Facebook Script

პალესტინელი ხალხის გენოციდი: საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან

► წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს CCR-ის ნაშრომის თარგმანს.

ბოლო დროს გაჩნდა კრიტიკული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელი ახორციელებს გენოციდს პალესტინაში. ამ პოზიციას ამყარებს ადამიანის უფლებების აკადემიური და სამართლებრივი ანალიზის ხანგრძლივი ისტორია. გამოცდილი მკვლევრები, რომლებიც მუშაობენ გენოციდის, საერთაშორისო დანაშაულისა და სამართლის მიმართულებით, და ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტები ამბობენ, რომ ისრაელის პოლიტიკა პალესტინელი ხალხის მიმართ შეიძლება შეფასდეს, როგორც გენოციდის ფორმა. ეს პოლიტიკა იწყება ჯერ კიდევ 1948 წელს პალესტინელების მასობრივი მკვლელობებითა და გადასახლებებით, რასაც მოჰყვა პალესტინის ნახევარსაუკუნოვანი სამხედრო ოკუპაცია და შესაბამისად, დისკრიმინაციული სამართლებრივი რეჟიმი პალესტინაში, განმეორებითი სამხედრო თავდასხმები ღაზაზე და ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან მოწოდებები პალესტინელების განადგურებისკენ. 

ტერმინ გენოციდს აქვს როგორც სოციოლოგიური, ასევე იურიდიული მნიშვნელობა. ტერმინი პირველად გამოიყენა პოლონელმა ებრაელმა იურისტმა რაფაელ ლემკინმა, რომლისთვისაც „ეს ტერმინი არ გულისხმობს აუცილებლად მასობრივ მკვლელობებს“.

„უფრო ხშირად [გენოციდი] გულისხმობს შეთანხმებულ გეგმას, რომლის მიზანია ეროვნული ჯგუფების ცხოვრების არსებითი საფუძვლების განადგურება, რათა ეს ჯგუფები მოისპონ, როგორც დაავადებული მცენარეები. ამის შედეგი შეიძლება იყოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების, ხალხის კულტურის, მათი ენის, ეროვნული გრძნობებისა და რელიგიის იძულებითი მოშლა. ეს მიზანი შეიძლება განხორციელდეს პირადი უსაფრთხოების, თავისუფლების, ჯანმრთელობისა და ღირსების ყველა საბაზისო პირობის მოსპობით. როდესაც მიზნის მიღწევა ამ გზებით ვერ ხერხდება, ტყვიამფრქვევის გამოყენება ყოველთვის განიხილება, როგორც უკანასკნელი საშუალება. გენოციდი მიმართულია ეროვნული ჯგუფების, როგორც ერთი მთლიანის, განადგურებისკენ. შესაბამისად, ცალკეულ ინდივიდებზე თავდასხმა არის მხოლოდ იმ ეროვნული ჯგუფების გაჟლეტის გზა, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან“, — განმარტავს ლემკინი.

მას შემდეგ, რაც ლემკინმა პირველად გამოიყენა ტერმინი „გენოციდი“, მან მიიღო პოლიტიკური, სოციალური და სამართლებრივი მნიშვნელობა. პოლიტიკის მეცნიერების, ისტორიკოსებისა და სოციოლოგების განმარტებით, გენოციდი არის „კოლექტიური ძალადობის ძირითადი ფორმა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია პოლიტიკური ძალადობის, შეიარაღებული კონფლიქტისა და ომის სპექტრში“.

სამართლებრივი თვალსაზრისით, გენოციდი, ისევე როგორც დევნა — დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ — არის საერთაშორისო დანაშაული, რომლის მიზანია გარკვეული ნიშნებით შერჩეული ჯგუფის დისკრიმინაცია, განხორციელებული სხვადასხვა ქმედებისა თუ უმოქმედობის გზით, რომელიც ხშირად სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია. მართალია განსხვავებული ხარისხით, მაგრამ მაინც, გენოციდიც და დევნაც ინდივიდს აიგივებს კონკრეტულ ჯგუფთან და შემდეგ თავს ესხმის თავად ჯგუფს. დევნა გულისხმობს ისეთი ტიპის დანაშაულს, რომელიც უარყოფს ჯგუფის წევრების ფუნდამენტურ უფლებებს, ხოლო გენოციდი თავის თავში მოიაზრებს დისკრიმინაციის უკიდურეს ფორმას — ჯგუფების რეალურად განადგურების მცდელობას. 

გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციის თანახმად“, გენოციდი მოიცავს სხვადასხვა ქმედებას, „ჩადენილს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით“. ასეთ ქმედებებს შორისაა: 

  • ა) ჯგუფის წევრების მოკვლა; 
  • ბ) ჯგუფის წევრებისათვის სერიოზული სხეულებრივი ან ფსიქიკური ზიანის მიყენება; 
  • გ) ჯგუფის წევრებისათვის ცხოვრების ისეთი პირობების განზრახ შექმნა, რომელთა მიზანია მათი მთლიანი ან ნაწილობრივი ფიზიკური განადგურება; 
  • დ) ჯგუფში შობადობის თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული ქმედებები. 

ეს განმარტება ასახულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდების მე-6 მუხლში, რომელიც 2014 წლის 13 ივნისიდან ფლობს იურისდიქციას  პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულებზე. 

გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ კონვენცია დაიწერა მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის ტრაგედიის შემდეგ, მომავალში მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების მიზნით ან იმ პირთა დასასჯელად, ვინც ამაზე იქნებოდა პასუხისმგებელი. აღნიშნული კონვენცია უზრუნველყოფდა სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მკაფიოდ განმარტავს გენოციდის დანაშაულის არსს მიუხედავად პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცვლილებებისა, რომლის პირობებშიც შეიძლება განხორციელდეს დანაშაული და მიუხედავად გენოციდის პროცესის სპეციფიკური მახასიათებლებისა, ეტაპებისა თუ მასშტაბისა. ჰოლოკოსტის შედეგად გაჩნდა პირობები, რომელთა გათვალისწინებითაც კონკრეტული ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ზოგად ან ყოვლისმომცველ ფორმებს შეიძლება ლეგიტიმურად ეწოდოს „გენოციდი“, როგორც ზოგადი სოციოლოგიური ცნება (კონცეფცია), რომელიც არ საჭიროებს სხვა რომელიმე კონკრეტულ შემთხვევასთან შედარებას.

გენოციდის მკვლევრები გენოციდს განასხვავებენ ომის, მკვლელობის, ძალადობის, დისკრიმინაციისა თუ რეპრესიების დანაშაულებრივი ფორმებისგან. „გენოციდური ქმედება მიზნად ისახავს არა მხოლოდ მოსახლეობის კონტროლსა და დაქვემდებარებას, არამედ მისი სოციალური არსებობის რყევასა და დაშლას. ამგვარად, გენოციდი არის არა ძალადობის კონკრეტული ფორმა, არამედ ზოგადი და ყოვლისმომცველი ძალადობა“. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კოლონიალური რეჟიმები მიდრეკილნი არიან გენოციდისკენ, ამიტომ კოლონიზებული ან ოკუპირებული ხალხის წინააღმდეგობა საკმარისია მათთვის „გენოციდურ პროცესში“ ჩასართავად.

ტერმინი გენოციდი გამოიყენება ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი მკვლელობების, სტალინის მიერ ინგუშებისა და ებრაელების საბჭოთა კავშირიდან გაძევების, რუმინეთიდან ებრაელებისა და უნგრელების განდევნის, იტალიის მიერ დალმატის სანაპიროს სლოვენიელებისა და ხორვატიელებისგან გაწმენდის მცდელობების აღსაწერად. გენოციდის მაგალითებია ასევე ტუტსის მოსახლეობის განადგურების მცდელობა რუანდაში 1994 წელს და სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტა 1995 წელს.

ადამიანის უფლებათა დაცვის არაერთი ინსტიტუტი, უფლებადამცველი და მეცნიერი ამტკიცებს, რომ ისრაელის პოლიტიკა და ქმედებები პალესტინელ ხალხთან მიმართებაში გენოციდის ფორმას წარმოადგენს.

პალესტინელი ხალხის განდევნა და ხოცვა 1948 წელს 

1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ცხარე აკადემიური დებატები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა ებრაელების დასახლება და პალესტინელების განდევნა პალესტინაში ბრიტანეთის მანდატის დოკუმენტში გენოციდად შეფასებულიყო.

სოციოლოგი მარტინ შოუ, გენოციდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე მკვლევარი, წერდა: „შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ომამდელი სიონიზმი მოიცავდა გენოციდური მენტალიტეტის განვითარებას არაბული საზოგადოების მიმართ’’. ის ასევე წერს: „ისრაელი შევიდა ყოვლისმომცველი გეგმის გარეშე ისე, რომ მისი კონკრეტული გენოციდური მისწრაფებები განვითარდა სიტუაციურად და თანდათანობით, ადგილობრივი და ეროვნული გადაწყვეტილებების მეშვეობით. შესაბამისად, ეს იყო ნაწილობრივ დეცენტრალიზებული, ქსელური გენოციდი, რომელიც განვითარდა პალესტინელ და არაბ მტერთან ურთიერთქმედებისას, ომის კონტექსტში.

2010 წელს გენოციდის კვლევების ჟურნალში გამოქვეყნდა დიალოგი მარტინ შოუსა და გენოციდის კიდევ ერთ გამოჩენილ მკვლევარს, ომერ ბარტოვს შორის იმის შესახებ, გონივრულია თუ არა „გენოციდის“ გამოყენება პალესტინელების მიმართ ისრაელის ქმედებების აღსაწერად, განსაკუთრებით 1948 წელს არაბების განდევნასა და ხოცვასთან დაკავშირებით. მეცნიერებმა რადიკალურად განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს, ხოლო ჟურნალმა უარყო გარკვეული წრეების მხრიდან კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კითხვის დასმა თავისთავად იყო არალეგიტიმური და უფრო მეტიც — ფანატიკური.

ფრენსის ბოილმა, საერთაშორისო სამართლის პროფესორმა, 2013 წელს დაადასტურა, რომ „პალესტინელები იყვნენ გენოციდის მსხვერპლნი, როგორც ეს განსაზღვრულია გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციით. ის ამტკიცებდა: „ბოლო ექვს-ნახევარი ათწლეულის განმავლობაში ისრაელის მთავრობა და მისი კანონიერი წინამორბედები — სიონისტური ორგანიზაციები, ძალები და ტერორისტული დაჯგუფებები — დაუნდობლად ახორციელებდნენ სისტემატურ და ყოვლისმომცველ სამხედრო, პოლიტიკურ, რელიგიურ, ეკონომიკურ და კულტურულ ოპერაციებს პალესტინელი ხალხის შემადგენელი ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი და განსხვავებული რელიგიური ჯგუფის (ებრაელები მუსლიმებისა და ქრისტიანების წინააღმდეგ) ძირითადი ნაწილის განადგურების წინასწარი განზრახვით.“

პალესტინელი ხალხის გრძელვადიანი სამხედრო ოკუპაცია

როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ დაამტკიცა სამართლებრივი წესები, რომელიც დაარეგულირებდა საოკუპაციო ძალების ქმედებებს და დაიცავდა ოკუპირებული ხალხებისა და ერების/სახელმწიფოების უფლებებს, სამხედრო ოკუპაცია მიიჩნიეს, როგორც ხანმოკლე აუცილებლობა, რომელიც თან ახლავს შეიარაღებულ კონფლიქტს, რომლის დასრულების შემდეგაც საოკუპაციო ძალებმა უნდა დატოვონ კონფლიქტის ტერიტორია. თუმცა, 50 წლის განმავლობაში ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმისა და ღაზის ხანგრძლივი აგრესიული სამხედრო ოკუპაცია ბევრად აღემატება ოკუპაციის იმ ფორმას,  რომელმაც ბიძგი მისცა ოკუპაციის სამართლებრივი წესების შემუშავებას საერთაშორისო კანონმდებლობაში. ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის მუდმივი ოკუპაციის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებების ზოგიერთი ექსპერტი, მათ შორის ისრაელელი ისტორიკოსი ილან პაპე, წინასწარმეტყველებდნენ პალესტინელი ხალხის „მზარდ გენოციდსა“ („incremental genocide”) და მათი, როგორც ეროვნული ჯგუფის, საბოლოო განადგურებას. ისინი აღნიშნავენ, რომ ისრაელის ოკუპაციისთვის დამახასიათებელი პოლიტიკისა და პრაქტიკის შედეგად შენარჩუნებული „მზარდი გენოციდი’’ ხორციელდება ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიის ანექსიის ნორმალიზებითა და იმ ხალხის გადასახლებით ან ასიმილაციით, რომლებიც საკუთარ თავს პალესტინელებად აიდენტიფიცირებენ. საერთაშორისო სამართალი მკაფიოდ განმარტავს, რომ ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია მის მიერ ოკუპირებული ხალხის ან ტერიტორიის ანექსირება.

პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ „მზარდი გენოციდის“ ჩადენაში ისრაელს ბრალი წაუყენა ასევე ადამიანის უფლებების დაცვის ადვოკატმა და კონსტიტუციური უფლებათა ცენტრის საბჭოს პრეზიდენტმა მაიკლ რატნერმა: „ეჭვგარეშეა, რომ ეს არის „მზარდი გენოციდი“, როგორც ილან პაპე ამბობს. ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება — მკვლელობები, ცხოვრების წარმოუდგენლად საშინელი პირობები, გადასახლებები ლიდადან 1947-48 წლებში, როდესაც 700 ან მეტი სოფელი განადგურდა პალესტინაში და გადასახლებები, რომლებიც დღემდე გრძელდება. სწორი და მნიშვნელოვანია, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ“. ის ასევე ამტკიცებდა: „დღეს მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, [რომ] ეს მკვლელობები არის ისრაელის არაადამიანური ქმედებების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო დანაშაულს, რომელსაც ისრაელი უკვე მრავალი წელია ჩადის, მინიმუმ 1947-48 წლებიდან. მათ შორისაა დანაშაულები, რომლებზეც მედიასა და პრესაში არაფერს ამბობენ, როგორიცაა: გენოციდი, დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ და აპართეიდი. ეს დანაშაულები შეიძლება განიხილებოდეს და განისაზღვრებოდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში“.

2010 წლის ნოემბრისა და 2014 წლის სექტემბრის შუალედში პალესტინის თემაზე შეიკრიბა „რასელის ტრიბუნალი“, არასამთავრობო „ხალხის ერთობა“, რომელიც შედგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო ექსპერტებისა და უფლებადამცველებისგან, რათა განეხილა ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხი ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმისა და ღაზის ოკუპაციის კონტექსტში. კონკრეტულად იმსჯელეს იმის შესახებ, განახორციელა თუ არა ისრაელმა გენოციდი პალესტინელ ხალხთან მიმართებაში. ნაფიცი მსაჯულები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ისრაელის ზოგიერთ მოქალაქესა და ლიდერს შეიძლება მართლაც მიუძღოდეს ბრალი გენოციდის წაქეზების ცალკეულ დანაშაულებში, რომელზეც საუბარია გენოციდის კონვენციის მე-3 მუხლის (c) პუნქტში. „ღაზაში კოლექტიური დასჯის ხანგრძლივი რეჟიმის საერთო ეფექტი იწვევს ცხოვრების ისეთ პირობებს, რომლებიც მიზნად ისახავს პალესტინელების, როგორც ეროვნული ჯგუფის ეტაპობრივ განადგურებას. ტრიბუნალი ხაზს უსვამს დევნის რეჟიმის გენოციდური მოქმედების პოტენციალს“.

სამხედრო თავდასხმები ღაზის მოსახლეობაზე 

რაც შეეხება ისრაელის უახლეს სამხედრო იერიშს, სახელწოდებით „ოპერაცია ურღვევი კლდე“, რომელიც ღაზის წინააღმდეგ 2014 წლის ზაფხულში დაიწყო, ადამიანის უფლებათა დაცვის ავტორიტეტულმა ინსტიტუტებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს იყო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა, რომელზეც საუბარია ჟენევის კონვენციებში:

  • Amnesty International-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) გამოძიება აუცილებელია დაუსჯელობის სინდრომის გასაქრობად, რომლის შედეგადაც გრძელდება სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები ისრაელსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამგვარი ქმედებების შემთხვევები კიდევ უფრო ძალადობრივი ხდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიმდინარე სერიოზული დარღვევების ფონზე, რომელიც ჩადენილია ღაზის სექტორსა და ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების ყველა მონაწილე მხარის მიერ.“

  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) აქვს იურისდიქცია გენოციდზე, და გაეროს სპეციალურმა მრჩევლებმა გენოციდის პრევენციის საკითხებში 2014 წლის თავდასხმიდან ორი კვირის შემდეგ გაავრცელეს განცხადება, რომ ისინი შეშფოთებული იყვნენ სოციალურ მედიაში გავრცელებული სიძულვილის ენის უხეში გამოყენების გამო, განსაკუთრებით პალესტინელი ხალხის მიმართ, აღმოაჩინეს რა, რომ გარკვეული პირების მიერ ვრცელდებოდა არაჰუმანური მესიჯები, რომლითაც ხალხს პალესტინელების მოკვლისკენ მოუწოდებდნენ. გაეროს მრჩევლებმა ამ ადამიანებს შეახსენეს, რომ სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის ნებისმიერი სახით წახალისება იკრძალება საერთაშორისო სამართლით.

  • პალესტინაში ადამიანის უფლებებზე მომუშავე უძველესმა ორგანიზაცია „ალ ჰაქმა“ დაადგინა, რომ 2014 წელს ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე იერიშისას ადგილი ჰქონდა საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევებს. ალ ჰაქმა, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დამცველმა სხვა ორგანიზაციებმა, როგორიცაა პალესტინის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, ალ მეზანი და ალდამერი (Aldameer), ოფიციალურად მიმართეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გამოეძიებინათ ისრაელის მიერ 2014 წელს ღაზის სექტორში ჩადენილი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები და ომის დანაშაულები. ხსენებული უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ აღნიშნულ დანაშაულებში შედიოდა გენოციდიც.

  • ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილებმა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა და გადარჩენილთა ასობით შთამომავალთან ერთად, ისრაელი დაადანაშაულეს  გენოციდის მოწყობაში პალესტინელი ხალხის მიმართ 2014 წლის თავდასხმის (ე.წ. „ოპერაცია ურღვევი კლდე“) დროს, რასაც 2000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

  • მათ შორის, ვინც ისრაელს გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებს, არის ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი, რომელმაც თავისი ქვეყნის ელჩი გაიწვია ისრაელიდან. როგორც თავად აღნიშნავს: „ის, რაც პალესტინაში ხდება, არის გენოციდი“.

  • ავტორი და აქტივისტი ნაომი ვოლფი წერს: „მე ვგლოვობ ღაზაში გენოციდს, რადგან მე ვარ ჰოლოკოსტის შედეგად ნახევრად განადგურებული ოჯახის შვილიშვილი და მე ვცნობ გენოციდს, როცა მას ვხედავ“. 

ისრაელის მთავრობის განცხადებები პალესტინელების წინააღმდეგ 

და ბოლოს, ცნობილმა ისრაელელმა პოლიტიკოსებმა საჯაროდ მოითხოვეს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება, რაც ცალსახად შეესაბამება 1948 წლის კონვენციაში არსებულ გენოციდის განმარტებას. მაგალითად, 2008 წლის თებერვალში ისრაელის თავდაცვის მოადგილემ, მატან ვილნაიმ, განაცხადა, რომ მზარდმა დაძაბულობამ ისრაელისა და პალესტინის ხალხებს შორის ღაზის სექტორში შეიძლება გამოიწვის ის, რასაც მან უწოდა შოა, იგივე ჰოლოკოსტი. „რაც უფრო გაძლიერდება „ქასამი“ (სარაკეტო ცეცხლი) და რაც უფრო დიდ დისტანციას მიაღწევენ რაკეტები მათი მხრიდან, მით უფრო გაზრდიან შოას (ჰოლოკოსტის) შანსს, რადგან ჩვენ მთელ ძალას გამოვიყენებთ თავის დასაცავად“, — აღნიშნავს ვილნაი.

ისრაელის იუსტიციის მინისტრმა, აიელეთ შაკედმა, 2014 წლის ივნისში ფეისბუქზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ პალესტინის მთელი მოსახლეობა მათი მტერია და [ისრაელს] პალესტინის განადგურებისკენ მოუწოდებს „მოხუცებისა და ქალების, ქალაქებისა და სოფლების, საკუთრებებისა და ინფრასტრუქტურის ჩათვლით“. მის პოსტში ასევე არის მოწოდება პალესტინელი დედების მკვლელობისკენ, რომლებიც „პატარა გველებს შობენ“.

2014 წლის აგვისტოში მოშე ფეიგლინმა, ისრაელის ქსენეთის მაშინდელმა წარმომადგენელმა და პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს მიერ მართული ლიკუდის პარტიის წევრმა, ოფიციალურად მოუწოდა [ხალხს, ქვეყანას] ღაზაში პალესტინელების სიცოცხლის განადგურებისკენ და მათ ღაზაში მცხოვრები პალესტინელების მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადასახლების დეტალური გეგმა შესთავაზა. კერძოდ, მან წარმოიდგინა სცენარი, რომლის მიხედვითაც, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) მოძებნიდნენ ტერიტორიას სინაის საზღვარზე, სადაც მოაწყობდნენ კარვების ბანაკებს... ემიგრაციის შესაბამისი ადგილების დადგენამდე. მისი წარმოდგენით, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) „გაანადგურებდნენ წინააღმდეგობის ბუდეებს, თუკი რომელიმე მათგანი ისევ დარჩებოდა“. მალევე მან ერთ-ერთ სტატიაში დაწერა: „მას შემდეგ, რაც IDF დაასრულებს სამიზნეების „დარბილებას“ ცეცხლსასროლი იარაღებით, IDF დაიპყრობს მთელ ღაზას და გამოიყენებს ყველა საჭირო საშუალებას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ჩვენი ჯარისკაცებისთვის მიყენებული ზიანი, ყოველგვარი მოსაზრებების გარეშე“. ფეიგლინი განაგრძობს: „ღაზა ჩვენი მიწის ნაწილია და ჩვენ იქ სამუდამოდ დავრჩებით. ჩვენი მიწის ნაწილების სამუდამოდ გათავისუფლება ერთადერთია, რაც ამართლებს ჩვენი ჯარისკაცების საფრთხეში ჩაგდებას მიწებისთვის ბრძოლაში. ღაზიდან ტერორის აღმოფხვრის შემდეგ ის გახდება სუვერენული ისრაელის ნაწილი და დასახლდება ებრაელებით. ეს ასევე ხელს შეუწყობს ისრაელში სახლებთან დაკავშირებული კრიზისის შემსუბუქებას. გარდა ამისა, რაც შეიძლება მალე, სანაპირო ლიანდაგის ხაზი ღაზას მთელ სიგრძემდე გაჰყვება.

შეჯამება

ცნობილი უფლებადამცველები და მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ისრაელის მთავრობის მიერ პალესტინელების მკვლელობები, მათი იძულებითი გაძევება პალესტინის მანდატიდან 1948 წელს, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს, აღმოსავლეთ იერუსალიმისა და ღაზის ოკუპაცია, ასევე პალესტინელების მიმართ გამოვლენილი ძალადობა და დისკრიმინაცია, შეიცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევის მთელ რიგ შემთხვევებს, მათ შორის — გენოციდს.

გამოყენებული წყარო:

მთავარი ფოტო: hosny_salah / Pixabay.com

ტესტის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე

მსგავსი სტატიები

გააზიარე სტატია

პალესტინელი ხალხის გენოციდი: საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია