Facebook Script

სექსუალური შევიწროება საგანმანათლებლო სივრცეებში — რა უნდა ვიცოდეთ?

სექსუალური შევიწროება არის ნებისმიერი ფორმის არასასურველი სექსუალური ქმედება, რომელიც ადამიანს თავს დამცირებულად, დაშინებულად ან შეურაცხყოფილად აგრძნობინებს. მისი მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი გახდეს, თუმცა საზოგადოება არსებული ტაბუების გამო მათ ხშირად უჭირთ ამ თემაზე საუბარი. უმეტეს შემთხვევაში სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირი მსხვერპლზე გარკვეული სახის უპირატესობას ფლობს (მაგალითად, შეიძლება იყოს მასზე ფიზიკურად ძლიერი ან სოციალურ იერარქიაში მასზე მაღლა იდგეს).

სექსუალური შევიწროება შეიძლება იყოს ერთჯერადი ან ჰქონდეს განმეორებითი ხასიათი. ის შემდეგი სახით ვლინდება:

  • სექსუალური ხასიათის არასასურველი შეხება;

  • სექსუალური ხასიათის არასასურველი მზერა ან მიშტერება; 

  • სექსუალური ხასიათის არასასურველი კომენტარები ან ხუმრობები;

  • სექსუალური ხასიათის სურათების/ვიდეოების გაგზავნა თანხმობის გარეშე; 

  • სექსუალური ხასიათის ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა თანხმობის გარეშე;

  • სექსის მოთხოვნა;

  • მუდმივი კითხვები ადამიანის პირადი ცხოვრებისა თუ სხეულის შესახებ; 

  • სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფა ან დაცინვა.

სექსუალური შევიწროება და საგანმანათლებლო სივრცეები 

სამწუხაროდ, სექსუალური შევიწროება არც საგანმანათლებლო სივრცეებისთვისაა უცხო და ის შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში (მაგალითად, ბაღი, სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი და ა.შ.), ძალადობის დიაპაზონი კი შეიძლება მერყეობდეს დამამცირებელი მეტსახელების შერქმევიდან გაუპატიურებამდე. ამგვარი ფაქტების არსებობა ხელს უწყობს საგანმანათლებლო სივრცეში მტრული და სახიფათო გარემოს შექმნას, რის შედეგადაც მსხვერპლისთვის რთულია ამ სივრცეში მისვლა და დაკისრებული ვალდებულების შესრულება (სწავლა). აღსანიშნავია, რომ თანატოლისა თუ მასწავლებლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი შეიძლება დაფიქსირდეს როგორც სასწავლო დაწესებულებაში, ასევე მის გარეთაც.

დღესდღეობით საგანმანათლებლო სივრცეებთან დაკავშირებული სექსუალური შევიწროების უფრო და უფრო მეტი ფაქტი ვლინდება ონლაინ. თაობა, რომელსაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, ამგვარ დამაზიანებელ ქმედებას უმეტესად არა ფიზიკურად, არამედ ინტერნეტის საშუალებით სჩადის.

საგანმანათლებლო სივრცეებში დაფიქსირებული სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ყველაზე გავრცელებული ტიპებია: 

  • სექსუალური შინაარსის კომენტარები

  • სექსუალური შინაარსის „ხუმრობა“ ან დაცინვა

  • სექსუალური შევიწროება ონლაინ და კიბერბულინგი

  • ფიზიკური ძალადობა

  • გაუპატიურება

  • თავდასხმა

  • პიროვნების ჩართვა სქესობრივ აქტში მისი თანხმობის გარეშე

საგანმანათლებლო სივრცეებთან დაკავშირებულ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, საუბარი უმეტესად მოზარდებზე გვაქვს, რომლებიც სექსუალურად სწორედ ამ პერიოდში „იღვიძებენ“. შესაძლოა, მოზარდი შევიწროების მსხვერპლი გახდეს თავისი ახლად აღმოჩენილი გენდერული იდენტობისა თუ სხეულის შეცვლილი ფორმების გამო. ერთმანეთისთვის სექსისტური თუ ჰომოფობიური მეტსახელების შერქმევაც პიროვნების დაშინებისა და დამცირებას ისახავს მიზნად. 

როგორ უნდა დავიცვათ ძალადობის მსხვერპლი? 

ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, რომ მოსწავლეს/სტუდენტს შეუქმნას უსაფრთხო გარემო და მყისიერი რეაგირება მოახდინოს ისეთ შემთხვევაში, როდესაც დაფიქსირდება სექსუალური შევიწროების ან ძალადობის ფაქტი. 

მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალი ინფორმირებული იყოს სექსუალური შევიწროების ცნების შესახებ და შეეძლოს მსხვერპლის ადეკვატური დახმარება. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ზოგადი გარემოს შეცვლაც იმგვარად, რომ ნათელი იყოს ამგვარი ფაქტების მიუღებლობა. ამის მიღწევა რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გადადგმით შეიძლება:

  1. სექსუალური შევიწროების ფაქტების აღმოფხვრის დაპრიორიტეტება. გაზარდეთ ცნობიერება იმის შესახებ, თუ რა არის სექსუალური შევიწროება — მოიწვიეთ კომპეტენტური პირი პერსონალთან სასაუბროდ, ჩაატარეთ საინფორმაციო შეხვედრები სექსუალური შევიწროების შედეგების შესახებ და ა.შ. 

  2. მოსწავლეებს/სტუდენტებს შორის აამაღლეთ ცნობიერება სექსუალური შევიწროების შესახებ. მნიშვნელოვანია, ბავშვებმა/მოზარდებმა მკვეთრად განასხვაონ ერთმანეთისგან მეგობრული ხუმრობა და ბულინგი, ფლირტი და შევიწროება. ქცევის ჩარჩო და მოლოდინი უნდა იყოს განსაზღვრული და გასაგები ყველასთვის.

  3. პროცესებში ჩართეთ მშობლები. მშობლების ჩართულობას გადამწყვეტი როლი ენიჭება ქცევის გრძელვადიან მოდიფიკაციაში. ხშირად მშობლებიც ვერ აიდენტიფიცირებენ კონკრეტულ ქცევას, როგორც სექსუალურ შევიწროებას, ამიტომ მათაც სჭირდებათ საჭირო ცოდნის მიღება, რათა შვილებს ადეკვატურად მიუდგნენ და სტრესული სიტუაცია კიდევ უფრო არ დაამძიმონ. როდესაც სექსუალური შევიწროების ფაქტი ფიქსირდება, მნიშვნელოვანია, პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც მოძალადის, ასევე მსხვერპლის მშობლებიც, რათა ქცევის ცვლილება მალევე მოხდეს ან თუკი სიტუაცია მეტად მძიმეა, ბავშვი/მოზარდი მარტო არ დარჩეს ამ პროცესებში. 

  4. ასწავლეთ მოსწავლეებს/სტუდენტებს, როგორ გაუმკლავდნენ სექსუალურ შევიწროებას. მსგავსი ფაქტების უგულებელყოფამ და შესაბამისი დახმარების ვერმიღებამ შეიძლება გრძელვადიანი ემოციური ტრავმა დატოვოს. მნიშვნელოვანია იმგვარ თემებზე ყურადღების გამახვილება, როგორებიცაა ონლაინ უსაფრთხოება ან პირადი საზღვრების დაცვა. 

თუკი სექსუალურ შევიწროებას მრავალჯერადი ხასიათი აქვს, მაშინ ბავშვმა/მოზარდმა დახმარებისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს მშობელს ან საგანმანათლებლო სივრცეში მომუშავე ადამიანს. ამ ნაბიჯის გადადგმა არ არის მარტივი, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენ მიმართ განხორციელებული ძალადობა თქვენი ბრალი არაა და მასზე პასუხისმგებელი მხოლოდ მოძალადეა.

დამატებით, მნიშვნელოვანია ბავშვს/მოზარდს ჰქონდეს სანდოობის განცდა მასწავლებლისა თუ აღმზრდელის მიმართ, რათა შეძლოს ძალადობის ფაქტის დაფიქსირება. პირველ ყოვლისა, აუცილებელია, მსხვერპლმა ბოლომდე მოგითხროთ ისტორია და საუბრის პროცესი არ გააწყვეტინოთ კომენტარებითა თუ კითხვებით. ასეთ დროს შეიძლება ბავშვმა/მოზარდმა იფიქროს, რომ მას არ ენდობით და ცდილობთ მის ტყუილში გამოჭერას, რაც დამატებითი სტრესია მისთვის. შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს ფაქტზე რეაგირება  შესაბამის პირებთან (იქნებიან ეს შიდა ინსპექტორები თუ სამართალდამცავი ორგანოები). ამ დროსაც ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მხოლოდ ფაქტებს და არავითარ შემთხვევაში მონათხრობს არ უნდა დაემატოს პირადი შეხედულებები თუ დამოკიდებულებები. 

გარდა ამისა, მსხვერპლმა უნდა იგრძნოს, რომ დაწესებულება ნამდვილად ცდილობს საჭირო ზომების მიღებას და ფაქტი არ დაიმალება, რათა სკანდალი ან ნებისმიერი სხვა სახის გართულებები აიცილოს თავიდან. დაწესებულების გადასაწყვეტია, როგორ მიუდგება საჩივარს — დაიწყებს შიდა გამოძიებას საკუთარი ძალებით თუ ჩართავს პოლიციას — თუმცა ორივე შემთხვევაში დაწესებულებას უნდა ჰქონდეს დაზარალებულის თანხმობა ყველა გადადგმულ ნაბიჯზე, რათა მაგალითად, ფაქტის დაუკითხავად გახმაურებამ დამატებითი ზიანი არ მიაყენოს ძალადობის მსხვერპლს. 

სექსუალური შევიწროება მძიმე და ტრავმული გამოცდილებაა მსხვერპლისთვის, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, ამიტომ აუცილებელია, ბავშვებს და მოზარდებს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელშიც თავს დაცულად იგრძნობენ, ექნებათ თანადგომის განცდა და არ შეეშინდებათ მომხდარზე საუბრის.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: Karine Azizyan / dribbble

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
მსხვერპლის დადანაშაულება, ძალადობა, გაუპატიურება, სექსიზმი

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება და რატომ ხდება ის?

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება? — როდესაც დანაშაულის ან ძალადობის შემთხვევაში საზოგადოება პასუხისმგებლობას მთლიანად ან ნაწილობრივ მსხვერპლს აკისრებს

ჩემი ფსიქიკა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, შევიწროება, ჰარასმენთი, ფორმები, ამოცნობა, გამკლავება, კანონი, ძალადობა, სექსი, თანხმობა

რა არის სექსუალური შევიწროება? — მისი ფორმები, ამოცნობის გზები და მასთან გამკლავება

რა არის სექსუალური შევიწროება და როგორ ამოვიცნოთ ის? სექსუალური თანხმობა და მისი მნიშვნელობა, შევიწროებაზე რეაგირება. როგორ მოვიქცეთ, თუკი მარტო ვართ?

ჩემი უსაფრთხოება
ძალადობა, ქალთა მიმართ, ქალები, ქალებზე, გაუპატიურება, სექსუალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, dzaladoba, qalebi, gaupatiureba, seqsualuri, fizikuri, fsiqologiuri, ekonomikuri

ქალთა მიმართ ძალადობა და მისი გავრცელებული ფორმები

ქალებზე ძალადობა და მისი ფორმები — ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობა (გაუპატიურება, შევიწროება)

ჩემი უსაფრთხოება

გააზიარე სტატია

სექსუალური შევიწროება საგანმანათლებლო სივრცეებში — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია