Facebook Script

ოჯახში ძალადობა და შშმ ქალები — რა უნდა ვიცოდეთ?

14 ივნისი, 2023 | ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა არის იმგვარი ქცევა, რომელიც პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის, ოჯახის წევრისა თუ მზურველის მხრიდან მსხვერპლის დამცირებას, მუქარას, იძულებას, კონტროლსა და ძალადობრივ ქცევებს, მათ შორის სექსუალურ ძალადობას აერთიანებს.

ოჯახში ძალადობა შეიძლება იყოს:

  • ფიზიკური — ფიზიკური ძალადობა გულისხმობს დატყმას, ცემას, სხეულის დაზიანებისა და მკვლელობის მცდელობას;

  • სექსუალური — ამ სახის ძალადობა გამოიხატება არასასურველი შეხებითა და სექსის მოთხოვნით ან დაძალებით მსხვერპლის სურვილის საწინააღმდეგოდ;

  • ემოციური და ფსიქოლოგიური — ამ ტიპის ძალადობა აერთიანებს ისეთ ქცევებს როგორებიცაა დამცირება, იძულება, კონტროლი იმის თაობაზე, თუ სად მიდიხართ, ვის ეკონტაქტებით და ა.შ.

  • მუქარა და დაშინება — ასეთ დროს მოძალადე ემუქრება მსხვერპლს რომ რაიმეს დაუშავებს ან მოკლავს, და აკონტროლებს მას იმგვარი ქცევებით, როგორებიცაა ადევნება, თან გაყოლა და ა.შ. 

  • ეკონომიკური — ასეთ შემთხვევაში, მოძალადე აკონტროლებს მსხვერპლის შემოსავლებს (იქნება ეს ხელფასი, პენსია თუ სოციალური დახმარება) ან ითვისებს თანხას სრულად.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ოჯახში ძალადობის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ტიპური განვითარების პირები. შშმ პირების 70% ერთხელ მაინც გამხდარა სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი და 3-ჯერ მეტია იმის ალბათობა, რომ ისინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლები იქნებიან. შშმ პირები განიცდიან ოჯახში ძალადობის უფრო მძიმე ფორმებს (მაგალითად, მძიმე კონტროლი, იძულება და დამცირება ოჯახის წევრებისა და თუ მზრუნველის მხრიდან) და ძალადობის ხანგრძლივობაც მეტად დიდია, ვიდრე ეს ტიპური განვითარების მქონე ადამიანებში გვხვდება.

ოჯახში ძალადობის გაზრდილ რისკსა და მაჩვენებელს ის განაპირობებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ხშირად უფრო მოწყვლადები და დაუცველები არიან ხოლმე. გარკვეულმა მდგომარეობამ, განსაკუთრებით კი ფიზიკურმა შეზრუდულმა შესაძლებლობამ, შეიძლება შეამციროს ადამიანის დამოუკიდებლობის დონე და საფრთხისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა. ფსიქო-სოციალურმა ან ინტელექტუალურმა დარღვევებმა კი, შესაძლოა, ადამიანი იმ რისკის ქვეშ დააყენოს, რომ ვერ გაიაზროს ის ფაქტი, რომ ძალადობის მსხვერპლია.

გარდა ამისა, ის, რომ ხშირად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები მოწყვეტილნი არიან საზოგადოებას და უმეტესად სახლში უწევთ ყოფნა, ზრდის ოჯახში ძალადობის რისკს და ამცირებს გარე დახმარების მიღების შესაძლებლობას. ამ რეალობას ამძიმეს ის ფაქტიც, რომ მუდმივად სახლში მყოფი შშმ ადამიანი ენდობა ოჯახის წევრებს, რადგან მათ გარდა შეიძლება სხვა არავინ ჰყავდეს, ამიტომაც ძალადობის ფაქტებს იღებს როგორც მოცემულობას.

შშმ პირები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი მათი მომვლელებისა თუ დამხმარეების მხრიდანაც. თუკი პირი დამოკიდებულია დამხმარესა თუ მომვლელზე და არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, უფრო დიდია ალბათობა, რომ ისინი სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლები გახდებიან.

რატომ არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი უმეტესად შშმ ქალები?

შშმ ქალები ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი უფრო ხშირად ხდებიან, ვიდრე შშმ კაცები. განსხვავებულია ძალადობის ის ფორმებიც და სიმძიმეც, რომელსაც შშმ ქალები ტიპური განვითარების მქონე ქალებისგან განსხვავებით აწყდებიან. ეს განპირობებულია იმით, რომ მოძალადეები შშმ ქალებს განსაკუთრებით დაუცველ და მოწყვლად ადამიანებად აღიქვამენ, რომლებთანაც ძალადობა გამართლებულია და მათ ამის გამო პასუხი არ მოეთხოვებათ.

► მოძალადეების უმეტესობა (97%-99%) არის ისეთი ადამიანი, რომელსაც ქალი იცნობს და ენდობა.

ფაქტს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, განაპირობებს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს შშმ ქალს არ გააჩნია ან არ უნდა გააჩნდეს სქესობრივი ცხოვრება. თუკი შშმ ქალზე სექსუალურად იძალადებენ, მოძალადე მიიჩნევს, რომ ამით დიდი არაფერი დაუშავებია, და ის შეიძლება იმასაც კი ფიქრობდეს, რომ პირიქით, სწორადაც მოიქცა, რადგან შშმ ქალს ერთგვარად ხელი შეუწყო, რომ სქესობრივი გამოცდილება მიეღო. ყველაზე ხშირად კი ფსიქო-სოციალური და ინტელექტუალური დარღვევის მქონე ქალებზე ძალადობენ სექსუალურად. ცხადია, ეს ძალადობაა და არასწორია იმის დაშვება, რომ შშმ ქალებს არ შეუძლიათ, ჰქონდეთ სქესობრივი ცხოვრება!

ძალადობის გამორჩეული ფორმები, რომლებსაც შშმ ქალები ყველაზე ხშირად განიცდიან: 

  • სახლში გამოკეტვა და გარეთ გასვლის უფლების ჩამორთმევა

  • ქორწინების უფლების შეზღუდვა ან ჩამორთმევა

  • იძულებითი სტერილიზაცია და აბორტი

  • ცივი აბაზანის მიღება დასჯის მოტივით

  • გაშიშვლება სხვა ადამიანების თანდასწრებით დასჯისა და შერცხვენის მოტივით

  • წამლების დაძალება ან მათი მიღების საერთოდ აკრძალვა

  • დაბმა

  • პენსიისა თუ ფინანსური დახმარების კონტროლი ან წართმევა

როგორც ჩამონათვალშია ნახსენები, შშმ ქალები საკმაოდ ხშირად ხდებიან იძულებითი სტერილიზაციისა და აბორტის მსხვერპლნი, და მათ არ ეძლევათ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება სწორედ თავიანთი ოჯახის წევრების გამო. აქაც დამნაშავე გავრცელებული შეხედულებაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი ვერ იქნება დედა და ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ზრუნვით მოვალეობებს. სწორედ ამიტომ, შშმ ქალებს არც ეძლევათ არჩევანი, გააჩენენ თუ არა შვილს და მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას ხშირად მათივე ოჯახის წევრები იღებენ.

აღსანიშნავია, რომ ასაკოვანი შშმ ქალები უფრო ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და, ამ შემთხვევაშიც, ძალადობის ფორმები მეტად მძიმდება. ძალადობის მძიმე ფორმებს განიცდიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები შშმ ქალები და ისინიც, რომლებიც რეგიონებში, ნაკლებად განვითარებულ გარემოში ცხოვრობენ.

სამწუხაროდ, გამონაკლისი არც ქართული რეალობაა. საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებიც ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი ოჯახის წევრების მხრიდან. მართალია, შშმ პირებს შეუძლიათ უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება, თუმცა მხოლოდ ამ სერვისის არსებობა არ არის საკმარისი, რადგან ხშირად, შშმ ქალმა საერთოდ არ იცის, რომ შეუძლია მსგავსი დახმარების მიღება. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოში არ არსებობს პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს შშმ პირთა მიერ საკუთარი უფლებების სრულად გაცნობას.

2019 წელს საქართველოში, ასოციაცია „დეას“ მიერ ჩატარებულმა კვლევამაც ცხადყო, რომ შშმ ქალების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებას ნაკლები ყურადღება ეთმობა. ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ შშმ ქალების ამგვარ ყოფას რამდენიმე მიზეზი აქვს: 

  • დომინირებული პატრიარქალური დამოკიდებულება 

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სტერეოტიპული აღქმა საზოგადოების მიერ, სტიგმა

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოცირება დაუცველ ადამიანებთან

  • შეზღული შესაძლებლობები მქონდე პირთა მიმართ ძალადობის უხილავობა და ძალადობის დაფარულობა

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სოციალური სერვისების ნაკლებად ხელმისაწვდომობა

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინსტიტუციური მხარდაჭერის არასაკმარისი დონე

  • სამართალდამცავ ორგანოებთან ნაკლებ ეფექტიანი კომუნიკაცია, რაც ზრდის უნდობლობას შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირთა მხრიდან

კვლევაში ვკითხულობთ იმასაც, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები განიცდიან დამამცირებელ მოპყრობას სამედიცინო პერსონალის მხრიდანაც, რომლებიც არ არიან საკმარისად ინფორმირებულნი შშმ ქალების გამოწვევებისა და სპეციფიკური საჭიროებების შესახებ.

როგორც დავეხმაროთ შშმ პირს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია?

როდესაც შშმ პირების დახმარებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ სახელმწიფოს ფაქტორი. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების კონვენცია (CRPD) სწორედ იმ ფაქტს უსმავს ხაზს, რომ აუცილებელია, სახელმწიფო დგამდეს ქმედით ნაბიჯებს შშმ პირებისა და მათი უფლებების დასაცავად და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის.

თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტსაც, რომ რეალობას, რომელშიც შშმ ქალები ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, განაპირობებს სტერეოტიპული დამოკიდებულებები, რომლებიც საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ისეთი ფუნდამენტური საკითხების შესახებაც, რომ შშმ ქალებსაც შეუძლიათ ჰქონდეთ სქესობრივი ცხოვრება და იყვნენ დედები.

იმ ფაქტის გამო, რომ შშმ ქალები უფრო მძიმე ძალადობის ფორმებს განიცდიან, დახმარების ნაბიჯებიც უფრო კომპლექსურია. შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლი ვერ აიდენტიფიცირებდეს ძალადობას, რადგან მოძალადე ისეთი ადამიანი იყოს, რომელსაც ენდობა. ხშირია შემთხვევებიც, როცა ძალადობის მსხვერპლი შშმ ქალი ვერ ტოვებს სახლს ფიზიკური შეზღუდულობის გამო.

პრობლემის მოგვარების უპირველესი გზა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა, რათა შშმ ქალები არ იყვნენ გარიყულნი საზოგადოებიდან და მათ არ აღიქვამდნენ მოწყვლად, სხვაზე „დაბლა მდგომ“ ადამიანებად. გარდა ამისა, არსებული სოციალური სერვისები მეტად უნდა იყოს მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე (იქნება ეს ინფრასტრუქტული გარემო თუ ფინანსური ხელმისაწვდომობა). გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების გადამზადება, რათა ძალადობაგამოვლილი პირი არ გახდეს დამატებითი დისკრიმინაციის, გარიყვისა და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი.

► თუკი იცით, რომ შშმ პირი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, ან თუ თავად ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, აუცილებლად დაუკავშირდით შესაბამის ორგანიზაციებსა და ორგანოებს:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა  საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;

  • საგანგებო და გადაუდებელ დახმარებას — 112

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56

  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას — 032 2 99 50 76 

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03

გამოყენებული წყაროები: 

მთავარი სურათი: Amnesty International

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ოჯახში, ძალადობა, ოჯახი, გამომწვევი, მიზეზები, თავდაცვის, მექანიზმები, შემაკავებელი, დამცავი, ორდერი, ქალები, ქალთა, მიმართ, ოჯახი, ქმარი, ojaxshi, ojaxi, dzaladoba, gamomwvevi, mizezebi, tavdacvis, meqanizmebi, shemakavebeli, damcavi, orderi, qalebi, qalta, mimart

ოჯახში ძალადობა — გამომწვევი მიზეზები და თავდაცვის გზები

რას ნიშნავს ოჯახში (ოჯახური) ძალადობა — რა ფაქტორები იწვევს მას, რა ფორმებით ვლინდება და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ოჯახში ძალადობისგან?

ოჯახში ძალადობა
ოჯახში, ძალადობა, ოჯახი, გამომწვევი, მიზეზები, თავდაცვის, მექანიზმები, შემაკავებელი, დამცავი, ორდერი, ქალები, ქალთა, მიმართ, ოჯახი, ქმარი, ojaxshi, ojaxi, dzaladoba, gamomwvevi, mizezebi, tavdacvis, meqanizmebi, shemakavebeli, damcavi, orderi, qalebi, qalta, mimart

ოჯახში ძალადობა — მისი ფორმები და ამოცნობის გზები

რა არის ოჯახში ძალადობა და რა ფორმები ახასიათებს მას? სიტყვიერი, ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობა — მათი ამოცნობის გზები.

ოჯახში ძალადობა
ოჯახში, ძალადობა, ოჯახი, გამომწვევი, მიზეზები, თავდაცვის, დახმარების, გზები, ფორმები, გავლენა, ბავშვები, ბავშვი, ბავშვთა, მოზარდები, არასრულწლოვანი, ოჯახი, ქმარი, ojaxshi, ojaxi, dzaladoba, gamomwvevi, mizezebi, tavdacvis, daxmarebis, gzebi, formebi, gavlena, bavshvebi, bavshvta, bavshvi, shvili, arasrulwlovani

ოჯახში ძალადობა და ბავშვები — ფორმები, გავლენა და დახმარების გზები

ოჯახში ძალადობა ბავშვთა მიმართ — ბავშვის მიმართ ძალადობის ფორმები, საქართველოში გავრცელებული არასწორი შეხედულებები ბავშვთა აღზრდის შესახებ, ძალადობის გავლენა (გრძელვადიანი და მოკლევადიანი შედეგები) ბავშვზე და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დახმარების გზები.

ოჯახში ძალადობა
ოჯახში, ოჯახური, ძალადობა, ლგბტ, ლგბტქ+, ქვიარი, ქვიარები, ოჯახი, ojaxshi, ojaxuri, dzaladoba, ojaxi, lgbt, lgbtq+, qviari, qviarebi, queer

ოჯახში ძალადობა და LGBTQ+ ადამიანები — რა უნდა ვიცოდეთ?

ქვიარ ადამიანებზე ოჯახში ძალადობის ფორმები და სტატისტიკა — ოჯახის წევრებისა და ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა, ძალადობა LGBTQ+ ბავშვებზე, საქართველოში გავრცელებული ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია.

ოჯახში ძალადობა
ვიდეო, ოჯახში, ძალადობა, ოჯახური, ქორწინება, სახლი, შევიწროება, გაუპატიურება, ცემა

ვიდეო — ოჯახში ძალადობა: რა უნდა ვიცოდეთ?

ამ ვიდეოში იმ საბაზისო საკითხებზე გიყვებით, რომელთა შესახებაც ინფორმაციის ფლობა აუცილებელია ოჯახში ძალადობის პრევენციისა ან მისგან თავის დაღწევისთვის.

ჩემი უსაფრთხოება

გააზიარე სტატია

ოჯახში ძალადობა და შშმ ქალები — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია