Facebook Script

გენდერული დისფორია — მნიშვნელობა, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

01 დეკემბერი, 2022 | გენდერი და ორიენტაცია

გენდერული დისფორია აღნიშნავს იმ დისკომფორტისა და ცუდად ყოფნის შეგრძნებას, რომელსაც განიცდის ადამიანი, როდესაც მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესი არ ემთხვევა მის გენდერულ იდენტობას. გენდერული დისფორიის მქონე ადამიანი შეიძლება არაკომფორტულად გრძნობდეს თავს საკუთარი სხეულის სქესობრივ მახასიათებლებსა და საკუთარ რეალურ იდენტობას შორის არსებული კონფლიქტის გამო.

ისინი ასევე შეიძლება არაკომფორტულად გრძნობდნენ თავს მათთვის დაბადებისას მინიჭებული სქესისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ გენდერულ როლებში.

გენდერული დისფორიის ეფექტები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ადამიანისთვის. ზოგისთვის შიდა კონფლიქტის ამ შეგრძნებებმა შეიძლება იმოქმედოს საკუთარი თავის აღქმასა და ქცევაზე. გენდერული დისფორიის მქონე ადამიანმა შეიძლება დისკომფორტთან გასამკლავებლად შეცვალოს საკუთარი გენდერული ექსპრესია — ის, თუ როგორ გამოხატავს ადამიანი საკუთარ გენდერს ქცევებში, მანერებში, ჩაცმულობაში და ა.შ. — ან დაბადებისას მინიჭებულ სქესთან ასოცირებული გენდერი. მათ ასევე შეიძლება ცვლილებები შეიტანონ საკუთარ გარეგნობაში.

გენდერული დისფორიის მქონე ბავშვებმა შეიძლება გამოთქვან სურვილი, რომ იყვნენ სხვა გენდერის, და მოითხოვონ ის სათამაშოები, ვარცხნილობები და ჩაცმულობა, რომლებიც სხვა გენდერისთვისაა დამახასიათებელი.

► ყველა, ვისაც გენდერული დისფორია აქვს, არ იდენტიფიცირდება ტრანსგენდერად, თუმცა გენდერული დისფორიის მქონე ბევრი ადამიანი იდენტიფიცირდება როგორც ტრანსგენდერი, გენდერფლუიდი (ინგლ. Gender fluid) ან გენდერულად არაკონფორმული (ინგლ. Gender non-conforming).

  • ტრანსგენდერი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ისეთ გენდერთან, რომელიც განსხვავდება მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესთან ასოცირებულ გენდერთან.
  • გენდერფლუიდი არის ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც არ არის ფიქსირებული და დროთა განმავლობაში იცვლება.
  • გენდერულად არაკონფორმული არის ადამიანი, რომლის ქცევაც და გენდერული ექსპრესიაც საზოგადოების მასკულინურ ან ფემინურ გენდერულ ნორმებს არ შეესაბამება.

გენდერული დისფორიის სიმპტომები

გენდერული დისფორიის სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს მინიჭებული სქესის მიმართ ძლიერი დისკომფორტის შეგრძნება. გენდერული დისფორიის ნიშნებს შორისაა:

  • იმის სურვილი, რომ აღარ გქონდეთ დაბადებისას მინიჭებული სქესის პირველადი სქესობრივი მახასიათებლები (სასქესო ორგანოები)

  • იმის სურვილი, რომ ისე მოგექცნენ, როგორც სხვა გენდერს

  • იმის სურვილი, რომ გქონდეთ თქვენთვის სასურველი გენდერული იდენტობისთვის დამახასიათებელი პირველადი და მეორეული სქესობრივი მახასიათებლები (სქესობრივი მომწიფებისას გამოვლინებადი)

  • იმის დაჟინებით გამოხატვა, რომ თქვენი გენდერი განსხვავდება თქვენთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესთან ასოცირებული გენდერისგან

  • ისეთი გენდერული როლების პრეფერენცია, რომლებიც განსხვავდება თქვენთვის დაბადებისას მინიჭებული სქესისთვის დამახასიათებელი გენდერული როლებისგან

  • დაბადებისას მინიჭებულ სქესთან და მის შესაბამის გენდერთან ასოცირებული სათამაშოების, თამაშებისა და სხვა რაღაცების მკაცრი უარყოფა

  • ჩვეულებრივ, სხვა გენდერთან ასოცირებული ტანსაცმლის ჩაცმა

ადამიანებმა, რომლებსაც გენდერული დისფორია აწუხებთ, შეიძლება ხშირად გამოხატონ სხვა გენდერად ყოფნის სურვილი. მათ ხშირად დისკომფორტს უქმნის მათთვის დაბადებისას მინიჭებული სქესისთვის დამახასიათებელი გენდერული როლები და გენდერული ექსპრესიები. ეს შეიძლება გამოიხატოს ისეთ ქცევებში, როგორიცაა სასურველი გენდერისთვის დამახასიათებლად ჩაცმა, სხვა გენდერთან ასოცირებული სათამაშოებით თამაში და ბევრ გენდერულად სტერეოტიპულ ქცევაზე უარის თქმა.

გენდერული დისფორია არ უკავშირდება პიროვნების სექსუალურ ორიენტაციას. გენდერული დისფორიის მქონე ადამიანი შეიძლება იყოს ჰეტეროსექსუალი, გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი თუ ასექსუალი. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ყველას, ვინც ტრანსგენდერია ან გენდერულად არაკონფორმულია, არ აწუხებს გენდერული დისფორია.

► გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია

მნიშვნელოვანია ასევე გვესმოდეს განსხვავება გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციას შორის.

გენდერული იდენტობა აღნიშნავს ადამიანის შინაგან შეგრძნებას, თუ რა გენდერული იდენტობა აქვს — იქნება ეს კაცი, ქალი თუ არაბინარული გენდერული იდენტობა. სექსუალური ორიენტაცია აღნიშნავს ადამიანის ფიზიკურ, ემოციურ და რომანტიკულ მიზიდულობას ან მის არქონას სხვა ადამიანების მიმართ.

გენდერი არის ის, თუ ვინ ხარ, ხოლო სექსუალობა (სექსუალური ორიენტაცია) არის ის, თუ ვინ გიზიდავს. გენდერული დისფორიის მქონე ზოგი ადამიანი LGBTQ+ თემის წარმომადგენელია, მაგრამ გენდერული დისფორიის ქონა არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად გეი, ლესბოსელი ან ბისექსუალია.

► იხილეთ აგრეთვე:

გენდერული დისფორია — დიაგნოზი

გენდერული დისფორია შეტანილია მენტალური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM-5). DSM-ის ძველ გამოცემებში ის „გენდერული იდენტობის აშლილობის“ სახელით იყო ცნობილი. ეს 2013 წელს შეიცვალა იმ სტიგმის მოსაშორებლად, რომელიც მისთვის „აშლილობის“ წოდებასთან იყო დაკავშირებული. თუკი ის მანამდე იდენტობასთან დაკავშირებულ აშლილობად იყო წარმოდგენილი, DSM-5 უფრო აღწერილობით მიდგომას ირჩევს, რომელიც დისფორიით გამოწვეულ დისკომფორტზე ფოკუსირდება.

მოზარდებსა და ზრდასრულებში

მოზარდებსა და ზრდასრულებში გენდერული დისფორიის დიაგნოზის დასასმელად ინდივიდს უნდა აწუხებდეს კლინიკურად მნიშვნელოვანი დისკომფორტი ან ზიანი სოციალურ, სამსახურებრივ და ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. ეს შეგრძნება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ექვს თვეს და თან ახლდეს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ორი:

  • მნიშვნელოვანი შეუსაბამობა პირველად და მეორეულ სქესობრივ მახასიათებლებსა და ინდივიდის შინაგან გენდერულ იდენტობას შორის

  • შესამჩნევი სურვილი, რომ ინდივიდს სურს პირველადი ან მეორეული სქესობრივი მახასიათებლების მოშორება

  • სურვილი, რომ ინდივიდს ჰქონდეს მისი გენდერული იდენტობის შესაბამისი პირველადი ან მეორეული სქესობრივი მახასიათებლები

  • სურვილი, რომ ინდივიდი იყოს იმ გენდერის, რომლადაც გრძნობს თავს

  • სურვილი, რომ ინდივიდს ისე მოექცნენ, როგორც იმ გენდერს, რომლადაც გრძნობს თავს

  • რწმენა იმისა, რომ ინდივიდს აქვს ის ქცევები, გრძნობები და რეაქციები, რომლებიც დამახასიათებელია იმ გენდერისთვის, რომლადაც ის გრძნობს თავს

ბავშვებში

გენდერული დისფორია შეიძლება ბავშვებსაც ჰქონდეთ. თუმცა, მათთვის უჩვეულო არაა გენდერულად არაკონფორმული ქცევების გამოვლინება, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვაოთ ტიპური ბავშვური ქცევები და ნამდვილი გენდერული დისფორია.

ზრდასრულების მსგავსად, დიაგნოზის დასასმელად ბავშვებსაც უნდა აწუხებდეთ მნიშვნელოვანი დისკომფორტი, რომელიც მინიმუმ ექვს თვეს გრძელდება. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ექვსი სიმპტომი:

  • იმის მტკიცება, რომ ის საპირისპირო სქესისაა, ან იმის სურვილი, რომ იყოს საპირისპირო სქესის

  • იმის პრეფერენცია, რომ ჩაერთოს ისეთ წარმოსახვით თამაშში, სადაც ის საპირისპირო სქესის იქნება

  • ისეთი ტანსაცმლის ჩაცმის პრეფერენცია, რომელიც, ჩვეულებრივ, სხვა გენდერთანაა ასოცირებული

  • ისეთი სათამაშოების პრეფერენცია, რომლებიც სტერეოტიპულად სხვა გენდერთანაა ასოცირებული

  • იმ სათამაშოებისა და აქტივობების უარყოფა, რომლებიც ტიპურად მათთვის მინიჭებულ სქესთან ასოცირდება

  • საკუთარი ფიზიკური სქესობრივი მახასიათებლებისადმი ზიზღის გამოხატვა

  • სასურველი გენდერული იდენტობისთვის შესაფერისი სქესობრივი მახასიათებლების ქონის სურვილი

  • საპირისპირო სქესის მქონე ბავშვებთან თამაშის პრეფერენცია

გენდერული დისფორიის ნიშნები ბავშვებში შეიძლება 4 წლის ასაკიდან შეინიშნოს. ეს სიმპტომები, როგორც წესი, უფრო მწვავე ხდება ბავშვის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი სხეული სქესობრივი მომწიფების ფიზიკურ ცვლილებებს გადის.

► გენდერული დისფორია და გენდერული არაკონფორმულობა

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გენდერული დისფორია და გენდერული არაკონფორმულობა ერთი და იგივე არ არის. გენდერული არაკონფორმულობა მოიცავს ისეთ ქცევებსა და გენდერულ ექსპრესიებს, რომლებიც არ შეეფერება ადამიანისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესთან ასოცირებულ სტერეოტიპულ ნორმებს. გენდერული არაკონფორმულობა არ მიიჩნევა მენტალურ პრობლემად.

წყარო: Boston Globe

გენდერული დისფორიის გამომწვევი მიზეზები

გენდერული დისფორიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა ამაში შეიძლება რამდენიმე ფაქტორი ასრულებდეს როლს, მათ შორის გენეტიკა, ჰორმონალური გავლენები პრენატალური (მუცლადყოფნისას) განვითარების დროს და გარემო ფაქტორები.

მაგალითად, მუცლადყოფნისას გარკვეული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება დაკავშირებულია დაბადებამდე სქესის განსაზღვრის ნორმალური განვითარების დარღვევებთან. კვლევა ასევე გამოკვეთს გენეტიკურ კავშირს, რადგან იდენტურ ტყუპებში ეს უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე არაიდენტურებში.

გენდერული დისფორია ხშირად ადრეულ ბავშვობაში იწყება. მართალია, ზუსტი მექანიზმები უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ ბავშვის დაბადებისას მას მიენიჭება სქესი მისი ფიზიკური ანატომიის მიხედვით. სქესი, რომელიც ბავშვს მიენიჭა, ხშირად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გაზრდიან მას და როგორ მოექცევიან მათ სხვები. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვმა შეიძლება იგრძნოს შეუსაბამობა მის გენდერულ იდენტობასა და მისთვის მინიჭებულ სქესს შორის. ზოგ შემთხვევაში ამ შეუსაბამობამ შეიძლება გენდერული დისფორია გამოიწვიოს.

გენდერული დისფორიის მკურნალობა

გენდერული დისფორიის მკურნალობა საკმაოდ ინდივიდუალურია და ემყარება თითოეული პიროვნების უნიკალურ საჭიროებებს. როგორც წესი, ის ფოკუსირდება იმაზე, რომ დაეხმაროს ადამიანს საკუთარი გენდერული იდენტობის გამოკვლევაში, და ხშირად აძლევს მას საშუალებას, გამოხატოს საკუთარი გენდერი მისი გენდერის შინაგანი აღქმის შესაბამისად. ეს შეიძლება მოიცავდეს სასურველი გენდერული იდენტობის შესაფერისად ჩაცმას, სხვა სახელისა და ნაცვალსახელების გამოყენებას, ასევე სამედიცინო ჩარევას სხეულის ფიზიკური ცვლილებისთვის.

► ფსიქოთერაპიასთან ერთად გენდერული დისფორიის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ჰორმონებსა და გენდერის დადასტურების ოპერაციას.

მედიკამენტები და პროცედურები

გენდერული დისფორიის მქონე ზოგ ადამიანს ურჩევნია სრული მკურნალობის გავლა სასურველი სასქესო ჰორმონებისა და გენდერის დადასტურების (ინგლ. Gender-affirmation) სამედიცინო პროცედურების ჩათვლით. მკურნალობა შეიძლება ასევე მოიცავდეს სხეულის მოდიფიკაციებს, რომლებიც პიროვნების გარეგნობას შეასაბამებს მის შინაგან გენდერულ იდენტობასთან.

ამის მიღწევის გზებს შორისაა ჰორმონალური თერაპია და ოპერაცია. თუმცა, მკურნალობა აუცილებლად უნდა მოერგოს პიროვნების მიზნებსა და საჭიროებებს. ზოგ ადამიანს შეიძლება სურდეს სრული ტრანზიცია იმ გენდერში, რომლადაც იდენტიფიცირდება. სხვებს სურთ მხოლოდ მეორეული სქესობრივი მახასიათებლების მინიმიზაცია, მაგალითად, სხეულზე თმის ან მკერდის, რომლებიც თანხვედრაში არ არის მათ გენდერულ იდენტობასთან.

მასკულინიზაციისა და ფემინიზაციის ჰორმონები ზოგჯერ ხელს უწყობს გენდერული დისფორიის შეგრძნებების შემცირებას ან გაქრობას. ასეთ ჰორმონებს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, მათ შორის ლიბიდოს (სქესობრივი ლტოლვის) ცვლილება და მანიის, ჰიპომანიის ან ფსიქოზის სიმპტომები იმ ადამიანებში, რომლებსაც რაიმე მენტალური აშლილობა აქვთ.

მიუხედავად ამისა, იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ პროცედურების გავლა არ შეუძლიათ, შეიძლება დაეწყოთ გაზრდილი ფსიქოლოგიური დისკომფორტი, მათ შორის შფოთვა და დეპრესია. ასეთ შემთხვევებში ფსიქოთერაპიას შეუძლია ადამიანს დაეხმაროს, რომ უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი საკუთარი გენდერული იდენტობის შინაგანი აღქმის გამოხატვაში და გააუმჯობესოს მისი მენტალური კეთილდღეობა.

ფსიქოთერაპია

ზოგ ადამიანს საკუთარ გენდერულ იდენტობასთან მიმართებით უფრო კომფორტულად ყოფნისთვის და დისკომფორტის შეგრძნებასთან გასამკლავებლად მხოლოდ ფსიქოთერაპიაც ყოფნის. წყვილის ან ოჯახური თერაპია შეიძლება დაეხმაროთ პარტნიორებს, მშობლებსა და ოჯახის სხვა წევრებს, უკეთ გაიგონ, თუ რას გრძნობს მათთვის ძვირფასი ადამიანი.

► გენდერული დისფორიის მქონე ადამიანების ფსიქოთერაპია არ ცდილობს მათი გენდერული იდენტობის შეცვლას. ნაცვლად ამისა, ფსიქოთერაპია მათ ეხმარება, უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი თავიანთ იდენტობაში და უფრო თავისუფლად გამოხატონ თავიანთი გენდერული იდენტობა.

ფსიქოთერაპიის მიზანია, ადამიანმა უფრო სრულფასოვნად იგრძნოს თავი და გააუმჯობესოს საკუთარი ცხოვრების ხარისხი დისფორიის შეგრძნებების შემცირების გზით. ეს მიიღწევა:

  • გენდერული იდენტობისა და ექსპრესიის უკეთ გააზრებით;

  • სტრესის მართვის გზების სწავლით;

  • საკუთარი თავის მიღებით;

  • მხარდამჭერი სისტემის (ოჯახი, მეგობრები და ა.შ.) შექმნით;

  • ტრანზიციის ვარიანტების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით;

  • ურთიერთობების გაუმჯობესებით.

► ფსიქოლოგის უფასო და ანონიმური კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ მიხვიდეთ ლგბტქ ადამიანების უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „თანასწორობის მოძრაობის“, ოფისში მისამართზე უშანგი ჩხეიძის ქუჩა #19 (თბილისი). ან დაუკავშირდეთ ნომერზე — 0322 47 97 48.

გამოწვევები და სირთულეები

გენდერულად არაკონფორმული ადამიანები და მათი ოჯახები ხშირად სტიგმებისა და დისკრიმინაციის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან მათი გენდერული იდენტობის გამო. გენდერული დისფორიის მქონე იმ ადამიანებს, რომლებიც ტრანსგენდერები ან გენდერულად არაკონფორმულები არიან, ასევე ბულინგის ან ძალადობის გამოვლის გაზრდილი რისკიც აქვთ.

ისინი, ვინც სამედიცინო მკურნალობას გადიან, მაგალითად, ჰორმონალურ თერაპიას ან ოპერაციებს, ასევე შეიძლება გადააწყდნენ სირთულეებს შესაფერისი ჯანდაცვისადმი წვდომასა და მკურნალობისთვის დაზღვევის მხრიდან დაფინანსების კუთხით.

დისფორიის შეგრძნებები სოციალური მხარდაჭერის სიმცირესთან ერთად ხშირად მენტალურ დისკომფორტსა და სხვა პრობლემებს წარმოშობენ. გენდერულ დისფორიასთან დაკავშირებულ ზოგიერთ აშლილობას შორისაა დეპრესია, შფოთვა, ნივთიერებებზე დამოკიდებულება, თვითდაზიანება და სხვა მენტალური პრობლემები.

კვლევამ ისიც აჩვენა, რომ გენდერული დისფორიის მქონე ხალხს სუიციდის გაზრდილი რისკიც აქვთ. ერთ-ერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ გენდერული დისფორიის მქონე მონაწილეთა 48.3%-ს ჰქონია სუიციდური ფიქრები, 23.8%-მა კი მინიმუმ ერთხელ მაინც სცადა თავის მოკვლა.

წყარო: Pep Boatela

გენდერულ დისფორიასთან გამკლავების გზები

გენდერული დისფორიის შეგრძნებებთან გამკლავება, ჩვეულებრივ, მოიცავს ისეთ მკურნალობას, რომელიც ფოკუსირდება იმაზე, რომ ადამიანს დაეხმაროს, საკუთარ გენდერულ იდენტობასთან უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი. გენდერული დისფორიის შეგრძნებების მართვაში დასახმარებლად რამდენიმე სხვა სტრატეგიაც არსებობს, მათ შორის:

  • იპოვეთ ხალხი, რომელიც მხარს დაგიჭერთ: სცადეთ მხარდამჭერ ჯგუფში გაწევრიანება ან მსგავსი გამოცდილების მქონე თანატოლებთან საუბარი.

  • შეამცირეთ დისკომფორტი: მიმართეთ ისეთ პრაქტიკებს, როგორებიცაა მკერდის შეკვრა (ინგლ. Breast binding) — გულმკერდის არის გაბრტყელება სპეციალური ტანსაცმლით — ან გენიტალიის შეკეცვა (ინგლ. Genital tucking) —  სასქესო ორგანოს კონტურის დამალვა ტანსაცმლის შიგნით — რათა შემცირდეს ისეთი ფიზიკური მახასიათებლები, რომლებიც დისფორიის შეგრძნებას იწვევს.

  • იზრუნეთ საკუთარ თავზე: ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვასა და ემოციურ კეთილდღეობას, მათ შორის აკეთეთ ისეთი რამეები, რომლებიც კარგად გაგრძნობინებთ თავს და დადებითად განგაწყობთ საკუთარი სხეულის მიმართ.

  • გამოკვეთეთ თქვენი იდენტობა: ეცადეთ ისეთი პატარა რაღაცები გააკეთოთ, რაც საკუთარი გენდერული იდენტობის გამოკვეთაში დაგეხმარებათ. მაგალითად, ატარეთ გარკვეული აქსესუარები, შეცვალეთ ვარცხნილობა ან სთხოვეთ სხვებს, რომ თქვენთვის სასურველი ნაცვალსახელებით მოგმართონ (უცხო ენაზე კომუნიკაციისას).

  • დაგეგმეთ მომავალი: ზოგმა ადამიანმა ასევე შეიძლება გადაწყვიტოს სამართლებრივი ვარიანტების არჩევა სასურველ გენდერში ტრანზიციისა და სოციალური გარემოს ცვლილებისთვის. დასახეთ გრძელვადიანი მიზნები და იმუშავეთ მათ მიღწევაზე, იქნება ეს სამედიცინო, სოციალური თუ სამართლებრივი ტრანზიცია.

► ნაცვალსახელები

უცხო ენაზე, მაგალითად, ინგლისურად, კომუნიკაციისას გენდერული დისფორიის მქონე ზოგ ადამიანს შეიძლება მათი გენდერული იდენტობის შესაბამისი ნაცვალსახელების გამოყენება ერჩივნოს — მაგალითად, „he“ ან „she“ — ან გენდერულად ნეიტრალური მხოლობითი ნაცვალსახელების — მაგალითად, „they“, „them“, „their“.

გრძელვადიან მიზნებზე მუშაობისას ასევე ეცადეთ გენდერული დისფორიის შეგრძნებებთან გამკლავების მოკლევადიან გზებსაც მიმართოთ. ამაში შეიძლება შედიოდეს თქვენი პირველადი და მეორეული სქესობრივი მახასიათებლების დაფარვა ან მათთან კონტაქტის მინიმიზაცია, თუკი ისინი გაწუხებთ. გარდა ამისა, ეცადეთ, საკუთარ იდენტობასა და საკუთარი თავის კომფორტულად გამოხატვაში უკეთ გარკვევას მეტი დრო დაუთმოთ.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Shutterstock

მსგავსი სტატიები

ჰეტერონორმატიულობა, ჰომოფობია, ტრანსფობია, სექსიზმი, ქალები, კაცები

ჰეტერონორმატიულობა და მისი საზიანო მხარეები

რას ნიშნავს ჰეტერონორმატიულობა? — გავრცელებული წარმოდგენა, რომ ყველა ადამიანი ჰეტეროსექსუალია და ეს სექსუალური ორიენტაციის ერთადერთი ბუნებრივი ფორმაა

გენდერი და ორიენტაცია
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
გეი, სექსი, როლი, როლები, აქტი, პასი, უნი, საიდი, ბოთომი, ტოპი, ვერსი, აქტიური, პასიური, უნივერსალი, საიდი, gei, seqsi, sex, analuri, rolebi, aqti, pasi, uni, saidi, aqtiuri, pasiuri, universali, ანალური

რას ნიშნავს „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“? — როლები სექსში

გეი სექსი და არამხოლოდ — როლები სექსში და ძალაუფლების დინამიკა. რას ნიშნავს, იყო პასიური („პასი“), „აქტიური“ (აქტი), უნივერსალი („უნი“) ან „სვიჩი“ და „საიდი“?

სიამოვნება და სექსი
ანალი, ანალური, სექსი, პასი, პასიური, პენისი, ტრაკი, გეი, ბოთომი, გამორეცხვა, ლგბტ, anali, analuri, seqsi, pasi, pasiuri, penisi, traki, gei, bottom, gamorecxva, lgbt

როგორ გვქონდეს ანალური სექსი პასიურ როლში — რჩევები დამწყებებს

გეი (და არამხოლოდ) ანალური სექსი და „პასობა“ — მომზადება, ჰიგიენა, ანალური სექსის ანატომია და ანუსის სტიმულაცია, რიმინგი, პოზები და სხვა. თანხმობა და კომუნიკაცია სექსში. უსაფრთხოება და თავის დაცვა.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

გენდერული დისფორია — მნიშვნელობა, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია