ბაქტერიული ვაგინოზი საკმაოდ გავრცელებული ინფექციაა, რომლის დროსაც ვაგინაში ირღვევა ბაქტერიების ბალანსი. როგორც წესი, სხეულს (ორგანიზმს) აქვს ბალანსის შენარჩუნების ფუნქცია. მისმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ტიპის ბაქტერიების ჭარბი ზრდა, რასაც სხვადასხვა სიმპტომის განვითარება მოჰყვება.
ბაქტერიული ვაგინოზი, ჩვეულებრივ, ექვემდებარება მკურნალობას და არ იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს. თუმცა, ბაქტერიული ვაგინოზის განვითარებამ შეიძლება გაზარდოს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) მიღების რისკი ან გამოიწვიოს გართულებები მშობიარობის დროს.
► იხილეთ აგრეთვე: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) — რა უნდა ვიცოდეთ?
ამ სტატიაში განვიხილავთ ბაქტერიული ვაგინოზისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, გამომწვევ მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებს. ვისაუბრებთ ასევე იმაზე, თუ როგორ ხდება ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზის დასმა, რა არის საჭირო მისი მკურნალობისთვის და რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციის მიზნით.
ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომები
აშშ-ში 21 მილიონი ქალიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ბაქტერიული ვაგინოზი აქვთ, მხოლოდ სამ მილიონს აღენიშნება რეალურად სიმპტომები. განვითარების შემთხვევაში, სიმპტომები, როგორც წესი, საკმაოდ მსუბუქია, თუმცა ხანგრძლივი. მათ შორისაა:
-
მონაცისფრო-თეთრი ან ყვითელი ვაგინალური გამონადენი;
-
სპეციფიკური (თევზისებრი) სუნი ვაგინაში, რომელიც შეიძლება გამძაფრდეს სექსის შემდეგ;
-
წვის შეგრძნება შარდვისას;
-
ვაგინალური ქავილი, სიწითლე და შეშუპება;
-
ვაგინალური სისხლდენა სექსის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომები არ არის ხოლმე სერიოზული, მათ შეიძლება შეასუსტონ ვაგინალური ქსოვილები და გაზარდონ სქესობრივი გზით გადამდები ისეთი ინფექციების მიღების რისკი, როგორებიცაა: გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონიაზი და აივ-ინფექცია.
თუ ბაქტერიული ვაგინოზის ინფექცია ორსულობის დროს განვითარდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის სისუსტე. იშვიათ შემთხვევაში არის მუცლის მოშლის რისკიც.
► მოკლე შეჯამება: ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომებია ვაგინალური გამონადენი, რომელსაც აქვს თევზის სუნი; ხშირია ვაგინალური ქავილი, სიწითლე, შეშუპება, წვა შარდვისას და სისხლდენა სექსის დროს ან შემდეგ.
ბაქტერიული ვაგინოზის გამომწვევი მიზეზები
ბაქტერიული ვაგინოზი ვითარდება მაშინ, როცა ვაგინაში „კარგი“ ბაქტერიების დონე უცებ ეცემა, რის შედეგადაც „ცუდი“ ბაქტერიების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ყველაზე მნიშვნელოვანი „კარგი“ ბაქტერიები — ლაქტობაქტერიები — ინარჩუნებს ვაგინის მჟავიანობას (pH), რათა „ცუდი“ ბაქტერიები ვერ გამრავლდნენ.
სქესობრივმა კავშირმა შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიული ვაგინოზი ვაგინაში ახალი ან გადაჭარბებული რაოდენობის ბაქტერიების შეტანით. ამან შეიძლება შეცვალოს არა მხოლოდ ვაგინის pH დონე, არამედ გაანადგუროს ბევრი სასარგებლო ბაქტერია, რომელიც აძლიერებს და „ასუფთავებს“ ვაგინას. ბაქტერიების ვაგინაში მოხვედრის რისკი ყოველი სქესობრივი კავშირის დროსაა.
ბაქტერიული ვაგინოზის გავრცელებულ გამომწვევ მიზეზებს შორისაა:
-
დაუცველი სექსი
-
ბევრი სხვადასხვა სექსუალური პარტნიორი
-
ახალი პარტნიორები
-
საზიარო სექს-სათამაშოები
-
დაბანის საშუალებები
-
ქაფიანი აბაზანა
-
ვაგინის დეოდორანტები
-
მოწევა
-
საშვილოსნოსშიდა მოწყობილობები (სპირალი)
ბაქტერიული ვაგინოზის განვითარებას ზოგ შემთხვევაში შეიძლება გენეტიკამაც შეუწყოს ხელი ანთებითი პროცესების სიმარტივის ან საშოში დამცავი ლაქტობაქტერიების მოსალოდნელზე დაბალი რაოდენობით გამოყოფის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევების საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, არსებობს მტკიცებულება, რომ გარკვეულ გენეტიკურ მუტაციებს შეიძლება გავლენა ჰქონდეთ კორტიკოტროპინის გამომყოფო ჰორმონის (CRH) გამომუშავებაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიტეტისა და ანთების რეგულირებაში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ CHR ტიპის ანომალიებს შეიძლება გავლენა ჰქონდეს ვაგინალურ ქსოვილებზე და გამოიწვიოს დისბალანსი ვაგინალურ პოპულაციაში, განსაკუთრებით ორსულობის დროს.
