2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოში უწყვეტი პროტესტი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. აქციებმა პარლამენტიდან სხვადასხვა შენობასთან და უბანში გადაინაცვლა. გაჩნდა ახალი გზავნილები, მოთხოვნები, გამოჩდნენ ახალი სახეები, გაისმა ახალი ხმები. აქციის მონაწილეები უწყვეტად წერენ საქართველოს უახლეს ისტორიას, რომელსაც ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ყოველდღიურად აღბეჭდავენ.
ამ ამბებში უდიდესია ქალების როლი. „პროტესტს ქალის სახე აქვს“ — ხშირად დაინახავთ და გაიგონებთ ამ ფრაზას სტატიების სათაურებად თუ პოდკასტების თემებად. ქალებმა, როგორც არაერთხელ ისტორიის განმავლობაში, კვლავ გამოავლინეს თავიანთი უშიშარი და დაუმორჩილებელი ბუნება რეჟიმის წინააღმდეგ. ქალებს ვხედავთ რუპორებთან, ქალები კეტავენ ქუჩებს, სინდისის პატიმრის დედები წინა ხაზზე დგანან, ქალები იბრძვიან თავისუფლებისა და თანასწორობისთვის.
ჩვენი გემოფენის „პროტესტს ქალის სახე აქვს“ მიზანი საზოგადოებისთვის უწყვეტ პროტესტში ქალების როლის შეხსენებაა. გვსურს, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ დღეებს, რომლებიც ერთად გავიარეთ და კვლავ გავდივართ; რაც მთავარია, გვინდა, გამოვხატოთ მადლიერება იმ ფოტოგრაფების მიმართ, რომლებიც ზამთრის სუსხიან ამინდებსა თუ სიცხეში ყოველთვის არიან იქ, სადაც ეს ამბები იწერება და ისტორიული მნიშვნელობის ფოტომასალას ქმნიან.
გამოფენის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ 20-მდე ფოტოგრაფის ნამუშევრებს. ზოგი მათგანი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობია. უფრო მეტიც, ზოგჯერ მათ ხელწერებსაც კი ვცნობთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, ხშირად სოციალურ ქსელებში მათ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს საგულდაგულოდ ვათვალიერებთ იმ იმედით, რომ იქნებ ჩვენი რომელიმე საყვარელი ფოტოგრაფის კადრში მოვხვდით.
მოკლედ მოგიყვებით იმ ფოტოგრაფების შესახებ, რომელთა ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე. თითოეული მათგანი ისტორიას პროტესტის მისეულ ხედვასა და პერსპექტივას უნახავს, რადგან ის, თუ რას ასახავს კადრი, ხშირად სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ დგას კამერის უკან. 28 ნოემბერს დაწყებული ისტორიის სრულფასოვნად შემონახვას ხელს ფოტოგრაფების მრავალფეროვნებაც უწყობს, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, შევხედოთ ამბებს სხვადასხვა თვალით, სხვადასხვა პერსპექტივითა და ემოციით.
-
ანა ჭუმბურიძე დამოუკიდებელი ფოტორეპორტიორია, რომელიც აქტიურად აშუქებს საქართველოში მიმდინარე პროტესტს. აღსანიშნავია, რომ ის აქტიურად აღბეჭდავდა რუსთაველის გამზირს მაშინ, როცა აქციის მონაწილეებს განსაკუთრებული სისასტიკით არბევდნენ.
-
გიორგი არობელიძე ინტერნეტ-მედია „მაუწყებლის“ ჟურნალისტი და თანადამფუძნებელია, რომელსაც აუცილებლად დაინახავთ აქციაზე ცოტათი გვერდზე მდგომს, როცა ის დიდი სიფრთხილთ მართავს დრონს, რათა მისთვის სასურველი კადრები აიღოს.
-
გიორგი გამგებელი თვითნასწავლი ფოტოგრაფია, რომლისთვისაც ფოტოების გადაღება თავიდან ჰობი იყო, დღეს კი ის სრულადაა გადართული ფოტოგრაფიაზე. გამოფენაზე წარმოდგენილ მის ფოტო-ნამუშევრებში ჭარბობს შავ-თეთრი ფერები.
-
გიორგი ყოლბაია დამოუკიდებელი ფოტოგრაფი და „ალიკვალის“ დამფუძნებელია, რომელიც სხვადასხვა ლოკალურ და საერთაშორისო ჟურნალებთან, გალერეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. მისი ნამუშევრები განსაკუთრებული ფერებითა და ენერგიით გამოირჩევა.
-
დათო ქორიძე ერთ-ერთია იმ ფოტოგრაფებს შორის, რომლის კამერაში მოხვედრაც ყველას ძალიან გვიხარია. მისი ინდივიდუალური ხელწერის გამო, დათო ქორიძის ნამუშევრების ამოცნობა საკმაოდ მარტივია. ამჟამად ის „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ თბილისის ოფისის გუნდის წევრია, პარარელურად კი თავის პირად პროექტებზეც მუშაობს.
-
დინა ოგანოვა (ასევე ცნობილი, როგორც DIKARKA) თბილისში მოღვაწე დოკუმენტური ფოტოგრაფია, რომლის კამერის ფოკუსში ხშირად ახალგაზრდა ქალები და გოგოებია. ის არის პირველი ქართველი, ვინც პრესტიჟული World Press Photo-ს Joop Swart Masterclass-ისთვის აირჩიეს, მსოფლიოს 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფოტოგრაფს შორის, და მას არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში (ორჯერ).
-
ზურაბ ცერცვაძე ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც 2019 წლიდან ამერიკულ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ში მუშაობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია 2024 წლის 02 დეკემბერს გადაღებული ფოტო: „გოგონა რუსთაველის გამზირზე, წყლის ჭავლის პირისპირ, საქართველოს დროშით“, რომელსაც მის სხვა ნამუშევრებთან ერთად იხილავთ გამოფენაზე.
-
თინათინ გოგიტიძე ასევე დამოუკიდებელი ფოტოგრაფია, რომელსაც განსაკუთრებულად მოსწონს ფირის ფოტოგრაფია. მისი და თინათინ კიღურაძის ვიდეოპროექტი „რეფლექსია“ ორი ქალის სიმბოლური მოძრაობით სიმბოლიზირებს ჩაგვრასთან, ძალადობასა და უსამართლობასთან ბრძოლას, როცა თავისუფლება და სამართლიანობა რჩება უმთავრეს მიზნად.
-
თინათინ კიღურაძე თბილისში მოღვაწე დამოუკიდებელი ფოტოგრაფი, ფოტოგრაფიის მასწავლებელი და Gallery Container-ის თანადამფუძნებელია. „დააკვირდი ახლოდან“ მისი ფოტოპროექტია, რომელიც თბური კამერით გადაღებულ ფოტოებს მოიცავს. ასეთი კამერა აფიქსირებს ტემპერატურას და ფოტოს ფერადოვნება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად განსხვავებული ტემპერატურის ობიექტებია მოცემული კადრში.
-
ლუკა ნაჭყებია ახალგაზრდა დამოუკიდებელი ფოტოგრაფია, რომლის შემოქმედება მოიცავს დოკუმენტურ, პორტრეტულ, შავ-თეთრ და ქუჩის ფოტოგრაფიას. მის ნამუშევრებში ხშირად ნახავთ აქციის მონაწილეების შავ-თეთრ პორტრეტებს.
-
მარიამ ნიკურაძე არის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი 2009 წლიდან. 2017 წლიდან არის OC Media-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ნოემბრის აქციების დროს, ცხელ წერტილებში ყოფნის გამო, არაერთხელ გახდა მიზანმიმართული ძალადობის სამიზნე და დაუზიანდა აღჭურვილობა. მიუხედავად ამისა, ის დღემდე უწყვეტად აგრძელებს თავის საქმიანობას.
-
მზია საგანელიძე დამოუკიდებელი ფოტოგრაფია, რომელსაც ამბების გაშუქების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა სხვადასხვა სოციალურ თემაზე და ის მიმდინარე პროტესტსაც აქტიურად აშუქებს.
-
ნათია ქარჩილაძე ინტერნეტ-მედია „მაუწყებლის“ თანადამფუძნებული, ჟურნალისტი და ოპერატორია, რომლის ნამუშევრები ხშირად ისეთ სოციალურ თემებს ასახავს, რომლებიც მეინსტრიმ მედიაში იშვიათად ხვდება.
-
სოფო აფციაური ჟურნალისტი და ფოტოგრაფია, რომელიც ამჟამად „Project 64-ში“ მუშაობს. მისი ჟურნალისტური საქმიანობა ფოკუსირებულია ადამიანის უფლებებზე, განსაკუთრებით შრომით უფლებებზე. მისი ინტერესის ერთ-ერთ სფეროს ინდუსტრიულ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები წარმოადგენენ.
-
ტბელ აბუსერიძე თბილისში მოღვაწე მულტიმედია-არტისტია, რომელიც ძირითადად ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობს. მის ნამუშევრებში ერთიანდება დოკუმენტური და ექსპერიმენტული ხერხები, რაც მათ განსაკუთრებულად დინამიკურს ხდის.
-
ქეთევან ხუციშვილი ონლაინ-მედია „ნეტგაზეთის“ ფოტოგრაფია, რომელიც ხაზს უსვამს პროტესტში ქალების ჩართულობას. შესაბამისად, მის ნამუშრევრეში მიმდინარე პროცესებში ქალების როლი განსაკუთრებით იკვეთება.
-
შაკო ჭიღიტაშვილი ინტერნეტ-მედია „მაუწყებლის“ ოპერატორია, რომლის ნამუშევრები ისეთ თემებზეა ფოკუსირებული, რომლებიც მედია სივრცეში არც ისე პოპულარობით სარგებლობს.
ცხადია, თანამედროვე ქართული ფოტოგრაფია სხვა არაერთი ფოტოგრაფის ნამუშევარს იტევს, რომლებიც 28 ნოემბრიდან აქტიურად აშუქებენ ყველა მნიშვნელოვან თუ რიგით მოვლენას, რათა საზოგადოებისთვის სრული სურათის დანახვა იყოს შესაძლებელი. გამოფენისთვის ჩვენ შევარჩიეთ ის ნამუშევრები, რომლებიც განსაკუთრებით ასახავს ქალების ჩართულობას მიმდინარე პროტესტში — მათ ძალას, ემოციებს, წინააღმდეგობას.
„ბესიკის ქუჩა. ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე მასზე და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმის შემდეგ“, „პარლამენტის წინ, გოგონა ბეტმენის ნიღბით ელოდება რევოლუციას“, „დედები თავისუფლებისთვის“, „საქართველოს დროშით, სპეცრაზმის პირისპირ“, „ჭიჭინაძის ქუჩა. და-ძმა პოლიციის მაღალჩინოსნის პირისპირ“, „ხორუმი რუსთაველზე“, „ხელი გაუშვი, ჩემი შვილია! — დედების მარში რუსთაველის მეტროდან პარლამენტისკენ“ — ეს იმ ნამუშევრების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც „ფემეას“ გამოფენაზე იხილავთ. თითოეული ნამუშევრის უკან დიდი ძალისხმევა და თავგანწირვარა დგას, რადგან დღეს, როგორც არასდროს, ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტების პროფესია უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რადგან სისტემა ებრძვის ყველას, ვინც საზოგადოებამდე სიმართლის მიტანას ცდილობს.
ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, თავი მოვუყაროთ ამბებს, კადრებს, ამ ადამიანების შრომას და ერთ სივრცეში შეძლოთ იმ სიმართლის ნახვა, რის დამალვასაც ასე საგულდაგულოდ ცდილობს რეჟიმი.
სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე