ბევრი გოგო არასაკმარისადაა ინფორმირებული და მომზადებული პირველი მენსტრუაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ზოგადი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოს, პირველ მენსტრუაციას, როგორც წესი, მაინც ახლავს შიში და უხერხულობის განცდა.
► იხილეთ აგრეთვე: რა არის მენსტრუაცია? — ციკლის ეტაპები და საჭირო ჰიგიენური პროდუქტები
მნიშვნელოვანია, რომ მენსტრუაციის შესახებ ვესაუბროთ როგორც გოგოებს, ისე ბიჭებს. მართალია, მენსტრუაციის გამოცდილება გოგოებს ექნებათ, თუმცა ნებისმიერი სქესის ადამიანის სხეულსა და ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე საუბრის ნორმალიზება წინგადადგმული ნაბიჯია ამ საკითხებთან დაკავშირებული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლაში.
► იხილეთ აგრეთვე: რჩევები მშობლებს — მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე
როდის დავიწყოთ მენსტრუაციაზე საუბარი?
შეიძლება გახსოვთ ის დრო, როცა გოგოებსა და ბიჭებს ცალ-ცალკე უტარდებოდათ გაკვეთილი, სადაც მათ ძალიან მოკლედ უხსნიდნენ სქესობრივი მომწიფების სირთულეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებულ დეტალებს, ზოგჯერ კი ეს საკითხი სულაც არ განიხილება. ბევრი ბავშვისთვის ეს მენსტრუაციაზე ინფორმაციის მიღების ერთადერთი ფორმალური გზაა, რაც. ცხადია, არ არის საკმარისი. მაშინ, როცა ბავშვები სკოლაში ვერ იღებენ შესაბამის ცოდნას, პროცესში უნდა ჩაერთონ მშობლები და მენტორები.
► იხილეთ აგრეთვე: სქესობრივი მომწიფება — ფიზიკური ცვლილებები გარდატეხის ასაკში
გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ბავშვებთან მსგავს საკითხებზე საუბარი „ერთ მშვენიერ დღეს“ უნდა გადაწყვიტოთ, დასვათ და სერიოზულად ესაუბროთ, შემდეგ კი აღარასდროს შეეხოთ ამ თემას, მცდარია. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს სტერეოტიპების გამყარებას იმის შესახებ, რომ მენსტრუაციაზე საუბარი უხერხული ან არასასურველია, რაც ბავშვებსა და მოზარდებს შთააგონებთ, რომ არ ითხოვონ დახმარება მენსტრუაციის დროს, თუკი დასჭირდებათ.
► ის, თუ როგორ ვუდგებით ასეთ საკითხებს ზრდასრული ადამიანები, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების დამოკიდებულებებზე. თქვენს შვილებს არასდროს უნდა შერცხვეთ შეკითხვების დასმა მათთვის საინტერესო თემებზე, მით უფრო ისეთ საკითხებზე, რომლებსაც მომავალში გამოცდიან. ცნობისმოყვარეობა უნდა იყოს წახალისებული და მოწონებული.
მნიშვნელოვან საკითხების ბავშვებთან გაზიარებას თავი არ უნდა ავარიდოთ და არ უნდა დაველოდოთ იმ მომენტს, როცა ამაზე საუბარი, უბრალოდ, გარდაუვალი იქნება. უფრო მეტიც, არც ერთი ასაკის ბავშვი არ არის ზედმეტად პატარა იმისთვის, რომ მენსტრუაციაზე ესაუბროთ, თუ ამას ასაკის შესაბამისი მეთოდის გამოყენებით იზამთ. ბუნებრივია, თუკი არ გსურთ თქვენს 5 წლის შვილს მენსტრუალურ სისხლსა და თანმდევ ტკივილზე ესაუბროთ, თუმცა ამის მაგივრად შეგიძლიათ სცადოთ სამაგიდო თამაშები მენსტრუაციაზე ან ოჯახური ვიქტორინების საღამო, სადაც ადამიანის სხეულსა და ორგანიზმზე ისაუბრებთ. ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ თან გაერთოთ და თან ბავშვებს ცოდნა გაუზიაროთ.
თუ ამ საკითხებზე საუბარს დაიწყებთ, ამას აუცილებლად მოჰყვება შეკითხვები ბავშვების მხრიდან. სერიოზულად მოეკიდეთ მათ შეკითხვებს და ეცადეთ, შეძლებისდაგვარად, ამომწურავად უპასუხოთ. თუ კონკრეტული საკითხის შესახებ ინფორმაცია არ გაქვთ, გამოყავით დრო და შვილთან ერთად მოძებნეთ ის, ერთად ისწავლეთ. თქვენს შვილებს ეს აუცილებლად დაამახსოვრდებათ.
ინფორმირებულობა
ყველას, ვისაც შვილი ჰყავს ან ზრდის ბავშვს, ცხადია, არ აქვს მენსტრუაციის ან მენსტრუაციაზე სერიოზულად საუბრის გამოცდილება. უამრავი მარტოხელა მამაა, რომელთაც ერთ დღეს აუცილებლად მოუწევთ თავიანთი შვილებისთვის პირველი ჰიგიენური საშუალებების ყიდვა ან მათი დახმარება, გაუმკლავდნენ პირველ მენსტრუალურ ტკივილებსა თუ დისკომფორტს. ბუნებრივია, ჯობია ამ დღეს მომზადებული შეხვდეთ და ეს არ იყოს სიურპრიზი თქვენთვის.
„მენსტრუაციის ვეტერანებსაც“ შეგიძლიათ თქვენი ანატომიისა და ჰიგიენური ინდუსტრიის (რომელიც ბოლო დროს სწრაფი ტემპით ვითარდება და დღესდღეობით გაცილებით თანამედროვე, უსაფრთხო, შედარებით იაფ, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტულ პროდუქტებს გვთავაზობს) გამოყენება, რათა ინფორმაციის გაზიარების დროს იყოთ უფრო თავდაჯერებული და გქონდეთ ინფორმაცია თანამედროვე მეთოდებსა და პროდუქტებზე.
პირველი მენსტრუაციის დროს მოზარდმა უნდა იცოდეს:
-
რა ხდება მის ორგანიზმში მენსტრუაციის დაწყებამდე, მენსტრუაციის დროს და მის შემდეგ. როგორ უნდა გამოიყურებოდეს ნორმალური მენსტრუალური სისხლი, როგორი სუნი უნდა ჰქონდეს მას და როგორ უნდა მივხვდეთ, თუკი რამე სახის დარღვევაა;
-
რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჰქონდეთ მენსტრუაცია (მის ასაკში და მომავალშიც), რამდენ ხანს გრძელდება მენსტრუაცია, როგორც წესი და რა ინტენსივობით არის;
-
როგორია პრემენსტრუალური სინდრომის, ე.წ. „პიემესის“ (PMS), სიმპტომები და რა შეიძლება გააკეთონ მათ შესამსუბუქებლად;
-
რა სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ორსულობასა ან რამე ტიპის დარღვევებზე;
-
როგორ შეარჩიოს მისთვის ყველაზე კომფორტული და მორგებული ჰიგიენური საშუალებები და როგორ გამოიყენოს ისინი;
-
როგორ მოუაროს სასქესო ორგანოს.
► იხილეთ აგრეთვე: პრემენსტრუალური სინდრომი, ანუ „პიემესი“ (PMS) — გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები
იმის მიუხედავად, ესაუბრეთ თუ არა თქვენს შვილს მენსტრუაციაზე, მაქსიმალურად უნდა დარწმუნდეთ, რომ მან მიიღო პასუხი მისთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე და ნამდვილად აქვს გაცნობიერებული, თუ რა ტიპის გამოცდილება ელის წინ. თუ არის ისეთი საკითხები, რომლებზე საუბარიც თქვენთვის არაკომფორტულია, მიმართეთ პროფესიონალს ან სანდო მეგობარს და სთხოვეთ, გაგიზიარონ თავიანთი ცოდნა თქვენ და თქვენს შვილს.
მომზადების პერიოდი
მენსტრუაციაზე საუბრის შემდეგ აუცილებელია, თქვენი სიტყვები საქმითაც დაამტკიცოთ. შეეცადეთ, თქვენი სახლი გახდეს სივრცე, სადაც მენსტრუაციაზე საუბარი მისასალმებელი და ნორმალიზებული იქნება. იდეალურ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუკი თქვენ და თქვენი შვილი მომზადების პერიოდს ერთად გაივლით. ეს მოგცემთ შესაძლებლობას, ისაუბროთ იმაზე, რაზეც ჯერ არ გისაუბრიათ და, რაც მთავარია, ცხადყოფს, რომ მენსტრუაციაში არაფერია საშიში და სამარცხვინო.
თავდაპირველად დაიწყეთ ქალის ჰიგიენური საშუალებების შეძენა (აარჩიეთ რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი, რათა თითოეული მათგანი გამოცადოთ). შეიძინეთ ასევე ტკივილგამაყუჩებლები, ცხელი წყლის ბოთლი ან პატარა სამოგზაურო ზომის ჩანთა მენსტრუაციისთვის საჭირო პროდუქციის შესანახად. არ იქნება ურიგო, თუკი შეიძენთ დამატებით საცვლებს, მუქი ფერის შარვლებსა და ქვედაბოლოებს, რადგან, სისხლის გაჟონვის შემთხვევაში, ლაქები ნაკლებად დააჩნდება. გარდა ამისა, ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ სასურველია, აწარმოოს მენსტრუაციის კალენდარი (ონლაინ ან ფიზიკური), რათა თვალი ადევნოს საკუთარი მენსტრუაციის პერიოდულობას.
კარგი იქნება, თუკი აბაზანაში გამოყოფთ სივრცეს, სადაც მენსტრუაციასთან დაკავშირებულ ნივთებს განათავსებთ. თუ გსურთ, ეს პროცესი უფრო შემოქმედებითი გახადოთ ან იუმორიც შემოიტანოთ, შეგიძლიათ თემატურად გააფორმოთ თქვენი ყუთი, კალათა ან ჩანთა.
პირველი მენსტრუაციის დროს ჰკითხეთ თქვენს შვილს, ხომ არ სურს მას ამ დღის რამე ფორმით აღნიშვნა, რადგან ეს არის გრძელი, საინტერესო და ამავე დროს, რთული გზის დასაწყისი, რომლის გავლაც მოუწევს. სრულიად ბუნებრივია, თუ ეს დღე მისთვის ემოციური იქნება. შეიძლება თავს სუსტად გრძნობდეს და, უბრალოდ, ბალიშთან ერთად მყუდრო და მშვიდ გარემოში ფილმის ნახვა სურდეს.
აუცილებლად გაუსვით ხაზი იმას, რომ მზად ხართ მისი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, თან ყურადღება მიაქციეთ მის ემოციურ მდგომარეობას. შეიძლება დრო დასჭირდეს ამ ცვლილებების მისაღებად და გასააზრებლად და არ ჰქონდეს თქვენთან თავის ემოციებზე საუბრის განწყობა. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ჰქონდეს განცდა, რომ მის გვერდით ხართ და მხარს უჭერთ ემოციურად. პირველი რამდენიმე დღე შეიძლება შედარებით რთული იყოს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს პროცესი გამარტივდება.
მენსტრუაციასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა
მენსტრუაცია შეიძლება ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ რთული და მძიმე გამოცდილება იყოს, რადგან ბევრ რამესთან გვიწევს შეჩვევა და, ძირითადად, ეს ყველაფერი უსიამოვნოა. ამ პროცესს ამწვავებს მენსტრუაციასთან დაკავშირებული უამრავი სტერეოტიპის არსებობა.
► იხილეთ აგრეთვე: 10 მითი მენსტრუაციასთან დაკავშირებით
მენსტრუაციის მიმართ ჩვენი გარემო არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ მენსტრუაცია ქალის რეპროდუქციული ფუნქციის ნაწილია, ის ასოცირდება სექსთან და ამიტომ ბევრი მას ცოდვად, სიბინძურედ მიიჩნევს. ასევე ფიქრობენ, რომ ბავშვებთან ამ თემაზე ლაპარაკი არ შეიძლება და, ზოგადად, საჯარო სივრცეში მენსტრუაციაზე არ უნდა ვისაუბროთ. მსოფლიოს გარკვეულ ადგილებში დღემდე არის შემორჩენილი ისეთი მავნე ტრადიციები, როგორიცაა მენსტრუაციის დროს ქალების დანარჩენი მოსახლეობისგან განცალკევება.
ასეთი დამოკიდებულებები ხელს უშლის მენსტრუაციის შესახებ ბავშვების, მოზარდებისა და, ხშირად, ზრდასრულების ინფორმირებულობას და ხელს უწყობს მათში სირცხვილის შეგრძნების გაჩენას. მენსტრუაციაზე ტაბუს დადება, როგორც წესი, სცდება უშუალოდ მენსტრუაციის თემას და უფრო მწვავე შედეგებს იწვევს, როგორიცაა, მაგალითად, ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის სრული უგულებელყოფა ძალაუფლების მქონე კაცებისა და ქალების მხრიდან, რომლებიც აღმასრულებელ რგოლს წარმოადგენენ. მსგავს ქცევებს საბოლოოდ მივყავართ ქალების დისკრიმინაციამდე მათი რეპროდუქციული ფუნქციებისა და სხეულის გამო. ამით ქალებს ერთმევათ სრულყოფილად ცხოვრების შესაძლებლობა, ხვდებათ არაერთი დაბრკოლება სამსახურებში თუ პირად ცხოვრებაში.
► იხილეთ აგრეთვე: ქალიშვილობა — უმანკოების მითი, რომელსაც ქალები სძულს
იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა შევცვალოთ, საჭიროა, თითოეული ჩვენგანი ვიყოთ სწორი ქცევის მაგალითი. მნიშვნელოვანია, თავისუფლად ვესაუბროთ ბავშვებს მენსტრუაციის შესახებ, რადგან ეს არის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მენსტრუაციის თემაზე მსოფლიოში არსებული ქცევებისა და დამოკიდებულებების შესაცვლელად.
► გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ კაცებს არ აქვთ მენსტრუაცია, აუცილებელია მათი ინფორმირებულობა. მენსტრუაციაზე შვილთან საუბარი არ არის მხოლოდ დედის პასუხისმგებლობა, ამ პროცესში ორივე მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან სკოლებსა თუ საჯარო სივრცეებში გოგოები ჩურჩულითა და სირცხვილის შეგრძნებით არ საუბრობდნენ „ქალურ თემებზე“, რომელთა გაზიარება მათ ბიჭ თანატოლებთან შეუძლებლად მიაჩნიათ.
გამოყენებული წყარო:
სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე
მთავარი სურათი: WomanLog
♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით