Facebook Script

ვაქცინები და მათი გავლენა მენსტრუაციასა და ნაყოფიერებაზე

ვაქცინები ადამიანთა სიცოცხლეების გადასარჩენად შეიქმნა. ვაქცინების გამოგონებით ჩვენ არაერთი სასიკვდილო დაავადების განადგურება ან, როგორც მინიმუმ, მართვა შევძელით, მათ შორის ყვავილისა და პოლიომიელიტის. ამჟამად კაცობრიობა COVID-19-ის ვირუსს ებრძვის, რომლის დამარცხებაც ასევე ვაქცინითაა შესაძლებელი.

ვაქცინაცია (აცრა) კარგი თავდაცვის მექანიზმია სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებების წინააღმდეგ. ისინი ასტიმულირებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რომ აწარმოოს სასურველი ანტისხეულები, თუმცა ეს პროცესი ქმნის გარკვეულ სირთულეებს, რომლებიც სხეულსა და მენსტრუალურ ციკლზე მოქმედებს.

მენსტრუალური ციკლი ქალის ჯანმრთელობის მრავალ ასპექტზე და მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამის საპირისპიროდ, გარემო პირობები და ქალის ფიზიოლოგიური პროცესები ასევე მოქმედებს მის მენსტრუალურ ციკლზე. ციკლის შეცვლა დაავადებაზე იმუნურ პასუხს ან ვაქცინასაც შეუძლია.

ამ სტატიაში განვიხილავთ ზოგიერთ გავრცელებულ მცდარ წარმოდგენას ვაქცინების შესახებ და იმას, თუ სინამდვილეში როგორ მოქმედებს ის მენსტრუაციასა და ქალის ფერტილურობაზე (ნაყოფიერებაზე).

როგორ მუშაობს ვაქცინები?

როდესაც ვირუსი პირველად შეგეყრებათ, თქვენს იმუნურ სისტემას შეიძლება გაუჭირდეს მასთან გამკლავება და გამოიწვიოს მაღალი ტემპერატურა, ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, მუცლის ტკივილი, გამონაყარი და სხვა გავრცელებული სიმპტომები. როდესაც იგივე ვირუსი კიდევ ერთხელ მოხვდება სხეულში, თქვენი იმუნური სისტემა ამოიცნობს მას და უფრო ეფექტურად რეაგირებას შეძლებს, რაც უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ.

იმუნური სისტემა შემდეგნაირად მუშაობს: ის წარმოქმნის ანტისხეულებს ნებისმიერი ვირუსის წინააღმდეგ, რომელსაც გადაეყრება. დედამიწაზე ძალიან ბევრი ვირუსი არსებობს; მათგან 200-ზე მეტი ადამიანებისთვის პოტენციურად სახიფათოა. მართალია, ზოგი ვირუსის გადატანა მხოლოდ მსუბუქი სიმპტომებითაა შესაძლებელი, მაგრამ არსებობს ვირუსები, რომლებიც ორგანიზმს გრძელვადიან ზიანს აყენებს ან, სულაც, სასიკვდილოა. სწორედ ასეთ დროსაა საჭირო ვაქცინები.

► ძველად ყველა ვაქცინა ვირუსის ანტიგენის შესუსტებულ ან არააქტიურ ნაწილებს შეიცავდა. ეს მასალა საკმარის ინფორმაციას აწვდის სხეულს საიმისოდ, რომ მან ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები წარმოქმნას, ამავდროულად კი ზედმეტად სუსტია, რომ ადამიანი ავად გახადოს.

► ახალი ვაქცინები შეიცავს ვირუსის ანტიგენების მხოლოდ „ნახაზს“. მაგალითად, COVID-19-ის ზოგიერთი ვაქცინა შედგება ვირუსის მარტოოდენ ცილისგან, რომელსაც არანაირად არ შეუძლია ადამიანის დაინფიცირება.

სურათი: WomanLog

რეკომენდებული ვაქცინები

მართალია, ვაქცინით თავიდან აცილებადი დაავადებების უდიდესი ნაწილი კონტროლის ქვეშაა, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ ზოგიერთი ვაქცინა ჯერ კიდევ ფართოდაა რეკომენდებული. მაგალითად, რეკომენდებულია, რომ ბავშვებსა და მოზარდებს გაუკეთდეთ პოლიომიელიტის, B ჰეპატიტის, პაპილომავირუსისა და პნევმოკოკური ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინები.

რეკომენდაციები განსხვავებულია ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით. მაგალითად, აზიის, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს ტუბერკულოზის ვაქცინაცია, როცა სხვა ქვეყნებში ამ დაავადების რისკი მინიმალურია.

► საქართველოში არსებული იმუნიზაციის წესების სანახავად იხილეთ პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი. გაესაუბრეთ თქვენს პირად ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა საჭირო აცრა გაკეთებული გაქვთ.

► საზღვარგარეთ მოგზაურობის შემთხვევაში გაითვალისწინეთ დანიშნულების ადგილას არსებული პოტენციური რისკები და გაიკეთეთ შესაბამისი ვაქცინაცია.

ყოველწლიურად ვაქცინებით მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 3 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს გადარჩენა ხერხდება. ყვავილმა — მძიმე ინფექციურმა დაავადებამ — ერთ დროს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა ვაქცინაციის წყალობით ის სრულიად გაქრა. სხვა სერიოზული დაავადებები — როგორებიცაა პოლიომიელიტი, დიფთერია და ათობით სხვა — ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

► ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ აცრაზე ან არ ცრიან შვილებს, არათუ მხოლოდ დაინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან და შეიძლება მათ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგეს, არამედ ასევე სხვების დაინფიცირებისა და, სულაც, ახალი ვირუსული აფეთქების გამოწვევის საფრთხესაც ქმნიან.

COVID-19-ის ვაქცინა და ცვლილებები მენსტრუალურ ციკლში

ზოგმა ქალმა COVID-19-ის ვაქცინის მიღებისას საკუთარ მენსტრუალურ ციკლში ცვლილებები შეამჩნია. მართალია, ოფიციალურ ანგარიშებში გვერდითი მოვლენების სიაში ჯერ კიდევ არ არის შეტანილი მენსტრუალური ციკლის ცვლილებები, მაგრამ იმუნიზაციის შემდეგ ბევრი ქალი აცხადებს დაგვიანებულ მენსტრუაციაზე, ადრეულ მენსტრუალურ სისხლდენაზე, ძლიერ სისხლდენასა და მენსტრუალურ ციკლებს შორის სისხლდენაზე.

ექსპერტები ამბობენ, რომ რთულია პირდაპირი კავშირის დადგენა ვაქცინასა და მენსტრუალურ ციკლს შორის, რადგან მენსტრუალური დარღვევები ფართოდაა გავრცელებული რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ისინი ასევე ამბობენ, რომ ციკლის დაფიქსირებული ცვლილებები შეიძლება პანდემიით გამოწვეული შფოთვით იყოს განპირობებული. მსგავსი შემთხვევების დაფიქსირების სიხშირის მიუხედავად, მენსტრუალური ცვლილებები ვაქცინის პოტენციურ გვერდით მოვლენებში ჯერ არ დაუმატებიათ. ცდების დროს მენსტრუალური ცვლილებები არ გათვალისწინებულა, რაც კიდევ ერთხელ აყენებს ქალებს მოწყვლად მდგომარეობაში.

მართალია, მენსტრუალური ციკლის დროებითი ცვლილებების რისკის გამო ქალებმა უარი არ უნდა თქვან ვაქცინაციაზე, თუმცა მსგავსი შემთხვევები უნდა შეფასდეს და ეს სიმპტომები პოტენციური გვერდითი მოვლენების სიაში უნდა შევიდეს, რათა ქალებმა თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ საუკეთესო შესაძლო გადაწყვეტილება მიიღონ.

სურათი: The Conversation

რატომ ხდება ეს ცვლილებები?

ციკლის ცვლილებების დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა დროებითი იყო და ერთი ან ორი ციკლის განმავლობაში გაგრძელდა, რის გამოც ექსპერტებს სჯერათ, რომ ეს არასტაბილურობა შეიძლება სხეულის იმუნური სისტემის ბუნებრივი რეაქციით იყოს გამოწვეული.

► მენსტრუალური ციკლი ახალი მედიკამენტების, ცხოვრების სტილის ცვლილების, დაავადებებისა და სხვა მოვლენების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. გამორიცხული არაა, რომ მენსტრუაციის მქონე ხალხი ციკლის ცვლილებებს იმუნური რეაქციის გამო განიცდიდეს.

დაფიქსირებულ ხანმოკლე სიმპტომებს გრძელვადიანი შედეგები არ მოჰყოლია. უფრო სერიოზული პრობლემა ისაა, რომ COVID-19-ის ვაქცინის კლინიკური ცდების ექსპერტებმა კიდევ ერთხელ უგულებელყვეს ქალების ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ასპექტი. მიუხედავად იმისა, რომ ამდენმა ქალმა განაცხადა მენსტრუალურ ცვლილებებზე, ამის შესახებ ინფორმაცია მაინც არ იყო, რამაც გამოიწვია დაუფიქრებელი სპეკულაცია და უფრო მეტი ადამიანის მხრიდან აცრაზე უარის თქმა.

ეს სახიფათოა?

ადრეული კვლევების მიხედვით, COVID-19-ის ვაქცინები უსაფრთხოა და მათ მხოლოდ დროებითი გვერდითი ეფექტები აქვს. რა თქმა უნდა, თუკი რაიმე ეჭვები გაქვთ, ვაქცინაცია ჯერ თქვენს პირად ექიმთან უნდა განიხილოთ, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვაქცინები ხელს უშლის ფერტილურობას, იწვევს პრობლემებს მშობიარობისას ან თანდაყოლილ მანკებს განაპირობებს. მენსტრუალური ცვლილებებიც კი, როგორც წესი, ერთ ან ორ ციკლზე დიდხანს არ გრძელდება და ისინი გრძელვადიანი ზიანის მანიშნებელი არ არის. თუკი თქვენს მენსტრუაციაში გრძელვადიანი ცვლილებები შენიშნეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მოქმედებს თუ არა COVID-19-ის ვაქცინა ნაყოფიერებაზე?

COVID-19-ის ვაქცინაციის მიღების შემდეგ დაორსულებისთვის თავის არიდება არ არის საჭირო. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ COVID-19-ის ვაქცინები რაიმე ფორმით ზემოქმედებს ნაყოფიერებაზე ან დაორსულების შანსებზე.

COVID-19-ის ვაქცინები არ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც საზიანოა ორსული ქალებისთვის ან ნაყოფისთვის, ამიტომაც არ არსებობს ბიოლოგიურად სარწმუნო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ვაქცინები რაიმე ფორმით დააზიანებს ქალის ფერტილურობას.

გვერდით მოვლენებზე დასაკვირვებლად ცხოველებში ჩატარებული ვაქცინაციის კვლევებმა არ აჩვენა იმის მტკიცებულება, რომ ვაქცინები აზიანებს ორსულობას ან ფერტილურობას. მაგალითად, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების ცხოველებზე გამოცდამ აჩვენა, რომ ვირთხებში ვაქცინები ფერტილურობაზე არ მოქმედებს. არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ ვაქცინირებულ ქალებს ფერტილურობის პრობლემები გაუჩნდათ.

ამავენაირად, ის თეორია, თითქოს კორონავირუსის სპაიკცილისადმი — ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილისადმი — იმუნიტეტს შეუძლია ფერტილურობის პრობლემების გამოწვევა, ასევე არ დასტურდება მტკიცებულებით. COVID-19-ის გადატანის შემდეგ ადამიანების უმეტესობას უჩნდება სპაიკცილის საწინააღმდეგო ანტისხეულები და არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კოვიდგადატანილ ადამიანებს ფერტილურობის პრობლემები განუვითარდათ.

სურათი: Healthy Women

როგორ მოვემზადოთ ვაქცინაციისთვის?

აცრის გასაკეთებლად მზადებისას გირჩევთ, უფრო მეტი გაიგოთ ვაქცინის ისტორიის, მისი მუშაობის პრინციპისა და ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ.

იპოვეთ სწორი ინფორმაცია. თუკი აცრის გაკეთებამდე რამე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ ეწვიოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდს (ან რომელიმე სხვა სანდო წყაროს) და იხილოთ ინფორმაცია ვაქცინებისა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ, ასევე გვერდითი მოვლენების, რეკომენდაციებისა და ვაქცინაციის პროგრამის შესახებ.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. ექიმი შეაფასებს კონკრეტული ვაქცინის რისკებსა და უპირატესობებს. თუკი რაიმე პათოლოგია ან ალერგია გაწუხებთ, ამან შეიძლება გართულებები გამოიწვიოს, ექიმის რეკომენდაცია კი თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

აწონ-დაწონეთ რისკები. თუკი პოტენციური გვერდითი მოვლენები გაღელვებთ, კარგად აწონ-დაწონეთ ის შედეგები, რომლებსაც ვირუსით ინფიცირება მოიტანს. მაგალითად, მართალია, რომ COVID-19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ ზოგ ადამიანს ხანმოკლე გვერდითი ეფექტები შეენიშნება, მაგრამ თვითონ ვირუსის შედეგები ბევრად უფრო მძიმეა.

► ამჟამად ყველა ჩვენგანი ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ ვართ. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო სწრაფად მოვახერხებთ კორონავირუსის მართვას და უფრო მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ვაქცინის გვერდითი ეფექტები შეიძლება ერთი ან ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს, ვირუსის მიერ ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი კი — წლობით. კვლევები აჩვენებს, რომ COVID-19-ის ვირუსის გრძელვადიანმა ზიანმა შეიძლება პერმანენტულად დააზიანოს ფილტვები, გამოიწვიოს ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება, ინსულტი და გულის პრობლემები.

თუკი თქვენი ექიმი არ გამოავლენს მნიშვნელოვან უკუჩვენებებს, უმჯობესია, აიცრათ და თავი აარიდოთ COVID-19-ით დაინფიცირებასა და მის შესაძლო მძიმე შედეგებს.

თვალი ადევნეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ვაქცინაციის შემდეგ საჭიროა, რომ კლინიკაში კიდევ მინიმუმ 30 წუთს გაჩერდეთ შესაძლო ალერგიული რეაქციისგან თავდასაცავად. გვერდითი ეფექტების უმეტესობა — დაღლილობა, ნანემსარის ტკივილი, თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა — რამდენიმე დღეში ქრება და მათთან გამკლავება მსუბუქი ტკივილგამაყუჩებლებითა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით შეიძლება. თუკი სიმპტომები გაუარესდება ან ორ კვირაზე მეტ ხანს გასტანს, მიმართეთ ექიმს.

► COVID-19-ის ვაქცინაციაზე დარეგისტრირება შეგიძლიათ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოცემულ ბმულზე.

► ვაქცინაციის პროცესის შესახებ მეტის გასაგებად ეწვიეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდს.

მსგავსი სტატიები

ვიდეო, მითები, მითი, მენსტრუაცია, თვიური, პერიოდი, მენსტრუალური, ციკლი, video, mitebi, miti, menstruacia, tviuri, periodi, menstrualuri, cikli

ვიდეო — 5 მითი მენსტრუაციაზე

ამ ვიდეოში საუბარია მენსტრუაციაზე და მასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებზე: მენსტრუალური ტკივილი, სისხლი, დაორსულება, ე.წ. „პიემესი“ (პმს) — ვის აქვს მენსტრუაცია?

მენსტრუაცია
რჩევები, მშობლები, შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობები, მოზარდები, კომუნიკაცია, ლაპარაკი, საუბარი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, სექსი, შვილი, ბავშვი, თინეიჯერი, ssm, shezguduli, shesadzleblobebi, mozardebi, laparaki, seqsi, sqesobrivi, momwifeba

რჩევები მშობლებს — შშმ მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

როგორ ვესაუბროთ გარდატეხის ასაკის შშმ მოზარდს სქესობრივ მომწიფებაზე? — პირადი საზღვრები, უსაფრთხოება, სექსი და სხვა თემები. გასათვალისწინებელი ფაქტორები მშობლებისთვის.

ჩემი სექსუალობა
რჩევები, მშობლები, მოზარდები, კომუნიკაცია, ლაპარაკი, საუბარი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, სექსი, შვილი, ბავშვი, თინეიჯერი, mozardebi, laparaki, seqsi, sqesobrivi, momwifeba

რჩევები მშობლებს — მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

როგორ ვესაუბროთ გარდატეხის ასაკის მოზარდს სქესობრივ მომწიფებაზე? — პირადი საზღვრები, უსაფრთხოება, სექსი და სხვა თემები. გასათვალისწინებელი ფაქტორები მშობლებისთვის.

ჩემი სექსუალობა
პრემენსტრუალური, სინდრომი, პიემესი, პმს, pms, დისფორიული, აშლილობა, პიემდიდი, PMDD, მიზეზები, მკურნალობა, გამკლავება, mizezebi, piemesi, gamklaveba

პრემენსტრუალური სინდრომი, ანუ „პიემესი“ (PMS) — გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები

რა არის პიემესი (PMS) და რა იწვევს ამ მდგომარეობას? როგორ შეგიძლიათ პმს-ის სიმპტომებთან გამკლავება? ამ სტატიაში განხილულია ის გზები, რომელთა დახმარებითაც პრემენსტრუალური სინდრომის დღეები თქვენთვის ნაკლებად მძიმე გახდება.

მენსტრუაცია
მენსტრუაცია, ციკლი, მენსტრუალური, დარღვევა, დისფუნქცია, მიზეზები, მკურნალობა, menstruacia, cikli, tviuri, dargveva, disfunqcia, mizezebi, mkurnaloba

3 ყველაზე გავრცელებული მენსტრუალური დარღვევა — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

რომლებია ყველაზე გავრცელებული მენსტრუალური დარღვევები და როგორ შეიძლება მათი მკურნალობა? სტატიაში თავმოყრილია ინფორმაცია სამ ყველაზე გავრცელებულ მენსტრუალურ დარღვევებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე.

მენსტრუაცია

გააზიარე სტატია

ვაქცინები და მათი გავლენა მენსტრუაციასა და ნაყოფიერებაზე

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია