კვებითი აშლილობის მკურნალობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებშიც, საკმაოდ რთული პროცესია. სირთულეს მრავალი ფაქტორი განაპირობებს: დაგვიანებული დიაგნოზი, მკურნალობის დაწყება არასწორი გზით, ფინანსური მხარე, საზოგადოებაში არსებული სტიგმები და ა.შ.
კვებითი აშლილობა ფსიქიკური აშლილობების ჯგუფს მიეკუთვნება. შესაბამისად, დიაგნოზის დასმა და მკურნალობის პროცესის წარმართვაც ფსიქიატრის კომპეტენციაა. პირველ პრობლემას სწორედ ამ კუთხით ვაწყდებით. სიტყვა „ფსიქიატრის“ წარმოთქმა დღესაც უხერხულობას ქმნის. კვებითი აშლილობის სიმპტომების მქონე პირებს უფრო მარტივად ურჩევენ ნევროლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ფსიქოლოგთან ვიზიტს, მაგრამ არა — ფსიქიატრთან. ეს ტაბუდადებული, რთულად გასაჟღერებელი რჩევაა, რომელსაც არა მხოლოდ გარშემომყოფები, არამედ ექიმებიც ერიდებიან. სწორედ ამიტომ, პაციენტები ფსიქიატრთან ყველაზე ბოლოს მიდიან მაშინ, როცა მკურნალობის მთელ პროცესს სწორედ ფსიქიატრი უნდა განსაზღვრავდეს.
► იხილეთ აგრეთვე: კვებითი აშლილობები — ტიპები, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები
რა გზას გადის კვებითი აშლილობის მქონე პაციენტი მკურნალობის პროცესში?
პირველ ყოვლისა, ისმება დიაგნოზი. დიაგნოსტირება ხდება ნახევრად სტრუქტურირებული კლინიკური ინტერვიუს გზით. ფსიქიატრი პაციენტს უსვამს შესაბამის შეკითხვებს, რა დროსაც ექიმისთვის ყურადსაღებია პასუხების არა მხოლოდ შინაარსობრივი მხარე, არამედ პაციენტის განწყობა — როგორ უპასუხებს შეკითხვებს, როგორ აფასებს თავის სიმპტომებს და როგორ გამოხატავს მათ. პაციენტის თანხმობის შემთხვევაში, კლინიკური ინტერვიუ ტარდება ასევე ოჯახის წევრებთან, რადგან დიაგნოსტირების პროცესში უმნიშვნელოვანესია გარშემომყოფების შეფასებები. თუ პაციენტი არ არის სრულწლოვანი, მაშინ ექიმს აქვს იურიდიული პასუხისმგებლობა, დაელაპარაკოს მშობელს/მზრუნველს. საბოლოოდ, დიაგნოზის დასადგენად ფსიქიატრს სჭირდება ინფორმაციის ორი წყარო: პაციენტი და მისი ოჯახის წევრი (ადამიანი, რომელსაც აქვს პაციენტთან ყოველდღიური შეხება და აკვირდება მის სიმპტომებს).
კვებითი აშლილობა, სხვა აშლილობებს შორის, ყველაზე მეტადაა გადაჯაჭვული სომატურ, ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. შესაბამისად, მკურნალობას კომპლექსური მიდგომა და მულტიდისციპლინური გუნდი სჭირდება. იმის მიხედვით, თუ რა დაზიანებებს იწვევს კვებითი აშლილობა, საჭირო ხდება სხვადასხვა ექიმის ჩართვა, მაგალითად: ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, რეანიმატოლოგი, კარდიოლოგი და ა.შ. მკურნალობის პროცესში აუცილებელია ასევე ფსიქოლოგის აქტიური მონაწილეობა, რადგან მსგავსი ტიპის აშლილობები, როგორც წესი, გარკვეულ ტრავმებთანაა დაკავშირებული, რასაც განსაკუთრებული გააზრება და, ხშირ შემთხვევაში, განწყობებისა და დამოკიდებულებების ძირეული ცვლილება სჭირდება. თუმცა, ფსიქოლოგის როლი მხოლოდ მას შემდეგ აქტიურდება, რაც პაციენტის სომატურ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მაგალითად, ნერვული ანორექსიის შემთხვევაში, თუკი პაციენტის სხეულის მასის ინდექსი ძალიან დაბალია, ნომერ პირველი საზრუნავი პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებაა და არა — მისი ფსიქიკური განწყობების შესწავლა.
კვებითი აშლილობის მკურნალობის ერთ-ერთ მთავარ სირთულეს ასეთი მულტიდისციპლინური გუნდისა და სპეციალური აღჭურვილობის მქონე კლინიკების არარსებობა განაპირობებს. ზოგადი პროფილის საავადმყოფოებს კვებითი აშლილობის მქონე პაციენტების დაწვენის ვალდებულება არ აქვთ. ერთადერთი, სადაც ამ დროს პაციენტის გადაყვანაა შესაძლებელი, ფსიქიატრიული კლინიკაა, რასაც, ფაქტობრივად, აზრი არ აქვს. თუკი პაციენტის მდგომარეობა იმდენად დამძიმებულია, რომ მას სტაციონარული მკურნალობა სჭირდება, ფსიქიატრიული კლინიკა პაციენტისთვის მსგავს მომსახურებას მაინც ვერ უზრუნველყოფს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ პრობლემის მოგვარება უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის რთულად წარმოსადგენია, რადგან ის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც ხშირად ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებშიც კი დაუძლეველ გამოწვევად რჩება.
როგორც აღინიშნა, კვებითი აშლილობის მკურნალობის პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი, რათა პაციენტმა დამოუკიდებლად შეძლოს ქცევის მართვა. ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან რამდენიმე ეტაპია გასავლელი:
-
პირველი — გაცნობიერება, ფაქტის მიღება, რომ გაქვს კვებითი აშლილობა;
-
მეორე — დაგეგმვა, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ არსებულ პრობლემას გაუმკლავდე;
-
მესამე — პრობლემასთან გამკლავება.
წყარო: Ethos
გარშემომყოფების როლი მკურნალობის პროცესში
ფსიქოთერაპიის ჩატარება სასურველია პაციენტის ოჯახის წევრებთანაც, რადგან ამ პრობლემასთან გამკლავება დამოუკიდებლად რთულია. ზოგადად, გარემოს ასეთ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის დიდ როლს ასრულებს არა მხოლოდ კვებითი აშლილობის განკურნების პროცესში, არამედ ხშირად ამ პრობლემის წარმოშობის მიზეზიც კია. ადამიანები, რომლებსაც აქვთ ან ჰქონიათ კვებითი აშლილობა, ყველაზე მძიმედ და მტკივნეულად სწორედ გარშემომყოფების ნეგატიურ დამოკიდებულებას იხსენებენ.
ნეგატიური განწყობა არ ნიშნავს აუცილებლად შეურაცხმყოფელ რეპლიკებს, ეს შეიძლება იყოს ზედმეტად გამამხნევებელი კომენტარები; წონაზე ხაზგასმა, დაიკელი თუ მოიმატე; ყოველ ფეხის ნაბიჯზე იმის მითითება, არ დაარღვიო დიეტა; კომპლიმენტის თქმა მხოლოდ მაშინ, თუკი შეამჩნევენ, რომ რამდენიმე კილო დაიკელი და ასე დაუსრულებლად. ერთი წამით მაინც რომ წარმოვიდგინოთ, რამხელა სტრესია, როცა შენთვის საყვარელი ადამიანებიც კი მხოლოდ შენს წონაზე არიან ორიენტირებული და მთელი შენი წარმატება თუ წარუმატებლობა კილოგრამების დაკლება-მომატებასთან ასოცირდება, მივხვდებით, როგორი გაუსაძლისი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის ასეთ გარემოში არსებობა.
მოზარდების შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო რთულადაა. გარემოსა და ოჯახისგან მიღებული ნეგატიური თუ არასწორი მოლოდინები, შეიძლება ითქვას, რომ დამანგრევლად მოქმედებს ახალგაზრდის თვითშეფასებაზე და უდიდეს ზიანს აყენებს მის ემოციურ მდგომარეობას. სწორედ ამ დაზიანებული ემოციების აღდგენა უწევს შემდგომ ფსიქოლოგს იმისათვის, რომ პაციენტმა საკუთარი თავის, საკუთარი სხეულის სიყვარული ისწავლოს.
ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან ვიზიტების შემდეგ, როცა პაციენტი საბოლოოდ გაიაზრებს თავის მდგომარეობას და იგრძნობს, რომ მზად არის ცვლილებებისთვის, საქმეში ერთვება ექიმი ნუტრიციოლოგი, რომელიც პაციენტს ინდივიდუალურ დიეტას უნიშნავს იმის მიხედვით, რა სჭირდება მის ორგანიზმს — რა რაოდენობის ცილა, ცხიმი, ვიტამინები და ა.შ. პროცესი ამ ეტაპზეც საკმაოდ რთულია, რადგან პაციენტს ფაქტობრივად ცხოვრების ახალ წესთან, კვების ახალ რუტინასთან უწევს შეჩვევა, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
► უნდა გვახსოვდეს, რომ კვებითი აშლილობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. და მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დიაგნოზი გოგოებში/ქალებში უფრო ხშირია, მისგან არც კაცები არიან დაცულნი. საქმე, უბრალოდ, ისაა, რომ იმპულსური კვება კაცებში არ აღიქმება პრობლემად და არ მიდიან ექიმთან, თუკი მას თან ჯანმრთელობის გაუარესება არ მოსდევს. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, კაცებში კვებითი აშლილობა დიაგნოსტირების მიღმა რჩება.
განკურნებადია თუ არა კვებითი აშლილობა?
კვებითი აშლილობის მკურნალობა, შესაძლოა, თვეები ან წლებიც კი გაგრძელდეს. რაც უფრო გვიან ეტაპზე ჩაერთვებიან სპეციალისტები საქმეში, მით უფრო ხანგრძლივი და რთული იქნება მკურნალობის გზაც. ასევე, ვერ ვიტყვით, რომ თუკი პაციენტი ერთხელ განიკურნება, ის მომავალში უკვე დაზღვეულია მსგავსი პრობლემისგან. სხვა ფსიქიკური აშლილობების მსგავსად, კვებითი აშლილობაც სამგანზომილებიანია: ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური. სწორედ სოციალური ასპექტი არის ერთ-ერთი პირველი ბიძგის მიმცემი. როცა პაციენტის ფსიქიკას რომელიმე სოციალურ ტრავმაზე რეაგირებად გარკვეული ქცევა აქვს დასწავლილი, იმავე/მსგავსი ტრავმის გამოვლენის შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ იგივე რეაქცია გამოავლინოს, რადგან მას უკვე აქვს ასეთი გამოცდილება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი რეაქციაა იმპულსური კვება ან ჭამაზე უარის თქმა.
► რეალურად, ფსიქოლოგი სწორედ ამ საკითხზე მუშაობს თერაპიების დროს. პაციენტი იღებს ფსიქოგანათლებას — ის შეისწავლის თავის პრობლემებს, როგორც განვითარების, ასევე გამწვავებისა და რეციდივების საშიშროების სიმპტომებს; სწავლობს, როგორ მართოს თავისი ქცევა და შესაბამისად, შემდგომ უკვე უფრო უმარტივდება პრობლემებთან გამკლავება.
მთავარი ყოველთვის პრობლემის იდენტიფიცირებაა. მთავარია, დავინახოთ, ვაღიაროთ და მივიღოთ პრობლემა. თუმცა, ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნება, თუკი საზოგადოება უფრო ემპათიური იქნება მისი წევრების მიმართ. თუკი სხვისი წონა ჩვენთვის მხოლოდ იმ ადამიანის სხეულის მასის ინდექსი იქნება და არა — ის იარლიყი, რომლის ტარებაც სოციუმში მოუწევს. სხვა შემთხვევაში, ამდენი კრიტიკისა და გარშემომყოფების არასწორი მოლოდინის რეჟიმში, დიდი შანსია, ბევრ ჩვენგანს მოუწიოს კვებითი აშლილობის მკურნალობის რთული და ძვირადღირებული გზის გავლა, რომელსაც საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს.
გამოყენებული წყარო:
- სტატია მომზადდა ფსიქიატრ ქეთევან აბდუშელიშვილთან, ფსიქოლოგ ნათია კუჭუხიძესა და ნუტრიციოლოგ ნატა გაგუასთან ინტერვიუებზე დაყრდნობით.
მთავარი სურათი: Health
სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea