Facebook Script

ჩემი ამბავი — ზრდასრულად ჩამოყალიბება ბავშვობაში დაბრუნებით

04 ნოემბერი, 2021 | პირადი ისტორიები

თერაპია საოცარი პროცესია. ჩემზე რომ იყოს და რესურსებიც უსასრულო რომ გვქონდეს, ყველას დავუფინანსებდი სესიებს. ულიმიტოდ.

მე გამიმართლა, კარგი თერაპევტი შემხვდა. მე თვითონაც მზად ვიყავი ამ პროცესისთვის — ძალიან მჭირდებოდა. ამიტომ, პროგრესიც საოცარი მაქვს. თითქმის ერთი წელი გავიდა და, ფაქტობრივად, სულ სხვა ადამიანი ვარ, არადა ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. როგორც იქნა, ჩემი თავის გაცნობის, ნდობის, სიმშვიდის, ბედნიერების გზაზე დავდექი. 

მაგრამ ასეთი ეფექტური რატომაა, ბოლომდე არ მესმის. ერთ-ერთი მიზეზი, ვფიქრობ, ისაა, რასაც მე „უცხო თვალის“ ეფექტს ვეძახი (ვინ იცის, იქნებ ოდესმე ეს ტერმინიც დაამკვიდრონ). 

რამდენჯერ ყოფილა, რომ ჩემი თერაპევტისთვის სრულიად აუღელვებლად, თავდაჯერებულად გამომიცხადებია რამე და როცა მიუთითებია, რომ ჩემს მონათხრობში რაღაცა რიგზე არაა, თავზარი დამცემია. „მოიცა, მოიცა, თან ამბობთ, რომ გიხარიათ, მაგრამ თან ამბობთ, რომ გირჩევნიათ, მიწა გაგისკდეთ“. სინამდვილეში, ძალიან რთულია, საკუთარ თავში არათანმიმდვრულობა დავინახოთ. ასე რომ არ იყოს, შეიძლება, ფსიქოლოგები არც დაგვჭირვებოდა. 

აი, ამის ნათელი მაგალითი: სესიაზე ვყვები, ვითომც არაფერი, რომ ახლა კი ვარ ჩაკეტილი, ინტროვერტი, ასოციალური, უნდობელი, მშიშარა, მაგრამ ბავშვობაში სრული ანტიპოდი ვიყავი. უკვე, ალბათ, მეორმოცე სესიაზე ვართ.

„მოიცა, მოიცა. ეს აქამდე როგორ არ გითქვამთ?”
„ჰმ, ჩავთვალე, რომ ასეთი ცვლილებები ნორმალურია“

„ნორმალური“ — ფსიქოთერაპევტების „საყვარელი“ სიტყვა.

ამ პერიოდში სესიების დიდ ნაწილს ბავშვურობა-ზრდასრულობის თემას ვუთმობდით. შევთანხმდით, რომ ძალიან ბევრ სიტუაციაში „მერთვებოდა“ ბავშვი — მქონდა იმპულსური, ემოციური, ბავშვური რეაქციები, და უნდა მეცადა, ზრდასრულობაში შემედგა ფეხი. 

უნდა მესწავლა, გამომემუშავებინა ახალი უნარ-ჩვევები, მომეკრიბა გამბედაობა, გავხსნილიყავი.

მოკლედ, არც ისე მარტივი დავალება იყო.

ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდა ჩემს თერაპევტს, როცა გაიგო, რომ ეს ყველაფერი კი არ უნდა დამესწავლა, უბრალოდ უნდა გამეღვიძებინა — ჩემი ნდობით, გაბედულებით, ენერგიით, ხალისით სავსე ბავშვური თავი უბრალოდ უნდა დამებრუნებინა.

„ძალიან კომუნიკაბელური ვიყავი“
„უი, ხოო?“ — მიყურებს გაღიმებული
„კი. ერთ-ერთ სოფელში რომ ჩავედით, ეგრევე უცხო მეზობლებს გავყევი საცურაოდ“
„რას ამბობ“, — ნელ-ნელა თვალები უფართოვდება.
„მთელი დღე გარეთ ვიყავი, ხან ვის „ვეტენებოდი“, ხან ვის. გარშემო ყველას ტვინს ვუბურღავდი“
„ვაიმე“

ნელ-ნელა გავიხსენეთ ჩემი მაშინდელი თავი. გამოვყევით მოვლენებს და ისიც გავიხსენეთ, როდის, რატომ და როგორ ვიცვლებოდი, ვითრგუნებოდი, ვიკეტებოდი, რომელი მოვლენების, ურთიერთობების, ემოციების შედეგად „ვპატარავდებოდი“.

სესია რომ დავასრულეთ, მაშინვე ბავშვობისდროინდელი ფოტოები ამოვქექე — იმ სოფლის, რომელსაც პეპი გრძელი წინდასავით (ან სულაც ლენებერგელი ემილისავით) ჟრიამულით ვაწიოკებდი. მაშინ პირველად განვიცადე ის, რასაც, სავარაუდოდ, „კათარზისს“ ეძახიან — ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა — თან სევდის, თან ბედნიერების. მიხაროდა, რომ ბავშვობაში ეს ყველაფერი გამოვიარე, რომ ოდესღაც ასეთი ვიყავი და ასეთ კარგ გარემოცვაში ვიზრდებოდი, და გული მწყდებოდა, რომ შეუსაბამო ურთიერთობების, ცუდი სკოლისა თუ სხვა მიზეზების გამო ნელ-ნელა ნდობა და გამბედაობა დავკარგე.

და ამ ყველაფრის მორალი ესაა: საოცრად დიდი ძალა აქვს როგორც ბავშვობაში ქექვას, ისე უცხო თვალისთვის ჩვენი გამოცდილებების, ემოციებისა და აზრების გაზიარებას. შეიძლება, თითქმის ნახევარი წელი იარო თერაპიაზე და მთელი ცხოვრება საკუთარ თავზე ფიქრში გაატარო ისე, რომ ვერც კი გაიაზრო, რომ ყოველთვის იყავი ის, ვინც გინდოდა, გამხდარიყავი.

მთავარი სურათი: dribbble / Lana Marandina

მსგავსი სტატიები

ჩემი ამბავი, აბორტი, aborti

ჩემი ამბავი — რატომ გავიკეთე აბორტი

აბორტზე პირადი მოსაზრება ჯერ კიდევ გვიან თინეიჯერობაში ჩამომიყალიბდა — ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ავტონომია საკუთარ სხეულზე და შვილების გაჩენა მათი არჩევანი უნდა იყოს.

პირადი ისტორიები
ჩემი ამბავი, მარტოხელა დედა

ჩემი ამბავი — რას ნიშნავს მარტოხელა დედობა

პირადი ისტორია იმაზე, თუ რას ნიშნავს მარტოხელა დედობა და რა სირთულეები ახლავს მას — „შენ ჭკვიანი გოგო ხარ, დაფიქრდი მაინც, ბავშვს მამას ნუ დაუკარგავ“

პირადი ისტორიები

გააზიარე სტატია

ჩემი ამბავი — ზრდასრულად ჩამოყალიბება ბავშვობაში დაბრუნებით

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია