Facebook Script

მასტურბაცია — მითები და სიმართლე

02 დეკემბერი, 2022 | სიამოვნება და სექსი

ისტორიულად, მასტურბაცია, განსაკუთრებით კი ქალის მასტურბაცია, ყოველთვის რაღაც სახიფათოდ, არაჯანსაღად ან ტაბუდადებულად მიიჩნეოდა. რა ასაკისაც არ უნდა იყოთ და განურჩევლად იმისა, არასდროს გიცდიათ მასტურბაცია თუ ამას ყოველდღიურად აკეთებთ, ალბათ, ამ თემასთან დაკავშირებით მაინც გექნებათ რაღაც კითხვები და ეს სტატია სწორედ ამ კითხვებზე პასუხის პოვნაში დაგეხმარებათ.

♦ რა უნდა ვიცოდეთ?

  • თითქმის ყველა ადამიანი მასტურბირებს, განურჩევლად გენდერისა, და ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

  • მასტურბაციით შეუძლებელია ქალიშვილობის ან ვაჟიშვილობის დაკარგვა.

  • მასტურბაცია არ არის სამარცხვინო ან ამორალური.

  • მასტურბაცია ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.

► იხილეთ აგრეთვე: მასტურბაცია — როგორ მივანიჭოთ სიამოვნება საკუთარ თავს?

მასტურბირებენ თუ არა ქალები?

♦ კი, ყველა გენდერის წარმომადგენელი ადამიანი მასტურბირებს.

სიუზენ ქვილიანმა თავის კვლევაში (რომელიც გამოქვეყნდა წიგნში Women on Sex) აღმოაჩინა, რომ საშუალოდ ყოველი 5 ქალიდან 4 მასტურბირებს. ინდიანას უნივერსიტეტის მიერ 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 25-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მყოფი ყოველი 4 ქალიდან 3 მასტურბირებს, ხოლო 14-17 წლის ასაკობრივი კატეგორიის ყოველი 2 გოგოდან 1. რაც შეეხება სხვა გენდერებს, ტრანსგენდერებსა და არაბინარულ ხალხზე ამ მიმართულებით კვლევების არსებობის სიმწირის გამო არ მოიპოვება ზუსტი მონაცემები, თუმცა, გახსოვდეთ, რომ მასტურბაცია ყველასთვის ძალიან ბუნებრივი და ჩვეულებრივი რამაა.

ყველა ერთნაირად მასტურბირებს?

♦ არა. და საკუთარ პირად სივრცეში ყოფნისას არ არსებობს მასტურბაციის სწორი და არასწორი გზა.

ზოგადად, როდესაც მასტურბაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვგულისხმობთ საკუთარი სასქესო ორგანოების (გენიტალიების) უბნის, ძუძუსთავების ან სხვა ეროგენული ზონების შეხებას, დაზელას ან მასაჟირებას თითების, ხელებისა თუ ნივთების გამოყენებით. მასტურბაცია ასევე შეიძლება მოიცავდეს თითებით ან ნივთით შეღწევას ვაგინაში ან ანუსში; ან სასქესო ორგანოების სტიმულირებას სექს-სათამაშოთი, მაგალითად, ელექტრული ვიბრატორით. სექს-სათამაშოს გამოყენებით სხეულის ნაწილების სტიმულირება ძალიან ჩვეულებრივი რამაა — მასტურბაციის იმდენივე გზა არსებობს, რამდენიც ადამიანი.

► თუკი ის, რასაც თქვენ აკეთებთ, საზიანო არ არის თქვენთვის ან სხვა ადამიანებისთვის, შეგიძლიათ მასტურბაციით ისე დაკავდეთ, როგორც მოისურვებთ.

შეიძლება თუ არა, მასტურბაციამ რამე დაავადება გამოიწვიოს?

♦ არა, მასტურბაცია არ იწვევს დაავადებებს.

თუკი დაუბანელ ხელებს ან რაიმე არაჰიგიენურ ნივთს არ იყენებთ, სოლო მასტურბაცია დაავადებებსა და ინფექციებს არ იწვევს. და, პარტნიორთან სექსისგან განსხვავებით, სოლო მასტურბაციას არ მოსდევს დაუგეგმავი ორსულობა ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (თუკი გარემო და ნივთები სუფთაა).

► მასტურბაცია უსაფრთხო გზაა საიმისოდ, რომ გაარკვიოთ, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ.

თუკი კანის გაღიზიანებას შენიშნავთ, შეგიძლიათ, შესაფერისი ინტიმური ლუბრიკანტი გამოიყენოთ — მოერიდეთ ლოსიონებს, ვაზელინსა და ზეთებს, რადგან მათ შეიძლება სასქესო ორგანოები გააღიზიანონ. მასტურბაციას შეიძლება მოჰყვეს გაღიზიანება ან ინფექციები, თუკი თქვენი სხეული მგრძნობიარეა იმ ნივთების მიმართ, რომლებითაც მასტურბირებთ, ხოლო ანუსის მიკრობებმა შეიძლება ვაგინალური და საშარდე გზების ინფექციები გამოიწვიოს.

► თუკი აპირებთ, რომ ვაგინაში მოათავსოთ ისეთი რამ, რაც თქვენს ანუსში იყო, ჯერ ის კარგად გარეცხეთ ან ჩამოაცვით პრეზერვატივი.

თუკი პარტნიორთან ერთად მასტურბირებთ, მაგრამ მხოლოდ საკუთარ სასქესო ორგანოებს ეხებით და არა — თქვენი პარტნიორისას, მაშინ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა (სგგი-ების) და ორსულობის საშიშროება არ არსებობს. დარწმუნდით, რომ სანამ სექს-სათამაშოს თქვენს პარტნიორს გაუზიარებთ, ის კარგად გარეცხოთ ან გამოიყენოთ პრეზერვატივთან ერთად, რათა არ განვითარდეს ბაქტერიული ვაგინოზი ან არ გადაიცეს სგგი-ები. თუკი თქვენი პარტნიორის სასქესო ორგანოებს ეხებით, ან პარტნიორი ეხება თქვენსას, მაშინ გარკვეული სგგი-ების გადაცემის რისკი არსებობს (მაგალითად, ადამიანის პაპილომავირუსი, გენიტალური მეჭეჭი, ქლამიდია, ჰერპესი, სიფილისი).

ინფექციის რისკი იზრდება, როდესაც ვაგინაში ან ანუსში უფრო მეტი თითი ან მთლიანი ხელი თავსდება (ე.წ. „ფისთინგი“; ინგლ. Fisting), რადგან ამან შეიძლება ნახეთქები გააჩინოს, რაც სგგი-ების სისხლითა და სხვა სითხეებით გადაცემის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, არსებობს ინფექციის უფრო მაღალი რისკი, თუკი ვინმე თითებს საკუთარ ან პარტნიორის პირში ჩადებს მას შემდეგ, რაც ისინი გენიტალიებს ან ანუსს შეეხო, ან თუკი მასტურბაციას თან ახლავს ორალური სექსი (პარტნიორის სასქესო ორგანოების სტიმულირება ტუჩებითა და ენით).

წყარო: Hanna Barczyk / NPR

შეიძლება, მასტურბაცია ორგაზმის მიღწევის სწავლაში დაგეხმაროს?

♦ კი, მასტურბაცია საკუთარი სხეულისა და სურვილების შესწავლაში გვეხმარება.

მასტურბაცია შეიძლება სექსუალურად ერთ-ერთი ყველაზე დამაკმაყოფილებელი აქტივობა იყოს და ის ნებისმიერი გენდერის ადამიანისთვის კარგი გზაა საიმისოდ, რომ გამოიკვლიო საკუთარი სხეული და სურვილები. მასტურბაციით შეიძლება აღმოაჩინოთ ახალი სხეულებრივი შეგრძნებები და რეაქციები, მაგალითად, ე.წ. „სქვირთინგი“ (ეაკულაცია — შარდსადენიდან სითხის გამონთხევა; ინგლ. Squirting). მასტურბაციის დროს ყოველი 10 ქალიდან 9 აღწევს ორგაზმს, ხოლო პენისით პენეტრაციული (შემღწევი) სექსის დროს რეგულარულ ორგაზმს 4 ქალიდან მხოლოდ 1 აღწევს.

შეიძლება, მასტურბაციით ქალიშვილობა/ვაჟიშვილობა დაკარგო?

♦ არა, მასტურბაციით არ იკარგება ქალიშვილობა/ვაჟიშვილობა.

„ქალიშვილობა“ და „ვაჟიშვილობა“ არაფერ სამედიცინო და ფიზიკურ ფაქტორს არ ემყარება. ეს არის კულტურული იდეა, რომელზეც ბევრი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მაგალითად, ქალიშვილობის კონცეფცია ხშირად დაკავშირებულია იმ იდეასთან, რომ ვაგინის შესასვლელს ფარავს თხელი მემბრანა, რომელიც პირველი ვაგინალური სექსის დროს „იხევა“.

ეს მემბრანა, ე.წ. „საქალწულე აპკი“, შედგება ლორწოვანი ქსოვილის თხელი ნაკეცებისგან და ვაგინის შესასვლელიდან 1-2 სმ-ის სიღრმეში მდებარეობს. ყველა აპკი სხვადასხვანაირია და ერთმანეთისგან განსხვავდება ზომით, ფერითა და ფორმით. ის ოდნავ მოვარდისფროა, თითქმის გამჭვირვალე. ხშირ შემთხვევაში, აპკი ელასტიკური და წელვადია. ძალიან იშვიათად ლორწოვანი ქსოვილი მთლიანად ფარავს ვაგინის შესასვლელს, რა შემთხვევაშიც, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს გინეკოლოგთან ვიზიტი და აპკის გახსნა, რათა მოხერხდეს ვაგინიდან მენსტრუალური სისხლის გამოთავისუფლება, ტამპონის გამოყენება ან პენეტრაციული სექსი.

ვაგინაში ნივთების (მათ შორის ტამპონების, მენსტრუალური ჭიქების, სექს-სათამაშოებისა და თითების) მოთავსებამ, ასევე სხვადასხვა ჩვეულებრივმა ფიზიკურმა აქტივობამ, შეიძლება ხელი შეუწყოს აპკის ეტაპობრივად შესუსტებას. ჰორმონალურმა ცვლილებებმა, რომლებსაც სქესობრივი მომწიფებისას გადიან მოზარდები, ასევე შეიძლება შეცვალოს აპკის ფორმა და ელასტიკურობა. განურჩევლად იმისა, მასტურბირებთ თუ არა, თქვენი აპკი (თუკი ის საერთოდ გქონდათ დაბადებიდან) დროთა განმავლობაში შესუსტდება.

მასტურბაცია ნორმალურია, თუკი ურთიერთობაში ხარ?

♦ კი, მასტურბაცია იმ შემთხვევაშიც შეიძლება, თუკი პარტნიორი გყავთ.

აუცილებელი არაა, პარტნიორთან სექსი და სოლო მასტურბაცია ურთიერთგამომრიცხავი აქტივობები იყოს — მათ შეიძლება ერთმანეთის შემავსებელი სექსუალური აქტივობების როლი შეასრულონ. სოლო მასტურბაცია შეიძლება ძალიან კარგი გზა იყოს საკუთარი სხეულის შესასწავლად, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა, უკეთესი სექსის შესაძლებლობა მოგცეთ.

ერთ-ერთ კვლევის თანახმად, ქალები, რომლებიც რეგულარულად მასტურბირებენ, უფრო მარტივად ახერხებენ საკუთარი სექსუალური სურვილებისა და საჭიროებების ამოცნობას. გარდა ამისა, პარტნიორთან ერთად ორმხრივი მასტურბაცია საშუალებას მოგცემთ, მეტი გაიგოთ ერთმანეთის სექსუალურ პრეფერენციებზე.

მასტურბაცია ცუდია ჯანმრთელობისთვის?

♦ არა, მასტურბაცია ჯანმრთელობას არ ვნებს.

მასტურბაცია არ იწვევს არაფერტილურობას (უნაყოფობას), აკნესა თუ ხელისგულებზე თმის ამოსვლას. ბევრი ასეთი ცრურწმენა გვხვდება 1756 წელს ანონიმურად გამოქვეყნებულ წიგნში სათაურით „ონანია“, იგივე „თვითდაბინძურების საზიზღარი ცოდვა და მისი საშიში შედეგები (ორივე სქესში)“, რომელიც, როგორც ჩანს, ხალხის თვითსიამოვნებისგან დაშინებას ისახავდა მიზნად.

ხელისგულებზე თმის ამოსვლას იწვევს იშვიათი მემკვიდრული დაავადებას, ხოლო აკნე დაკავშირებულია ჰორმონალურ ცვლილებებთან, რომლებიც სქესობრივი მომწიფების ხშირი თანმდევია. არსებობს აგრეთვე კავშირი ახლომხედველობასა და სქესობრივ მომწიფებას შორის, თუმცა მასტურბაცია არ იწვევს მხედველობის დაქვეითებას.

► მასტურბაცია თქვენთვის ცუდი არ არის არც ფიზიკურად, არც სექსუალურად და არც ემოციურად — თუკი ეს ისეთი რამ არაა, რისი გაკეთებაც არ გსურთ. მეტიც, მასტურბაცია შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც კი იყოს.

ორგაზმს (განურჩევლად იმისა, მასტურბაციით მიიღწევა ის თუ სექსით) შეუძლია, შეამსუბუქოს ტკივილის აღქმა და მტკივნეული მენსტრუაცია. ორგაზმის დროს გამოყოფილი ჰორმონებმა შეიძლება აღგიძრათ სურვილი, უფრო მეტი სექსუალური აქტივობით დაკავდეთ. მასტურბაცია ასევე საკუთარი სხეულის უფრო ჯანსაღად აღქმასთანაცაა დაკავშირებული.

რატომ არსებობს მასტურბაციაზე ამდენი მითი?

მითები იმის შესახებ, თითქოს მასტურბაცია არაჯანსაღი ან საზიანო იყოს, მოდის ადამიანის ჯანმრთელობისა და სექსუალობის გარშემო არსებული შიშიდან და უმეცრებიდან. ადამიანთა უმეტესობა მასტურბირებდა და მასტურბირებს.

მასტურბაცია არ არის ცუდი ან სახიფათო — ეს არის სრულიად ნორმალური და ჯანსაღი გზა, რომლითაც უამრავი ადამიანი შეისწავლის საკუთარ სექსუალობას და პირველად აღწევს ორგაზმს.

ნორმალურია, თუკი მასტურბირებთ ხშირად, იშვიათად ან საერთოდ არ — არ არის აუცილებელი, მასტურბაციით დაკავდეთ, თუკი ამის სურვილი არ გაქვთ — ესეც აბსოლუტურად ნორმალურია. მასტურბაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები იმის მიხედვით უნდა მიიღოთ, თუ რა მოგწონთ და რა გსიამოვნებთ, და არა იმის მიხედვით — თუ რას იფიქრებენ სხვები თქვენზე.

► როდესაც საქმე საკუთარი თავისა და სხეულის სიყვარულს ეხება, სიამოვნება უბრალოდ გართობა არ არის — ეს საკუთარ თავზე ზრუნვის გზაა.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: Freepik

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
სექსი, seqsi, ჯანმრთელობა

რამდენად სასარგებლოა სექსი თქვენი ჯანმრთელობისთვის?

რა სარგებელი მოაქვს სექსს? — მშვიდი ძილი, ტკივილის შემცირება, ჰორმონების რეგულაცია, გულის ვარჯიში, გაძლიერებული იმუნიტეტი და მრავალი სხვა.

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

მასტურბაცია — მითები და სიმართლე

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია