გახსოვდეთ, რომ ტერმინები მუდმივად იცვლება და მნიშვნელოვანია, ადამიანებთან მიმართებით მათ იდენტობაზე საუბრისას ჰკითხოთ ამ ადამიანს, რომელი ტერმინის გამოყენება ურჩევნია მას, თუკი თავად არ ხართ დარწმუნებული. შესაძლოა, ზოგი სიტყვა დამაბნეველი იყოს, მაგრამ ისეთი ტერმინების გამოყენება, რომლებიც ადასტურებს და შეესაბამება ადამიანის გენდერულ, სექსუალურ თუ სხვა იდენტობას, გამოხატავს პატივისცემასა და იმას, რომ მზად ხართ და ღია ხართ იმის მიმართ, რომ დაინახოთ სამყარო სხვისი პერსპექტივიდან.
ამ სტატიაში მოცემულია ქვიარ თემთან (და არამხოლოდ) დაკავშირებული ტერმინების სია ანბანის მიხედვით.
ქვიარ ტერმინების სია
„აუთინგი“ (ინგლ. Outing) — ვინმეს „აუთინგი“ გულისხმობს სხვისი გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, როცა ის ადამიანი ჯერ კიდევ არ არის „დაქამინგაუთებული“. „აუთინგი“ შეიძლება ძალიან საზიანო იყოს ადამიანისთვის, რადგან ის შეიძლება არ იყოს უსაფრთხო გარემოში, რომელშიც თავად გაამხელდა საკუთარ იდენტობას.
აგენდერი — ის, ვინც არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ერთ კონკრეტულ გენდერთან, ან ის, ვისაც საერთოდ არ აქვს გენდერი.
ანდროგინი — ის, ვისი გენდერიც ან ერთდროულადაა ფემინური და მასკულინური ან ფემინურობასა და მასკულინურობას შორისაა.
არაბინარული — ის, ვისი გენდერული იდენტობაც სცდება გენდერული ბინარულობის ფარგლებს. გენდერული ბინარულობა არის გენდერის ის კლასიფიკაცია, რომელიც მხოლოდ ორ გენდერს აღიარებს: კაცს და ქალს. თუკი ადამიანი არაბინარულია, ეს ნიშნავს, რომ ის არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ამ კატეგორიებიდან მხოლოდ ერთთან ან საერთოდ რომელიმესთან.
არომანტიკული — ის, ვინც ნაკლებად ან საერთოდ არ გრძნობს რომანტიკულ მიზიდულობას სხვების მიმართ.
ასექსუალი — ის, ვისაც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობა ნაკლებად ან საერთოდ არ აქვს.
► იხილეთ აგრეთვე: რას ნიშნავს ასექსუალობა? — მითები და ფაქტები
ბიგენდერი — ის, ვისაც ორი გენდერი აქვს. ბიგენდერი ადამიანები ხშირად წარმოაჩენენ საკუთარ თავს როლებში, რომლებსაც საზოგადოება ფემინურად და მასკულინურად მიიჩნევს.
ბისექსუალი — ის, ვისაც ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობა აქვს როგორც ქალების, ისე კაცების მიმართ, ან ერთზე მეტი გენდერის მიმართ.
► იხილეთ აგრეთვე: რას ნიშნავს ბისექსუალობა? — მნიშვნელობა, მითები და რჩევები
ბიფობია — არაკეთილგანწყობა ბისექსუალობისა და ბისექსუალი ადამიანების მიმართ. ჰომოფობიის მსგავსად, ის აღნიშნავს უარყოფით წინასწარგანწყობას და ზიზღს მათ მიმართ, ვინც ბისექსუალთა თემის ნაწილად მოიაზრებს თავს. ის შეიძლება მოიცავდეს იმის უარყოფას, რომ ბისექსუალობა გულწრფელი სექსუალური ორიენტაციაა, ან უარყოფით სტერეოტიპებს ბისექსუალი ადამიანების მიმართ (მაგალითად, წარმოდგენებს, თითქოს მათ მრავალი ხანმოკლე სექსუალური ურთიერთობები ახასიათებდეთ ან არიან არაგულწრფელები).
ბი-ცნობისმოყვარეობა (ინგლ. Bi-curiosity) — ბი-ცნობისმოყვარე (ინგლ. Bi-curious) არის ადამიანი, როგორც წესი, ჰეტეროსექსუალი, რომელსაც აინტერესებს მისი ჩვეული სექსუალური პარტნიორებისგან განსხვავებული სქესისა თუ გენდერის მქონე ადამიანთან სექსუალურ აქტივობებში ჩართვა ან ღიაა ამის მიმართ. ამ ტერმინით ხშირად აღინიშნება ჰეტეროსექსუალობასა და ბისექსუალობას შორის არსებული სექსუალური ორიენტაციის ვრცელი სპექტრი, რომელიც მოიცავს დიდწილად ჰეტეროსექსუალ ან დიდწილად ჰომოსექსუალ ადამიანებს.
გეი — თანამედროვე მეტყველებაში „გეი“ გამოიყენება როგორც ზედსართავი სახელი ან არსებითი სახელი, რომელიც აღნიშნავს ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებულ თემს, პრაქტიკებსა და კულტურებს. 1960-იან წლებში ჰომოსექსუალი კაცები საკუთარი სექსუალური ორიენტაციის აღსანიშნავად ამ ტერმინს ანიჭებდნენ უპირატესობას. ტერმინი უფრო ხშირად აღნიშნავს კაცს, რომლებსაც იზიდავს მხოლოდ კაცები (განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი), თუმცა ის ასევე გამოიყენება „ქვიარის“ სინონიმად ყველა იმ ადამიანის აღსანიშნავად, ვინც არ არის ჰეტეროსექსუალი.
გენდერინკლუზიური ნაცვალსახელები — უცხო ენებში, მაგალითად, ინგლისურში, გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელები (მაგალითად: they, them, their).
გენდერი — სოციალური და სამართლებრივი სტატუსი, საზოგადოების მხრიდან ადამიანის მიმართ არსებული მოლოდინების ერთობლიობა, რომლებიც მოიცავს ქცევებს, მახასიათებლებსა და ფიქრებს. თითოეულ კულტურას თავისი ნორმები აქვს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები მათი გენდერის მიხედვით. კულტურების უმეტესობაში გენდერი ბინარულია, ანუ იყოფა ორ კატეგორიად — ქალად და კაცად. თუმცა, დაბადებისას მინიჭებული სქესისგან განსხვავებით, გენდერის შემთხვევაში მთავარი აქცენტი კეთდება არა სხეულის ნაწილებზე, არამედ იმაზე, თუ რას ელიან ადამიანისგან მისი გენდერის გამო.
გენდერის დადასტურების ოპერაცია — ქირურგიული ოპერაცია, რომელიც მოიცავს ინდივიდის პირველადი ან მეორეული სქესობრივი ნიშნების შეცვლას მისი გენდერული იდენტობის შესაბამისად. ეს შეიძლება საჭირო იყოს გენდერული დისფორიის შესამსუბუქებლად.
გენდერულად აპათიური — ადამიანი, რომელსაც არ ადარდებს არც საკუთარი გენდერი და არც ის, თუ როგორ აღიქვამენ სხვები გენდერის თვალსაზრისით.
გენდერულად არაკონფორმული — ის, ვისი ქცევაც და გენდერული ექსპრესიაც საზოგადოების მასკულინურ ან ფემინურ გენდერულ ნორმებსა თუ სოციალურ მოლოდინებს არ შეესაბამება. მათ შორის არიან ანდროგინული ადამიანები, ფემინური კაცები, მასკულინური ქალები და სხვა. გენდერულად არაკონფორმული შეიძლება იყოს ნებისმიერი გენდერის ადამიანი (მაგ., სისგენდერი, არაბინარული, ტრანსი).
გენდერულად კონფორმული — ადამიანი, რომელიც მისდევს საზოგადოების წესებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ და გამოიყურებოდნენ სხვადასხვა გენდერის ადამიანები.
გენდერული ბინარულობა — გენდერის ბინარული (ორობითი) დაყოფა მხოლოდ ორ ტიპად (ქალი ან კაცი). ამ მოდელში ხშირ შემთხვევაში ნაგულისხმევია, რომ ადამიანის გენდერი მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს უნდა შეესაბამებოდეს. ეს სისტემა ზღუდავს იმ ადამიანებს, რომლებიც ბინარული სისტემის გარეთ არსებულ გენდერულ იდენტობებთან აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს.
გენდერული დისფორია — გენდერული დისფორია აღნიშნავს იმ დისკომფორტისა და ცუდად ყოფნის შეგრძნებას, რომელსაც განიცდის ადამიანი, როდესაც მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესი არ ემთხვევა მის გენდერულ იდენტობას. გენდერული დისფორიის მქონე ადამიანი შეიძლება არაკომფორტულად გრძნობდეს თავს საკუთარი სხეულის სქესობრივ მახასიათებლებსა და საკუთარ რეალურ იდენტობას შორის არსებული კონფლიქტის გამო.
გენდერული ექსპრესია / გამოხატვა — ის, თუ როგორ გამოხატავს ადამიანი საჯაროდ საკუთარ გენდერს (იქნება ეს მასკულინური, ფემინური, ანდროგინული თუ სხვა). მაგალითად, გენდერი შეიძლება გამოიხატოს ჩაცმულობით, ვარცხნილობით, მაკიაჟით, სხეულის ენით, არჩეული სახელით, ნაცვალსახელებით, მანერებით, ინტერესებით და ა.შ.
გენდერული იდენტობა — ის, თუ როგორ გრძნობს და აღიქვამს ადამიანი საკუთარ გენდერს შინაგანად — იქნება ეს ქალი, კაცი თუ არაბინარული გენდერული იდენტობა — და როგორ გამოხატავს ის ამ გრძნობებს (ჩაცმულობით, გარეგნობით, ქცევებით და ა.შ.). ადამიანის გენდერული იდენტობა ყოველთვის არ შეესაბამება მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს. ის შეიძლება განვითარდეს და შეიცვალოს დროთა განმავლობაში.
► იხილეთ აგრეთვე: გენდერული იდენტობა — მნიშვნელობა, ტიპები და საზოგადოების როლი
გენდერული როლები — კულტურული და სოციალური როლები, რომლებიც ზოგადად მიიჩნევა მისაღებად, შესაფერისად და სასურველად ადამიანის სქესის მიხედვით. გენდერული როლები გავლენას ახდენს ცხოვრების მრავალ ასპექტზე, მათ შორის, ჩაცმულობასა და გარეგნობაზე, პროფესიაზე, ურთიერთობებზე, ქცევებზე და ა.შ.
► იხილეთ აგრეთვე: გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს
გენდერფლუიდი — ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ არის ფიქსირებული და იცვლება დროთა განმავლობაში.
► იხილეთ აგრეთვე: რას ნიშნავს გენდერფლუიდი? — განმარტება და ნაცვალსახელები
გენდერქვიარი — ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ ჯდება ტრადიციულ გენდერულ ნორმებში, მათ შორის, გენდერულ იდენტობებში, ექსპრესიაში, გენდერულ როლებსა თუ მოლოდინებში. გენდერქვიარი ზოგადი, გამაერთიანებელი ტერმინია და მას ხშირად „არაბინარულის“ სინონიმად იყენებენ.
გრეიგენდერი — აღნიშნავს ადამიანს, რომელიც არ გრძნობს ძლიერ მიკუთვნებულობას რომელიმე კონკრეტული გენდერული იდენტობისა თუ ექსპრესიის მიმართ და ნაწილობრივ მაინც არის გენდერული ბინარულობის ფარგლებს გარეთ.
დაბადებისას მინიჭებული სქესი — სამედიცინო შეფასება, რომელიც კეთდება დაბადებისას სხეულის ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით. სქესი შეიძლება იყოს კაცი, ქალი ან ინტერსექსი.
► იხილეთ აგრეთვე: სქესი, გენდერი და გენდერული იდენტობა — რა განსხვავებაა მათ შორის?
დრეგი — განზრახ გაზვიადებული მასკულინურობის, ფემინურობის ან გენდერული ექსპრესიის სხვა ფორმების გამომხატველი ჩაცმულობა და პერფორმანსი. „დრეგ-ქვინი“ არის ის (როგორც წესი, კაცი), ვინც განასახიერებს/ასრულებს ფემინურობას, ხოლო „დრეგ-ქინგი“ არის ის (როგორც წესი, ქალი), ვინც განასახიერებს/ასრულებს მასკულინურობას. პერფორმანსებში ხშირადაა კომედია, სოციალური სატირა და პოლიტიკური კომენტარები. დრეგ-შოუს დროს ხშირად დრეგში ჩაცმული ადამიანები მღერიან ან პირის მოძრაობით ჰყვებიან სიმღერას წინასწარ მომზადებული მოძრაობებისა თუ ცეკვის თანხლებით.
ინტერგენდერი — ის, ვისი გენდერული იდენტობაც ქალსა და კაცს შორისაა.
ინტერნალიზებული ტრანსფობია / ჰომოფობია — ჰომოსექსუალობისა, ტრანსგენდერობის და ლგბტქ+ ადამიანების მიმართ არსებული უარყოფითი სტერეოტიპები, რწმენები, სტიგმები და წინასწარგანწყობები, რომლებსაც გრძნობს ტრანსგენდერი / ჰომოსექსუალი ადამიანი. იგი მიმართავს ამ გრძნობებს საკუთარი თავისკენ, განურჩევლად იმისა, იდენტიფიცირდება თუ არა ქვიარად. ინტერნალიზებული ტრანსფობია / ჰომოფობია ასევე მოქმედებს ცნობიერ თუ ქვეცნობიერ ქცევებზე, რომელთა შესრულების საჭიროებასაც გრძნობს ადამიანი მათ შორის იმის გამოც, რომ მეტად მოერგოს ჰეტერონორმატიულობისა და ჰეტეროსექსიზმის კულტურულ მოლოდინებს.
ინტერსექსი — ინტერსექსი არის ქოლგა-ტერმინი და აღნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ სექსუალურ-რეპროდუქციულ ანატომიაში აქვთ ისეთი ვარიაციები (მაგ., რეპროდუქციული ორგანოები, ქრომოსომები, ჰორმონები), რომლებიც განსხვავდება იმისგან, რაც ტრადიციულად „ქალად“ ან „კაცად“ მიიჩნევა. ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია, თუმცა დაახლოებით დათვლილია, რომ ყოველი 100 დაბადებული ადამიანიდან 1-2 არის ინტერსექსი, რის გამოც ინტერსექსობა იმაზე უფრო ხშირია, ვიდრე ჟღალთმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას უკიდურესად იშვიათ რამედ მიიჩნევს. თუმცა, დაბადებისას ინტერსექს ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ანიჭებენ სქესს „ქალი“ ან „კაცი“. ინტერსექსი ადამიანი შეიძლება საკუთარ თავს აიდენტიფიცირებდეს მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესთან, მის საპირისპირო სქესთან ან იდენტიფიცირდებოდეს ინტერსექსად.
კაცი — ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს კაცად, განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი (შეესაბამება თუ არა მისი გენდერული იდენტობა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს).
ლგბტქია — აკრონიმი, რომელშიც ასახულია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ასექსუალი ადამიანები. არსებობს აკრონიმის სხვა ვარიანტებიც, მაგალითად, ლგბტ, ლგბტქ, ლგბტქი და ა.შ. ზოგჯერ მათ ასევე დაერთვის „+“ ნიშანი, რომელიც ასახავს იმ ადამიანებს, ვინც ქვიარ თემის ნაწილია, მაგრამ ვისთვისაც აკრონიმის სხვა ასოები ზუსტად არ გამოხატავს მათ იდენტობას, ასევე ინკლუზიურობას იმისა, რომ ქვიარ თემი ღიაა ყველასთვის, ვინც მის ნაწილად მიიჩნევს თავს.
ლესბოსელი — ქალი, რომელსაც იზიდავს მხოლოდ ქალები (განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი).
► იხილეთ აგრეთვე: პირველი ლესბოსური სექსი — რჩევები ახალბედებს
მესამე გენდერი — ტერმინი „მესამე გენდერი“ მომდინარეობს ადგილობრივი ამერიკული და არადასავლური კულტურებიდან და ის აღნიშნავს გენდერის იმ კატეგორიას, რომელიც „ქალისა“ და „კაცის“ ფარგლებს გარეთაა.
მოკავშირე / მხარდამჭერი (ინგლ. Ally) — ადამიანი, რომელიც აქტიურად და სრულად უჭერს მხარს ლგბტქ+ თემს.
ორბუნებოვანი (ასევე „ორი სულის მქონე“; ინგლ. Two-spirit) — ქოლგა-ტერმინი, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა სექსუალობასა და გენდერს ადგილობრივი ამერიკელების თემებში. ამ კულტურებში ისინი ტრადიციული მესამე გენდერის (ან სხვა გენდერული ვარიანტის) ცერემონიულ და სოციალურ როლებს ასრულებენ.
პანგენდერი (ასევე პოლიგენდერი ან ომნიგენდერი) — ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ არის შეზღუდული მხოლოდ ერთით და შეიძლება მოიცავდეს ერთდროულად რამდენიმე ან ყველა გენდერს.
პანსექსუალი — ის, ვისაც რომანტიკული, სექსუალური ან ემოციური მიზიდულობა აქვს სხვა ადამიანების მიმართ, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა თუ სქესისა.
► იხილეთ აგრეთვე: რას ნიშნავს „პანსექსუალი“? — განმარტება, ისტორია და ქამინგაუთი
„როლი“ — აღნიშნავს ადამიანის სექსუალურ პრეფერენციების გეი-სექსში. გეი-სექსში ტრადიციულ როლებს შორისაა: „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“:
- „აქტი“ — „აქტით“ („აქტიური“, იგივე „ტოპი“; ინგლ. Top), როგორც წესი, აღიწერება ის ადამიანი, რომელსაც სექსის დროს სურს, თავად აკონტროლებდეს სიტუაციას ან/და იყოს გამცემი ანალურ სექსში.
- „პასი“ — „პასი“ („პასიური“, იგივე „ბოთომი“; ინგლ. Bottom) არის ის, ვისაც, ჩვეულებრივ, სექსში ძალაუფლების და კონტროლის გაცემა სურს. როგორც წესი, პასები ანალურ სექსში „მიმღების“ როლს ასრულებენ.
- „უნი“ — „უნი“ („უნივერსალი“), იგივე „ვერსი“ (ინგლ. Verse/Versatile) ან „სვიჩი“ (ინგლ. Switch), არის ადამიანი, რომელსაც აქტობაც მოსწონს და პასობაც.
- „საიდი“ — აღნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ მოსწონს ან არ უნდა ანალური პენეტრაცია — არც მიღება და არც გაცემა — და რომელიც უპირატესობას ანიჭებს სხვა სექსუალურ აქტივობებს.
► იხილეთ აგრეთვე:
საკუთარ იდენტობაში დაეჭვება ან თვითგამორკვევის პროცესი (ინგლ. Questioning) — საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში, სექსუალურ იდენტობაში, გენდერულ იდენტობასა თუ სამივეში ერთად დაეჭვება არის თვითგამორკვევის პროცესი, რომელსაც გადის ადამიანი, რომელიც შეიძლება არ იყოს დარწმუნებული, ჯერ კიდევ იკვლევდეს, რომელი სოციალური იარლიყი შეეფერება მას სხვადასხვა მიზეზით. ლგბტქ+ აკრონიმში (და სხვა აკრონიმებში, რომლებშიც Q არის გამოყენებული), ასო „Q“ ხშირად აღნიშნავს როგორც „ქვიარს“, ისე ამ თვითგამორკვევის პროცესში მყოფ ადამიანებსაც (Questioning).
► იხილეთ აგრეთვე: როგორ მოვიქცეთ, თუ ეჭვქვეშ ვაყენებთ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას?
სექსუალური ორიენტაცია — ის, თუ რომელი გენდერ(ებ)ის მიმართ აქვს ადამიანს ემოციური, რომანტიკული და სექსუალური მიზიდულობა. სექსუალურ ორიენტაციებში გამოიყოფა ჰომოსექსუალობა, ჰეტეროსექსუალობა, ბისექსუალობა და ასექსუალობა (და მათში შემავალი ქვეკატეგორიები).
► იხილეთ აგრეთვე: სექსუალური ორიენტაცია — რა უნდა ვიცოდეთ?
სისგენდერი — ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს იმ სქესთან, რომელიც დაბადებისას მიენიჭა. მაგალითად, სისგენდერი კაცი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს კაცად და მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესიც კაცია.
ტრანზიცია — საკუთარი გენდერული გამოხატვის (მაგალითად, ჩაცმულობის, ნაცვალსახელების, სახელის და ა.შ.) ან სასქესო ნიშნების შეცვლა საკუთარი შინაგანი გენდერული იდენტობის შესაბამისად (იქნება ეს ქალი, კაცი თუ არაბინარული გენდერული იდენტობა). ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ეს პროცესი, როგორც წესი, მოიცავს ჰორმონალურ თერაპიას ან გენდერის დადასტურების ოპერაციას. ტრანზიცია შეიძლება მოიცავდეს სამედიცინო ჩარევას, თუმცა არა ყოველთვის. ის ასევე შეიძლება მოიცავდეს სოციალურ ტრანზიციას (მაგალითად, სახელისა და ნაცვალსახელების ცვლილებას), ასევე, სამართლებრივ ცვლილებებს (სახელისა თუ სქესი სამართლებრივად შეცვლას). ეს პროცესი განსხვავებულია ყველა ადამიანისთვის მისი სურვილებისა და საჭიროებების შესაბამისად და მასში შემავალი აქტივობები არ არის უნივერსალური.
ტრანსგენდერი — ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ ემთხვევა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს. „ტრანსგენდერი“ არის ქოლგა-ტერმინი, რომელიც მოიცავს როგორც ქალსა და კაცს, ისე არაბინარულ ადამიანებს.
ტრანსი ან ტრანს* — უფრო ინკლუზიური ტერმინი, რომელიც უგენდერო ადამიანებსაც მოიცავს.
ტრანს კაცი ან ტრანსგენდერი კაცი — ტრანსი ან ტრანსგენდერი კაცი არის ადამიანი, რომელსაც დაბადებისას სქესად მიენიჭა „ქალი“, თუმცა ახლა იდენტიფიცირდება კაცად.
ტრანს ქალი ან ტრანსგენდერი ქალი — ტრანსი ან ტრანსგენდერი კაცი არის ადამიანი, რომელსაც დაბადებისას სქესად მიენიჭა “კაცი“, თუმცა ახლა იდენტიფიცირდება ქალად.
ტრანსმასკულინური — ის, ვისაც მასკულინური გენდერული იდენტობა აქვს, თუმცა დაბადებისას სხვა სქესი მიენიჭა.
ტრანსფემინური — ის, ვისაც ფემინური გენდერული იდენტობა აქვს, თუმცა დაბადებისას სხვა სქესი მიენიჭა.
ტრანსფობია — ტრანს* ადამიანებისა და ტრანს* თემის მიმართ არსებული არატოლერანტულობა, შიში, ზიზღი, უარყოფითი წინასწარგანწყობა, დისკრიმინაცია და ძალადობა სტერეოტიპებისა და მცდარი წარმოდგენების გამო.
ტრიგენდერი — ის, ვისაც ერთდროულად სამი გენდერი აქვს.
ქალი — ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ქალად, განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი (შეესაბამება თუ არა მისი გენდერული იდენტობა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს).
„ქამინგ აუთი“ ან „დაქამინგაუთება“ — საკუთარი გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გაცხადება სხვებისთვის (მაგალითად, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და ა.შ.).
ქვიარი — ქოლგა-ტერმინი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან ჰეტეროსექსუალები ან სისგენდერები. თავდაპირველად ტერმინი ნიშნავდა „უცნაურს“ ან „თავისებურს“ და გამოიყენებოდა დამამცირებელი ფორმით იმ ადამიანების მიმართ, ვისაც თავისი სქესის ადამიანების მიმართ ჰქონდა მიზიდულობა ან ურთიერთობა, ჯერ კიდევ გვიან მე-19 საუკუნეში. თუმცა, 1980-იანი წლებიდან დაწყებული ქვიარ აქტივისტებმა ტერმინი „დაიბრუნეს“ და ის ახლა ლგბტ ადამიანის სინონიმურად გამოიყენება.
ქროსდრესერი (ინგლ. Crossdresser) — ადამიანი, რომელიც იცვამს ისეთ ტანსაცმელს, რომელიც, საზოგადოებაში არსებული შეხედულებების მიხედვით, მისი გენდერისთვის არ არის დამახასიათებელი. როგორც წესი, ამ ტერმინით აღნიშნავენ კაცებს, რომლებსაც ქალის სამოსის ჩაცმა მოსწონთ. ეს შეიძლება იყოს თვითგამოხატვისთვის ან რამე სხვა მიზნით. ქროსდრესერობა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ტრანსგენდერია.
ჰეტეროსექსიზმი — წინასწარგანწყობების, დამოკიდებულებებისა და დისკრიმინაციის სისტემა ქალსა და კაცს შორის ურთიერთობების (ჰეტეროსექსუალობის) სასარგებლოდ. ის შეიძლება მოიცავდეს რწმენას, რომ ყველა ადამიანი ჰეტეროსექსუალი უნდა იყოს და რომ მხოლოდ ჰეტეროსექსუალური ურთიერთობებია ბუნებრივი და, შესაბამისად, უზენაესი.
ჰეტერონორმატიულობა — ჰეტეროსექსისტური წარმოდგენებისა და ქცევების ნორმალიზაცია ჩვენს ყოველდღიურობაში ინსტიტუციურ, ინტერპერსონალურ და პერსონალურ დონეზე. ეს კონცეფცია მოქცეულია გენდერული ბინარულობის (მხოლოდ ორი საპირისპირო გენდერის არსებობის) ჩარჩოებში და გულისხმობს, რომ სექსუალური ურთიერთობები და ქორწინება ყველაზე შესაფერისი საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის.
ჰეტერონორმატიულობა და მისი საზიანო მხარეები
ჰეტეროსექსუალი — ის, ვისაც ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობა აქვს საპირისპირო სქესის ან გენდერის ადამიანების მიმართ. ამ ცნების აღსანიშნავად ასევე იყენებენ ინგლისურენოვან ჟარგონს „სთრეითი“ (ინგლ. Straight).
ჰომოსექსუალი — ის, ვისაც ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობა აქვს თავისი სქესის ან გენდერის ადამიანების მიმართ. მე-20 საუკუნის მიწურულიდან ეს ტერმინი უფრო ნაკლებად გამოიყენება და ზოგჯერ შეურაცხმყოფლად მიიჩნევა, რადგან ის უკავშირდება უარყოფით სტერეოტიპებსა და მოძველებულ კლინიკურ წარმოდგენებს ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ჰომოსექსუალობა ფსიქიკურ აშლილობად მიიჩნეოდა. დღეს ტერმინი დიდწილად ჩანაცვლებულია ტერმინებით „გეი“, „ლესბოსელი“ ან ინკლუზიური აბრევიატურებით, მაგალითად, „ლგბტ“ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი).
ჰომოფობია — უარყოფითი მიმართებები, შეგრძნებები, ზიზღი თუ ანტიპათია ჰომოსექსუალობის ან იმ ადამიანების მიმართ, ვინც იდენტიფიცირდებიან ლესბოსელად, გეიდ ან ბისექსუალად.
გამოყენებული წყაროები:
მთავარი სურათი: Getty Images
♦ სტატია მომზადებულია ონლაინ გამოცემა Queer.ge-ს მიერ.