Facebook Script

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

სექსუალურ ფანტაზიების ქონა ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენი ფანტაზიების შინაარსი იმ სიტუაციების, ნივთებისა და მახასიათებლების გარშემო ტრიალებს, რომლებიც აღგვაგზნებს, და მათი შთაგონებით უამრავი სიტუაციის წარმოდგენა შეიძლება, ძალიან ჩვეულებრივის თუ უჩვეულოსი.

საკუთარ სექსუალურ საჭიროებებსა და სურვილებს ყველა ვერ იაზრებს. მისივე ფანტაზიებმა ადამიანი შეიძლება გააოცოს, შეარცხვინოს ან უარყოფის სურვილი გაუჩინოს, განსაკუთრებით თუ მას წლების განმავლობაში ასწავლეს ან ჩააგონეს, რომ ფანტაზიების ქონა არაჯანსაღი ან არასწორია.

მიუხედავად ამისა, ჩვენ თავად არ ვირჩევთ საკუთარ სექსუალურ საჭიროებებსა და სურვილებს და ის ფანტაზიები, რომლებიც გვაქვს, მაგრამ თანხვედრაში არ არის ჩვენს მორალურ კომპასთან, ავტომატურად სულაც არ ნიშნავს, რომ სექსის გარეთ, რეალურ ცხოვრებაშიც მსგავსად მოვიქცეოდით.

ფანტაზია თუ ფეტიში?

სექსუალურ ფანტაზიებთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული სიტყვები პოპ-კულტურაში ერთმანეთის სინონიმებად გამოიყენება — თუმცა, ხშირად არასწორად. ეს ნაწილობრივ შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ ამ თემებს დიდი ტაბუ ადევს, რაც ხელს გვიშლის, რომ შესაბამის ტერმინოლოგიაში გავერკვეთ.

  • სექსუალური ფანტაზია გულისხმობს იმის წარმოდგენას, რაც აღმგზნებ ელემენტებს შეიცავს. ფანტაზიები შეიძლება იყოს ერთჯერადი ან განმეორებითი, უეცარი ან მართვადი.

  • ე.წ. „ქინქი“ (ინგლ. Kink; აღნიშნავს „უცნაურობას“) არის ისეთი ნივთი, სიტუაცია ან მახასიათებელი, რომელიც ადამიანისთვის მუდმივად ეროტიკულია. ეს სიტყვა ასევე გამოიყენება (ზოგჯერ არასტანდარტული) სექსუალური აქტივობების, პრეფერენციებისა და ორიენტაციების აღსანიშნად.

  • ფეტიში არის ისეთი ნივთი, სიტუაცია ან მახასიათებელი, რომელიც ადამიანისთვის არა მხოლოდ მუდმივად ეროტიკულია, არამედ აუცილებელიცაა სექსუალური სიამოვნების მისაღებად — ფეტიშის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ სექსუალური სიამოვნების მიღება, თუკი პროცესში მათი ფეტიში არ იქნება ჩართული.

  • პარაფილია არის ძლიერი სექსუალური აღგზნება ისეთი ნივთის, სიტუაციის ან მახასიათებლის საპასუხოდ, რომელიც, ჩვეულებრივ, სექსთან არ არის დაკავშირებული; მაგალითად, ნათურა ან მშენებლობის ხმა.

ადამიანებს შეიძლება ძალიან სხვადასხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდეთ საკუთარი პრეფერენციებისა და სურვილების მიმართ, განსაკუთრებით თუ ისინი უჩვეულო ან ტაბუდადებულია. ზოგი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში მალავს ან თრგუნავს თავის სურვილებს, სხვები კი მათ ხელშეწყობასა და სიამოვნების მიღებას არჩევენ — ხშირად ისეთი თანამოაზრეების პოვნით, რომლებსაც იგივე სურვილები აქვთ.

მართალია, ბევრის აზრით ადამიანთა ეს ერთობები ზედმეტად თავისუფლებისმოყვარულია, თუმცა, რეალურად, ბევრი ასეთი თემი თავდაჭერილობითა და პატივისცემით გამოირჩევა. ისინი გვერდში უდგანან და რჩევებით ეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თავის აღმოჩენის გზას გადიან და სხვაგან მხარდაჭერას ვერ იპოვიდნენ. მიუხედავად ამისა, სიფრთხილე საჭიროა — არსებობენ ისინიც, ვინც მიმნდობი და მოწყვლადი ადამიანების ექსპლუატაციას, მათი ნდობის ბოროტად გამოყენებას, ცდილობენ.

ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები

არსებობს რამდენიმე თემა, რომელიც მრავალი ადამიანის სექსუალური ფანტაზიებისთვის საერთოა. ეს იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ ადამიანის ბიოლოგიისა და სოციალური ევოლუციის რაღაც ისეთი ასპექტები არსებობს, რომლებიც მუდმივად აწარმოებს განსაზღვრულ, სპეციფიკურ სექსუალურ მოთხოვნებს. ბევრი ფანტაზია ერთმანეთს უკავშირდება და თანაიკვეთება — სხვა ეროტიკული ფიქრები ბევრად უფრო კონკრეტულია, ზოგის განხორციელება კი, სულაც, შეუძლებელია რეალურ ცხოვრებაში.

წყარო: Angelica Alzona / Lifehacker

წინამდებარე სიაში მიმოხილულია მილიონობით ადამიანის წარმოსახვაში არსებული ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები (და ეს სია არავითარ შემთხვევაში არ არის ამომწურავი).

ექსპერიმენტული ფანტაზიები მოიცავს რაღაც ახალსა და ამაღელვებელს, შესაძლოა, ისეთ რამეს, რისი ცდაც ადამიანს ეშინია რეალურ ცხოვრებაში ან რასაც, ჩვეულებრივ, სექსის დროს არ აკეთებს. ეს შეიძლება მოიცავდეს ექსპერიმენტებს სხვა, მუდმივი პარტნიორისგან განსხვავებულ ადამიანებთან — ე.წ. არამონოგამიური ფანტაზიები — რაც განსხვავდება ღალატის ფანტაზიებისგან, რადგან ამ შემთხვევაში ყველა მონაწილემ იცის ამის შესახებ და თანახმაა.

ერთნაირსქესიანი ფანტაზიები გულისხმობს ინტიმურობის სურვილს იმავე სქესის მქონე ადამიანთან. ეს შეიძლება მიანიშნებდეს ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე, თუმცა არა აუცილებლად. როგორც წესი, ქალებისთვის განსაკუთრებით ბუნდოვანია ეს საზღვრები და ისინი ხშირად ბევრად უფრო კომფორტულად გამოხატავენ თავიანთ მიზიდულობას სხვა ქალების მიმართ. ერთნაირსქესიანი ფანტაზიები შეიძლება განაპირობოს ცნობისმოყვარეობამ ან საკუთარი სექსუალობის შესწავლის სურვილმა საკუთარისგან განსხვავებული გენიტალიებისა (სასქესო ორგანოებისა) და სექსუალური ფუნქციების გათვალისწინების საჭიროების გარეშე.

ფანტაზიები, რომლებიც მოიცავს ე.წ. „ქროს-დრესინგს“ (ინგლ. Cross-dressing) — საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმას — ან ანდროგინიას — ერთდროულად „კაცური“ და „ქალური“ მახასიათებლების გამოვლენას — შეიძლება მიუთითებდეს საკუთარი სოციალური როლისგან განცალკევების გრძნობაზე ან იმის სურვილზე, რომ საკუთარი თავის რომელიმე ვერსიას უფრო ჩამოშორდე ან უფრო მიუახლოვდე, ან ორივეზე ერთად.

აკრძალულ ან მიუწვდომელ ფანტაზიას ახასიათებს აღტაცება, რომელიც ახლავს ისეთი რამის კეთებას, რასაც არ უნდა აკეთებდე ან რის გამოც გაგკიცხავდნენ. იმის რისკი, რომ შეიძლება შემოგისწრონ, ან, უბრალოდ, რაიმეს მალულად კეთება ზოგჯერ აღტაცების მომგვრელია. ზოგი ადამიანი კიდევ უფრო შორს მიდის და რისკის ან თავგადასავლის განცდის გასაძლიერებლად საფრთხის ელემენტებიც შეაქვს ფანტაზიაში.

დომინაციის ან კონტროლის ფანტაზიები დაკავშირებულია ძალაუფლების ქონასთან, ხშირად სხვა ადამიანზე ან ადამიანებზე. ეს ზოგ ადამიანს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ იგრძნონ კონტროლი, რომელიც ცხოვრებაში აკლიათ, ან, უბრალოდ, დატკბნენ იმ ფიქრით, რომ ვიღაც მათ ბრძანებას ასრულებს, რომ ისინი განაგებენ მოვლენებსა თუ შეგრძნებებს ან რომ, უბრალოდ, დომინანტები არიან და ძალაუფლება აქვთ.

მორჩილების („სუბმისია“; ინგლ. Submission) ან კონტროლის არქონის ფანტაზია საკმაოდ ხშირია კაცებშიც და ქალებშიც. მათ, ვისგანაც დომინანტობას ელიან, შეიძლება რცხვენოდეთ მორჩილების სურვილის. მათ, ვისგანაც მორჩილობას ელიან, შეიძლება რცხვენოდეთ სპონტანურად გაჩენილი ლტოლვის, ნაცვლად იმისა, რომ სხვისი ლტოლვის საპასუხოდ მოქმედებდნენ, როგორც მათგან ელიან. ამ უარყოფითი შეგრძნებებისთვის გვერდის ავლა შესაძლებელია ყველა სექსუალური ელემენტის წყაროს ისე გადამისამართებით, რომ ადამიანს მათზე კონტროლი საერთოდ არ ჰქონდეს. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომაა სუბმისიურ ფანტაზიებში ხშირი დაბმა („ბონდაჟი“; ინგლ. Bondage) და გაუპატიურება.

► გაუპატიურებაზე ფანტაზიების ქონა არ ნიშნავს, რომ ადამიანს სურს, რეალურადაც გააუპატიურონ.

► იხილეთ აგრეთვე: თანხმობა და სექსი — ზუსტად რას ნიშნავს გაუპატიურება?

დამცირების ან შეურაცხყოფის (ინგლ. Humiliation ან Degradation) ფანტაზიები შეიძლება აღგზნების ან გარკვეული სურვილების ქონის გამო სირცხვილთან იყოს დაკავშირებული. ამ აღგზნებისა თუ სურვილების ასრულების დროს დამცირება შეიძლება ადამიანისთვის მათი გამართლების გზა იყოს. დამცირების ფანტაზიებს ზოგჯერ სულაც ფსიქოთერაპიული, განმკურნავი ეფექტი აქვს იმ ადამიანებზე, რომლებსაც, ჩვეულებრივ, საკუთარი გრძნობების გამოხატვა უჭირთ. ბევრ ადამიანში ძალიან ძლიერ ემოციებს აღძრავს იმის წარმოდგენა, რომ მას აიძულებენ, სულიერად გატყდეს, ან კათარზისში — დათრგუნული, განდევნილი ემოციები გამოხატვის პროცესში — გადაეშვას. ასეთი გამოცდილების მიღება პოტენციურად ძალიან განმათავისუფლებელია და მენტალური საზღვრების გაფართოებას უწყობს ხელს.

ზოგისთვის ასევე აღგზნების წყაროა ტკივილი და წამება, იქნება ეს მათ მიერ განხორციელებული (სადიზმი), მათზე განხორციელებული (მაზოხიზმი), თუ ორივე (სადომაზოხიზმი). სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა დოზის ტკივილია მისაღები და კომფორტული — დაწყებული მსუბუქი, ეროტიკული „სფენქინგით“ (უკანალზე წამორტყმით; ინგლ. Spanking) და დამთავრებული ძლიერად ცემით, რომელიც სხეულზე შესამჩნევ დალურჯებებს ტოვებს. ფანტაზიები ადამიანებს ამ პროცესის ისე განცდის საშუალებას აძლევს, რომ სხეულს რეალური ზიანი არ მიადგეს. თუმცა, აუცილებელი არაა, რომ წამება ფიზიკური იყოს — მაგალითად, ბევრს მოსწონს, როდესაც ორგაზმის ზღვარზე მიჰყავთ, შემდეგ კი ჩერდებიან და მისი განცდის საშუალებას ან უფლებას არ აძლევენ.

როლური თამაშები („როლფლეი“; ინგლ. Roleplay) ადამიანის ჩვეული შემზღუდავი ჩარჩოებიდან გამოსვლას და, სავარაუდოდ, ახალ ჩარჩოებში გადასვლას მოიცავს — გააჩნია, რა წესები მოქმედებს ფანტაზიაში. ყველაზე პოპულარული სცენარები მოიცავს პერსონაჟებს სხვადასხვა ისტორიული ეპოქიდან, გამოგონილი სამყაროდან, ზოგჯერ ასევე ცნობილი წიგნებიდან, ფილმებიდან ან სერიალებიდან. თუმცა ადამიანმა ასევე შეიძლება მოირგოს უფრო ზოგადი როლი, მაგალითად, ექიმის ან პაციენტის, სტრიპტიზიორის ან კლიენტის, ფოტოგრაფის ან მოდელის და ა.შ. როლური თამაშების ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი ისაა, რომ ისინი საშუალებას იძლევა, ადამიანმა თავი ისეთ პიროვნებად წარმოიდგინოს, რომელსაც არ ეშინია საკუთარი თავის გამოხატვის, თუნდაც ყველაზე უფრო გარყვნილი ფორმით.

მრავალი სექსუალური ფანტაზიის ნაწილია ასევე ცხოველები და წარმოსახვითი არსებები. ზოგისთვის ჩვეულებრივი ადამიანები ზოგჯერ ცოტა მოსაწყენია და მათ სურთ ისეთი შეგრძნებების გამოცდა, რომლებიც უკავშირდება ბეწვს, ქერცლს, რქებს, ფრთებს, საცეცებს და ა.შ. სხვები ასეთ ფანტაზიებს კონკრეტულ არსებასთან ემოციური სიახლოვის გამოსახატად იყენებენ.

► არსებებს, რომლებსაც არ შეუძლიათ, ბოლომდე გაიაზრონ სექსი და სექსუალური აქტივობები, არ შეუძლიათ ვალიდური თანხმობის გაცემა. მათ შორის არიან ბავშვები, ზოგი ზრდასრული მძიმე დაავადებებით და ცხოველები.

ტანისამოსის ნაწილები, როგორებიცაა ფეხსაცმლები, საცვლები და მაღალყელიანი წინდები ხშირად ბევრი ადამიანისთვის მიმზიდველია, რადგან ისინი სხეულის გარკვეულ ნაწილებს უკავშირდება ან გამორჩეულ ვიზუალურ ეფექტს ახდენს. ზოგი ნივთი, განსაკუთრებით საცვლები და ლიფები, ბევრისთვის განსაკუთრებით ეროტიკულია, რადგან ისინი მხოლოდ ინტიმურ სიტუაციებში ჩანს. ძველად ასეთი დამოკიდებულება ქალების კოჭების მიმართ ჰქონდათ.

► გაითვალისწინეთ, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ აბსტრაქტული დაკვირვებებია და ყველა ადამიანს არ მიესადაგება. სექსუალური ფანტაზიები ძალიან პირადი რამაა და ინდივიდის სურვილების მნიშვნელობა საჯარო განხილვას არ ექვემდებარება.

წყარო: Normal

ნორმალური ვარ?

ბევრი ადამიანი დარდობს, რომ მათი ფანტაზიები საზიანო განზრახვას ან ამორალურობას მოიცავს. დიდი უმრავლესობისთვის ეს ასე არ არის. თავში ყველაფერი შეიძლება მოგივიდეთ, მაგრამ თქვენ თავად წყვეტთ, რომელ ფიქრებთან გააიგივებთ თავს. მართალია, ადამიანები, რომლებიც ამორალურ სქესობრივ აქტებს ჩადიან, ხშირად მათზე ფანტაზირებენ კიდეც, მაგრამ უბრალოდ რაიმე ფანტაზიის ქონა არ ნიშნავს, რომ ადამიანს მისი რეალურად ასრულების სურვილი აქვს ან ამის გამკეთებელია.

ფანტაზიები შეგვიძლია სიზმრებს შევადაროთ, რადგან ისინი ხშირად მეტაფორულად გამოხატავენ იმ ემოციებსა და მოვლენებს, რომლებიც არ ვიცით, როგორ გავიაზროთ და „გადავხარშოთ“, ამიტომაც ისინი ხშირადაა უცნაური და არასტანდარტული — უბრალოდ, ადამიანები, როგორც წესი, ხმამაღლა არ საუბრობენ თავიანთ პირად უცნაურ მეტაფორებზე. რაღაც გაგებით, ძალიან ნორმალურია, იყო „არანორმალური“.

ფანტაზიები და (რეალური) სექსი

სექსუალური ფანტაზიები კარგი გზაა სექსში უფრო მეტი ლტოლვისა და სურვილის აღსაძვრელად, თუმცა პარტნიორთან მათზე საუბრის დაწყება არც ისე მარტივია, განსაკუთრებით თუკი აქამდე არასდროს გისაუბრიათ სექსუალურ ფანტაზიებზე.

საუბარი შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი პარტნიორისთვის იმის კითხვით, სდომებია თუ არა ოდესმე რამე კონკრეტულის ცდა სექსში — სავარაუდოდ, ისიც შემოგიბრუნებთ კითხვას. შესაძლოა, სულაც, ერთმანეთის შემავსებელი „ქინქები“ გქონდეთ. თუკი პარტნიორი თავის ფანტაზიებს გაგიზიარებთ, გესმოდეთ, რომ ეს ერთგვარი ნდობის გამოცდაა, და მას ისევე მოექეცით, როგორც თავად ისურვებდით, რომ იმავე სიტუაციაში თქვენ მოგქცეოდნენ. ცხადია, ყოველთვის არსებობს იმის შანსი, რომ პარტნიორს იგივე არ მოსწონს, რაც თქვენ (ან პირიქით), რა შემთხვევაშიც, ალბათ, საუკეთესო გზა იქნება, რომ უბრალოდ პატივი სცეთ მის სურვილს, მაგრამ ფოკუსირდეთ იმ აქტივობებზე, რომლებიც ორივესთვის სასიამოვნოა.

თუკი თქვენც და თქვენს პარტნიორსაც სიახლეების ცდის სურვილი გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს ახალი ტერიტორიაა, და არ იჩქაროთ. დაიწყეთ თქვენი ფანტაზიების პატარა ასპექტების ჩანერგვით და ნელ-ნელა ააგეთ მთლიანი სცენარი (თუ ამის სურვილი გაქვთ).

მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი კარგად განიხილოთ და წინასწარ შეისწავლოთ, განსაკუთრებით თუ თქვენს ფანტაზიებში პოტენციურად სახიფათო აქტივობებია, მაგალითად, დაბმა, უხეშობა ან ტკივილი — აუცილებელია მათი სწორად გაკეთება, რათა ყველაფერი გეგმის მიხედვით და შეთანხმებულად წავიდეს. შეარჩიეთ გამოკვეთილი სტოპ-სიტყვა — კოდური სიტყვა, რომელიც მიანიშნებს, რომ თქვენ ან თქვენს პარტნიორს აქტივობის შეწყვეტა გსურთ — და დარწმუნდით, რომ ორივე კომფორტულად გრძნობთ თავს გეგმის ყველა ასპექტში. სავარაუდოდ, პირველ ცდაზე ყველაფერი ისე იდეალურად არ ჩაივლის, როგორც ჩაიფიქრეთ, თუმცა გულს ნუ დაიწყვეტთ — სრულყოფილებისთვის ცოდნისა და გამოცდილების მიღებაა საჭირო.

წარმატებებს გისურვებთ!

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: Playbuzz

მსგავსი სტატიები

სექსი, seqsi, ჯანმრთელობა

რამდენად სასარგებლოა სექსი თქვენი ჯანმრთელობისთვის?

რა სარგებელი მოაქვს სექსს? — მშვიდი ძილი, ტკივილის შემცირება, ჰორმონების რეგულაცია, გულის ვარჯიში, გაძლიერებული იმუნიტეტი და მრავალი სხვა.

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია