ბევრი ჩვენგანი საკუთარი თავებისა და საკუთარი სხეულების ჭეშმარიტად შეყვარებას ცხოვრების საკმაოდ გვიანდელ ეტაპზე ვსწავლობთ. მანამდე კი ხშირად ბევრ დროსა და ენერგიას ვუთმობთ საკუთარი თავის კრიტიკას ისეთ რაღაცებზე, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია. საკუთარი თავის სიყვარული ის უნარია, რომლის მოპოვებაც საკმაოდ რთულია საზოგადოებაში გავრცელებული არაპრაქტიკული სილამაზის სტანდარტების გამო.
სხეულის პოზიტიურად აღქმა მხოლოდ საკუთარი გარეგნობის დაფასებას არ გულისხმობს, არამედ ასევე საკუთარი სხეულის ისეთ „ჭურჭლად“ დანახვას, რომელში ცხოვრებაც თქვენთვის სასიამოვნოა.
სილამაზის ინდუსტრია და მისი უარყოფითი გავლენა
ბევრი ჩვენგანი ვიზრდებით საკუთარი სხეულებისადმი რაღაცგვარი უკმაყოფილების გრძნობასთან ერთად, რადგან სოციალური მოლოდინები და ის, რაც რეკლამირდება, გვიბიძგებს იმისკენ, რომ საკუთარი თავი შევადაროთ რაღაც ხელოვნურად გამოყვანილ ესთეტიკას, რომელშიც ვისურვებდით ცხოვრებას. ეს ხელსაყრელია სილამაზის ინდუსტრიისთვის, რადგან ეს მათ აძლევს შესაძლებლობას, მოგვყიდონ ჩვენი უკმაყოფილებების დროებით „გამოსწორების“ გზები.
სილამაზის ინდუსტრიაში ძალიან ბევრი ფულია. ეს თავისთავად ცუდი რამ არ არის. პრობლემა ისაა, რომ ინდუსტრია მოგებას ნახულობს სხეულის ბუნებრივი პროცესების იმ გამოხატულებების ლანძღვით, რომლებიც ყველას გვაქვს, მაგალითად, სტრიები, ნაოჭები და თმა სხეულზე:
-
სტრიები სხეულის პროპორციების სწრაფი ცვლილების ნიშანია. სტრიების ქონა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენმა სხეულმა გააკეთა ის, რაც ევალებოდა, რათა წონის განაწილების ცვლილებისთვის ფეხი აება. სხვაგვარად თუ ვიტყვით: სტრიები იმის მტკიცებულებაა, რომ თქვენი სხეული ისე ფუნქციონირებს, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს.
-
ნაოჭები ასაკის მატების მანიშნებელია. ასაკის მატება თავისთავად ცუდი რამ არ არის. სილამაზის იდეის იმით შეზღუდვა, რომ ის მხოლოდ ახალგაზრდობას მოიცავდეს, გულისხმობს, რომ ასაკის მატება ავტომატურად „მახინჯი“ რამაა. ეს ძალიან არაჯანსაღი მიდგომაა — ყველა ასაკს თავისებური სილამაზე აქვს.
-
თმა, უბრალოდ, ადამიანის სხეულის ბუნებრივი ნაწილია. თუკი რაიმე დაავადება არ გაქვთ, რომელიც თმის ზრდას უშლის ხელს, სხეულზე ბუნებრივად გაგეზრდებათ თმა და მას შეგიძლიათ ის უქნათ, რასაც მოისურვებთ. მართალია, არაფერია ცუდი იმაში, რომ გლუვი ფეხები და იღლიები მოგწონდეთ, მაგრამ ის არჩევანი, რომ თმა არ გაიპარსოთ და ბუნებრივად მოუშვათ, ქალს უფრო ნაკლებად ქალად არ აქცევს, და არც თმის მოშორების სურვილი არ აქცევს კაცს უფრო ნაკლებად კაცად.
► შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ საპარსები ექსკლუზიურად კაცებისთვის იყიდებოდა, სანამ ამერიკელ ბიზნესმენ კინგ კემპ ჯილეტს არ მოუვიდა იდეა, რომ თავისი კომპანიის სამიზნე აუდიტორია ქალებზეც გაეფართოებინა, რის შემდეგაც მან აქტიურად დაიწყო იმის რეკლამირება, რომ ქალები დაერწმუნებინა, რომ სხეულზე ზედმეტი თმა სამარცხვინოა.
უამრავი პროდუქტი არსებობს, რომელიც საკუთარი სხეულის მოვლაში გვეხმარება (რაც თავისთავად ძალიან საჭირო და კარგია), მაგრამ როდესაც საქმე საკუთარი სილამაზის ბუნებრივ ფორმაში აღქმას ეხება, სამყარო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს.
► იხილეთ აგრეთვე: რატომ იშორებენ ქალები თმას?
ფემინურობა და მასკულინურობა
სტერეოტიპები არაპროპორციულად დიდ როლს ასრულებს იმაში, თუ როგორ ვხედავთ საკუთარ თავს და როგორ გვხედავენ სხვები. „არასაკმარისად კაცურობა“ ძალიან ბევრი კაცის კომპლექსების წყაროა, ქალებს კი მუდმივად განსჯიან მათი ჩაცმულობის გამო, იმდენად, რომ ფრაზა „ზედმეტად ბევრ კანს აჩენდა“ უკვე სექსუალური ძალადობის გასამართლებელ არგუმენტად იქცა.
ქალებიც და კაცებიც იტანჯებიან იმ შეგრძნებით, თითქოს მათ უდიდესი ნაპრალის გადალახვა უნდა უწევდეთ საიმისოდ, რომ არამხოლოდ „სწორად“ წარმოაჩინონ თავიანთი გენდერი, არამედ ასევე იმისთვის, რომ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარი თავის შესახებ. ამას ემატება ძალიან დიდი დისკრიმინაცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ჯდებიან გენდერის ბინარულობის სტანდარტებში. თუმცა, ეს ექსკლუზიურად თანამედროვე პრობლემა არ არის — ისტორიულად, უამრავი ადამიანი დაუდანაშაულებიათ, განუკვეთიათ ან მოუკლავთ კიდეც მხოლოდ იმის გამო, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი.
► იხილეთ აგრეთვე: გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს
წყარო: WomanLog
ხილვადობა და მისი ნაკლებობა
სილამაზის ინდუსტრია ძალიან ხშირადაა იმაში დამნაშავე, რომ ის ვერ ახერხებს უმცირესობების წარმოჩენას, და ასევე არასწორად წარმოაჩენს უმრავლესობას. ვინმესთვის დედამიწის შესახებ ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო რომ სილამაზის ჟურნალები იყოს, ალბათ, იფიქრებდა, რომ ჩვენი პლანეტის ადამიანების 90% ახალგაზრდა, ტანწერწეტა, კავკასიური რასის წარმომადგენელი მოდელები არიან სწორი თმებითა და ქათქათა კანით.
რეკლამების, ფილმებში მონაწილე მსახიობებისა თუ ჟურნალების გარეკანების მეშვეობით სამყარო მუდმივად გვეუბნება, თუ რა არის „კარგი“ და რა არის „ნორმალური“. როდესაც ამ აღწერაში არ ვჯდებით, გვგონია, რომ ჩვენს თავს რაღაც არასწორი ხდება. როდესაც კონკრეტული სხეულის ტიპი ან კანის ფერი არსად ჩანს სამყაროსეულ სილამაზის განმარტებაში, ეს გზავნის მესიჯს, რომ ამ კატეგორიის ადამიანები სხვებზე „უფრო ნაკლებნი“ არიან. სამწუხაროდ, ზოგ ადამიანს ამის მართლა სჯერა, რაზეც მეტყველებს საზოგადოებაში დღემდე გავრცელებული დისკრიმინაციული დამოკიდებულება კანის ფერის (რასიზმი), ჭარბი წონის (ფატფობია), ასაკისა (ეიჯიზმი) და შეზღუდული შესაძლებლობების (ეიბლიზმი) მიმართ.
► იხილეთ აგრეთვე:
ამ მხრივ ბოლო წლებში შესამჩნევია სიტუაციის გაუმჯობესებია — შესაძლოა, უფრო ხშირად გენახათ მოდელები, რომლებსაც ხილულად აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები, ჭარბი წონა, მეტი ასაკი ან განსხვავებული კულტურული წარმომავლობა, ვიდრე ეს აქამდე იყო ხოლმე. მათი ხილვადობა გაიზარდა იმიტომ, რომ ისინი ამას ისევე იმსახურებენ, როგორც ის ახალგაზრდა, ტანწერწეტა, კავკასიური რასის წარმომადგენელი მოდელები სწორი თმებითა და ქათქათა კანით.
► სამყარო მრავალფეროვანია და ასეთივეა მასში არსებული სილამაზეც.
საკუთარი თავის სიყვარული მნიშვნელოვანია
ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც ჩვენთვის სილამაზეზე უთქვამთ, არის ის, რომ სილამაზე უნაკლოა — რომ თუ გვინდა, ლამაზი ვიყოთ, უნდა ვიყოთ უნაკლოები. რეალურად, უნაკლობა არ არსებობს და მისი არსებობა არცაა საჭირო. სრული უფლება გაქვთ, იყოთ ისეთი, როგორიც ხართ. მნიშვნელოვანია, სილამაზე ნაკლოვანებაშიც ამოვიცნოთ.
მართალია, ამის თეორიულად გააზრება შედარებით მარტივია, მაგრამ მისი პრაქტიკაში დამკვიდრება შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით თუკი წლები დაგიხარჯავთ საკუთარი ცხვირის ან მუცელზე ნაკეცების სიძულვილში. დაიწყეთ რაიმე პატარით და დრო მიეცით საკუთარ თავს. შესაძლოა, თქვენთვის უსწავლებიათ, რომ სხვების მიმართ თანაგრძნობა უნდა გამოიჩინოთ, მაგრამ გაქვთ თუ არა თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ?
თუკი თქვენი სხეული ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, იცოდეთ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზოგიერთი ზრდასრული ასე „შეკრულად“ გამოიყურება, ისაა, რომ მათ საკმარისი დრო ჰქონდათ იმის გასარკვევად, თუ როგორ ჰქონოდათ ისეთი გარეგნობა, როგორიც უნდოდათ. მათ, ალბათ, დიდი ენერგია დაახარჯეს საკუთარ სხეულზე ზრუნვას და გამოცადეს ბევრი სხვადასხვა სტილი, რათა საკუთარი პიროვნებისა და სხეულის საუკეთესოდ წარმოჩენის გზა ეპოვათ.
► თქვენი სხეული იმისთვის არ არსებობს, რომ სხვების თვალს ასიამოვნოს.
საბოლოოდ, თქვენ გარდა არავის აქვს უფლება, გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ან როგორ უნდა გრძნობდეთ თავს თქვენს გარეგნობასთან მიმართებით. ერთადერთი „მაყურებელი“, რომელმაც თქვენი სხეულის სილამაზე უნდა განსაზღვროს, თქვენ ხართ. ამის გათვალისწინებით, თქვენი თავდაჯერებულობა საკუთარი გარეგნობის მიმართ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები.
როგორ აღვიქვათ საკუთარი სხეული უფრო ჯანსაღად — რჩევები
თუკი მზად ხართ, თქვენი შინაგანი კრიტიკოსი ჩაახშოთ და თქვენი სხეულის უფრო დადებით მხარეებზე გაამახვილოთ ყურადღება, შეგვიძლია, რამდენიმე პრაქტიკული რჩევა შემოგთავაზოთ, რომლის გათვალისწინებაც შეგიძლიათ ამ პროცესში.
გადაიტანეთ ყურადღება
იმ მედიას, რომელსაც ეცნობით, თქვენს შინაგან მსოფლმხედველობაზე გავლენა აქვს. დაფიქრდით, რას კითხულობდით და რას უყურებდით, და რომელ ადამიანებს ადევნებდით თვალს. მათი რა ნაწილია შთამაგონებელი და რა ნაწილია, უბრალოდ, დეპრესიული?
ონლაინ გატარებული დროის შემცირება შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ, და ასევე დაგეხმარებათ თქვენი სოციალური სივრცის უფრო მეტად სხეულისადმი პოზიტიური დამოკიდებულების მქონე კონტენტზე გადაყვანა. იმ ადამიანებისთვის თვალის დევნებამ, რომლებიც ღიად საუბრობენ თავიანთ ნაკლოვანებებზე, შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რამდენად კრიტიკული ხართ თქვენი თქვენი ფიზიკური ნაკლოვანებების მიმართ.
გარდა ამისა, ყურადღების გადატანა საერთოდ სხვა რამეზეც შეგიძლიათ, მაგალითად, რომ ისწავლოთ ქსოვა ან რაიმე სხვა აქტივობა, იპოვოთ ახალი ინტერესი, ჰობი და ა.შ.
იყავით მადლიერი
საკუთარი სხეულის დაფასება შეიძლება სხვების სხეულის დაფასებით დაიწყოს. მიუძღვენით ერთი დღე თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების ფიზიკური ასპექტების დაფასებას. თუკი სამყაროს დანახვას უარყოფითი თვალით ხართ მიჩვეული, ეს შეიძლება თავიდან არაგულწრფელი გეჩვენოთ — მაგრამ რაც უფრო მეტხანს იზამთ ამას, მით უფრო უკეთ მოახერხებთ ისეთი რაღაცების შემჩნევას, რაც მოგწონთ.
ასევე შეგიძლიათ სხეულის დაფასების თერაპიული სესია დაგეგმოთ მეგობრებთან ან თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად. გაუზიარეთ მათ, აბსოლუტურად გულწრფელად, თუ რა მოგწონთ მათ სხეულებში. შემდეგ ჰკითხეთ, რა მოსწონთ მათ თქვენს სხეულში. ამან შეიძლება თვალი აგიხილოთ იმ სილამაზეზე, რომელსაც უკვე ფლობთ, მაგრამ აქამდე არ შეგიმჩნევიათ.
► ვინაიდან ამ სავარჯიშოს მთავარი ფოკუსი სხეულია, გვინდა, შეგახსენოთ, რომ მნიშვნელოვანია საზღვრების დაცვა. გაითვალისწინეთ, ვის ესაუბრებით, და არ გასცდეთ მეგობრობისა და ზრდილობის ფარგლებს, თუკი იმ ადამიანისგან ამის თანხმობა არ გაქვთ. თავისუფლად შეიძლება ვინმეს სხეულის დაფასება ისე, რომ მის მიმართ სექსუალური მიზიდულობა არ გქონდეთ.
► იხილეთ აგრეთვე: რა არის სექსუალური შევიწროება? — მისი ფორმები, ამოცნობის გზები და მასთან გამკლავება
წყარო: WomanLog
გაიგეთ, რისი გაკეთება შეუძლია თქვენს სხეულს
თქვენს სხეულს რამდენიმე ძალიან პრაქტიკული თვისება აქვს და მათი დაფასება არც ისე ცუდი იდეაა.
დაფიქრდით, როგორ გაძლევთ თქვენი შეგრძნებები იმის საშუალებას, რომ გამოცადოთ მშვენიერი რაღაცები, იქნება ეს გემრიელი საჭმელი და საყვარელი ადამიანების ჩახუტება. დაფიქრდით თქვენს უნარებზე. შესაძლოა, კარგად გამოგდიოდეთ საჭმლის კეთება, წერა, ოთახის მოწყობა თუ რამე სხვა. იქნებ შეგიძლიათ ხმების მიბაძვა, პურის იდეალურად დაჭრა თუ ორი ჭიქის ზუსტად ერთი და იმავე რაოდენობის წყლით შევსება — არცერთი უნარი არ არის ზედმეტად პატარა დასაფასებლად.
► თუკი სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ, თქვენს სხეულს პატარა სამადლობელი წერილი დაუწეროთ იმ ყველაფრის გამო, რითაც ცხოვრების განმავლობაში დაგეხმარათ და მოგემსახურათ და დღემდე აგრძელებს ამას.
იზრუნეთ საკუთარ თავზე
თავს უკეთ იგრძნობთ, თუკი მას უკეთ მოექცევით. მენტალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, საკუთარი თავის თანაგრძნობისთვის ენერგიაა საჭირო, ამიტომ თქვენ დაგჭირდებათ კარგად კვება, დასვენება და სიყვარული, ასევე სახალისო და საინტერესო საქმეებით დაკავება თუ გამოწვევებთან შეჭიდება.
მენტალური ჯანმრთელობა და საკუთარი სხეულის აღქმა
ზოგჯერ რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, საკუთარი თავის დამოუკიდებლად შეყვარება არ შეგვიძლია. საზოგადოების ფოკუსი გარეგნობასა და სილამაზეზე ზოგჯერ ჩვენში მენტალური პრობლემების სახით ვლინდება.
სხეულის დისმორფული აშლილობა (ასევე ცნობილი, როგორც „სხეულის დისმორფია“) არის მენტალური აშლილობა, რომელიც იმდენად ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის მიერ საკუთარი თავის აღქმაზე, რომ მას ობსესია აქვს სხეულის ძალიან პატარა ან წარმოსახვით ნაკლოვანებაზე, რაც მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის. თუკი ეს ნაკლოვანება გაქრება, სხეულის დისმორფიის მქონე ადამიანების დაახლოებით ნახევარს რაღაც ახალი ობსესია უჩნდება სხეულის იმ ნაწილის მიმართ, რომელშიც მანამდე ამ ნაკლოვანებას ვერ ხედავდა.
საკუთარი სხეულის არაჯანსაღი აღქმა ასევე შეიძლება სხვადასხვა კვებითი აშლილობის საფუძველი გახდეს. ასეთებია, მაგალითად:
-
ნერვული ანორექსია (იგივე „ანორექსია ნერვოზა“; Anorexia Nervosa), რომელსაც ახასიათებს წონაში მატების მძაფრი შიში, ხოლო ანორექსიის მქონე ადამიანი იმდენად იზღუდავს კალორიების მიღებას, რომ სერიოზულად განიცდის სხეულში საკვები ნივთიერებების ნაკლებობას.
-
ნერვული ბულიმია (იგივე „ბულიმია ნერვოზა“; Bulimia Nervosa), რომელსაც ახასიათებს წონაში მატების მძაფრი შიში, ხოლო ბულიმიის მქონე ადამინი უკონტროლოდ ჭამს, შემდეგ კი კავდება საკომპენსაციო ქცევებით, რომლებიც მიღებული კალორიების ანაზღაურებას ისახავს მიზნად. ამ ქცევების სიაშია ღებინება, მარხვა, შიმშილობა, ზედმეტი ვარჯიში და საფაღარათო საშუალებების გამოყენება.
-
უკონტროლო კვების აშლილობა (ე.წ. „ბინჯ-ითინგი“; ინგლ. Binge eating disorder; შემოკლებით BED), რომლის დროსაც ადამიანი ჭარბი რაოდენობით ჭამს საკვებს, რასაც თან ახლავს კონტროლის დაკარგვის შეგრძნება. ის ყველაზე ხშირი კვებითი აშლილობაა.
-
პიკა, იგივე პიკაციზმი, ალოტრიოფაგია ან გაუკუღმართებული გემოვნება, რომლის დროსაც ადამიანს უნდება ისეთი რაღაცების ჭამა, რაც არ არის საკვები.
-
რუმინაციის დარღვევა (ინგლ. Rumination disorder), იგივე მერიციზმი, იშვიათი ქრონიკული მეტაბოლური დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანი მუცლის კუნთების უნებლიე შეკუმშვის გამო უნებურად ახდენს მიღებული საკვების ამოღებას, შემდეგ კი ხელახლა ღეჭავს მას და ან ყლაპავს ან აღებინებს.
-
შერჩევითი კვების აშლილობა, იგივე საკვების არიდების/შეზღუდვის აშლილობა (ინგლ. Avoidant/restrictive food intake disorder; შემოკლებით ARFID), რომლის დროსაც ადამიანს ან არ უყვარს/არ აინტერესებს საკვები ან ძალიან არ მოსწონს კონკრეტული ტიპის საჭმელების სუნი, გემო ან ტექსტურა.
► იხილეთ აგრეთვე:
თუკი იცნობთ ვინმეს, ვინც ამ აღწერებიდან რომელიმეში ჯდება, ან თუკი თქვენ თავად ფიქრობთ, რომ გაქვთ კვებითი აშლილობა, გთხოვთ, მიმართეთ პროფესიონალს — ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს.
არაფერია სამარცხვინო იმის აღიარებაში, რომ დახმარება გჭირდებათ. საკუთარი თავის მიღება ისეთი რამ არაა, რაც ასე პირდაპირ, ჯადოსნურად ხდება — ეს ძალიან რთული და მომთხოვნი პროცესია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს წლების განმავლობაში საკუთარი თავის გაკრიტიკებასთან ბრძოლას, ხშირად ოჯახის წევრების, თანატოლებისა თუ უცნობი ადამიანების მხრიდან გამოთქმული ფრაზებისა და დამოკიდებულებების წინააღმდეგაც. მაგრამ, ეს ერთი რამ გახსოვდეთ: თქვენ იმსახურებთ, რომ იყოთ ჯანმრთელად და კარგად, და ამის მისაღწევად საჭირო დრო და ენერგია ამად ნამდვილად ღირს.