არის საუბარი იმაზე, ხომ არ შევიდეს ბაქტერიული ვაგინოზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სიაში, თუმცა ამაზე ჯერ ცალსახა პასუხის არ არის.
► მოკლე შეჯამება: ბაქტერიული ვაგინოზი შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივმა კავშირმა ვაგინაში ახალი ბაქტერიების შეტანით. ამის ალბათობა განსაკუთრებით დიდია, თუკი გყავთ სხვადასხვა სექსუალური პარტნიორი ან/და გაქვთ დაუცველი სექსი. ინფექციის განვითარების რისკს ზრდის ასევე დასაბანი საშუალებები, მოწევა და სპირალი.
ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოსტირება
ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზის დასადგენად ყველაზე დიდი გამოწვევაა ის ფაქტი, რომ შემთხვევების უმრავლესობა უსიმპტომოდ ვითარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბაქტერიული ვაგინოზი არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზით გამოწვეული, დიაგნოსტირების პროცესი ეფუძნება პაციენტის სამედიცინო ისტორიისა და სიმპტომების განხილვას სხვადასხვა ლაბორატორიულ ანალიზსა და პროცედურასთან ერთად. ესენია:
-
მენჯის ღრუს გამოკვლევა
-
pH ანალიზი ვაგინალური მჟავიანობის შესამოწმებლად
-
ვაგინალური გამონადენის მიკროსკოპული გამოკვლევა
მიკროსკოპული გამოკვლევა გამოიყენება მნიშვნელოვანი უჯრედების (იგულისხმება ბაქტერიებით სავსე ვაგინალური უჯრედები) მოსაძებნად. გარდა ამისა, „კარგი“ და „ცუდი“ ბაქტერიების გასარჩევად გამოიყენება გრამის მეთოდი (ინგლ. Gram stain), რისი საშუალებითაც მოწმდება ბალანსი ვაგინალურ ფლორაში.
შეიძლება დიაგნოსტირების პროცესში პეციენტს მოსთხოვონ დამატებითი ანალიზების ჩატარება არსებული სიმპტომების სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზების გამოსარიცხად, როგორიცაა საშოს სოკოვანი ინფექცია ან გენიტალური ჰერპესი.
► მოკლე შეჯამება: ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოსტირების პროცესი, ჩვეულებრივ, მოიცავს სიმპტომებისა და სამედიცინო ისტორიის მიმოხილვას, მენჯის ღრუს გამოკვლევას, ვაგინის pH დონის ანალიზსა და ვაგინალური გამონადენის მიკროსკოპულ გამოკვლევას.
ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობა
ბაქტერიული ვაგინოზის სტანდარტული მკურნალობა გულისხმობს ანტიბიოტიკების კურსს. ანტიბიოტიკები არის მედიკამენტების ისეთი ჯგუფი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
მკურნალობის პროცესში გამოიყენება პირველი ჯგუფის ანტიბიოტიკები: ფლაგილი (მეტრონიდაზოლი) და კლინდამიცინი. ორივე მათგანი ეფექტურია ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ და აქვთ შედარებით მსუბუქი უკუჩვენებები (გვერდით მოვლენები). ისინი, როგორც წესი, ინიშნება შემდეგი სახით:
-
მეტრონიდაზოლი (500 მილიგრამი) მიიღება დღეში ორჯერ შვიდი დღის განმავლობაში;
-
მეტრონიდაზოლი (0.75%, ვაგინალური გელი) გამოიყენება დღეში ერთხელ ხუთი დღის განმავლობაში;
-
კლინდამიცინი (2.0%, ვაგინალური კრემი) უნდა წაისვათ ერთხელ, ძილის წინ, შვიდი დღის განმავლობაში.
► გახსოვდეთ: მედიკამენტები არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე.
ალტერნატიული მკურნალობის დროს ინიშნება კლინდამიცინის ვაგინალური სუპოზიტორი ან ტინიდაზოლის აბები. მიუხედავად ამ პრეპარატების ეფექტურობისა, ბაქტერიული ვაგინოზი განმეორებითი ხასიათის ინფექციაა, ამიტომ მის სრულად მკურნალობას შეიძლება ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდეს. ამ პრეპარატების უკუჩვენებებს შორისაა: გულისრევა, კუჭის ტკივილი, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო და მეტალის გემოს ქონა პირში.
გარდა ანტიბიოტიკებისა, შეიძლება გამოიყენოთ რამდენიმე დამხმარე საშუალებაც. მაგალითად, პრობიოტიკები (იოგურტსა და პრობიოტიკურ დანამატებში არსებული სასარგებლო ცოცხალი ბაქტერიები), რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც შეიძლება თავიდან აიცილოთ ინფექციის გამეორება. ასევე რეკომენდებულია ბორის მჟავა (ხელმისაწვდომია როგორც კაფსულის, ისე ვაგინალური სუპოზიტორის სახით), რომელიც საკმაოდ ძველი წამალია, რომლითაც თანამედროვე მედიცინა ხელახლა დაინტერესდა.
ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობის პროცესში სასურველია თავისუფალი ტანსაცმლის ტარება, რათა შეამციროთ ვაგინის ტენიანობა და სითბო, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბაქტერიების ზრდას. ქავილისა და შეშუპების შესამცირებლად რეკომენდებულია ასევე გრილი ქსოვილი და ცივი წყლის გამოყენება.
ბაქტერიული ვაგინოზის პრევენციის გზები
მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიული ვაგინოზი საკმაოდ გავრცელებული ინფექციაა, არსებობს გარკვეული გზები, რომლებითაც შეგიძლიათ მისი თავიდან აცილება, მათ შორისაა უსაფრთხო სექსი და ვაგინის ჰიგიენის დაცვა.
ბაქტერიული ვაგინოზის თავიდან ასაცილებლად:
-
შეზღუდეთ პარტნიორების რაოდენობა
-
სწორად და თანმიმდევრულად გამოიყენეთ პრეზერვატივი
-
არ დაიბანოთ ზედმეტად ხშირად
-
უარი თქვით ქაფის აბაზანებსა და ვაგინის დეოდორანტებზე
-
ტუალეტით სარგებლობის შემდეგ გაიწმინდეთ სასქესო ორგანოებიდან ანუსისკენ — „წინიდან უკან“ მიმართულებით
-
მოერიდეთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას, თუ გაქვთ განმეორებითი ხასიათის ბაქტერიული ვაგინოზი ან წარსულში რთულ ფორმებში გადაიტანეთ ეს ინფექცია.
მოკლე შეჯამება
► ბაქტერიული ვაგინოზი არის საკმაოდ გავრცელებული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ვაგინალური ფლორის დისბალანსით. როცა ლაქტობაქტერიების მსგავსი „კარგი“ ბაქტერიები შესამჩნევლად დაბალია, ამ დროს შეიძლება გაიზარდოს „ცუდი“ ბაქტერიები, რაც, თავის მხრივ, იწვევს ვაგინალურ სიწითლეს, ქავილს, შეშუპებასა და თევზის სუნი მქონე ვაგინალურ გამონადენს.
► სექსი არის ბაქტერიული ვაგინოზის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, რადგან ამ დროს შეიძლება ვაგინაში მოხვდეს ახალი ბაქტერიები. მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია: პრეზერვატივის გარეშე სექსი, ბევრი სექსუალური პარტნიორის ყოლა, მოწევა, დასაბანი საშუალებების ხშირი გამოყენება და სპირალი.
► ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოსტირება გულისხმობს მენჯის ღრუს გამოკვლევას, pH დონის ანალიზსა და ვაგინალური გამონადენის გამოკვლევას. ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობის დროს გამოიყენება ორალური და ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკები, მათ შორის ყველაზე ხშირად მეტრონიდაზოლი და კლინდამიცინი.
► ბაქტერიული ვაგინოზის განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია უსაფრთხო სექსის პრაქტიკით, დასაბან საშუალებებზე უარის თქმითა და ტუალეტის გამოყენების შემდეგ „წინიდან უკან“ გაწმენდის მეთოდით. განმეორებითი ხასიათის ან მძიმე ფორმებში ბაქტერიული ვაგინოზის გამოცდილების მქონე პაციენტებს ურჩევენ, უარი თქვან სპირალის გამოყენებაზე.
► გაითვალისწინეთ, პრევენციის მიზნით ზემოთ ჩამოთვლილი პრაქტიკების გამოყენების მიუხედავად, ბაქტერიული ვაგინოზი მაინც შეიძლება განვითარდეს. ეცადეთ, არ ინერვიულოთ. დროულად მიმართეთ სპეციალისტს, რათა მალევე დაიწყოთ მკურნალობის პროცესი.
► ანტიბიოტიკებით მკურნალობის პროცესში არ შეწყვიტოთ მათი მიღება/გამოყენება დროზე ადრე, მაშინაც კი, თუკი სიმპტომები აღარ გექნებათ. მსგავს შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა, რაც ართულებს ინფექციის განკურნებას, თუკი ის კვლავ შეგხვდებათ.
გამოყენებული წყარო:
სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე
მთავარი სურათი: Atlas Blog
♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით