Facebook Script

მოზარდები და ჯანსაღი სექსუალური საზღვრები — რა უნდა ვიცოდეთ?

მოზარდები ხშირად ხვდებიან რთულ სიტუაციებში მეგობრებთან, პარტნიორებსა თუ სხვა ადამიანებთან ერთად. ასეთ სიტუაციებში მათ შეიძლება საკუთარი საჭიროებებისა და ღირებულებების სწორად კომუნიკაცია გაუჭირდეთ. მაშინაც კი, როცა მათი ინტუიცია ამბობს, რომ ვიღაც ზღვარს კვეთს, შეიძლება მაინც რთული იყოს იმის გასაგებად გამოხატვა, თუ რატომ აგრძნობინებთ ესა თუ ის სიტუაცია თავს არაკომფორტულად. სწორედ ამიტომ, მშობლებმა და სხვა, მოზარდის ნდობით აღჭურვილმა ზრდასრულმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა ისაუბრონ მოზარდებთან ჯანსაღი საზღვრების რაობასა და მნიშვნელობაზე.

რა არის საზღვრები?

საზღვრები ის ლიმიტებია, რომლებსაც მოზარდები საკუთარი თავის ტკივილისგან, ზიანისგან, მანიპულაციისგან ან არასასურველი ზეგავლენისგან დასაცავად აწესებენ. როგორც საკუთარი თავის ფასის ცოდნის გამოხატულება, საზღვრები სხვა ადამიანებს ამცნობს, ვინ ვართ, რა ღირებულებები გვაქვს და როგორ გვინდა, რომ მოგვექცნენ. დამატებით, საზღვრები პირადი სივრცის შექმნასა და დაცვაში გვეხამრება.

ჯანსაღი საზღვრების დაწესება და დაცვა ეხმარება მოზარდს სხვა ადამიანებთან იმის გაზიარებაში, თუ რა არის ნორმალური და მისაღები მისთვის და რა — არა. ეს კი განუყოფელი ნაწილია უსაფრთხო და ჯანსაღი რომანტიკული თუ მეგობრული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. 

საზღვრების საჭიროება მოზარდის ირგვლივ მყოფი ზრდასრული ადამიანების მიმართაც დგას, მაგალითად, მასწავლებლის ან ნათესავის.

სექსუალური საზღვრები და მათი ტიპები

როცა საზღვრებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი კომპონენტი სქესობრივი ცხოვრება და მასთან დაკავშირებული ჯანსაღი საზღვრებია. 

სექსზე მოზარდებთან საუბარი შეიძლება არაკომფორტული იყოს, მაგრამ ეს აუცილებელია მათი როგორც ფიზიკური, ისე ემოციური უსაფრთხოებისთვის. მოცემულობაა ის, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ამჩნევენ გენდერულ სხვაობებს და გარდატეხის ასაკთან ერთად გრძნობენ სექსუალურ მიზიდულობას სხვა ადამიანების მიმართ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, მშობლები იყვნენ პირველი მხარდამჭერები თავიანთი შვილებისთვის და შეუქმნან მათ უსაფრთხოებისა და სანდოობის განცდა. ამ თვალსაზრისით კი აუცილებელია, მოზარდს ავუხსნათ, როდის და როგორ შეიძლება შეეხონ მის სხეულს ან სხეულის რომელიმე ნაწილს. ეს ჯანსაღი სექსუალური საზღვრების უპირველესი წინაპირობაა.

სექსუალური საზღვრების სამ ტიპს გამოყოფენ: ემოციური/მენტალური, ფიზიკური და ციფრული.

ემოციური/მენტალური საზღვრები

სექსი და სექსუალობა მხოლოდ ფიზიკურად არ გამოიხატება —  მას ემოციური და მენტალური მხარეც აქვს. ბევრი მოზარდისთვის სექსი საშიშიცაა და ამაღელვებელიც. რთულია, იცოდე, როგორ გავლენას მოახდენს შენზე რაღაც, რაც აქამდე არ გამოგიცდია. მოზარდებს მოუსმენიათ არაერთი ისტორია, თუ როგორ აქვთ სხვებს რომანტიკული ურთიერთობები და სექსი. სხვადასხვა მოზარდის რეაქცია ასეთ ისტორიებზე განსხვავებულია. ზოგიერთი მათგანი გრძნობს წნეხს, რომ სექსი მასაც უნდა ჰქონდეს, რაც შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე რომანტიკულ პარტნიორთან ძლიერ ემოციურ ინტიმურობას გრძნობენ ან თანატოლებისგან წნეხი და დარცხვენა იგრძნობა. სხვებს კი შეიძლება დაკარგულობის, დაბნეულობის ან დაბალი თვითშეფასების პრობლემა ჰქონდეთ. ამ დროს აუცილებელია, დავსვათ კითხვები, რომლებიც ჩვენი ემოციური და მენტალური საზღვრების დაწესებასა და გაძლიერებას მოემსახურება, მაგალითად:

  • როგორ უნდა მივხვდე, რომ ურთიერთობაში პატივს მცემენ ან პატივს არ მცემენ?

  • როგორ განვასხვავებ ერთმანეთისგან იმას, რა მინდა მე და რა უნდა ჩემს პარტნიორს?

  • ზოგადად, სექსზე ან სექსის ქონაზე ფიქრი როგორ მაგრძნობინებს თავს?

ფიზიკური საზღვრები

ფიზიკური საზღვრების დაწესება შეიძლება ყველაზე მარტივი ჩანდეს, მაგრამ როცა ემოციები და შეგრძნებები ძლიერდება, შესაძლოა, გართულდეს დაწესებული საზღვრების დაცვა. როგორც მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებს ვასწავლოთ საკუთარი ფიზიკური საზღვრების დაწესება და დაცვა, იმავენაირად მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ თანხმობის მნიშვნელობა და სხვების საზღვრების პატივისცემა.

ფიზიკურ საზღვრებთან დაკავშირებული კითხვები შეიძლება იყოს:

  • რა ტიპის შეხებაა მისაღები და მიუღებელი? 

  • რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენი ფიზიკური საზღვრები ირღვევა?

  • რამ შეიძლება გაართულოს ჩვენი საზღვრების დაცვა? როგორ შეიძლება ავირიდო თავიდან ეს გარემოებები?

  • როგორ ვიტყვი „არას“, როცა საჭირო იქნება?

  • როგორ შევაკავებ საკუთარ თავს, როცა ის ვისთანაც ვარ მეტყვის „არას“ ან „გაჩერდის“?

სურათი: Yes Gurl

ციფრული საზღვრები

ციფრულ ერაში ე.წ. „სექსტინგი“ (სექსუალური ხასიათის მიმოწერა), სექსუალური ხასიათის ფოტოების გაგზავნა ან გამოქვეყნება თუ სექსთან დაკავშირებული თემების განხილვა ჩვეულებრივი რამაა. ამ თვალსაზრისით აუცილებლად დასასმელ კითხვებს შორისაა:

  • რამდენად ვენდობით ჩვენს სოციალური მედიის ანგარიშებს ან ადამიანებს, ვისაც ვუგზავნით ფოტოებს? ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ეს ფოტოები იმაზე მეტმა ადამიანმა ნახოს, ვიდრე ჩვენ გვინდა?

  • რისი გამოჩენაა ჩვენთვის კომფორტული ან არაკომფორტული ფოტოებში? 

  • როგორ ვფიქრობთ, უნდა მივცეთ თუ არა ჩვენს სოციალური მედიის ანგარიშებზე წვდომა რომანტიკულ პარტნიორს ან მეგობარს?

რატომ არის ჯანსაღი საზღვრები მნიშვნელოვანი?

სამწუხაროდ, ბევრ მოზარდს აქვს საზღვრების დაწესების პრობლემა მეგობრებთან ან რომანტიკულ პარტნიორებთან და როცა ეს ხდება, ჩნდება არაჯანსაღი ურთიერთობების, ბულინგისა და ძალადობის საფრთხე.

ცხადია, საზღვრების დაწესება მარტივი არ არის. ეს შეიძლება არაკომფორტული იყოს და მოზარდს ხშირად მოუხდეს საკუთარი სურვილების, საჭიროებებისა და ღირებულებების დაცვა. გარდა ამისა, შესაძლოა, მას ხშირად მოუხდეს რთული საუბრებისა და არაკომფორტული სიტუაციების ქონა. 

თუმცა, მიუხედავად ყველა ზემოთ ჩამოთვლილისა, ეს მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც მოზარდს უნდა ჰქონდეს — არამარტო უსაფრთხოებისთვის, არამედ მათი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.

ჯანსაღი საზღვრების დაწესებით მნიშვნელოვნად მცირდება ყალბი მეგობრობების, მოძალადე რომანტიკული პარტნიორის ან ისეთი ზრდასრული ადამიანის ჩვენ ირგვლივ ყოფნის ალბათობა, რომელიც თავს არაკომფორტულად გვაგრძნობინებს. ჯანსაღი საზღვრები გვიცავს ისეთი შეგრძნებებისგან, როგორიცაა უპატივცემულობა ან დაუფასებლობა. ადამიანებისთვის იმის უფლების მიცემა, რომ ცუდად მოგვექცნენ, პირდაპირი გზაა არაჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ, რასაც, თავის მხრივ, უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

როგორ დავეხმაროთ მოზარდს ჯანსაღი საზღვრების დაწესებაში? — რჩევები მშობლებს

იმისთვის, რომ მოზარდმა ჯანსაღი საზღვრები დააწესოს, მშობლის ან სანდო ზრდასრული ადამიანის როლი განუზომელია. თუ თქვენ ირგვლივ არის მოზარდი, რომელიც გენდობათ და გესაუბრებათ:

1. დაეხმარეთ მას საკუთარი გრძნობების ამოცნობაში

იმის სწავლა, თუ როგორ ამოვიცნოთ და დავარქვათ სახელი ჩვენს გრძნობებს, არც ისეთი მარტივია, როგორც შეიძლება გვეგონოს. ამისთვის მოზარდს სჭირდება, რომ შეჩერდეს და დააკვირდეს, როგორ გრძნობს თავს ამა თუ იმ სიტუაციაში. მან შეიძლება აღმოაჩინოს, რომ გაღიზიანებულია, და არა —  ვთქვათ, გაბრაზებულ ან სევდიანი. იმის უნარი, რომ საკუთარი გრძნობების იდენტიფიცირება შეგვეძლოს, პირველი ნაბიჯია ჯანსაღი საზღვრების დაწესებისკენ.

2. ასწავლეთ, რომ ენდონ თავიანთ ინტუიციას

უთხარით მოზარდს, რომ ყოველთვის ენდონ და მოუსმინონ თავიანთ ინტუიციას. თუ რაიმე ან ვინმე თავს ცუდად გვაგრძნობინებს, ან რაღაც ისე ვერ არის, დიდი ალბათობით, ეს მართლაც ასეა. ისინი არ არიან დრამატულები ან ზედმეტად ემოციურები, მიუხედავად იმისა, თუ რას ეუბნებიან სხვა ადამიანები. მთავარია, რომ იყვნენ ის, ვინც ნამდვილად არიან და არა ის, რასაც სხვები მათგან მოელიან.

3. დაეხმარეთ მიუღებელი ქცევების ამოცნობაში

ზოგჯერ შეიძლება მოზარდს დასჭირდეს დახმარება იმის ცოდნაში, თუ როგორია ჯანსაღი ურთიერთობა ან მეგობრობა. რეგულარულად ესაუბრეთ მას, თუ რა ქმნის ჯანსაღ მეგობრობას ან რომანტიკულ ურთიერთობას, ან რას გულისხმობს პატივისცემა. მოზარდების შემთხვევაში საკმაოდ ხშირია სხვებში აღმოჩენილ არაჯანსაღ ქცევებზე თვალის დახუჭვა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ როცა ამას აკეთებენ, სასწორზე ისინი საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას დებენ.

შეახსენეთ მათ, რომ ყველა იმსახურებს პატივისცემითა და სიკეთით მოქცევას და თუ ვინმე მათ ასე არ ექცევა, შესაძლოა, ამ ადამიანთან ლიმიტების დაწესებაა საჭირო.

4. აღნიშნეთ ციფრული საზღვრების მნიშვნელობაც

ესაუბრეთ მოზარდს ციფრულ სამყაროზე, სექსტინგზე, სექსუალური ხასიათის ფოტოების გაგზავნასა თუ ძალადობის ციფრულ ფორმებზე. დარწმუნდით, რომ მათ კარგად იციან, როგორ იყვნენ უსაფრთხოდ ციფრულ სამყაროში და როგორ დააწესონ მყარი საზღვრები.

5. ასწავლეთ ის აუცილებელი ფრაზები, რომლებიც რთული სიტუაციების განმუხტვაში დაეხმარებათ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზღვრების დაწესება და დაცვა არ არის მარტივი მოზარდისთვის და ამას მუშაობა სჭირდება. სწორედ ამიტომ, მოზარდს ასწავლეთ საბაზისო ფრაზები, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, დროს მოიგებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებამდე. მაგალითად: „ვიფიქრებ ამ საკითხზე და დაგიბრუნდები პასუხით“, „ჩემს მშობლებს ვკითხავ და ხვალ გაგაგებინებ პასუხს“ და ა.შ.

რამდენიმე ასეთი ფრაზის ცოდნა ქაოსური და სტრესული სიტუაციებისგან გაარიდებს მოზარდს.

6. მიეცით შესაძლებლობა, იმუშაონ საზღვრებზე თქვენ ირგვლივ

მიეცით მოზარდს საშუალება, გითხრათ „არა“. ეს, შესაძლოა, თქვენთვისაც იყოს სასარგებლო, რათა იცოდეთ, როდის სჭირდება მოზარდს მარტო ყოფნა და პირადი სივრცე, ან, მაგალითად, როდის არ უნდათ სტუმრად წასვლა.

მოუწოდეთ მოზარდს, განავითაროს ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა სახლში, გამოთქვას თავისი აზრი და მიიღოს გადაწყვეტილებები.

7. აუხსენით, რომ მეგობრობას აქვს ლიმიტები

ზოგჯერ მოზარდები თავს ისე გრძნობენ, თითქოს ჩიხში არიან, რადგან ჰგონიათ, რომ თავიანთი მეგობრებისთვის ყველაფერი უნდა იყვნენ, რაც მათ დასჭირდებათ. ხაზი გაუსვით, რომ ყველა მეგობრობა განსხვავებულია და განსხვავებულ როლს თამაშობს მათ ცხოვრებაში.

იყო კარგი მეგობარი, არ გულისხმობს ყველაფერზე დათანხმებას ან ერთი აზრის ქონას. მეტიც, ურთიერთობებს საინტერესოდ განსხვავებული აზრებისა და რწმენების ქონა აქცევს. მხარი დაუჭირეთ მოზარდს, რომ იყოს ინდივიდუალური და ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობები მეგობრებთან.

8. თავად იყავით ჯანსაღი საზღვრების ქონის მაგალითი

ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, მოზარდში იგივე უნარების გამომუშავებისთვის. შეაფასეთ და გადააფასეთ თქვენი ურთიერთობები სხვებთან. რამდენად კარგი მაგალითია თქვენი საზღვრები მოზარდისთვის? თუ ფიქრობთ, რომ არც ისე, დაიწყეთ საზღვრების თქვენს ცხოვრებაში დაწესებაც. ეს გვიანი არასდროს არ არის.

9. აუხსენით საზღვრების არდაწესებასთან დაკავშირებული რისკები

ზოგჯერ მოზარდისთვის ბევრად უფრო მარტივია, ყურადღება არ მიაქციოს არაჯანსაღ ქცევებს მის მიმართ. აუხსენით მას, რომ საზღვრების არდაწესება ან არდაცვა რისკის შემცველია, მაშინაც კი, თუ რაიმე სერიოზული ზიანი ამას არ მოჰყვება, მინიმუმ, შეიძლება თავად ურთიერთობა დააზიანოს.

10. შეახსენეთ, რომ პატივი სცეს სხვის საზღვრებს

სხვისი საზღვრების პატივისცემა იმავენაირად მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარის დაცვა. მეტიც, ჯანსაღი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემასა და მუდმივ კომუნიკაციაზე დგას. სწორედ ამიტომ, დარწმუნდით, რომ მოზარდმა იცის, რამდენად აუცილებელია სხვისი საზღვრების პატივისცემა.

რჩევები მოზარდებს

  • რომანტიკულ პარტნიორებთან სექსუალური საზღვრები მოიცავს იმაზე საუბარს, თუ რა ტიპის სექსუალური ქცევაა თქვენთვის მისაღები და რა — არა.

  • შესაძლებელია, დროთა განმავლობაში შეიცვალოთ აზრი და აღარ გინდოდეთ იმის კეთება, რისიც აქამდე გინდოდათ. გახსოვდეთ, რომ თანხმობა სამუდამო არ არის და ერთხელ გაცემული ან მიღებული თანხმობა არ ნიშნავს, რომ მეორედ არ უნდა ვიკითხოთ ან არ უნდა გვკითხონ.

  • სექსუალური ხასიათის ნებისმიერ აქტივობაში ჩართული ადამიანების მიერ გაცემული თანხმობა უნდა იყოს სურვილზე, უსაფრთხოების შეგრძნებასა და თავისუფალ არჩევანზე დამოკიდებული და ნებისმიერი ტიპის წნეხი მიუღებელია.

  • სექსი არაფერში არ „იცვლება“. მაგალითად, პარტნიორისთვის იმის თქმა, რომ „გიყვართ“, ან მისგან საჩუქრების მიღება არ გავალდებულებთ არცერთი ტიპის სექსუალურ აქტივობაში ჩართვაზე. არასდროს იფიქროთ, რომ „სანაცვლოდ“ ეს უნდა გააკეთოთ. სექსის ან ნებისმიერი სხვა სექსუალური აქტივობის ერთადერთი მიზეზი ორივე მხარის სურვილი უნდა იყოს.

  • ნებისმიერი სექსუალური სახის აქტივობაში ჩართვამდე უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ვარ თუ არა მზად ამისთვის? ვგრძნობ თუ არა თავს უსაფრთხოდ? ვშფოთავ თუ მიხარია? წნეხს ხომ არ ვგრძნობ?

  • სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე აუცილებელია, ვიცოდეთ, რას გულისხმობს უსაფრთხო სექსი, კონტრაცეფცია, და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.

ეს ყველაფერი შეიძლება საშიშად და ამაღელვებლად ჟღერდეს, მაგრამ საჭირო ინფორმაციის ქონითა და მყარი სექსუალური საზღვრებით ცხოვრების ეს ეტაპი ძალიან საინტერესოა და უამრავი აღმოჩენითაა სავსე. პატივი ეცით საკუთარ თავს და სხვებს და ისიამოვნეთ ახალი თავგადასავლებით!

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: ანო ნეფარიძე / Femea

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
შშმ, პირები, ქალები, სექსუალური, ჯანმრთელობა, განათლება, ხელმისაწვდომობა, გამოწვევები, სექსუალობა, ეიბლიზმი, ძალადობა, ფიზიკური, ადაპტაცია, სტერეოტიპები,

შშმ პირები და სექსუალური ჯანმრთელობა — გამოწვევები და მათი მოგვარების გზები

რა გამოწვევების წინაშე არიან შშმ პირები სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით? — ეიბლიზმი, ინფორმაციის მიუწვდომლობა, სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, გარემოს არაადაპტირებულობა, სტერეოტიპები.

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ასაკის, მატება, სექსუალობა, სექსი, გვიანდელი, ხანდაზმულობა, მოხუცი, პოსტმენოპაუზალური, სიამოვნება, ლიბიდო, seqsi, gviandel, asakshi, asakis, mateba, xandazmuloba, sibere, siamovneba, seqsualoba, shua, xnis, შუახნის, შუა, ხნის

ასაკის მატება და სექსუალობა — რა უნდა ვიცოდეთ?

როგორ იცვლება ადამიანის სექსუალობა გვიანდელ ასაკში? — მასზე მოქმედი ფაქტორები (დაავადებები, მენოპაუზა, ერექციული დისფუნქცია, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, სტერეოტიპები და სტიგმა). რა სარგებელი მოაქვს სექსს და როგორ გავაუმჯობესოთ სექსუალური ცხოვრება ასაკის მატებასთან ერთად?

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

მოზარდები და ჯანსაღი სექსუალური საზღვრები — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია