თინათინ კიღურაძე თბილისში მოღვაწე დამოუკიდებელი ფოტოგრაფი, ფოტოგრაფიის მასწავლებელი და Gallery Container-ის თანადამფუძნებელია. „დააკვირდი ახლოდან“ მისი ფოტოპროექტია, რომელიც თბური კამერით გადაღებულ ფოტოებს მოიცავს. ასეთი კამერა აფიქსირებს ტემპერატურას და ფოტოს ფერადოვნება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად განსხვავებული ტემპერატურის ობიექტებია მოცემული კადრში.
„იმ მოვლენების სიძლიერეს, რომლებიც დღეს საქართველოში ვითარდება, ადამიანების ერთიანობა განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ვიფიქრე, ამ კამერით კარგად შეიძლებოდა ამ ერთიანობის სითბოს ასახვა.
ეს ისეთი მოვლენებია რომელიც სხვადასხვა მანძილიდან სხვადასხვანაირად აღიქმება. ჩემი ფოტოებიც ასეა — იმდენად ფერადოვანია, რომ შორიდან დღესასწაულს ჰგავს და მხოლოდ ახლოდან დაკვირვებით ხვდები, რომ ბრძოლასთან გვაქვს საქმე. ეს ფოტოები შეგნებულად, ეფექტის გასამძაფრებლად იფინება ძალიან პატარა ფორმატით (9x11 სმ), რომ დამთვალიერებელი ვაიძულოთ, ახლოს მივიდეს და კარგად დააკვირდეს, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.
ეს არის ამბავი საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 2024 წლის ნოემბერში დაიწყო და უკვე ნახევარი წელია, უწყვეტად გრძელდება“, — ამბობს ფოტოპროექტის ავტორი.
ფოტოპროექტი „დააკვირდი ახლოდან“
მთავარი სურათი: DALL·E