელოვან ასპექტს მიმოვიხილავთ, რომელთა შესახებაც ინფორმაციის ფლობა აუცილებელია.

რას გულისხმობს სექსუალური ძალადობა ბავშვზე?

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ქმედებათა ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის:

  • სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნას;

  • სექსუალურ გარყვნას;

  • ეროტიკულ ალერსს;

  • ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებას;

  • სექსუალური შინაარსის ფილმების ყურების ან პორნოგრაფიული ჟურნალების დათვალიერების ნებართვას ან ხელშეწყობას;

  • გაუპატიურებას ან გაუპატიურების მცდელობას;

  • სასქესო ორგანოების დემონსტრირებას;

  • ღია საუბრებს სექსზე ბავშვის შოკირების ან მისი ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მიზნით;

  • სისხლის აღრევას (ინცესტი);

  • სხეულით ვაჭრობის იძულებას.

► გახსოვდეთ: სექსუალური ძალადობის შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს იმას, ბავშვის თანხმობით მოხდა ეს თუ არა, რადგან ზრდასრულ ადამიანს მარტივად შეუძლია ბავშვის ნებაზე ზეგავლენის მოხდენა და ბავშვს არ შეუძლია ამ ქმედებათა მნიშვნელობის გაგება და მათი შეფასება. გარდა ამისა, მოძალადე თავისი მიზნის მისაღწევად ხშირად მიმართავს მუქარას ან შანტაჟს. 

სექსუალური ძალადობის ფაქტი შეიძლება მოხდეს როგორც ოჯახში, ისე — მის გარეთ. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის ბავშვი, განურჩევლად სქესისა თუ გენდერისა. ხშირ შემთხვევებში ოჯახის გარეთ სექსუალური ძალადობა გაუპატიურების სახით ხდება, ფიზიკური თავდასხმითა და მუქარით. ამგვარი ძალადობის მსხვერპლნი უმეტესად მოზარდები არიან. ოჯახში სექსუალურ ძალადობას განმეორებითი ხასიათი აქვს და ზოგჯერ წლები გრძელდება. ბავშვის ჩათრევა ამ ქმედებებში თანდათანობით ხდება და, როგორც წესი, მსხვერპლი უფრო მცირე ასაკისაა, ვიდრე ოჯახის გარეთ ძალადობის შემთხვევაში.

► 2014-2020 წლებში სულ 1 092 არასრულწლოვანი ცნეს დაზარალებულად სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციების დანაშაულებზე.

ვინ ძალადობს ბავშვებზე?

ადამიანები, რომლებიც ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ შესაძლოა იყვნენ ზრდასრულებიც, მოზარდებიც და თავად ბავშვებიც. მოძალადეთა უმეტესობა კაცია, მაგრამ ზოგჯერ ქალებიც ჩადიან ამ დანაშაულს.

  • ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევათა დაახლოებით მესამედი ჩადენილია ძირითადად მსხვერპლზე უფროსი ბავშვის ან ახალგაზრდა ადამიანის მიერ.

  • სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 10 ბავშვიდან 9 იცნობს ან ნათესაურ კავშირშია მოძალადესთან. ძალადობის შემთხვევები ხშირად ან ბავშვის სახლში ხდება, ან მოძალადის.

  • სექსუალური ძალადობის ფაქტი ზოგჯერ სახლის გარეთაც შეიძლება მოხდეს, მაგალითად, გართობისა და დასვენების ან სპორტულ ცენტრებში.

რომელი ბავშვები დგანან სექსუალური ძალადობის მაღალი რისკის წინაშე?

ბავშვები უფრო მოწყვლადნი არიან სექსუალური ძალადობის მიმართ, თუ მათ უკვე გამოუცდიათ ძალადობის რომელიმე ფორმა. ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც მათი უგულებელყოფა ხდება, სექსუალური ძალადობის უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან. სექსუალური ძალადობის ალბათობა იზრდება შშმ ბავშვებთან მიმართებითაც, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ მეტყველებასთან დაკავშირებული შეზღუდვა აქვთ.

სექსუალური ძალადობის რისკს ზრდის ინტერნეტიც. სოციალური მედია, ე.წ. „სასაუბრო (ჩატ) ოთახები“ და ფორუმები ხშირად გამოიყენება მოძალადეების მიერ პოტენციურ მსხვერპლებთან დასაახლოებლად.

წყარო: Fight the new Drug

ნიშნები იმისა, რომ ბავშვი შეიძლება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყოს

სექსუალური ძალადობის შემჩნევა მარტივი არ არის, რადგან მოძალადე ხშირად ახერხებს მისი ქმედებების კარგად დამალვას. თუმცა, ზოგიერთი ნიშანი შედარებით უფრო მარტივი შესამჩნევია. მაგალითად, მშობელმა ან ბავშვზე მზრუნველმა შეიძლება ისეთი დეტალები შენიშნოს, რომლებიც სამედიცინო ყურადღებას საჭიროებს. მოუსმინეთ თქვენს ინსტინქტებს. თუ ამჩნევთ, რომ რაღაც ისე ვერ არის ან ბავშვის ცხოვრებაში მყოფი რომელიმე ადამიანი დისკომფორტის შეგრძნებას გიქმნით — მაშინაც კი, თუ ზუსტად ვერ ასახელებთ, რატომ — მნიშვნელოვანია, ენდოთ თქვენს ინტუიციას და გააგრძელოთ ძალადობის ნიშნების ძიება. ასაკის შესაბამისი ენით გაესაუბრეთ ბავშვს, რომელიც შეიძლება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყოს.

ყურადსაღები ნიშნები

ფიზიკური ნიშნები

  • სექსუალური გზით გადამდები ინფექციები (სგგი-ები);

  • ტრავმის კვალი გენიტალურ ზონაში, როგორიცაა აუხსნელი სისხლდენა, ჩალურჯება, სისხლი თეთრეულზე, ტრუსებზე ან სხვა ტანისამოსზე.

ქცევითი ნიშნები

  • გადამეტებული ლაპარაკი ან ცოდნა სექსთან დაკავშირებულ საკითხებზე;

  • საიდუმლოებების შენახვა, ნაკლები ლაპარაკი ვიდრე ჩვეულებრივ;

  • კონკრეტულ ადამიანებთან მარტო დარჩენაზე უარის თქმა ან მზრუნველებისგან შორს ყოფნის შიში, განსაკუთრებით, თუ ეს ახალი ქცევაა;

  • რეგრესული ქცევები ან ისეთი ქცევების ხელახლა გამოჩენა, რომლებიც გაზრდასთან ერთად შეწყდა, მაგალითად: ცერის წოვა ან ძილის დროს უნებლიე შარდვა;

  • ზედმეტად დამთმობი ქცევა, პროტესტის ან საპირისპირო აზრის არარსებობა/არგამოხატვა;

  • სექსუალური ქცევა, რომელიც შეუსაბამოა ბავშვის ასაკთან;

  • მარტო გატარებული უჩვეულოდ დიდი დრო;

  • ტანსაცმლის გამოცვლის ან ბანაობის თავიდან არიდების მცდელობა.

ემოციური ნიშნები

  • კვებითი ჩვევების ცვლილება;

  • ცვლილება ხასიათში ან პიროვნებაში, მაგალითად, გაზრდილი აგრესიულობა;

  • თავდაჯერებულობის ან თვითშეფასების დაქვეითება;

  • გადაჭარბებული ნერვიულობა ან შიში;

  • ჯანმრთელობის აუხსნელი პრობლემების გახშირება, მაგალითად, მუცლის ან თავის ტკივილის;

  • სკოლის, აქტივობებისა და მეგობრების მიმართ ინტერესის დაქვეითება ან სრულად დაკარგვა;

  • ღამით მარტო დარჩენის შიში ან კოშმარები;

  • თვითდაზიანება.

ეს ჩამონათვალი შეიძლება ძალიან გრძელი ჩანდეს საიმისოდ, რომ სულ გვახსოვდეს, ზოგიერთი ნიშანი კი შეიძლება ურთიერთსაპირისპიროც იყოს, მაგალითად, ზედმეტად დამთმობობა ან წინააღმდეგობა, რეგრესული ქცევები ან ზრდასრულისთვის შესაფერისი სექსუალური ქცევები. 

► ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გახსოვდეთ ბავშვთან მიმართებით სექსუალური ძალადობის ნიშნების ძიებისას, ისაა, რომ თვალი ადევნოთ უეცარ ცვლილებებს ქცევაში. ენდეთ თქვენს ინტუიციას და არ უგულებელყოთ თქვენი შეგრძნებები, თუ რაღაც რიგზე არ ჩანს. თუ ბავშვი გეუბნებათ რომ ვინმე თავს არაკომფორტულად აგრძნობინებს, მოუსმინეთ, მაშინაც კი, თუ კონკრეტულს ვერაფერს გეუბნებათ.

ნიშნები იმისა, რომ ზრდასრული ადამიანი შეიძლება ბავშვს ზიანს აყენებდეს

ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა რთულია, რადგან ბევრი მოძალადე, რომელიც ბავშვზე სექსუალურად ძალადობს, ნდობით აღჭურვილი პირია. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების 93% იცნობს მასზე მოძალადეს. ეს მოიცავს ოჯახის წევრებს, რელიგიურ პირებს, მწვრთნელებს, მასწავლებლებსა თუ სხვა დამხმარე პროფესიონალებს. 

ფრთხილად შეარჩიეთ და ყურადღებით იყავით იმ ადამიანთან მიმართებით, რომელიც თქვენი ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებთან დროს ატარებს და ამჟღავნებს შემდეგ ქცევებს:

  • არ სცემს პატივს საზღვრებს ან არ უსმენს სხვებს, როცა ისინი მას „არას“ ეუბნებიან;

  • აგრძელებს ისეთი ხასიათის შეხებას, რომელზეც ბავშვმა ან ბავშვზე მზრუნველმა/მშობლებმა დააფიქსირა, რომ არასასურველია;

  • ცდილობს, იყოს ბავშვის მეგობარი, ნაცვლად იმისა, რომ შეასრულოს ზრდასრულის როლი ბავშვის ცხოვრებაში;

  • შესამჩნევია, რომ არ აქვს ასაკთან შესაბამისი ურთიერთობები;

  • ესაუბრება ბავშვებს მის პირად პრობლემებზე ან ურთიერთობებზე;

  • მარტო ატარებს დროს ბავშვებთან მისი პროფესიული ან სხვა როლის გარეშე ან იგონებს მიზეზებს ბავშვთან მარტო დასარჩენად;

  • გამოხატავს უჩვეულო ინტერესს ბავშვის სექსუალურ განვითარებასთან დაკავშირებით, მაგალითად, აკეთებს კომენტარებს სექსუალურ მახასიათებლებზე ან ახდენს ნორმალური ქცევების სექსუალიზებას;

  • საჩუქრებს აჩუქებს ბავშვს რელევანტური გარემოებების ან მიზეზების გარეშე;

  • ზედმეტად ბევრ დროს ატარებს თქვენი ზრუნვის ქვეშ მყოფ ან თქვენთვის ნაცნობ სხვა ბავშვთან ერთად;

  • უკრძალავს ბავშვს სხვა ზრდასრულებთან კონტაქტს.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შედეგები

სექსუალური ძალადობის გამოცდილებას შეიძლება ეფექტი ჰქონდეს იმაზე, თუ როგორ ფიქრობს, მოქმედებს და გრძნობს თავს ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამას შეიძლება მოკლე და გრძელვადიანი ფიზიკური, მენტალური და ქცევითი შედეგები ჰქონდეს.

ფიზიკური შედეგები შეიძლება მოიცავდეს:

  • სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებს (სგგი-ებს);

  • ფიზიკურ დაზიანებებს;

  • ქრონიკულ დაავადებებს მოგვიანებით, მაგალითად, გულის დაავადებებს, სიმსუქნე და კიბოს.

მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შედეგები შეიძლება მოიცავდეს:

  • დეპრესიას;

  • პოსტტრავმული სტრესის აშლილობას (PTSD);

  • შფოთვას.

ქცევითი შედეგები შეიძლება მოიცავდეს:

  • ნივთიერებებზე დამოკიდებულებას, მათ შორის ოპიოიდებზე (ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლია ოპიოიდურ რეცეპტორებთან დაკავშირება. ეს რეცეპტორები უშუალოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მდებარეობს);

  • რისკის შემცველი სექსუალური ხასიათის ქცევები (იგულისხმება მრავალი სექსუალური პარტნიორის ყოლა ან ქცევები, რომლებსაც შედეგად არასასურველი ორსულობა ან სგგი-ები შეიძლება მოჰყვეს);

  • სხვაზე სექსუალურად ძალადობის გაზრდილი რისკი;

  • სუიციდის ან სუიციდის მცდელობის გაზრდილი რისკი;

  • კვებითი აშლილობები.

ბავშვობაში სექსუალური ძალადობის გამოცდილება ზრდის ადამიანის სამომავლო ვიქტიმიზაციის (მსხვერპლობის) რისკს. მაგალითად, ბოლოდროინდელი კვლევებით გამოიკვეთა, რომ:

  • ქალები, რომლებსაც ბავშვობაში სექსუალური ძალადობა გამოუცდიათ, ზრდასრულ ასაკში სექსუალური ძალადობის გამოცდის 2-13-ჯერ უფრო გაზრდილი რისკის წინაშე არიან;

  • ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში სექსუალური ძალადობა გამოუცდიათ, პარტნიორის მხრიდან არაინტიმური ძალადობის გამოცდის ორჯერ უფრო გაზრდილი რისკის წინაშე დგანან.

წყარო: Isabella Carapella/HuffPost

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და ურთიერთობებთან დაკავშირებული გამოწვევები

ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ადამიანები ხშირად ურთიერთობებთან დაკავშირებული სირთულეების გაზრდილ მაჩვენებლებს აწყდებიან. გავრცელებული გამოწვევები მოიცავს:

  • უნდობლობას;

  • ინტიმურობის შიშს;

  • არასტაბილურ ურთიერთობებს;

  • განქორწინების მაღალ მაჩვენებელს.

ბავშვობაში გამოცდილმა სექსუალურმა ძალადობამ შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც რომანტიკულ და ინტიმურ ურთიერთობებზე, ისე მშობლობასა და ოჯახურ დინამიკაზე. კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს უფრო მეტად უჭირთ უსაფრთხო და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება, ვიდრე მათ, ვისაც ეს გამოცდილება არ აქვთ.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და სექსუალური დისფუნქციები

ბავშვობაში სექსუალური ძალადობის გამოცდილების მქონე ზრდასრული ადამიანები მუდმივად საუბრობენ სექსუალურ დისფუნქციებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ძალადობაგამოვლილ ქალებს უფრო უჭირთ აღგზნება და აქვთ ნაკლები სურვილი სქესობრივი აქტივობების მიმართ.

როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის, პოსტტრავმული სტრესის აშლილობის სიმპტომები აძლიერებს სექსის სურვილთან, აღგზნებასთან და პერფორმანსთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და რევიქტიმიზაცია

რევიქტიმიზაცია გულისხმობს ერთი და იმავე დანაშაულის განმეორებით მსხვერპლობას. ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მსხვერპლები განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკის წინაშე არიან. ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დაახლოებით 50% რევიქტიმიზაციას გამოცდის.

კვლევები ასევე აჩვენებს, რომ მოძალადეთა დაახლოებით 35% ბავშვობაში თავად იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. კაცები ძალადობრივ წრეში ჩაბმის გაცილებით მაღალი რისკის წინაშე დგანან, ვიდრე ქალები.

► თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, იცნობთ ბავშვს ან მოზარდს, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლია ან იცით ასეთი ფაქტის შესახებ, მიმართეთ:

  • ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზს — 111

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა  საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;

  • საგანგებო და გადაუდებელ დახმარებას — 112

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: BFM.MY

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
მსხვერპლის დადანაშაულება, ძალადობა, გაუპატიურება, სექსიზმი

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება და რატომ ხდება ის?

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება? — როდესაც დანაშაულის ან ძალადობის შემთხვევაში საზოგადოება პასუხისმგებლობას მთლიანად ან ნაწილობრივ მსხვერპლს აკისრებს

ჩემი ფსიქიკა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, შევიწროება, ჰარასმენთი, ფორმები, ამოცნობა, გამკლავება, კანონი, ძალადობა, სექსი, თანხმობა

რა არის სექსუალური შევიწროება? — მისი ფორმები, ამოცნობის გზები და მასთან გამკლავება

რა არის სექსუალური შევიწროება და როგორ ამოვიცნოთ ის? სექსუალური თანხმობა და მისი მნიშვნელობა, შევიწროებაზე რეაგირება. როგორ მოვიქცეთ, თუკი მარტო ვართ?

ჩემი უსაფრთხოება
ძალადობა, ქალთა მიმართ, ქალები, ქალებზე, გაუპატიურება, სექსუალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, dzaladoba, qalebi, gaupatiureba, seqsualuri, fizikuri, fsiqologiuri, ekonomikuri

ქალთა მიმართ ძალადობა და მისი გავრცელებული ფორმები

ქალებზე ძალადობა და მისი ფორმები — ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობა (გაუპატიურება, შევიწროება)

ჩემი უსაფრთხოება

გააზიარე სტატია

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია