სქესობრივი აქტის დროს პარტნიორის თანხმობის გარეშე პრეზერვატივის მოხსნა — ე.წ. „სთელსინგი“ (ინგლ. Stealthing) — სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი გავრცელებული, მაგრამ ხშირად არასერიოზულად აღქმული ფორმაა. ამ დროს მსხვერპლები სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და არასასურველი ორსულობის რისკის წინაშე დგებიან. სწორედ ამიტომ, ამ ტიპის ქმედება სექსუალური ძალადობა, ზოგჯერ კი რეპროდუქციული იძულების ფორმაა.
► 2023 წლის მონაცემებით, „სთელსინგი“, როგორც სექსუალური ძალადობა, დასჯადი ქმედებაა ავსტრალიაში, კანადაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში.
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი თავდაპირველად მოიაზრებდა სისგენდერი კაცების მიერ პენეტრაციული ვაგინალური ან ანალური სექსის დროს პრეზერვატივის თანხმობის გარეშე მოხსნას, დღესდღეობით ის ასევე მოიაზრებს ნებისმიერი სახის ბარიერის მოხსნას ან დაზიანებას ნებისმიერი ხასიათის სექსუალური აქტივობის დროს, აქტივობაში ჩართული სხვა ადამიანების თანხმობის გარეშე. მაგალითად, პრეზერვატივის გახვრეტა ან სხვა ფორმით დაზიანება, სტომატოლოგიური კაშხლის გადაადგილება ორალური სექსის დროს და ა.შ.
იმის გასააზრებლად, თუ რატომაა „სთელსინგი“ ძალადობის ფორმა, უნდა გვესმოდეს თანხმობის არსი: თანხმობა უნდა იყოს ინფორმირებული, სპეციფიკური (დაკონკრეტებული), განგრძობითად დადასტურებული და ენთუზიაზმითა და ცხადი სურვილით გამოთქმული.
შესაბამისად, როცა ადამიანი თანხმდება სექსს მეორე ადამიანთან მხოლოდ იმ დათქმით, რომ აქტი პრეზერვატივის ან სხვა ტიპის ბარიერის გამოყენებით შედგება, ის არ არის თანახმა დაუცველ სექსზე.
► იხილეთ აგრეთვე:
რატომ მიმართავენ მოძალადეები „სთელსინგს“, ანუ პრეზერვატივის მოხსნას?
მოძალადეები, ვისაც სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივი მოუხსნია, ხშირად მიზეზად იმას ასახელებენ, რომ პრეზერვატივის გარეშე პროცესი უფრო სასიამოვნოა. ამ დროს ასევე შეიძლება განიცდებოდეს ფსიქოლოგიური სიამოვნება დომინაციით, პარტნიორზე უპირატესობის ფლობით.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, „სთელსინგის“ ასეთ გავრცელებულობასა და ნორმალიზებულობას რამდენიმე სისტემური მიზეზი აქვს:
-
სქესობრივი განათლების ნაკლებობა, განსაკუთრებით, თანხმობის არსის ირგვლივ.
-
ფართოდ გავრცელებული წარმოდგენა, რომ პრეზერვატივი სქესობრივი აქტის ხარისხს აფუჭებს, განსაკუთრებით იმ პარტნიორისთვის, ვისაც პენისი აქვს.
-
ბევრ ადამიანს ასწავლეს ადრეული ასაკიდანვე, რომ კაცის სიამოვნება და ბედნიერება ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია.
სექსის დროს პრეზერვატივის მოხსნის რისკები
პრეზერვატივის გარეშე სქესობრივი აქტი ქალს შესაძლო ორსულობის რისკის წინაშე აყენებს, ასევე ამარტივებს აქტივობაში ჩართულ ადამიანებს შორის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელებას.
გარდა ამისა, „სთელსინგს“ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებიც ახლავს. ქალები, რომლებსაც „სთელსინგი“ გამოუცდიათ, საუბრობენ უპატივცემულოდ მოპყრობის, დაბნეულობის, ბრაზისა და დაღალატების შეგრძნებებზე. „სთელსინგი“ ასევე ნდობისა და სხეულის ავტონომიის დარღვევაცაა. ამერიკის ოჯახის ექიმთა ასოციაციის (AAFP) მიხედვით, „სთელსინგის“ შემთხვევამ შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური ტრავმა.
► იხილეთ აგრეთვე:
წყარო: Chris Rogers / Getty Images
პრეზერვატივის მოხსნა, როგორც ძალადობის ფორმა
საბოლოოდ, იმას, თუ რა მიზეზით იხსნის ან აზიანებს ადამიანი პრეზერვატივს თუ სხვა ბარიერს, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მიზეზი არ ცვლის იმ ეფექტს, რაც „სთელსინგს“ მსხვერპლზე შეიძლება ჰქონდეს. მეტიც, ზოგჯერ „სთელსინგის“ მიზანი სწორედ ამ ფიზიკური თუ ემოციური ზიანის მიყენებაც კი შეიძლება იყოს.
ზოგიერთი მოძალადე „სთელსინგს“ განზრახ სგგი-ების პარტნიორისთვის გადასადებად, ან მის დასაორსულებლად მიმართავს. სგგი-ების, ყველაზე ხშირად შიდსისა და აივ ინფექციის, განზრახ გადაცემა „სთელსინგის“ გზით განსაკუთრებით გავრცელებული პრაქტიკა გეი თემში.
რატომ? იმიტომ, რომ თეორიულად მას ამით მსხვერპლის „მახეში გაბმა“ შეუძლია: იმ შეგრძნების შექმნა, რომ მსხვერპლს ურთიერთობის დატოვება არ შეუძლია. ან რომ მას არავინ შეიყვარებს, რადგან ორსულადაა ან სგგი აქვს.
► იხილეთ აგრეთვე:
„სთელსინგის“ პრევენცია
გამომდინარე იქედან, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც „სთელსინგზეა“ პასუხისმგებელი, მისი ჩამდენია, პრევენციაც ამაში მდგომარეობს: არასდროს, არცერთ სიტუაციაში, დაუცველ სექსზე პარტნიორის ნებართვის გარეშე არ მოიხსნათ ან დააზიანოთ თავდაცვითი ბარიერი!
თუ ბარიერის გამოყენება არ გსურთ, ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ ამაზე პარტნიორთან კომუნიკაცია სქესობრივ აქტივობამდე უნდა იქონიოთ და მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში დაკავდეთ დაუცველი სექსით.
გამოყენებული წყაროები:
მთავარი სურათი: Brianna Gilmartin / Verywell Health
♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.