ოჯახში ძალადობა (ან „ოჯახური ძალადობა“) არის ძალადობის, დაშინებისა თუ მუქარის გამოყენება ოჯახის წევრის, პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მანიპულაციის და კონტროლის მიზნით. ასეთ ურთიერთობაში არის ძალაუფლების დისბალანსი და ძალადობრივი ქცევა გამოიყენება სხვების სამართავად.
თუმცა, ოჯახში ძალადობას შეიძლება ბევრი სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს და მისი ამოცნობა ყოველთვის მარტივი არ არის. მეტიც, ოჯახში ძალადობის აღმნიშვნელი სხვა ტერმინები, როგორებიცაა „ურთიერთობაში ძალადობა“ ან „ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა“ ხაზს უსვამს იმას, რომ ოჯახში ძალდობა ყოველთვის არ მოიცავს ფიზიკურ ძალადობას — ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება მაშინაც გახდეთ, როდესაც თქვენ და თქვენი პარტნიორი ან ოჯახის წევრი სხვადასხვა სახლში ცხოვრობთ.
ურთიერთობაში ძალადობა ძალიან ვრცელი კატეგორიაა, მაგრამ ის შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ ქცევას, რომლის მიზანიცაა პარტნიორის იძულება, მანიპულაცია, მუქარა, დაშინება ან იზოლაცია.
კვლევა აჩვენებს, რომ ყოველი 4 ქალიდან 1-ს და ყოველი 9 კაციდან 1-ს გამოუცდია ამ ტიპის ძალადობა, თუმცა რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მაღალი უნდა იყოს. აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ხდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.
ამ სტატიაში გაიგებთ, რა ფორმები ახასიათებს ოაჯხში ძალადობას და როგორ ამოვიცნოთ მათი ნიშნები.
► თუკი მიგაჩნიათ, რომ ოჯახში ძალადობა გამოგიცდიათ, გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ — არსებობს ძალადობისგან თავის დაღწევის არაერთი გზა და უამრავი ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც გვერდში დაგიდგებათ და დაგეხმარებათ.
► იხილეთ აგრეთვე: ქალთა მიმართ ძალადობა და მისი გავრცელებული ფორმები
ოჯახში ძალადობის ფორმები და ნიშნები
ოჯახში ძალადობის ფორმებს შორისაა:
სიტყვიერი ძალადობა
როდესაც ოჯახის წევრი ან პარტნიორი განზრახ გეუბნებათ ისეთ რამეებს, რისი მიზანიცაა თქვენი შეშინება, დამცირება ან თქვენი თვითშეფასების სხვა მხრივ დაზიანება, ეს სიტყვიერი ძალადობაა. სიტყვიერი ძალადობის მაგალითი შეიძლება იყოს:
-
რეგულარული ყვირილი და სიტყვიერი აგრესია თქვენ მიმართ;
-
თქვენი დამცირება სხვების თანდასწრებით ან მარტო;
-
თქვენთვის შეურაცხმყოფელი სიტყვების დაძახება, გინება ან სხვა ტიპის ბილწსიტყვაობა თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ;
-
თქვენი გარეგნობის, სამუშაოს, ინტერესებისა და თქვენთან დაკავშირებული სხვა ასპექტების დაკნინება, დაცინვა ან არად ჩაგდება;
-
თქვენი, თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ან ცხოველების დაზიანების მუქარა;
-
მუქარა იმისა, რომ შვილებს წაგართმევთ და მათი ნახვის საშუალებას არ მოგცემთ.
ფიზიკური ძალადობა
ფიზიკური ძალადობა მოიცავს ყველა ტიპის არასასურველ ფიზიკურ შეხებას, რომლის მიზანიც თქვენი დაზიანება ან დაშინებაა. მაგალითად:
-
სილის გაწნა;
-
ხელის ან ფეხის დარტყმა;
-
ძალით დაჭერა და არგაშვება;
-
ხელის კვრა;
-
თმებში ხელის ჩავლება ან/და მოქაჩვა;
-
ყელში წაჭერა;
-
თქვენთვის ნივთების სროლა;
-
თქვენი სახის დაჭერა და იძულება, რომ თვალებში შეხედოთ;
-
კარის ან სხვა გასასვლელის გადაკეტვა, რათა ვერ მოახერხოთ გასვლა.
ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა
ნებისმიერი ქცევა, რომლის მიზანიცაა ადამიანის კონტროლი ან მანიპულაცია, ან მისი ინდივიდუალურობისა და დამოუკიდებლობის დაკნინება, არის ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა. მაგალითად:
-
იმის იძულება, რომ თავი დამნაშავედ იგრძნოთ;
-
ე.წ. „გასლაითინგი“ — იმის იძულება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ თქვენი წარმოდგენები და რეალობის აღქმა;
-
კომუნიკაციის გაწყვეტა (პასუხის არგაცემა) თქვენი დასჯის მიზნით;
-
იმის კონტროლი, თუ ვისთან ატარებთ დროს;
-
თქვენი იზოლაცია თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისგან;
-
მუქარა, რათა გაიძულოთ მისი სურვილის დაკმაყოფილება;
-
თქვენ შესახებ ჭორების გავრცელება;
-
თქვენი გრძნობების, საზღვრებისა და მიღწევების მნიშვნელობის დაკნინება;
-
ურთიერთობაში არსებული პრობლემების თქვენზე დაბრალება;
-
თქვენი მოწყობილობების (მაგ., მობილურის, ლეპტოპის და ა.შ.) თვალთვალი
► იხილეთ აგრეთვე:
სექსუალური ძალადობა
ზეწოლა ან პირდაპირი იძულება, ჩაერთოთ არასასურველ სექსუალურ აქტივობეში, ან თქვენი სექსუალური გამოცდილების ნებისმიერი ფორმით კონტროლის მცდელობა სექსუალური ძალადობაა. მისი ხშირი ნიშნებია:
-
არასასურველი შეხება ან კოცნა;
-
პრეზერვატივის ან სხვა ბარიერული კონტრაცეფციის გამოყენებაზე უარის თქმა;
-
ე.წ. „სთელსინგი“ — პრეზერვატივის მოხსნა სქესობრივი აქტის დროს თქვენი თანხმობის გარეშე;
-
თქვენთვის კონტრაცეფციაზე წვდომის შეზღუდვა;
-
არასასურველი უხეში სექსუალური აქტივობა;
-
იძულება, რომ ჩაერთოთ სექსუალურ აქტებში;
-
იძულება, რომ გადაიღოთ სექსუალური შინაარსის ფოტოები;
-
ზეწოლა, რომ გაუგზავნოთ მას შიშველი ან სექსუალური ფოტოები;
-
თქვენი სექსუალური შინაარსის ფოტოების გაზიარება თქვენი თანხმობის გარეშე;
-
იძულება, რომ უყუროთ სექსუალური შინაარსის მასალას;
-
თქვენთან სექსუალური აქტების განხორციელება მაშინ, როდესაც არ შეგიძლიათ „არას“ თქმა — მაგალითად, როდესაც გძინავთ ან გათიშული ხართ რაიმე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
► იხილეთ აგრეთვე:
წყარო: Forbes
ეკონომიკური ძალადობა
ეკონომიკური ძალადობაა, როდესაც ადამიანი აკონტროლებს თქვენს წვდომას ფულზე ან გიზღუდავთ იმის უფლებას, რომ იშოვოთ შემოსავალი. ეკონომიკური ძალადობის მაგალითებს შორისაა:
-
თქვენთვის იმის თქმა, რომ სამსახურიდან წამოხვიდეთ, ან თქვენს უფროსთან დარეკვა და თქვენ ნაცვლად გათავისუფლება სამსახურიდან;
-
თქვენი მანქანის ან ოფისის გასაღების დამალვა, რათა სამსახურში ვერ წახვიდეთ;
-
თქვენ სამსახურში განმეორებითად გამოჩენა და თქვენთვის პრობლემების შექმნა, რომ სამსახური დაკარგოთ;
-
თქვენს საბანკო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა;
-
თქვენი ფულის, ბარათის ან საფულის აღება თქვენი ნებართვის გარეშე;
-
თქვენი ფულის კონტროლი ან კონტროლის დაჟინება და თქვენთვის მხოლოდ ყოველკვირეული ან ყოველთვიური ფიქსირებული თანხის მოცემა;
-
თქვენი ან საერთო ანგარიშის გამოყენებით რაიმეს ყიდვა თქვენი ნებართვის გარეშე;
-
თქვენი საკუთრების გაყიდვა თქვენი ნებართვის გარეშე;
-
თქვენს სახელზე საკრედიტო ბარათების გახსნა ან იმის დაჟინება, რომ გახსნათ საკრედიტო ბარათი, რათა მან გამოიყენოს;
-
ალიმენტის გადახდაზე უარის თქმა;
-
თქვენთვის მეორე სამსახურის დაწყების მოთხოვნა, რათა თვითონ დაეთხოვოს სამსახურიდან;
-
თქვენი იძულება, რომ აჩვენოთ ქვითრები ყველა შენაძენისთვის, რომელსაც ახორციელებთ;
-
თქვენთვის იმის თქმა, თუ რისი ყიდვა შეგიძლიათ და არ შეგიძლიათ თქვენ მიერ მოპოვებული თანხით;
-
თქვენი თანხმობის გარეშე იმ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც თქვენც გეხებათ.
► იხილეთ აგრეთვე: ეკონომიკური დამოუკიდებლობა — ფემინიზმის ანბანი
ოჯახში ძალადობის სხვა ფორმები
ოჯახში ძალადობის სხვა ფორმებს შორის შეიძლება ასევე იყოს:
-
სპირიტუალური (ან „სულიერი“) ძალადობა, მათ შორის:
-
ადამიანის რელიგიური და სპირიტუალური რწმენა-წარმოდგენების გამოყენება მისი მანიპულაციის მიზნით;
-
რელიგიური და სპირიტუალური რწმენა-წარმოდგენებისა და პრაქტიკების აკრძალვა ან დაცინვა;
-
ბავშვების იძულება, აღიზარდონ ისეთი სარწმუნოებით, რომელზეც პარტნიორი არ არის თანახმა.
-
-
სამართლებრივი ძალადობა — საოჯახო სამართლის სისტემის ექსპლუატაცია პარტნიორის ან ოჯახის წევრის დასაშინებლად, დასაუძლურებლად ან საკონტროლოდ;
-
თვალთვალი/ადევნება — ადამიანთან არასასურველი კონტაქტის განხორციელება, რომელიც მას აშინებს, ანერვიულებს, ავიწროებს ან საფრთხის შეგრძნებას უჩენს. ეს შეიძლება მოხდეს როგორც ონლაინ, ისე პირისპირ;
-
ბავშვის უგულებელყოფა — ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, ასევე სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის საჭირო მოქმედებების განუხორციელებლობა, როცა მშობელს სათანადო ინფორმაცია და რესურსები აქვს;
-
ზემოჩამოთვლილთაგან ნებისმიერის ჩადენის მუქარა.
ვარ თუ არა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი?
გაეცით პასუხი შემდეგ კითხვებს:
-
თქვენი პარტნიორი ან ოჯახის წევრი ოდესმე დაგმუქრებიათ, რომ რამეს დაგიშავებდათ ან მოგკლავდათ?
-
თქვენი პარტნიორი გაყენებთ ფიზიკურ ზიანს, აზიანებს თქვენს საკუთრებას, გესვრით ნივთებს ან თავს საფრთხის ქვეშ გაგრძნობინებთ?
-
თქვენი პარტნიორი თავს ცუდად გაგრძნობინებთ ან გაფიქრებინებთ, თითქოს ვერაფერს ვერ აკეთებდეთ სწორად?
-
თქვენი პარტნიორი მუდმივად ცდილობს თქვენს დაკნინებას, თქვენი გარეგნობის გაკრიტიკებას ან თქვენთვის შეურაცხმყოფის მოყენებას?
-
გრძნობთ, რომ თქვენზე ზეწოლას ახდენენ ან გაიძულებენ, დაკავდეთ სექსით, მაშინაც კი, როცა ეს არ გსურთ?
-
თქვენს პარტნიორს თქვენთვის დაუძალებია რამე ისეთის გაკეთება, რაც თქვენთვის დამამცირებელი იყო?
-
ოჯახის ფინანსებს ან თქვენს თანხას პარტნიორი განაგებს (მაგალითად, თვითონ წყვეტს, არ მოგცეთ გული ან გააკონტროლოს, როგორ დახარჯავთ მას)?
-
როდესაც საპირისპირო სქესის ადამიანებს ესაუბრებით, თქვენ პარტნიორი უმიზეზოდ ეჭვიანობს ან გაბრალებთ, რომ ვინმეს ეფლირტავებით?
-
თქვენ პარტნიორი ცდილობს, რომ აკონტროლოს, გექნებათ თუ არა კონტაქტი თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან (მაგალითად, ამოწმებს თქვენს ზარებს ან მიმოწერებს), ან გიკრძალავთ მათ ნახვას?
-
თქვენი პარტნიორი მუდმივად მოითხოვს, რომ იცოდეს, სად ხართ ან სად იყავით?
-
თქვენი პარტნიორი ისე გექცევათ, თითქოს მისი საკუთრება იყოთ?
-
თქვენს პარტნიორს დაუძალებია თქვენთვის ისეთი რამის გაკეთება, რაც არ გინდოდათ?
-
თუკი თქვენი პარტნიორი აგრესიული ყოფილა, მას უცდია, რომ მისი ბრაზი და ძალმომრეობა თქვენთვის დაებრალებინა?
-
თქვენს პარტნიორს უცდია, რომ უარეყო ჩადენილი ძალადობა ან უთქვამს, რომ ის ისეთი მძიმე არ ყოფილა ან რომ ის თქვენ თავად გამოიწვიეთ?
-
რთულია, რომ თქვენს პარტნიორს „არა“ უთხრათ?
-
უცდია თუ არა თქვენს პარტნიორს თქვენთვის თვალთვალი ან თქვენი მუდმივად შევიწროება?
-
თუკი შვილები გყავთ, თქვენი პარტნიორი დაგმუქრებიათ თუ არა, რომ მათ წაგართმევდათ?
-
დაგმუქრებიათ თუ არა თქვენი პარტნიორი, რომ ის ზიანს მიაყენებდა თქვენს შვილებს, ოჯახს, მეგობრებს ან შინაურ ცხოველებს?
-
ეკითხება თუ არა თქვენი პარტნიორი თქვენს შვილებს, თუ სად იყავით და ვისთან?
-
წაუხალისებია თუ არა თქვენს პარტნიორის თქვენი შვილები, რომ მათ თქვენთვის შეურაცხყოფა მოეყენებინათ ან შეუფერებლად ესაუბრათ თქვენთან?
-
თქვენი შვილები ისმენენ ან ხედავენ ისეთ რაღაცებს, რაც შეიძლება მათთვის საზიანო იყოს?
-
გემუქრებათ თუ არა თქვენი პარტნიორი, რომ თავს მოიკლავს?
თუკი ჩამოთვლილთაგან რომელიმე შეკითხვას „კი“ უპასუხეთ, მაშინ, შესაძლოა, თქვენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყოთ — თუნდაც ეს მხოლოდ ერთხელ მომხდარიყოს.
► საქართველოში, თუკი ოჯახში ძალადობის შემთხვევა არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად და მოძალადეთა შესაზღუდად დროებითი ღონისძიების სახით გამოიყენება შემაკავებელი და დამცავი ორდერები.
► იხილეთ აგრეთვე: ოჯახში ძალადობა — გამომწვევი მიზეზები და თავდაცვის გზები
ოჯახში ძალადობის ნებისმიერ ფორმას შეიძლება გრძელვადიანი უარყოფითი ეფექტები ჰქონდეს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. თუკი ძალადობა გამოგიცდიათ, გახსოვდეთ: ეს არ არის თქვენი ბრალი და თქვენ სიკეთეს, თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებთ.
განურჩევლად იმისა, თუ დახმარების მიღების პროცესის რა საფეხურზე ხართ, გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო — არსებობს ძალადობისგან თავის დაღწევის არაერთი გზა და უამრავი ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც გვერდში დაგიდგებათ და დაგეხმარებათ.
► თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან იცით ასეთი ფაქტის შესახებ, მიმართეთ:
-
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;
-
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;
-
საგანგებო და გადაუდებელ დახმარებას — 112
-
უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56
-
უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03
გამოყენებული წყაროები:
მთავარი სურათი: Domestic Shelters
♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.