Facebook Script

სექსუალური დისფუნქციები — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

სექსუალური დისფუნქციები (დარღვევები) აერთიანებს ისეთ პრობლემებს, რომლებიც შეიძლება სქესობრივი აქტის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლინდეს და ადამიანს სიამოვნების მიღებაში შეუშალოს ხელი. მსგავსი ტიპის პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია და ის სქესობრივად აქტიური ქალების 43%-ს გამოუცდია. სექსუალური დისფუნქციები განსხვავდება ასექსუალობისგან — ასექსუალობა არის სექსუალური ორიენტაცია, რომელიც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობას ან საერთოდ არქონას გულისხმობს. სექსუალური დისფუნქციები შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, ნებისმიერ დროს, თუმცა უფრო მეტად 40 წლიდან ვლინდება. 

ბევრ ადამიანი თვალს ხუჭავს ამ პრობლემაზე და არ სურს მასზე საუბარი. საბედნიეროდ, არსებობს სექსუალური დისფუნქციების მკურნალობის სხვადასხვა გზა და სასურველია, თუკი მალევე მიმართავთ ექიმს და თქვენს პარტნიორსაც პრობლემაზე გულწრფელად დაელაპარაკებით. 

რა სახის სექსუალური დისფუნქციები არსებობს? 

ხშირად, ადამიანებს სექსუალური დისფუნქციებისთვის თვალის გასწორება უჭირთ და თვლიან, რომ უბრალოდ უგუნებოდ არიან. რა თქმა უნდა, შეიძლება, არ იყოთ სექსის ხასიათზე, რაც სრულიად ნორმალურია. თუმცა, სექსუალური დისფუნქციები სხვა ტიპის პრობლემაა და ის, როგორც წესი, იყოფა ოთხ კატეგორიად:

  1. სექსის სურვილის არქონა ან ნაკლები ინტერესი

  2. სქესობრივი აქტის დროს აღგზნების სირთულე

  3. ორგაზმის მიღწევის სირთულე

  4. ტკივილი სქესობრივი აქტის დროს

სექსუალური დისფუნქციები და ქალები

ქალებში ბევრი ფაქტორი იწვევს დისკომფორტს ან ტკივილის შეგრძნებას სექსის დროს — მაგალითად, ლუბრიკაციის (სისველის) ნაკლებობა ან სტრესი. შესაძლებელია ისიც, რომ ვაგინიზმის — სექსუალური დარღვევა, რომლის დროსაც ვაგინის კუნთები უნებლიეთ იკუმშება, რაც ნებისმიერი სახის პენეტრაციას ქალისთვის ძალიან მტკივნეულს ხდის — გამო ქალს უჭირდეს სექსობრივი აქტით დაკავება ან საერთოდ არ ჰქონდეს სექსი. გარდა ამისა, ასაკის მატებასა და მენოპაუზასთან ერთად სხეულში ეცემა ესტროგენის — ქალის სექსუალური ჰორმონი —  დონე, რაც გენიტალიებზე კანის გათხელებას იწვევს. ამ დროს რთულად გამოიყოფა ვაგინალური სითხე და თხელდება საშოს კედლებიც.

ქალებში სექსუალური დისფუნქციების ფორმებს შორისაა:  

  • ანორგაზმია — ორგაზმის მიღწევის სირთულე ან საერთოდ ვერგანცდა;

  • დისპარეუნია — ტკივილი სექსის დროს;

  • ჰიპოაქტიური სქესობრივი ლტოლვის დარღვევა (HSDD) — სექსის სურვილის ნაკლებობა ან დაბალი ლიბიდო;

  • აღგზნების დარღვევა — სქესობრივი აქტის ნებისმიერ ეტაპზე აღგზნების სირთულე;

  • სქესობრივი აქტის დროს ლუბრიკაციის (სისველის) ნაკლებობა ან სიჭარბე;

  • სექსის დროს ვაგინის კუნთების მოდუნების სირთულე.

სექსუალური დისფუნქციების გამომწვევი მიზეზები

სექსუალური დისფუნქციები შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფიზიკურმა, ასევე ფსიქოლიურმა ფაქტორებმა.

ჩვენი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენსავე სქესობრივ ცხოვრებაზე. სწორე ამიტომ, სექსუალურ დისფუნქციებს არაერთი ფიზიკური პრობლემა იწვევს, მაგალითად:

  • დიაბეტი

  • გულის დაავადებები

  • ჰორმონალური დარღვევები

  • ქრონიკული დაავადებები

  • თირკმლისა და ღვიძლის პრობლემები

  • გარკვეული მედიკამენტების მიღება

  • ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ხშირი მოხმარება

  • ანტიდეპრესანტები 

წყარო: Gillian Levine / Dribbble

ფსიქოლოგიური ფაქტორები კი, რომლებმაც შესაძლოა სექსუალური დისფუნქციები გამოიწვიოს, არის:

  • სტრესი

  • შფოთვა

  • ნერვიულობა და შფოთვა სექსზე

  • პრობლემური ან ტოქსიკური ურთიერთობა

  • დეპრესია

  • სექსუალური ტრავმა წარსულიდან

  • შფოთვა საკუთარ სხეულზე და სხეულის მიუღებლობა

მნიშვნელოვანია, რომ, პირველ ყოვლისა, დადგინდეს სექსუალური დარღვევის გამომწვევი მიზეზი, რათა შესაბამისი მკურნალობა დაინიშნოს.

სექსუალური დისფუნქციების მკურნალობა

როდესაც თქვენს სქესობრივ ცხოვრებაში პრობლემა ჩნდება, ეს შფოთვის მიზეზი ხდება თქვენთვისაც და თქვენი პარტნიორისთვისაც. სიტუაცია შეიძლება გამწვავდეს, თუკი ამ პრობლემაზე არ ისაუბრებთ და დროულად არ იპოვით მისი გადაჭრის გზებს. თუ პარტნიორთან ღიად საუბარი ვერ გადაჭრის პრობლემას, მაშინ აუცილებელია, მიხვიდეთ ექიმთან. ამ დროს მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ექიმი დაწვრილებით გამოგკითხავთ სხვადასხვა საკითხზე, მაგალითად, წარსულში ხომ არ გქონდათ მსგავსი ან სხვა სახის სექსულური პრობლემა ან იღებთ თუ არა რომელიმე მედიკამენტს.

სქესობრივი დისფუნქციების მკურნალობის რამდენიმე გზა არსებობს. მნიშვნელოვანია, დადგინდეს, დისფუნქცია ფიზიკური პრობლემისგან წარმოიშვა თუ ფსიქოლოგიურისგან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მკურნალობის მეთოდის არჩევა. სექსუალური დისფუნქციების მკურნალობის სხვადასხვა გზა არსებობს, მათ შორის:

მედიკამენტოზური მკურნალობა: თუკი, სექსუალური დისფუნქცია რომელიმე კონკრეტული მედიკამენტის მიღებამ გამოიწვია, აუცილებელია, რომ ექიმს ესაუბროთ მის შეცვლაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც სექსუალური დისფუნქციის პრობლემა ჰორმონებთანაა დაკავშირებული, ინიშნება იმ ტიპის მედიკამენტები, რომლებიც აბალანსებს ჰორმონებს თქვენს ორგანიზმში (მაგალითად, ესტროგენის თერაპია).

სექსუალური თერაპია: სექსუალური თერაპია ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი სახეობაა და ის ეხმარება წყვილებს ან ცალკეულ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ თავისი სქესობრივი ცხოვრება სექსუალური პრობლემების გარეშე წარიმართოს. ხშირად რთულია ორგაზმის მიღწევის სურთელეებსა თუ სურვილისა და მღელვარების ნაკლებობაზე საუბარი, თუმცა პროფესიონალი თერაპევტის დანიშნულება სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაა.

ფსიქოთერაპია: თუ სექსუალური დისფუნქცია ფსიქოლოგიურ პრობლემას უკავშირდება, მაშინ ფსიქოთერაპია ნამდვილად კარგი გზაა ამ სირთულის გადასალახად. შფოთვა, შიში, საკუთარი სხეულის მიუღებლობა და წარსულის ტრავმა გადალახვადი და დაძლევადია, რითაც გააუმჯობესებთ თქვენს სექსუალურ ცხოვრებას.

ჯანსაღი ცხოვრების წესი: ხშირად ექიმები გვირჩევენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ და შევამციროთ ისეთი ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ალკოჰოლი. სექსუალური დისფუნქციების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ნარკოტიკების და ალკოჰოლის ხშირი მოხმერება, ამიტომ თუ პრობლემა აქედან მოდის, მაშინ მნიშვნელოვანია ცხოვრების სტილის გაუმჯობესება.

დამხმარე საშუალებების გამოყენება: ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს, რომლის საშუალებითაც თქვენი სქესობრივი ცხოვრება გამარტივდება. მაგალითად, თუ ვაგინის სიმშრალე გაწუხებთ, შეგიძლიათ სქესობრივი აქტის დროს ლუბრიკანტი გამოიყენოთ. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუკი ორგაზმის მიღწევა გიჭირთ, შეგიძლიათ ვიბრატორის გამოიყენება სცადოთ.

ინფორმაცია: სექსუალური განათლების მიღება და იმის ცოდნა, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, აუცილებელია ჯანსაღი სქეოსობრივი ცხოვრებისთვის. მსგავსი ინფორმაციით შეძლებთ გაარჩიოთ სექსუალური დისფუნქცია უხასიათობისგან და დროულად მიმართოთ ექიმს.

კომუნიკაცია: მნიშვნელოვანია, პრობლემის დაფიქსირებისა და აღმოჩენისთანავე არ დამალოთ ის და გულახდილი კომუნიკაცია გქონდეთ თქვენს პარტნიორთან. თუ გსურთ, რომ პრობლემა პარტნიორისგან დამოუკიდებლად გადაჭრათ, ამ შემთხვევაშიც სანდო ადამიანს ესაუბრეთ ამის შესახებ, რათა შფოთვები მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან და არ გქონდეთ იმისი განცდა, რომ ყველაფერს მარტო უმკლავდებით.

ხშირად ექიმები ირჩევენ კომბინირებულ მკურნალობას, რომელიც ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრაზე პარალელურად არის ორიენტირებული.

ცხოვრება სექსუალი დისფუნქციით უმეტესად დისკომფორტში ცხოვრებას ნიშნავს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ეს პრობლემა გადაჭრადია. ფიზიკური პრობლემები მარტივად მოგვარებადია, ხოლო ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრას უფრო დიდი დრო სჭირდება. ისიც შესაძლებელია, რომ ადამიანს ისეთი ტრავმა ჰქონდეს, რომელიც ბოლომდე არ გადაილახება, თუმცა თერაპიის დახმარებით თქვენს ზოგად მდგომარეობასა და ყოველდღიურობას საგრძნობლად  გააუმჯობესებთ.

მთავარი სურათი: ანიკი გელაშვილი / Femea

მსგავსი სტატიები

ერექცია, დისფუნქცია, დარღვევა, კაცი, ქალი, სექსი, ორგაზმი, ადგომა, ereqcia, disfunqcia, dargveva, kaci, qali, partniori, პარტნიორი, seqsi, orgazmi, adgoma, პენისი, ასო

ერექციული დისფუნქცია — რა უნდა იცოდეთ თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობაზე

ერექციული დისფუნქცია — მისი სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, შესაძლო რისკ-ფაქტორები, ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის გავლენა და მკურნალობის გზები. როგორ დავეხმაროთ პარტნიორს ერექციული დისფუნქციის დაძლევაში?

სექსუალური დარღვევები
დისპარეუნია, ტკივილი, სექსი

ტკივილი სექსის დროს, ანუ დისპარეუნია — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

მტკივნეული პენეტრაცია, ანუ დისპარეუნია, არის მუდმივი ან განმეორებითი გენიტალური — სასქესო ორგანოს — ტკივილი, რომელიც სქესობრივ აქტამდე, მის დროს ან მის შემდეგ ხდება.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

სექსუალური დისფუნქციები — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია