გამოღების მეთოდი არის კონტრაცეფციის ფორმა, რომლის დროსაც ვაგინალური სექსისას ეაკულაციამდე — ორგაზმის დროს პენისიდან სპერმის გამონთხევამდე — ხდება პენისის ვაგინიდან გამოღება.
„გამოღების მეთოდი“ ორსულობის თავიდან არიდების დიდად ეფექტური გზა არ არის. თუმცა, ამ მეთოდის სწორად გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ სტატიაში განხილულია გამოღების მეთოდის სწორად შესრულების გზა, ასევე მისი ეფექტურობა, რისკები და მისი გამოყენებისას დაორსულების ალბათობა.
„გამოღების მეთოდის“ ეფექტურობა
გამოღების მეთოდს ზოგჯერ სექსის დროს დაორსულების შანსის შესამცირებლად მიმართავენ. მაგრამ, თუკი ორსულობის თავიდან აცილება გსურთ, ეს მეთოდი საკმაოდ სარისკოა. დათვლილია, რომ ამ მეთოდის სწორად შესრულებისას დაორსულების რისკი საშუალოდ 4%-ია. ეს ნიშნავს, რომ ყოველი 100 წყვილში, რომელიც გამოღების მეთოდს მიმართავს სექსის დროს, საშუალოდ 4 ორსულობა დადგება. აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ეს რიცხვი მიესადაგება მხოლოდ იმ წყვილებს, რომლებიც ყოველ ჯერზე სწორად ასრულებენ გამოღების მეთოდს.
► წყვილებში ხშირია გამოღების მეთოდის არასწორად გამოყენება, რაც დაორსულების რისკს 22%-მდე ზრდის. ეს ნიშნავს, რომ ყოველი 100 წყვილში, რომელიც გამოღების მეთოდს იყენებს სექსის დროს, საშუალოდ 22 ორსულობა დადგება.
„გამოღების მეთოდის“ სწორად გამოყენება
გამოღების მეთოდის სწორად გამოყენებას საკუთარი თავის მართვის უნარი და დროის სწორად შერჩევა სჭირდება. საჭიროა, პარტნიორმა იცოდეს, ზუსტად როდის აღწევს იმ წერტილს, როცა მას აღარ შეუძლია ეაკულაციის გადავადება ან შეჩერება. ეს აუცილებელია პენისის დროულად გამოსაღებად. თუმცა, თუნდაც თქვენს პარტნიორს საკუთარი თავის მართვის საოცარი უნარი ჰქონდეს, არ არსებობს იმის გარანტია, რომ არ დაორსულდებით.
გამოღების მეთოდის გამოყენება კონტრაცეფციის სხვა ფორმის გარეშე ძალიან სარისკოა. დაორსულება მაშინაც კია შესაძლებელი, თუ პარტნიორი დროულად გამოიღებს პენისს — ეს იმიტომ, რომ აღგზნებისას ეაკულაციამდე პენისიდან გამოიყოფა პრეეაკულატი (ე.წ. „პრექამი“), რომელიც ზოგჯერ მცირე რაოდენობით სპერმასაც შეიცავს.
► იხილეთ აგრეთვე: რა არის პრეეაკულატი, ანუ ე.წ. „პრექამი“? — შესაძლო რისკები
ორსულობა შეიძლება ასევე დადგეს, თუკი სპერმა ან პრეეაკულატი მოხვდება ვულვაზე (ქალის გარეთა სასქესო ორგანოებზე), რომლის შემადგენლობაშიც შედის ვაგინა.
გამოღების მეთოდის კიდევ ერთი რისკი ისაა, რომ ის არ გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (სგგი-ებისგან).
► სგგი-ების გადადების რისკის შემცირების საუკეთესო გზა პრეზერვატივის გამოყენებაა.
► იხილეთ აგრეთვე: პრეზერვატივი — რატომ და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის?
„გამოღების მეთოდის“ დადებითი მხარეები
გამოღების მეთოდი კონტრაცეფციის ერთ-ერთი ყველაზე სარისკო ფორმაა. თუმცა, მას მაინც აქვს თავისი დადებითი მხარეები, მაგალითად:
-
ეს მეთოდი მარტივი და მოსახერხებელია ორივე პარტნიორისთვის;
-
ამ მეთოდის გამოყენება ყოველთვის შეიძლება, როცა კონტრაცეფციის სხვა ფორმა არ არის ხელმისაწვდომი;
-
კონტრაცეფციის სხვა ფორმებთან ერთად გამოყენებისას ეს მეთოდი ზრდის მათ ეფექტურობას.
„გამოღების მეთოდის“ რისკები
გამოღების მეთოდს რამდენიმე დიდი რისკი ახლავს თან, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მას კონტრაცეფციის ერთადერთ ფორმად იყენებთ, მაგალითად:
-
ორსულობის მაღალი რისკი;
-
სგგი-ებისგან დაუცველობა;
-
მარტივია ამ მეთოდის არასწორად გამოყენება, განსაკუთრებით თინეიჯერებისთვის და სექსუალურად გამოუცდელი ადამიანებისთვის;
-
მას სჭირდება დიდი თვითკონტროლი, პრაქტიკა და გამოცდილება — და ამ შემთხვევაშიც კი არ არსებობს მისი ეფექტურობის გარანტია;
-
ამ მეთოდს არ უნდა მიმართოს მან, ვისაც ნაადრევი ეაკულაციის (ორგაზმის მიღწევა სასურველზე ადრე) პრობლემა აქვს.
„გამოღების მეთოდის“ რისკების შემცირება
თუკი თქვენი მიზანი ორსულობის თავიდან არიდებაა, გამოიყენეთ დამატებითი კონტრაცეფცია, მაგალითად:
-
ჰორმონალური კონტრაცეფცია (აბები)
-
სპერმიციდი (ნივთიერება, რომელიც ანადგურებს სპერმატოზოიდებს)
კონტრაცეფციის ამ ფორმების გამოყენება გამოღების მეთოდთან ერთადაა შესაძლებელი.
► თუკი სგგი-ები გადარდებთ, აუცილებლად გამოიყენეთ პრეზერვატივი — ის ინფექციებისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
ხშირად დასმული კითხვები
შეიძლება გამოღების მეთოდით დაორსულება, თუკი ოვულაცია არ მაქვს? დიახ, ამის ალბათობა მაინც არსებობს. მართალია, დაორსულების შანსები უფრო დიდია ოვულაციის დროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაორსულება შეუძლებელია, როცა ოვულაცია არ გაქვთ. სპერმას სხეულში დარჩენა 7 დღემდე შეუძლია. თუნდაც სექსის დროს არ გქონდეთ ოვულაცია, თუკი თქვენს რეპროდუქციულ ტრაქტში სპერმაა, ის შეიძლება ჯერ კიდევ ქმედუნარიანი იყოს, როცა ოვულაცია დადგება.
რა შეიძლება წავიდეს არასწორად? რამდენიმე რამ. პირველ ყოვლისა, რთულია დროულად გამოღება, როდესაც მთელს სხეულს ეიფორია ეუფლება. ამ დროს ასევე არ ხართ დაცული სგგი-ებისგან. თუნდაც დრო ძალიან სწორად შეარჩიოთ და ეაკულაციამდე გამოიღოთ, კიდევ ერთი რისკია პრეეაკულატი, რომლის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ორსულობა.
მგონი, დროულად ვერ გამოვიღე/ვერ გამოიღეს — როგორ მოვიქცე? პანიკას ნუ აჰყვებით. გამოღების მეთოდი თუ დროულად ვერ შესრულდა, რამდენიმე რამის გაკეთებაა შესაძლებელი. პირველ ყოვლისა, შედით სააბაზანოში და:
-
დაჯექით ტუალეტზე და ვაგინალური კუნთების შეკუმშვით შეეცადეთ, ეაკულატი (სპერმა) ვაგინიდან გამოდევნოთ;
-
მოშარდეთ, რათა ხელი შეუწყოთ იმ სპერმის ჩამორეცხვას, რომელიც შეიძლება ვაგინის შესასვლელის გარე ნაწილზე იყოს დარჩენილი;
-
ზედმიწევნით ჩამოიბანეთ ვულვა.
გარდა ამისა, შეგიძლიათ მიმართოთ გადაუდებელ კონტრაცეფციას, რომელიც სქესობრივი აქტის შემდეგ გამოიყენება და ორსულობის თავიდან აცილების უკანასკნელი საშუალებაა. ეფექტურობისთვის ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიყენოთ. არსებობს ასეთი კონტრაცეფციის ორი ფორმა. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია გადაუდებელი კონტრაცეფციის შესახებ.
უნდა გავიკეთო თუ არა ორსულობის ტესტი? თუკი იმაზე დარდობთ, რომ პარტნიორმა დროულად არ გამოიღო, მაშინ კი. თუმცა, სანდო შედეგის მისაღებად საჭიროა, რომ თქვენი დაგვიანებული მენსტრუაციის პირველ დღემდე მოიცადოთ. ორსულობის ტესტი შარდში ჰორმონის — ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის, იგივე hCG-ს — არსებობას ამჩნევს. ეს ჰორმონი სხეულში მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს კედელში ჩაეშენება. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია ორსულობის ტესტის შესახებ.
► თუნდაც გეგონოთ, რომ გამოღების მეთოდი იდეალურად შესრულდა, ორსულობის ტესტი უნდა გაიკეთოთ, თუკი ადრეული ორსულობის ნიშნებს ამჩნევთ, მაგალითად:
-
მუცლის სპაზმური ტკივილი
-
მკერდის ტკივილი
-
გულისრევა
-
ზოგი საკვებისადმი ზიზღი
-
დაღლილობა
-
ხშირი შარდვა
გამოყენებული წყაროები:
-
Verywell Health — Risks of Using the Withdrawal or Pullout Method
-
Healthline — Can You Get Pregnant from Using the Pull-Out Method?
მთავარი სურათი: HelloClue