ანტიკური დროიდან მოყოლებული ქალის შიშველ სხეულს ვხედავთ ყოველთვის — ნახატის, ქანდაკების, კადრისა თუ ტექსტური აღწერის ფორმით. თუ წარსულში მის გამოხატვას ძირითადად ესთეტიკური დანიშნულება ჰქონდა, დღესდღეობით მას ყველგან ვაწყდებით: ჟურნალ-გაზეთებში, სარეკლამო სივრცეებში, ფილმებსა და სერიალებში და ა.შ. როგორ უნდა აღვიქვათ ეს?
შიშველი სხეული
სხეულს განუზომელი მნიშვნელობა აქვს ჩვენს კულტურაში, პიროვნულ განვითარებასა თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებებში. ყველას განსხვავებული ურთიერთობა აქვს საკუთარ სხეულთან — შიშველთან თუ დაფარულთან.
სხეული შესწავლის საგანია. კანი, ორგანოები, ქსოვილები, სითხეები და ა.შ. — ეს ყველაფერი თავისი ბუნებით გასაოცარია. სხეული დაუხატავთ, გამოუქანდაკებიათ, გაუკვეთავთ მისი ფუნქციონირების, რეაქციებისა და როლის უკეთ შეცნობისთვის.
ფოტო: სოფი მდივნიშვილი
ქალის სიშიშვლე და მისი სექსუალიზება
ერთ დღესაც, სხეული ტაბუს საგნად იქცა სირცხვილის, გენიტალიების, გამოხატვის ფორმებისა თუ სექსუალობის ჭრილში.
საჭირო გახდა სხეულის დაფარვა — კაბის სიგრძის კონტროლი, მრავალნაირი და მრავალი დანიშნულების კორსეტები, ლიფი და სხვა პატარ-პატარა „ციხეები“ ქალის სხეულისთვის. გარდა ამისა, როცა საქმე საკუთარი სხეულის ფლობის უფლებას ეხება, პოლიტიკა, საზოგადოება და რელიგიები დამატებით შეზღუდვებს აწესებს (მაგალითად, აბორტის უფლების შეზღუდვა).
თითქმის ყოველთვის ქალის სიშიშვლე სექსუალობასთანაა ასოცირებული. სექსი „იყიდება“, შესაბამისად, ყველგან და ყველაფერზე შევხვდებით შიშველ ქალს, რომელიც „მყიდველის“ სიამოვნებისთვისაა განივთებული.
მანქანის გაყიდვა გინდათ? სარეკლამო ბანერზე აუცილებლად დაამატეთ ქალი საცურაო კოსტიუმში! ცივ სასმელებს ყიდით? სექსუალური, გაოფლიანებული ქალი გაყიდვებს გაგიორმაგებთ
არსებობს განსხვავება ორ გარემოებას შორის: ხედავდე ვინმეს შიშველს, მაგალითად ქალს, და სექსუალურ შინაარსს აძლევდე ამ სიშიშვლეს. სრული ან სხეულის ნებისმიერი მონაკვეთის სიშიშვლე თავისთავად სექსუალური არ არის და ეს კონტექსტი მას საზოგადოებრივი შეხედულებების მიხედვით ეძლევა.
კონტექსტის შექმნის პროცესი კი უკვე ავტომატურადაა ქცეული: სიშიშვლე, ქალის თეთრეული ან ნებისმიერი აქსესუარი, რომელსაც საზოგადოება (გაუპატიურების კულტურა, პატრიარქატი, სექსიზმი) სექსუალურ სტიმულად მიიჩნევს, შემდეგნაირად ითარგმნება: „მას (კონკრეტულ ქალს) ჩემი აღგზნება უნდა, შესაბამისად, მე მაქვს უფლება, სექსუალურად აღვიქვა მისი შიშველი ან ასე ჩაცმული სხეული. საბოლოოდ, სხვისი სხეული მე უფრო მეკუთვნის, ვიდრე თავად მას - ჩემი სექსუალური სურვილების ობიექტია და მეც დაუკითხავად ან იძულებით გამოვხატავ ამ სურვილებს მისი მისამართით“.
ამის ფონზე, როგორ მოვიქცეთ? როგორ ვიყოთ საკუთარი თავი? როგორ ჩავიცვათ ისე, როგორც გვინდა, რომ გვეცვას?
რეალური კითხვა არ არის ის, სექსუალობის გარდა უნდა ჰქონდეს თუ არა შიშველ სხეულს სხვა დანიშნულება. რეალური კითხვაა: ვის აქვს უფლება გადაწყვიტოს, რას ემსახურება სიშიშვლე? სად და როდის უნდა იყოს დანახული და ვისგან? ეს უკვე ძალაუფლების გადანაწილების საკითხია და იქ, სადაც გარემო პატრიარქალურია, ამას კაცები წყვეტენ.
სხეული, როგორც იარაღი ქალების წინააღმდეგ
ქალის შიშველი სხეულის სექსუალიზება სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების კულტურის გაძლიერებასთან ერთად კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის: ის ქალების შანტაჟისა და დაშინების ძლიერ იარაღად იქცევა. ამ ტიპის შანტაჟი და მანიპულაცია გოგოების თვითმკვლელობის მიზეზიც არაერთხელ გამხდარა.
შიშველი ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებით დამუქრება და სანაცვლოდ ქალისთვის არასასურველი სექსის თუ სხვა მოთხოვნების წამოყენება მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული პრაქტიკაა. ამ პრობლემას განსაკუთრებული ეფექტი არასრულწლოვან გოგოებზე აქვს — დაუცველობისა და გამოუცდელობის გამო ისინი ხშირად კუთხეში არიან მიმწყვდეულნი და ფიქრობენ, რომ ერთადერთი გზა მოძალადის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა და მხოლოდ ასე შეუძლიათ თავი აარიდონ შერცხვენას, გარიყვასა და პოტენციური ძალადობის საფრთხეს ოჯახისა და ახლობლებისგან.
ხშირია შემთხვევებიც, როცა გოგოები მანიპულაციის ან იძულების გამო უგზავნიან მოძალადეს მსგავსი შინაარსის ფოტოებს და ეს ნებაყოფლობითი სულაც არაა. თუმცა ხდება ისეც, რომ ისინი ნდობას უცხადებენ პარტნიორს, რომელიც ამ ნდობით ბოროტად სარგებლობს.
ქალებს ამ ტიპის საფრთხეებისგან თავის დაცვა მეტი სიფრთხილით უწევთ. თუ გადაწყვეტთ რომ თქვენი შიშველი ფოტოს ვინმესთვის გაგზავნა გინდათ, უმჯობესია, თუ სახე ან სხეულის დამახასიათებელი ნიშანი (ხალი, ლაქა, ტატუ, პირსინგი და ა.შ.) ფოტოზე არ გამოჩნდება. ასეთ შემთხვევაში თქვენი იდენტიფიცირება უფრო რთული ან შეუძლებელი იქნება და ამ ტიპის მუქარებისგან შედარებით უფრო დაცულები იქნებით.
თუმცა ეს პრობლემის გადაჭრის მოკლევადიანი გზაა, რომელიც კონკრეტული შემთხვევების თავიდან არიდებას ემსახურება და არ აქვს გავლენა ცნობიერებასა და დამოკიდებულებაზე ქალის სხეულის მიმართ.
მეტად ხანგრძლივი გადაჭრის გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, სექსუალური განათლება და, ზოგადად, ქალის სექსუალური თავისუფლებისა და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდაა, რაშიც მედიას, ლიტერატურას, ხელოვნებასა და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი აქვთ.
ფოტო: სოფი მდივნიშვილი
ქალის სხეული კინოსა და სერიალებში
მიუხედავად იმისა, რომ, ასე თუ ისე, ვიცით „კაცის ხედვის“ (Male gaze) ცნების შესახებ, ჰოლივუდი და, ზოგადად, თანამედროვე ფილმები თუ სერიალები თითქმის იმავე სიხშირით იყენებენ ქალის შიშველ სხეულს მნახველთა რიცხვისა და ინტერესის გასაზრდელად.
სენტ-მერის უნივერსიტეტის 2016 წლის კვლევის მიხედვით, ქალი მსახიობები 3-ჯერ უფრო ხშირად არიან შიშვლები ეკრანზე, ვიდრე მათი კაცი კოლეგები, ხოლო თინეიჯერი გოგოები — 2-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე თინეიჯერი ბიჭები.
არაფერია ცუდი ან მიუღებელი იმაში, როცა ქალი მსახიობები თავად იღებენ ეროტიკულ სცენებში მონაწილეობის ან ეკრანზე გაშიშვლების გადაწყვეტილებას. მაგრამ ამ პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია ქალის სექსუალობის ირგვლივ არსებული სტერეოტიპები და მისი ექსპლუატაციისა და განივთების ხანგრძლივი ისტორია.
მიღებული და მიუღებელი სიშიშვლე — რა მოსწონთ მათ?
ქალების უმეტესობისა და გენდერფლუიდი ან არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების სხეულის საჯარო სიშიშვლეს განსჯის ისეთი ქარცეცხლი მოჰყვება, როგორიც კაცების მიმართ არასდროს გვინახავს.
ფოტო: სოფი მდივნიშვილი
თუ ქალის შიშველი სხეული არსებული სილამაზის სტანდარტების შესაბამისი არ არის, ის ვულგარულად, გამაღიზიანებლად ან შეურაცხმყოფლადაც კი აღიქმება. ხოლო თუ კაცი შიშველი ან ნახევრად შიშველია, ეს სასაცილოდ, ჩვეულებრივ მოვლენად (მაგალითად, წელს ზემოთ შიშველი კაცები ზაფხულში) ან ათლეტურობის გამოვლინებადაა მიჩნეული.
ქალის სიშიშვლესთან მიმართებით მხოლოდ მისი სექსუალიზება როდია პრობლემა, ის სოციალური იერარქიების შენარჩუნების გზაცაა, როგორიცაა რასა და კლასი. როცა ჩვენი კულტურა გაჯერებულია ქალის სხეულის გენდერული, სექსუალური და ჰეტერონორმატიული რეპრეზენტაციით, უფრო მარტივი ხდება სექსისტური და მიზოგინური დამოკიდებულებების ხანგრძლივად შენარჩუნება ჩვენს აზროვნებაში.
და მაინც, რატომ შეიძლება იხდიდნენ ქალები?
ერთია, როგორ აღიქმება ქალის სიშიშვლე, და მეორეა, რეალურად რა არის მისი ჯანსაღი მიზეზები.
♦ ქალები შიშველ ფოტოებს შეიძლება საკუთარი სხეულის მიმღებლობის, სიყვარულისა და საკუთარი თავის გამოხატვისთვის იღებდნენ და არა იმისთვის, რომ ვინმეში სექსუალური სურვილები აღძრან.
ქალები ზოგჯერ საკუთარ სხეულსა და მის სიშიშვლეს ჩაგვრისა და უძლურების ფონზე შეიცნობენ და ამის გადალახვის შემდეგ, მნიშვნელოვანია საკუთარი სხეულის წარმოჩენა — როგორც მიღებულისა და შეყვარებულის.
ფოტო: სოფი მდივნიშვილი
♦ ქალის სიშიშვლეს საპროტესტო მოძრაობებშიც ხანგრძლივი ისტორია აქვს — ქალები შიშვლები სკანდირებდნენ და სკანდირებენ სოციალური ნორმებისა და სტანდარტების, მიზოგინური პოლიტიკისა და ზოგადად, მათი სხეულის, როგორც მხოლოდ მათის აღქმისთვის. საჯარო სიშიშვლისთვის ციხეშიც არაერთი ქალი მოხვედრილა (მათ შორის ნახევრად წელს ზემოთ, ნახევრად სიშიშვლისთვისაც, რაც კაცების შემთხვევაში სულაც არ აღიქმება „დანაშაულად“).
საკუთარი სხეულის დაბრუნების, შეყვარებისა და მიღების მცდელობას მრავალგვარი ფორმა აქვს და თითოეული ქალი მისთვის სასურველს და გარემოებებიდან გამომდინარე ეფექტურს ირჩევს.
ქალებს საკუთარ სხეულის დაბრუნება ყოველდღიურად უწევთ, როგორც საჯარო წნეხისა და სტერეოტიპების, ისე საკუთარი ფიქრებისა და გარემოს ზეგავლენების გამო. ამ ბრძოლაში კი ყველა ქალი თავისუფალი უნდა იყოს და უნდა ჰქონდეს საკუთარი სხეულის მისი სურვილის მიხედვით რეპრეზენტაციის შესაძლებლობა.
მთავარი სურათი: ანიკი გელაშვილი / Femea