ქალების ომში მონაწილეობის ისტორია მრავალფეროვანია და განსხვავებულ როლებსა და ფუნქციებს მოიცავს. მეცხრამეტე საუკუნიდან ქალების ომში ჩართულობა ჯარისკაცებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევით გამოიხატებოდა, ხოლო პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ქალებმა ექთნობასთან ერთად აქტიურად დაიწყეს ფაბრიკებში მუშაობა, რათა ომში წასული კაცების სამუშაო ძალა ჩაენაცვლებინათ.
დღეს უკვე ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ქალები საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად არიან ჩართულები. ამ სტატიაში მოგიყვებით რამდენიმე უკრაინელი სამხედრო ქალის ისტორიას, რომლებიც ომამდეც საკუთარ სამშობლოს ემსახურებოდნენ.
სტატიის რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ 2014 წლიდან — მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია პირველად მოახდინა — გენდერული როლები უკრაინის ჯარისთვის აღარ არის აქტუალური.
გააზრებული საფრთხე
ნადია ბაბიჩი (Nadya Babych) არის უკრაინის სასაზღვრო ჯარის უმცროსი სერჟანტი. „მინდა ვაჩვენო ის, რომ ჯარში წასასვლელად ქალებსაც იგივე მიზეზი აქვთ, რაც კაცებს“ — ამბობს ნადია (ფოტო: Martin Kuz / CS Monitor).
ნადია ბაბიჩი საგუშაგოსთანაა, უკრაინის აღმოსავლეთით — რეგიონში, სადაც რუსეთთან ომის გამო განსაკუთრებით არასტაბილური ვითარებაა. ამ ადგილიდან წინა ხაზის სანგრები მეოთხედი მილით არის დაშორებული.
ორი შვილის დედა აღნიშნავს, რომ სრულად იაზრებს იმ საფრთხეს, რის წინაშეც შეიძლება თავად უკრაინა და მთელი მსოფლიო აღმოჩნდეს.
„ჩვენ აქ ჩვენი ქვეყნის და ოჯახების დასაცავად ვართ“ — ამბობს ნადია.
ქალებს — უნიფორმაშიც და უნიფორმის გარეშეც — 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთ-ერთი ცენტრალური როლი უჭირავთ. უკრაინის შეიარაღებული ჯარების თითქმის 10%-ს ქალები შეადგენენ, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში კაცებთან ერთად არიან ჩაბმულნი. ამისი საშუალება კი მათ 2019 წლიდან აქვთ, როდესაც უკრაინამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ქალებს სამხედრო სასწავლებლებში მოხვედრა შეუძლიათ.
საბჭოთა კავშირის დროს სახელმწიფო წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ქალები ჩართულიყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც მათ რეპროდუქციულ უნარს საფრთხის ქვეშ დააყენებდა. თუმცა, ტრადიციული გენდერული როლების განაწილება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა და ის დღეები, როდესაც ქალები ომის დროს მხოლოდ ექთნები იყვნენ, წარსულს ჩაბარდა. ამ პროცესში უდიდესი წვლილი სწორედ იმ ქალებს მიუძღვით, რომლებიც დაუღალავად იბრძოდნენ რუსული პროპაგანდისა და ძალადობის წინააღმდეგ, თუნდაც მოხალისეობრივად.
იგივე მიზეზი
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნადია ბაბიჩმა უმცროსი სერჟანტის წოდება მიიღო და ამ პერიოდშივე გააჩინა მეორე შვილიც. ის ამბობს, რომ მისი მოტივაცია და მიზნები არ განსხვავდება კაცი სამხედროების მიზნებისგან. „ქალებსაც იმავე მიზეზი აქვთ ჯარში წასასვლელად, რაც კაცებს“ — ამბობს ის — „ჩვენ გვინდა, რომ დავიცვათ უკრაინის თავისუფლება“.
2016 წლამდე ქალებს სამხედრო სამსახურში ექთნებად, მდივნებად, მკერავებად და მზარეულობად მუშაობა შეეძლოთ, ხოლო 2016 წლიდან უკრაინაში მათ აქვთ უფლება, რომ მონაწილეობა მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში. ეს ცვლილებები იმ ქალი სამხედრეობის დამსახურებით განხორციელდა, რომლებიც ჯარში ქალების ლობირებას ეწეოდნენ. მაგალითად, ოლენა ბილოჟერსკა, რომელიც სნაიპერია და მოხალისედ ჩაეწერა უკრაინის აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში საბრძოლველად 2014-დან 2016 წლამდე.
ოლენა ბილოზერსკა (Olena Bilozerska) და მისი ქმარი მარიუპოლთან ახლოს, 2017 წელი. ოლენა არის სნაიპერი, რომელიც ხელმძღვანელობდა ქალებისთვის ომში მონაწილეობის უფლების ლობირებას (ფოტო: Olena Bilozerska / CS Monitor)
„ომის პირველი წლების განმავლობაში, ფრონტის წინა ხაზზე კაცები გაკვირვებულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ მათ გვერდით ქალიც იბრძოდა“. ამბობს ოლენა, რომელიც გარდა სნაიპერობისა, მონაწილეობს დოკუმენტურ ფილმში „უხილავი ბატალიონი“ (invisible battalion), რომელიც ჯარში ქალების როლს აჩვენებს.
ოლენამ სროლა კიევის მახლობლად, ტყეებში ისწავლა. მას იარაღის გამოყენებასა და სროლას მისივე ქმარი, ომის ვეტერანი, ასწავლიდა. ოლენა იხსენებს, რომ როდესაც პირველად გამოჩნდა ფრონტის ხაზზე, კაც კოლეგებს ის ექიმი ეგონათ. დღეს უკვე ოლენას სახელი საკმაოდ ცნობილია და სწორედ ამიტომ ის ონლაინ სივრცეში ხშირად ხდება რუსული ბოტების სამიზნე.
როგორ შეცვალეს მოხალისეებმა სამხედრო მეთაურების ბრძანებები?
„ყველა ეჩვევა ქალ მებრძოლს ფრონტის წინა ხაზზე“ — ამბობს ბილოზერსკა, რომელიც თავდაპირველად სამხედრო ოფიცერი იყო და ორი წლის შემდეგ საარტილერიო ოცეულს მეთაურობდა — „ეს ნორმალურია“.
ის ამბობს, რომ უკრაინის არმიაში ამგვარი ცვლილება მოხალისეების დამსახურებით მოხდა. ჯარისკაცებისგან განსხვავებით, მოხალისე მებრძოლები საკუთარი სურვილითა და არჩევანით მსახურობდნენ და მეთაურებსაც სურდათ, რომ კარგი უნარებისა და მოტივაციის მქონე მოხალისეები შეენარჩუნებინათ, განურჩევლად მათი სქესისა.
„მოხალისეთა ბატალიონში ყველა მებრძოლი თავისუფალია“ — ამბობს ოლენა ბილოზერსკა — „ყველა მეთაურმა იცოდა, რომ თუ ჰყავს მებრძოლი ქალი, რომელიც მზად არის საბრძოლველად წავიდეს და ის მას ამის უფლებას არ მისცემს, ქალი სხვა ქვედანაყოფში წავა და მეთაურიც ერთ მებრძოლს დაკარგავს. თუ გოგოს ან ქალს უნდა ბრძოლა, ის იბრძოლებს“.
ოლენა ბილოზერსკა კნუტით ხელში, დონეცკის აეროპორტთან, 2015 წელი. „ყველა ეჩვევა ქალ მებრძოლს“, ამბობს ოლენა (ფოტო: Olena Bilozerska / CS Monitor)
დარია, მეტსახელად დაშა, ამბობს, რომ ჯარში ქალების მიმართ სტერეოტიპები მაინც არის შენარჩუნებული, იმის მიუხედავად თუ რამდენს აკეთებენ ისინი.
„ყველაზე გავრცელებულია ის სტერეოტიპი, რომ ქალებს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდებათ და სუსტები არიან“ — ამბობს დარია, რომელიც ჟურნალისტებს გვარის გამჟღავნების უფლებას არ აძლევს და ანონიმურობას ინარჩუნებს — „როდესაც ქალი ხარ, სუსტი ვერ იქნები. არსებობს სტერეოტიპი, რომ თუკი კაცი დანებდა, ეს აუცილებლად იმიტომ მოხდა, რომ ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა. ხოლო, თუკი ქალი ნებდება, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ის ქალია“.
მიდგომები იცვლება, თუმცა ნელა
ქალთა როლისა და შესაძლებლობებისადმი დამოკიდებულებების ცვლილებას როგორც ჯარში, ასევე საზოგადოებაში, დიდი დრო სჭირდება.
„ჯარი ჯერ კიდევ არ არის ის გარემო, სადაც ქალები დაცულები იქნებიან, რადგან სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების ალბათობა კვლავ დიდია“ — ამბობს ადამიანის უფლებების დამცველი ოლენა შევჩენკო — „LGBTQ+ თემის წევრებისთვის, რომლებიც ჯარში მსახურობენ, კვლავ რთულია საკუთარ გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციაზე ხმამაღლა და გაბედულად საუბარი. ისინი ამ ნაბიჯის გადადგმას ჯარიდან წამოსვლის შემდეგ ბედავენ“.
ვიქტორ პილიპენკო, რომელიც დონბასის ბატალიონში იბრძოდა, საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ხმამაღლა 2018 წელს ალაპარაკდა. ის სამხედროების ოჯახიდანაა და ლგბტქ+ თემის ვეტერან მებრძოლთა ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. „საბჭოთა კავშირის დროს, წარმოუდგენელი იყო, რომ გეი ადამიანს ჯარში მსახურობის სურვილი ჰქონოდა, და სწორედ ამიტომ, ჩემი სექსუალური ორიენტაცია რთულად გადასატანი ამბავი გახდა მამაჩემისთვის“ — აღნიშნავს პილიპენკო — „ჰომოსექსუალობა საბჭოთა სახელმწიფოში დანაშაულად მიიჩნეოდა და ხალხს ამის გამო ციხეში სვამდნენ“.
უკრაინის შეირაღებული ძალები არ კრძალავს LGBTQ+ თემის წევრების ჯარში მიღებას და მსახურობას.
„საზოგადოების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ შედარებით შერბილდა“ — ამბობს ვიქტორია დიდუხი, ტრანსი ქალი, რომელიც ჯარში მსახურობდა — „თუმცა, დღემდე არსებობს ხალხი, რომლებიც ავადმყოფებს გვეძახიან და ეს ძალიან მტკივნეულად გადასატანია. როდესაც ჯარში სამსახურზე გავაფორმე კონტრაქტი, მქონდა განცდა, რომ უნდა დამეცვა არა მხოლოდ მიწა, არამედ ჩემი თანამოქალაქეებიც“.
წყვილები, რომლების ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან
ანდრეი ვიტალიოვიჩმა და მისმა მეუღლემ, პაულინამ, მცირეწლოვანი ქალიშვილის მშობლებმა, რუსეთის უკრაინაში პირველად შეჭრის დროს (2014 წელი) გადაწყვიტეს სამშობლოს დაცვა. „ქალების ჯარში ყოფნა საერთოდ არ არის პრობლემა“ — ამბობს ანდრეი — „ჩვენ ისინი გვჭირდებიან“.
ეს საჭიროება უფრო გამოიკვეთა ბოლო ერთ თვეში, როდესაც რუსეთმა უკრაინის არაერთი ქალაქი დაბომბა და მოსახლეობას უმოწყალოდ ხოცავს.
„მშვიდობა რომ იყოს, ვიტყოდი, რომ უკრაინის ჯარში საკმარისი კაცები არიან ამ მშვიდობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ჩვენ გვაქვს ომი და ყველა უკრაინელისთვის, იქნება ეს ქალი თუ კაცი, ერთნაირად მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის დაცვა“ — ამბობს სერჟანტი ვიტალიოვიჩი სარაკეტო დაბომბვის ხმის ფონზე.
გამოყენებული წყაროები:
მთავარი ფოტო: AP Photo / Emilio Morenatti