ბიუსჰალტერი, ანუ ლიფი ქალების უმრავლესობისთვის დღემდე გარდერობის ნაწილია და მას აქტიურად იყენებენ. ლიფის ტარების ისტორია საუკუნეების წინ დაიწყო, თუმცა დღეს მისი ჩაცმა პირადი არჩევანი და, ხშირად, პოლიტიკური განაცხადიცაა.
როდიდან იცვამენ ქალები ლიფებს?
ზუსტი პასუხი კითხვაზე, თუ რომელ წელს გამოიგონეს ლიფი ან ვინ გამოიგონა, არ არსებობს. ჩვენამდე მოღწეულ ფაქტებზე დაყრდნობით მხოლოდ იმისი თქმა შეგვიძლია, რომ მეოთხე საუკუნის საბერძნეთი იყო პირველი ადგილი, სადაც ათლეტი ქალები ფიზიკური აქტივობის დროს მკერდს ნაჭრით მჭიდროდ იკრავდნენ.
შემდეგი ცნობები კორსეტს უკავშირდება, რომელიც ლიფის წინაპარია. კორსეტი პირველად მეთექვსმეტე საუკუნის საფრანგეთისა და ესპანეთის სამეფო კარზე გამოჩნდა და მალევე გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. კორსეტის დანიშნულება ქალის სხეულის ფორმების გამოკვეთა იყო — წელის დავიწროება, მუცლის შეწევა და მკერდის წინ წამოწევა. ამ პერიოდში კორსეტი სავალდებულო იყო საშუალო და მაღალი კლასის ქალებისთვის.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს კორსეტი ორ ნაწილად „გაიყო“ და ზედა ნაწილს დამჭერები დაემატა. სწორედ ამ დროს შეიქმნა პირველი თანამედროვე ლიფი.
ლიფის კავშირი ქალების ჯანმრთელობასთან
სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულია არაერთი კვლევა ლიფების სარგებლიანობის შესახებ, რომელთა შედეგებიც შემდეგნაირია:
ყველაზე მასშტაბური კვლევა საფრანგეთში ჩატარდა, რომელიც 15 წელი გრძელდებოდა და მასში მონაწილეობა 18-35 წლის 300-ზე მეტმა ქალმა მიიღო. მეცნიერებს ამ კვლევის საფუძველზე ერთი ცალსახა დასკვნა არ გამოუტანიათ, თუმცა გაჩნდა მოსაზრება, რომ ლიფის ტარება მკერდის კუნთის მოდუნებას იწვევს და, შედეგად, მკერდი ჩამოიწელება.
არსებობს გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ლიფის ტარება ქალებში ზრდის მკერდის კიბოს რისკს, თუმცა ეს მითია და მეცნიერულად არ დასტურდება. American Cancer Society-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ლიფის ტარება ქალებში მკერდის კიბოს გაჩენის რისკს არც ზრდის და არც ამცირებს.
მეცნიერები აღნიშნავენ იმასაც, რომ სრულფასოვან კვლევას იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ლიფი ქალების ჯანმრთელობაზე, რამდენიმე ათწლეული დასჭირდება, რადგან საჭიროა გრძელვადიანი დაკვირვება ქალებზე, რომლებიც აქტიურად ატარებენ ლიფებს და იმ ქალებზეც, რომლებიც უარს ამბობენ მის ჩაცმაზე.
სხეულის ავტონომია და ლიფი
თანამედროვე ფემინისტური მოძრაობების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სილამაზის იმ სტანდარტების წინააღმდეგ ბრძოლაა, რომლებსაც კულტურა და საზოგადოება უწესებს ქალებს.
ქალებმა ლიფის, როგორც დისკომფორტის შემქმნელი ნივთის, წინააღმდეგ ხმის ამოღება პირველად 1968 წელს გაბედეს. აშშ-ის ქალაქ ნიუ-ჯერსიში მათ „მის ამერიკის“ სილამაზის კონკურსი გააპროტესტეს, რომელიც უამრავი დაწესებული სილამაზის სტანდარტის პარალელურად რასისტულიც იყო. ამ მოძრაობის წევრ ქალებს ჰქონდათ სპეციალური ურნა წარწერით: „Freedom Trash Can“, რომელშიც დემონსტრაციულად ყრიდნენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, პომადებსა და ლიფებს. ამ აქტით ისინი აპროტესტებდნენ სილამაზის იმ სტანდარტებს, რომლებსაც საზოგადოება მოითხოვდა მათგან.
70-იან წლებში ლიფის ჩაცმაზე უარის თქმის შემთხვევები უფრო ხშირი გახდა, თუმცა მაშინ ლიფის არჩაცმა უფრო იმდროინდელი მოდის ტენდენცია იყო, ვიდრე პოლიტიკური განაცხადი.
დღეს ლიფის ტარება ქალებისთვის უფრო მეტად პოტენციური ძალადობისგან თავის დაცვის მექანიზმია, ვიდრე გააზრებული არჩევანი. ქალის სხეული სექსუალიზებულია პოპ-კულტურის მიერ და მკერდის დაფარვა ქალებს ვალდებულებად ექცათ. წინააღმდეგ შემთხევაში, ისინი გამომწვევებად აღიქმებიან. ქალზე ძალადობის ან სექსულურად შევიწროების შემთხვევების განხილვისას ხშირად ისმის კითხვები: „რა ეცვა?“, „გამომწვევად ეცვა?“.
სწორედ ამიტომ, უამრავი ქალი, დისკომფორტის შეგრძნების მიუხედავად, დღემდე იცვამს ლიფს, რადგან თავს ასე უფრო დაცულად გრძნობს. თუმცა ფემინისტები იბრძვიან იმისთვის, რომ საზოგადოებამ მალე გაიაზროს ის ფაქტი, რომ ლიფის არჩაცმა არის არა სიშიშვლის აფიშირება ან ქალის ფორმების ხაზგასმა, არამედ თავისუფლება და თანასწორობა.
მთავარი სურათი: dribbble / Danielle Devay