Facebook Script

ქუჩიდან საარჩევნო უბნებამდე — რატომ ითხოვს ხალხი ახალ არჩევნებს?

29 დეკემბერი, 2024 | ჩემი ამბავი , საკითხავი

2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში პროტესტის ტალღები არ წყდება და ყოველდღიურად სხვადასხვაგვარად ტრანსფორმირდება. სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ არასამართლებრივ ქმედებებს, ახალგაზრდების ცემას, დაჭერას, ხალხის ქუჩიდან გატაცებას, სახლების ჩხრეკას არა შიში და ფრუსტრაცია, არამედ საზოგადოების არნახული გაერთიანება მოჰყვა: მასწავლებლების, ბებიებისა და ბაბუების, დედების, მამების, IT სპეციალისტების, ხელოვანების, მოდის სფეროს წარმომადგენლების, გურულების, იმერლების, მეგრელების, რაჭველებისა და სხვა სახელობითმა მარშებმა მთელი ქალაქი მოიცვა. ღამის აქციებმა დღისითაც გადმოინაცვლა.

რას ითხოვს ხალხი? — ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული პირები.

მოთხოვნების მეორე პუნქტთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. დღეისათვის უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება ყველა ჩვენგანის ნომერ პირველი პრიორიტეტია.

რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, მის გარშემო ბევრი შეკითხვა იჩენს თავს. იმის გასაგებად, თუ რატომ ითხოვენ ხელახალ არჩევნებს აქციის მონაწილეები და როგორ ესახებათ მოცემულ პოლიტიკურ რეალობაში მისი ჩატარება, აქციის ოცზე მეტ მონაწილეს ვესაუბრე. ხელახალი არჩევნების მოთხოვნას ისინი ორი თარიღით და, შესაბამისად, ორი ამბით ხსნიან:

  • 26 ოქტომბერი — გაყალბებული არჩევნები;

  • 28 ნოემბერი — ირაკლი კობახიძის განცხადება ევროკავშირში ქვეყნის გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით.

„სულ რომ 26 ოქტომბერს არჩევნები არ გაეყალბებინათ და ნამდვილად მოეგოთ, 28 ნოემბერს კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების საკითხს, არის კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გაყვანა. მათთვის ეს მანდატი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ, არავის მიუცია, მათ შორის, არც მათ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს, რომლებსაც აჯერებდნენ, რომ ევროპისკენ ღირსებით მიდიოდნენ. ეს ხალხიც მოატყუეს. როცა ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ბუნებრივია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი ლეგიტიმაციის საკითხი“, — აღნიშნავს ქეთა, აქციის მონაწილე, რომელიც 23-ე დღეა, ყოველდღიურად დგას რუსთაველის გამზირზე.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებში არალეგიტიმური მთავრობის მიმართ ბრაზი ძალიან ძლიერია,  გამოკითხულ აქტივისტთა თითქმის სრული უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ხელახალ არჩევნებს ალტერნატივა არ გააჩნია და ისინი არ უშვებენ სხვა სცენარს გარდა იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს. მათი შეფასებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა და ერთადერთი სწორი გზა დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში.

„მინდა, რომ ამ ქვეყანაში უკვე მეორედ შეიცვალოს ხელისუფლება არჩევნების გზით. ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი წინაპირობა. ასე უფრო დავუახლოვდებით ევროკავშირს. რევოლუციების შემდგომი ქვეყნები ნაკლებად სანდოა მათთვის. ამისთვის მინდა ხელახალი არჩევნები — დემოკრატიის გასამყარებლად, ევროკავშირთან დაახლოების შანსის გასაზრდელად“, — გვეუბნება ქრისტი, აქციის მონაწილე.

ხელახალი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება. აქციის მონაწილეები ამაში დარწმუნებული არიან. თუმცა, აცნობიერებენ იმასაც, რომ საკმაოდ რთულ სამართლებრივ პირობებში ვართ, გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება და, შესაბამისად, არჩევნების ჩატარება სამართლიან გარემოში მარტივი არ იქნება, მაგრამ მათ ეს სავსებით შესაძლებლად მიაჩნიათ. პირველ ყოვლისა, აქციის მონაწილეებს ეიმედებათ ის გამოცდილება, რაც 26 ოქტომბერს მიიღეს და რომელსაც, როგორც თავად აღნიშნავენ, აუცილებლად გარდაქმნიან იმ ცოდნად, რაც არჩევნების გაყალბებისგან დაგვიცავს.

„ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად და აქ ვგულისხმობ ოპოზიციის მზადყოფნასაც. მათ უნდა განსაზღვრონ ყველა შესაძლო რისკი და იზრუნონ პრევენციის გზებზე. გათვლილი უნდა გვქონდეს თითოეული ნაბიჯი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება გადადგას. პასუხებად აღარ მივიღებთ იმას, რომ არ ეგონათ, თუ ასე მოხდებოდა ან წინასწარ ამას ვერ იტყოდნენ, რადგან ხალხში ნიჰილიზმს გააღვივებდნენ. ეს უკვე მოვისმინეთ. ხელახალი არჩევნები არის იმედი, მაგრამ აბსოლუტურად მთელი საზოგადოება უნდა იყოს მაქსიმალურად მობილიზებული, ინფორმირებული და ორგანიზებული იმისათვის, რომ ეს იყოს თავისუფალი არჩევნები“, — აღნიშნავს  ნანუკა, რომელიც პირველივე დღეებიდან აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ჩვენთან საუბრისას არჩევნების სამართლიან პირობებში ჩატარებისთვის საჭირო რამდენიმე ცვლილებას გამოყოფს: 

  • პირველი — საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა, სადაც დღესდღეობით ქართული ოცნების სრული კონტროლია. „ის უნდა დაკომპლექტდეს ახალი წესით და ეს წესი უნდა იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული. ბევრი მოდელი არსებობს და  ბევრი ანგარიშიცაა დაწერილი, თუ როგორ შეიძლება ამის მოგვარება. მთავარია, შეთანხმება შედგეს, თორემ არ არის რთული მოსაგვარებელი, ისე დაკომპლექტდეს ადმინისტრაცია, რომ არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესი არ გაატაროს“. 

  • მეორე — სამართალდამცავი ორგანოების, პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების შეცვლა. „ეს ორგანოები ძალიან დიდ საქმეს უკეთებენ ქართულ ოცნებას. პროკურატურა იმით, რომ თვალს ხუჭავს დანაშაულზე, სუსი კი იმით, რომ უშუალოდ ერევა საარჩევნო პროცესებში, მათ შორის მოქალაქეთა დაშინების კუთხით. ეს ორგანოები აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური ზეწოლისგან. საუკეთესო შემთხვევაში, სასამართლოც უნდა გათავისუფლდეს, თუმცა ეგ ასე მარტივად ვერ მოხერხდება და არჩევნებამდეც ვერ მოესწრება, ხოლო ამათი შეცვლა მარტივია“. 

  • მესამე  — დროებითი მთავრობის შექმნა. „არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, რომელიც იქნება ტექნიკური. შედეგად, ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც დღეს აქვს ქართულ ოცნებას, ხელიდან გამოეცლება, რაც არჩევნების თანაბარ პირობებში ჩატარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“. 

  • მეოთხე — საარჩევნო ბარიერის დაწევა. „ბუნებრივი ბარიერი არის საუკეთესო გამოსავალი, თუმცა, თუ ეგ ვერ მოხერხდება, მაშინ, ისიც მისაღები იქნება, რაზეც პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან, მაგალითად,  კარგი იქნება თუნდაც ბარიერის 2-3 პროცენტამდე დაწევა. შედეგად, ნაკლები ხმა დაიკარგება“.

„ეს ოთხი ნაბიჯი საბოლოო ჯამში ქართული ოცნების ინსტრუმენტებს არ გაანულებს, მაგრამ იმდენს მოაკლებს, ვეღარ შეძლოს მანიპულაციების ის მასშტაბი, რომ საბოლოო ჯამში არჩევნები იმ შედეგით დაამთავროს, რომელიც არ ასახავს ქართული საზოგადოების განწყობას“, — აღნიშნავს ვახუშტი მენაბდე. 

ხელახალი არჩევნების ტექნიკური გამართვის შესაძლებლობაზე ისაუბრა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აიფაქტის“ ჟურნალისტმა ეთო მიდელაშვილმა. მან გაგვიზიარა „აიფაქტის“ გამოძიების შედეგები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენეს ვერიფიკაციის აპარატები კარუსელების შესაქმნელად. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ამ აპარატებს ჰქონდა მხოლოდ ID ბარათების წაკითხვის ფუნქცია, ხოლო რეალურად ამომრჩევლების გადამოწმება კვლავ აპარატებთან მსხდომ კომისიის წევრებს დაევალათ, რომლებიც მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებლები იყვნენ. 

„ამ აპარატებს რომ ჰქონოდა, თუნდაც, პასპორტის მონაცემების წაკითხვის ფუნქცია, მსგავსი ტიპის გაყალბებისგან, რაც არჩევნების დღეს დაფიქსირდა, უფრო მეტად ვიქნებოდით დაზღვეული. ხელახალი არჩევნების დროს ამის გათვალისწინება და შეცვლა სავსებით შესაძლებელია. როგორც პროგრამისტებმა აგვიხსნეს, ამ აპარატებშივე შეიძლება პასპორტის წამკითხველის ფუნქციის ჩამატება, ამიტომ ახალი აპარატების შეძენის აუცილებლობაც არ დგას. კი, სამუშაო ნამდვილად იქნება ჩასატარებელი და რესურსი ამ ცვლილებასაც სჭირდება, თუმცა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თუ რატომ არ შევიძინეთ თავიდანვე ისეთი აპარატები, რომლებსაც თითის ანაბეჭდის ან სახის ამოცნობის ფუნქცია ექნებოდა, ამაზე ცესკო გვპასუხობს, რომ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ის, რომ აპარატს მინიმუმ პასპორტის მონაცემების წაკითხვის ფუნქცია ჰქონდეს, ეს ნამდვილად შესაძლებელია და ამას პროგრამისტებიც გვიდასტურებენ. მთავარი სურვილია“, — გვეუბნება „აიფაქტის“ ჟურნალისტი ეთო მიდელაშვილი. 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) იურისტი თათია ქინქლაძე ხელახალი არჩევნების პროცესში მნიშვნელოვან წინაღობად ასახელებს მმართველი პარტიის მიერ მიღებულ ყველა იმ კანონსა თუ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, ადამიანის უფლებებისა და ღირსების შემლახავია და რომლებიც სპეციალურად 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის შეიქმნა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილების წილისყრა, რომელიც განხორციელებული ცვლილებების შედეგად, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე  ჩატარდა. აქამდე ეს არჩევნების დღეს ხდებოდა. ამ ცვლილებით შეიქმნა კომისიის წევრებზე ერთგვარი ზეწოლის მექანიზმი, რაც არსებითად უშლის ხელს თანასწორი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ISFED-ის იურისტის აზრით, არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნდეს. მან ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში დამკვირვებლების მნიშვნელობასა და საჭიროებას. 

„წელს ნამდვილად ბევრი მოქალაქე დარეგისტრირდა დამკვირვებლად, თუმცა დარღვევების დინამიკა და კონტროლის მექანიზმის სქემა, რაც არჩევნებამდე შეიმუშავეს, საარჩევნო უბნებზე უკონტროლო გარემოს ქმნიდა. დარღვევების აღმოჩენის შემდეგ ბევრი დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს ან დაკვირვების უფლება შეუზღუდეს. იმდენად ბევრი დარღვევა იყო, რომ იმის რესურსიც აღარ დაგვრჩა, ცენტრალური ოფისიდან ყველა დამკვირვებლისთვის გაგვეწია კონსულტაცია. თუმცა, ჩვენც ბევრი რაღაც ვისწავლეთ ამ პროცესებში. მივხვდით, სად გვქონდა პრობლემები, და ვიცით, როგორ შეიძლება მათი გამოსწორება. უკვე ვიცით, რომ შეიძლება სხვანაირად გადანაწილდნენ დამკვირვებლები და დიდი რაოდენობა გავუშვათ ისეთ უბნებზე, სადაც განსაკუთრებით ბევრი პრობლემა და დარღვევა დაფიქსირდა“. 

რომ შევაჯამოთ, ხელახალი არჩევნების სამართლიან პირობებში ჩატარების წინაპირობად მოქალაქეებს შემდეგი ნაბიჯები ესახებათ: არჩევნების პროცესებისგან ცესკოს ჩამოშორება ან მისი ფუნდამენტურად შეცვლა და ახალი წესით დაკომპლექტება, პროკურატურისა და სუსის ხელმძღვანელების შეცვლა, ტექნიკური დროებითი მთავრობის შექმნა, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა, საარჩევნო ბარიერის შემცირება, დამკვირვებლების უკეთ მობილიზება და მათი სწორად გადანაწილება უბნებზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხში ხელახალი არჩევნების ჩატარების სირთულეს ყველა აცნობიერებს, ფაქტია, აქციის მონაწილეებისთვის არჩევნები ერთადერთი გამოსავალია, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

„შეიძლება გულუბრყვილობაა ავტორიტარული ნიშნების მქონე ქვეყანაში არჩევნების ჩატარება გინდოდეს, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიულ წესებს, ჩაჯდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში. რევოლუცია, ჯანყი და დამხობა არ მგონია გამოსავალი. ხელახალი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს ცესკოს და სუსის ჩახსნით/რეორგანიზებით. ბევრი რამე ვისწავლეთ ამ არჩევნებზე, მეც მათ შორის. ვიყავი დამკვირვებელი და ახლა ყველანი უფრო მომზადებულები ვიქნებით, უფრო მეტი ცოდნა გვექნება. უნდა დავიბრუნოთ დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობა. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების პროცესში დაგვეხმარება ევროკავშირი და ჩვენი ევროპელი მეგობრები“, — აღნიშნავს მელანო, აქციის მონაწილე.

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: Global Finance

♦ სტატია მომზადებულია ფონდის Urgent Action Fund ფინანსური მხარდაჭერით

გაზიარება

მსგავსი სტატიები

ჩვენ, ფემეა, დევნილი, ქალები

„ჩვენ“: დევნილი ქალები — ეპიზოდი 1 [ვიდეო]

„ფემეას“ ახალი ვიდეოების სერიის პირველი ეპიზოდი: დევნილი ქალების სამი სხვადასხვა თაობა, სხვადასხვა გამოცდილებებითა და ისტორიებით საუბრობენ ერთმანეთთან, აზიარებენ მოსაზრებებსა და ემოციებს და კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს.

ჩემი ამბავი
კაფე, ამრა, აფხაზეთი, ომი, დევნილი, დევნილობა

მოგონებები კაფე „ამრაზე“ აფხაზეთში [ვიდეო]

ფილმში გიორგი ლეკიშვილი (ნინიკოს მამა) საუბრობს თავისი ახალგაზრდობის შესახებ და იხსენებს მოგონებას, რომელიც უკავშირდება ყველასთვის საყვარელ კაფე „ამრას“ სოხუმში. „ამრა“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილი იყო. სამწუხაროდ, ის დღეს აღარ ფუნქციონირებს.

ჩემი ამბავი
პროტესტი, აქცია, საპროტესტო, ევროპა, ქართული, ოცნება, პოლიცია, სამართალდამცავები, ძალადობა, დემონსტრანტები, მშვიდობიანი, mshvidobiani, demonstrantebi, dzaladoba, samartaldamcavebi, policia, samartali, evropa, aqcia, protesti, saprotesto

ყველგან პოლიცია, არსად სამართალი — როგორ ებრძვიან საპოლიციო ძალები მშვიდობიან დემონსტრანტებს

რა მოხდა 28 ნოემბრის საღამოს და როგორ იქცა ეს დღე იმ უწყვეტი სახალხო პროტესტის ათვლის წერტილად, რომელიც დღემდე გრძელდება?

ჩემი ამბავი

გააზიარე სტატია

ქუჩიდან საარჩევნო უბნებამდე — რატომ ითხოვს ხალხი ახალ არჩევნებს?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია