ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტაბუდადებული და პრობლემური საკითხია. მეტიც, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ისეთი ფორმები, როგორებიცაა ცემა, ყვირილი თუ ოთახში ჩაკეტვა, აღზრდის მიღებული და ტრადიციული ფორმებია.
ბავშვებს ხშირად აღიქვამენ საკუთრებად, პირადი სივრცის, სურვილების, ინტერესებისა და განცდების გარეშე. ამ ფონზე, ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებასა და აღმოხვრას კიდევ უფრო ართულებს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა:
-
ბავშვების მიმართ უნდობლობა და მათი მონათხრობის არდაჯერება;
-
ბავშვების მხრიდან ძალადობის ფაქტის დამალვა შიშის ან სირცხვილის გამო;
-
საკითხის ირგვლივ არსებული ტაბუები და სტერეოტიპები;
-
ბავშვების როგორც ემოციური, ისე ფიზიკური მოწყვლადობა;
-
ბავშვთა უსაფრთხოებასა და ჯანსაღ საზღვრებზე ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა, როგორც მშობლებისთვის, ისე — ბავშვებისთვის.
სურათი: Hanna Barczyk / NPR
2019-2020 წლების სტატისტიკაც ამ რეალობაზე მიუთითებს:
„სახელმწიფოს ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს” მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის მხოლოდ 8 თვის სტატისტიკით (იანვარი - აგვისტო), საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა.
ძალადობის ტიპების მიხედვით კი ეს სტატისტიკა ასე კლასიფიცირდება:
-
ფიზიკური ძალადობა — 256;
-
ფსიქოლოგიური ძალადობა — 401;
-
უგულებელყოფა — 152;
-
იძულება — 3;
-
სექსუალური ძალადობა — 55;
-
ოჯახში ძალადობა — 120;
-
მიტოვება — 7;
-
ეკონომიკური ძალადობა — 19;
-
ადრეული ქორწინება/არასრუწლოვნის ორსულობა — 87;
-
სუიციდის მცდელობა — 19;
-
ბულინგი — 6;
-
კიბერბულინგი — 5;
-
ტრეფიკინგი — 2;
-
ადევნება — 2;
-
ფემიციდი — 5;
-
არამართლზომიერი გადაადგილება — 1;
-
არასრუწლოვნების კონფლიქტი — 6.
2019 წელს ბავშვზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით იმავე უწყებაში 1624 მიმართვა შევიდა.
► სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, თითქმის ყოველდღე ერთი ბავშვი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
ამგვარი რეალობის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია, ბავშვებს ასაკის შესაბამისად, განვითარების ყველა ეტაპზე მივცეთ ინფორმაცია ჯანსაღი საზღვრებისა და მათი დაცვის შესახებ და მაქსიმალურად ვეცადოთ, დავიცვათ მსგავსი გამოცდილებებისგან.
რა არის საზღვრები?
საზღვრები შეიძლება იყოს როგორც ხილული, ისე — უხილავი. მაგალითად, ღობე, რომელიც ჩვენს ეზოს, მეზობლის ტერიტორიისგან ყოფს ხილული საზღვარია და გვაჩვენებს, რა ტერიტორია გვეკუთვნის ჩვენ და რაზე ვართ პასუხისმგებელნი.
საცხოვრებელი სივრცისგან განსხვავებით, პირად სივრცეს უხილავი საზღვრები აქვს — წარმოსახვითი „ბუშტი“ — მიუხედავად იმისა, რომ მისი დანახვა არ შეგვიძლია, ვგრძნობთ, როგორ იცვლება ჩვენი ემოციური ფონი, როცა უცხო ადამიანი ზედმეტად გვიახლოვდება და ჩვენს პირად სივრცეში შემოდის.
წარმოსახვით „ბუშტში“ თავსდება როგორც სხეულის პირადი სივრცე, ისე ჩვენი შინაგანი სამყარო — რწმენები, ფიქრები, გრძნობები, აზრები და ა.შ.
მარტივად რომ ვთქვათ, საზღვრები — ხილულია ის თუ უხილავი — ფლობასა და პასუხისმგებლობას განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია რომ მას პატივისცემითა და ყურადღებით მოვეპყროთ.
სურათი: Yes Gurl
გამომდინარე იქედან, რომ საზღვრები ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებისა და საკუთარი თავის გამოხატვისას ერთ-ერთ გარდამტეხ როლს თამაშობს, მათი დაწესება და სხვების საზღვრების პატივისცემა ბავშვობიდანვე აუცილებელია.
ბავშვებისთვის ადრეული ასაკიდანვე იმის სწავლება, რომ ჩვენი სხეული ჩვენვე გვეკუთვნის და ჩვენ ვართ ერთადერთნი, ვინც მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, მნიშვნელოვანია:
- რათა ზუსტად ესმოდეთ, რა არის ჯანსაღი საზღვრები
- და იცოდნენ, როგორ დაიცვან ისინი.
რისკების გააზრება
ფაქტები და სტატისტიკა ადასტურებს ბავშვებისთვის პირადი საზღვრების სწავლების საჭიროებას, პოტენციური საფრთხეებისა და სექსუალური ძალადობისგან მათ დასაცავად.
მოძალადეები ბავშვების პირად სივრცეში ნდობის მოპოვებითა და მათთვის იმის დაჯერებით აღწევენ, რომ ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის სექსუალური ხასიათის ურთიერთობები ნორმალურია. თუ ასეთ დროს ბავშვს პირადი საზღვრების შესახებ სწორი ინფორმაცია აქვს, მოძალადისგან განრიდების შანსი იზრდება.
ზრდასრულების მიერ საზღვრების დარღვევა
ზრდასრულები ბავშვების პირად საზღვრებს სხვადასხვა ფორმით არღვევენ. მათ შორის ემოციური, ფიზიკური და სექსუალური თვალსაზრისით.
ემოციური საზღვრების გადაკვეთის მაგალითები:
-
დარცხვენა (მაგ.: „არ მჯერა, რომ ეს გააკეთე! როგორი ადამიანი ხარ ამის შემდეგ?“)
-
სარკაზმის გამოყენება (მაგ.: „ყოჩაღ! ამის გაკეთება ორი წლის ბავშვსაც შეუძლია.”)
-
დადანაშაულება (მაგ.: „შენთვის რამდენ რამეს ვაკეთებ. არ შეგიძლია ეს ერთი რამ რომ გამიკეთო?“)
-
დამცირება (მაგ.: „ყველამ იცის, რომ უნიჭო ხარ.”)
-
ბავშვისთვის საუკეთესო მეგობრის ან სანდო პირის სტატუსის მინიჭება („ძალიან მარტოსული ვარ. მიხარია, რომ აქ ჩემს მოსასმენად ხარ.”)
ფიზიკური საზღვრების გადაკვეთის მაგალითები:
-
სხვებთან ჩახუტების ან კოცნის დაძალება;
-
შეხება მაშინ, როცა მათ ეს არ სურთ;
-
ბავშვის ცემა.
სექსუალური საზღვრების გადაკვეთის მაგალითები:
-
ბავშვისთვის სექსუალური ხასიათის ხუმრობების თქმა;
-
სექსუალური შინაარსის მქონე მასალის ჩვენება;
-
სექსუალური შინაარსის ინფორმაციის გაზიარება;
-
ბავშვის თანდასწრებით სექსუალური აქტივობით დაკავება;
-
სექსუალური აქტივობით დაკავება ბავშვთან.
► ეცადეთ, რომ საზღვრების შესახებ ყოველი დიალოგი დასრულდეს პოზიტიურ ნოტაზე.
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ჯანსაღი საზღვრების დაწესება?
1. დაეხმარეთ ბავშვს თვითრწმენისა და ემოციური ინტელექტის განვითარებაში
ჯანსაღი საზღვრები ხშირად თავდაჯერებას მოითხოვს აზრების, სურვილებისა და საჭიროებების თვალსაზრისით. ამ თვითრწმენის შექმნისთვის, ბავშვებს იმის ცოდნა სჭირდებათ, თუ რა ტიპის ურთიერთობებში გრძნობენ თავს კომფორტულად.
მშობლებს ემოციური ინტელექტისა და თვითრწმენის განვითარებაში დახმარება ღია და გულწრფელი საუბრებით შეუძლიათ. ხშირად ესაუბრეთ ბავშვებს ემოციებზე, ასაკის შესაბამისი ტერმინებით და შეუქმენით გარემო, სადაც ისინი თავიანთ გრძნობებზე სირცხვილის გარეშე ილაპარაკებენ. ასაკის შესაბამისად, დაუსვით ბავშვს ისეთი კითხვები, რომლებიც მისი მოტივაციებისა და რეაქციების უკეთ გააზრებაში დაეხმარება. მაგალითად:
„როგორ გაგრძნობინა ამან თავი?“
„როგორ გგონია, რატომ იგრძენი თავი ასე?“
„შეცვლიდი რაიმეს სამომავლოდ?“
სურათი: dribbble / Ksenia Shokorova
2. გააძლიერეთ ბავშვი
ბავშვს საკუთარი თავის დაცვაში ისეთი უნარების განვითარებით დაეხმარებით, როგორიცაა: საკუთარი ინსტინქტების მიმართ ნდობა, თავდაჯერებულობა, სწრაფი და მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება და ა.შ.:
-
ასწავლეთ, რომ ენდოს საკუთარ გრძნობებს. თუ გრძნობს, რომ რაღაც რიგზე არ არის, დიდი ალბათობით, ეს მართლაც ასეა.
-
თუ თავს არაკომფორტულად ან დაბნეულად გრძნობს, ან არ მოსწონს როგორ ექცევიან ან ეხებიან, უთხარით, რომ ასეთ დროს იქაურობას რაც შეიძლება სწრაფად გაეცალოს.
-
ასწავლეთ, რომ მტკიცედ და თავდაჯერებით თქვას „ეს არ მომწონს“ ან „ნუ მეხები“.
-
დარწმუნდით, რომ ბავშვი სათანადოდ გენდობათ იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მოგიყვეთ ამა თუ იმ ფაქტის შესახებ. ასევე უთხარით, თუ თქვენ ვერ გიკავშირდებათ, ვის შეუძლია მიმართოს ოჯახში ან მის ირგვლივ არსებულ გარემოში.
-
დაარწმუნეთ, რომ ყველაფერს გაუმკლავდებით, რასაც არ უნდა მოგიყვეთ — რომ ყოველთვის მოუსმენთ, დაუჯერებთ და მშვიდად გადადგამთ საჭირო ნაბიჯებს პრობლემის მოგვარებისთვის.
-
რაც ყველაზე მთავარია, ასწავლეთ, რომ სექსუალური ან სხვა ნებისმიერი სახის ძალადობა არასდროსაა მისი ბრალი.
3. ესაუბრეთ ბავშვს სხეულთან დაკავშირებულ საზღვრებსა და უსაფრთხოებაზე
უმჯობესია, თუ სხეულთან დაკავშირებულ საზღვრებსა და უსაფრთხოებაზე ბავშვებთან საუბარს ადრეული ასაკიდანვე დავიწყებთ. ამ ტიპის დიალოგი შესაძლოა სხეულის იმ ნაწილების გაცნობით დაიწყოს (მაგალითად, ნაწილები, რომლებსაც საცურაო კოსტუმი ფარავს), რომლებიც ინტიმურია.
სურათი: Behance / Dung Ho via Pinterest
აუცილებელია, ბავშვებს ავუხსნათ, რომ ზოგჯერ დახმარება გვჭირდება სხეულის მოვლისა და სიჯანსაღისთვის (მაგალითად, ბანაობა ან ექიმთან ვიზიტი) და ამ დროს ნორმალურია, თუ მშობელი ან ექიმი სხეულის ამ ნაწილებზე შეეხებათ, გასუფთავების ან შემოწმების მიზნით.
თუმცა აუცილებელია აღვნიშნოთ ისიც, რომ ექიმმაც და მშობელმაც ნებართვა უნდა აიღონ შეხებამდე და უნდა აუხსნან ბავშვს, თუ რა მიზნით ეხებიან.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ სწორი სიტყვები თითოეული ორგანოს დასასახელებლად, რათა ბავშვს ესმოდეს, რომ სხეულის ინტიმური ნაწილებიც ჩვეულებრივი ნაწილებია, როგორც ხელი ან ფეხი. გამოიყენეთ ფორმალური ტერმინები, როგორიცაა „ვაგინა“ და „პენისი“ არაფორმალურ დასახელებებთან ერთად, რომლებიც შეიძლება სახლის გარეთ გაიგონონ. ასეთი საუბრები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციეთ, მაგალითად ბანაობის ან ჩაცმის დროს.
დასურათებული წიგნები კიდევ ერთი კარგი გზაა გოგოსა და ბიჭის სხეულებს შორის განსხვავებებისა და იმის სასწავლებლად, თუ როგორ იცვლება სხეული დროთა განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის საუბრები ერთჯერადი არ იყოს — გრძელდებოდეს და იცვლებოდეს ბავშვის ასაკობრივი განვითარების შესაბამისად.
4. ესაუბრეთ ბავშვს პირად სივრცეზე
აუცილებელია, ბავშვებს თავიანთ და სხვების პირად სივრცეზე ხშირად ვესაუბროთ. მნიშვნელოვანია, ესმოდეთ, რომ ყველა თავისი სხეულის მფლობელია და თავად აკეთებს არჩევანს თავის სხეულთან მიმართებით.
ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ თავად წყვეტენ, ვინ ჩაეხუტება ან აკოცებს და თუ რაიმე ტიპის შეხება მათთვის არასასიამოვნო და მიუღებელია, ძალა არავინ უნდა დაატანოს. მშობლებმა და უფროსებმა ამ ტიპის გადაწყვეტილებები ბავშვების ნაცვლად არ უნდა მიიღონ. მაგალითად, მშობელმა არ უნდა გადაწყვიტოს, ბავშვი აკოცებს თუ არა ბებიას, ბაბუას ან ოჯახის მეგობარს. ბავშვს უნდა შეეძლოს, თავად გადაწყვიტოს, აკოცოს, ჩაეხუტოს თუ ხელი ჩამოართვას სხვას. ჩვენ კი უნდა ვუთხრათ: „შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც უფრო კომფორტულია შენთვის.”
აუცილებელია, რომ თავად უფროსები ვიყოთ კომფორტულად ამ საკითხებზე საუბრისას და იმის ახსნისას, რომ ერთი და იგივე ქცევა შეიძლება სწორი ან არასწორი იყოს გარემოებებიდან გამომდინარე. მაგალითად, რომ ჩახუტებისა და კოცნის მიღება მეგობრისგან (ვისგანაც ეს ბავშვისთვის კომფორტულია), ნორმალურია.
5. ესაუბრეთ ბავშვებს მათ ცხოვრებაში არსებულ სხვადასხვა ტიპის ადამიანებზე
მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს, როგორ განსაზღვროს, თუ ვინ არიან ახლობელი ადამიანები მის ცხოვრებაში. ამის ეფექტურად გასაკეთებლად, უმჯობესია, განსაზღვროთ ადამიანების ტიპები. მაგალითად:
-
ოჯახის წევრები (ადამიანები, ვისთან ერთადაც ერთ სახლში ვცხოვრობთ);
-
უფრო დიდი ოჯახი (ადამიანები, რომლებიც ასევე ოჯახია, მაგრამ ერთ სახლში არ ვცხოვრობთ: ბებია, ბაბუა და ა.შ.);
-
მეგობრები (ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ და გვიყვარს, კარგად ვიცნობთ და ვენდობით);
-
ნაცნობები (ადამიანები, ვისი სახელებიც ვიცით და ზოგჯერ ვხედავთ ხოლმე, მაგალითად, ოჯახის ახლობელი);
-
მასწავლებლები და დამხმარეები (ადამიანები, რომლებიც სკოლაში გვასწავლიან ან გვეხმარებიან სხვადასხვა კუთხით, მაგალითად, სკოლის ექიმი, ტრენერი და ა.შ.);
-
უცნობები (ადამიანები, ვისაც არ ვიცნობთ).
შესაძლოა, ვიზუალური გამოხატვა დაგეხმაროთ ბავშვისთვის იმის სწავლებაში, თუ ვინ არიან უახლოესი და მისგან ყველაზე შორს მდგომი ადამიანები. ოჯახი ყველაზე ახლოს იქნება, ხოლო უცნობები — ყველაზე შორს. უმჯობესია, ვკითხოთ ბავშვებს, როგორ ფიქრობენ, ვინ რომელ კატეგორიაში ხვდება მათ ცხოვრებაში? მათი აზრით, რა ტიპის ქცევებია ნორმალური თითოეული ტიპის ადამიანისგან მათ მიმართ? ამ კატეგორიებიდან, რომლებში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ აკოცონ ან ჩაეხუტონ? ვის შეუძლიათ ენდონ და ვის — არა?
6. ასწავლეთ ბავშვს, როგორ თქვას „არა“
მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ, რომ მათ „არას“ თქმა შეუძლიათ, როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის, და რომ მათგან ყოველთვის თანხმობას არ მოელიან. ბავშვებისთვის უარის თქმის სწავლება აძლიერებს მათ და ეხმარება საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების როგორც აღქმაში, ისე გამოხატვაში.
სურათი: Behance / Seung Uk Hong via Pinterest
თუ ბავშვს მხოლოდ დათანხმებასა და სხვების სიამოვნებაზე ზრუნვას ვასწავლით, ამან, შესაძლოა, მისი დაუცველობის ხარისხი გაზარდოს სხვადასხვა ტიპის ძალადობის მიმართ.
მნიშვნელოვანია, ბავშვს დავეხმაროთ მტკიცე და თავდაჯერებული „არას“ თქმის უნარის გამომუშავებაში. ამაში როლური თამაშები დაგეხმარებათ: ჰკითხეთ ბავშვს, თუ შეიძლება კოცნა ან ჩახუტება და მიეცით საშუალება, თქვას „არა, მადლობა“ მტკიცედ და თავდაჯერებულად.
ასევე, შეგიძლიათ ჰკითხოთ, როგორ მოიქცეოდნენ ამა თუ იმ სიტუაციაში და მისცეთ საუკეთესო გადაწყვეტილებებისკენ მიმართულება.
როგორ მოიქცევი, თუ…
არსებობს კითხვები, რომლებიც ამა თუ იმ სოციალური სიტუაციისთვის ამზადებს ბავშვს და თქვენც დაგეხმარებათ, მაქსიმალურად ბევრი და საჭირო ინფორმაცია მიაწოდოთ მისი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ასეთი კითხვების მაგალითებია:
როგორ მოიქცევი, თუ...
-
ვინმე, თუნდაც ისეთი, ვისაც იცნობ, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ შეგეხება?
-
ვინმე, თუნდაც ისეთი, ვისაც იცნობ, ჩაგეხუტება ან ნებისმიერი სხვა ფორმით შეგეხება და შენ თავს ცუდად ან არაკომფორტულად იგრძნობ?
-
ვიღაც ისეთ რამეს შემოგთავაზებს, რაც ძალიან გინდა (შოკოლადს ან სათამაშოს) და სანაცვლოდ შეხების საიდუმლოდ შენახვას გთხოვს?
-
ვიღაც დაგემუქრება და გეტყვის, რომ ან შენ ან შენთვის საყვარელ ადამიანებს რამეს დაუშავებს, თუ შეხების შესახებ ვინმეს ეტყვი?
-
ვინმე გაწუხებს სკოლაში ან ეზოში და მე ახლოს არ ვარ?
-
არასასურველი შეხების შესახებ ვინმეს მოუყევი და არ დაგიჯერა, ან გაგიბრაზდა?
-
ვინმე ცუდად გექცევა და გეუბნება, რომ ეს შენი ბრალია?
-
ვინმე გეტყვის, რომ თუ მე მომიყვები, დაგსჯი, შენ დაგადანაშაულებ ან არ დაგიჯერებ?
მნიშვნელოვანია, რომ სხეულის საზღვრებზე ბავშვთან გამართული ყველა დიალოგი პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ და ღია ვიყოთ ნებისმიერი კითხვისთვის მათი მხრიდან.
საკითხები, რომლებიც შეხების მიუღებელ ფორმებს მოიცავს, არასასიამოვნო შეიძლება იყოს როგორც მშობლისთვის, ისე ბავშვისთვის. სწორედ ამიტომ, ასეთი საუბრებისას აუცილებელია აღვნიშნოთ ისიც, რომ კოცნა და ჩახუტება ძალიან სასიამოვნო და დადებითი მოვლენაა, როცა ის ორმხრივ სურვილსა და კომფორტზეა დაფუძნებული, როცა ვენდობით მათ, ვისაც ვეხუტებით ან ვკოცნით და როცა გვიყვარს ისინი.
ნდობა, მოსმენა, ღიაობა და გულწრფელობა ყოველთვის საუკეთესო გზაა ბავშვთან ნებისმიერ საკითხზე საუბრისას. ასე იბადება უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა ბავშვებში, რაც მშობელსა და ბავშვს შორის ჯანსაღი ურთიერთობების წინაპირობაა.
მთავარი სურათი: ანიკი გელაშვილი / Femea