Facebook Script

მენჯის ანთებითი დაავადება (PID) — რა უნდა ვიცოდეთ?

მენჯის ანთებითი დაავადება (ინგლ. Pelvic Inflammatory Disease, იგივე PID) ინფექციაა, რომელიც საშვილოსნოში, ფალოპის მილებსა და საკვერცხეებში ვრცელდება. როგორც წესი, მას სექსუალური გზით გადამდები ინფექციები (სგგი) იწვევს. ყველაზე ხშირ სიმპტომებს შორისაა ტკივილი მუცლის ქვედა არეში და ვაგინალური გამონადენი. PID განკურნებადია, თუმცა მის უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში შესაძლო გართულებებთან — როგორიცაა, მაგალითად, უშვილობა — ბრძოლა საკმაოდ რთულია.

PID რეპროდუქციული სისტემის საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, რომელიც ვაგინალური ბაქტერიისაგან ჩნდება ხსენებულ შიდა ორგანოებში. მართალია, ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი სგგი-ებია, თუმცა არსებობს იმის შანსი, რომ PID სხვა ტიპის ვაგინალურმა ბაქტერიებმაც გამოიწვიოს.

როგორც უკვე აღინიშნა, თუ სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ PID-ის გამოვლინებებს (ხშირ და აუხსნელ ტკივილს მუცლის ქვედა არეში, უკონტროლო ვაგინალურ გამონადენს), შესაძლოა, გაჩნდეს შვილოსნობის პრობლემებიც.

► აშშ-ში დაავადება ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტ ქალს ემართება და არასრული მკურნალობის გამო დაახლოებით 100 000 მათგანი ხდება უნაყოფო. PID-ის ყველაზე ხშირი ასაკობრივი ინტერვალია 15-იდან 25 წლამდე.

მენჯის ანთებითი დაავადების (PID) სიმპტომები

არსებობს შანსი, რომ PID-ის გაჩენა და მიმდინარეობა სრულიად შეუმჩნეველი იყოს, რადგან მისი სიმპტომები, უმეტესწილად, საშუალო სიმძლავრის ან შეუმჩნეველია:

  • მუცლის ტკივილი ან/და ზედმეტი მგრძნობელობა PID-ის ყველაზე ხშირი სიმპტომია. ტკივილი თავს იჩენს მუცლის ქვედა ნაწილში, მენჯთან ახლოს, და მას თან ხშირად ახლავს ანთებისგან გამოწვეული შებერილობაც. ამ უსიამოვნო შეგრძნებას აღწერენ როგორც მკაფიოდ გამოხატულს, ისე ყრუს. სექსის დროს, შესაძლოა, ღრმა და ჩვეულებრივზე დიდმა ტკივილმაც იჩინოს თავი მენჯის ნაწილში;

  • უჩვეულო გამონადენი, ჩვეულებრივ, ყვითელი ან მწვანე, არასასიამოვნო სუნით;

  • კანკალი ან/და სიცხე;

  • გულისრევა ან/და ღებინება;

  • დისპარეუნია, ანუ ტკივილი სექსის დროს;

  • წვის შეგრძნება შარდვისას;

  • არეული ციკლი ან/და წერტილოვანი სისხლდენა/ტკივილი თვის მანძილზე.

მენჯის ანთებითი დაავადების (PID) გამომწვევი მიზეზები

როგორც უკვე აღინიშნა, PID-ს რეპროდუქციულ ტრაქტში გავრცელებული ბაქტერიები იწვევს. ეს ბაქტერიები ვაგინიდან საშვილოსნოს ყელის გავლით ხვდებიან საკვერცხეებში, ფალოპის მილებსა და უშუალოდ საშვილოსნოში. ჩვეულებრივ, საშვილოსნოს ყელი დანარჩენ რეპროდუქციულ ორგანოებს იცავს ბაქტერიებისაგან, თუმცა, არსებობს მათი ისეთი ტიპები, რომლებსაც ის ვერ უმკლავდება.

ბაქტერიის საკმაოდ ბევრ სახეობას შეუძლია PID-ის განვითარება, თუმცა გონორეა და ქლამიდია (ქლამიდიოზი) ამ მხრივ ყველაზე სარისკო ინფექციებია, რომლებიც დაუცველი სექსის შედეგად ვრცელდება ორგანიზმში და PID-ის სამედიცინოდ რეგისტრირებული შემთხვევებიდან 90% სწორედ მათზე მოდის.

სხვა კლასის ბაქტერიები ნაკლები სიხშირით იწვევენ PID-ის, თუმცა მათი გაჩენა ორგანიზმში მაინც სავსებით შესაძლებელია და, როგორც წესი, შემდეგი მოვლენები იწვევს:

  • მშობიარობა;

  • ქირურგიული ჩარევა მენჯის ნაწილში;

  • მუცლის მოშლა;

  • საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა (IUD), იგივე „სპირალი“ —  სპილენძის გამომყოფი საშუალება, რომელიც დაორსულებისაგან იცავს ქალს 5-დან 10 წლამდე — ინფექციის გავრცელების ყველაზე დიდი რისკი არის ჩადგმიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. 

► თუ გამომწვევი მიზეზი გონორეა ან ქლამიდიაა, დაავადება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის შუალედში ვითარდება, ხოლო თუ რაიმე სხვა ინფექციაა პასუხისმგებელი, შესაძლოა, მას რამდენიმე თვეც დასჭირდეს.

მენჯის ანთებითი დაავადების (PID) რისკ-ფაქტორები

PID-ის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ადამიანები:

  • რომლებსაც აქვთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, განსაკუთრებით გონორეა და ქლამიდია

  • რომლებსაც ჰყავთ ბევრი სექსუალური პარტნიორი ან/და ისეთი პარტნიორი, რომელსაც თავად აქვს სექსი ბევრ ადამიანთან

  • რომლებსაც წარსულში უკვე აქვთ გადატანილი PID;

  • რომლებიც 25 წელს ქვევით არიან და არიან სექსუალურად აქტიურები;

  • რომლებსაც დასჭირვებიათ ქირურგიული ჩარევა მენჯის ნაწილში (მაგალითად, მილების ლიგირება).

მენჯის ანთებითი დაავადების (PID) გართულებები

რაც უფრო დიდხანს დატოვებთ დაავადებას უკონტროლოდ და მკურნალობის გარეშე, ბუნებრივია, იზრდება გართულებების საშიშროებაც. არსებობს შანსი, რომ ინფექცია ფალოპის მილის ქსოვილს შიგნიდან დააზიანებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა:

  • ქრონიკული ტკივილი მენჯის არეში — დაავადების ყველაზე ხშირი გართულება, რომელიც პაციენტების დაახლოებით 20 პროცენტს აწუხებს.

  • საშვილოსნოსგარე ორსულობა — დაზიანებული ქსოვილი განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს ხელს უშლის, გადაადგილდეს საშვილოსნოში, რის შედეგადაც ი ფალოპის მილის შიგნით აგრძელებს განვითარებას. ორსულობის ეს ტიპი საგრძნობლად ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც PID აწუხებთ.

  • უნაყოფობა — PID-ის პაციენტების დაახლოებით 10% ხდება უნაყოფო, რადგან ნაწიბურიანი ქსოვილები ხელს უშლის ფალოპის მილებიდან კვერცხუჯრედის გამოყოფას.

  • ტუბოოვარიალური აბსცესი/ჩირქგროვა — ამ გართულებამ, შესაძლოა, პაციენტის სიცოცხლესაც შეუქმნას საფრთხე. 

მენჯის ანთებითი დაავადების (PID) დიაგნოსტირება

რეკომენდებულია, რომ პროფესიონალთან ვიზიტი PID-ის სიმპტომების გამოჩენისთანავე ჩანიშნოთ. ამ დაავადებისათვის არ არსებობს უნივერსალური დიაგნოსტირების საშუალება და, როგორც წესი, ექიმი შემდეგი მეთოდებით სვამს დიაგნოზს:

  • სამედიცინო ისტორიის შემოწმება — მათ შორის ჯანმრთელობის ზოგადი მიმოხილვა და სექსუალური აქტივობისა და სიმპტომების განხილვა;

  • ვაგინალური გამონადენის გამოკვლევა;

  • კოლპოსკოპია — საშოსა და საშვილოსნოს ყელის დათვალიერება.

ყველაზე ხშირად ჩატარებული კვლევების გარდა, შესაძლოა, საჭირო გახდეს:

  • სისხლის საერთო ანალიზი;

  • შარდის საერთო ანალიზი — რათა გამოირიცხოს საშარდე გზების ინფექციები (ინგლ. Urinary Tract Infections, იგივე UTI), რომლებიც მსგავს სიმპტომებს იწვევს;

  • რეპროდუქციული სისტემის ექოსკოპია;

  • ლაბორატორიული ტესტირება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე.

იშვიათ შემთხვევებში საჭირო ხდება:

  • ენდომეტრიული ბიოფსია — უფრო სერიოზული დაავადებების გამოსარიცხად;

  • ლაპარასკოპია — რეპროდუქციული სისტემის უფრო ცხადი სურათის შესაქმნელად, თუკი ექიმს ექოსკოპიის, კოლპოსკოპიისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგები დიაგნოზის დასასმელად არ ჰყოფნის.

მენჯის ანთებითი დაავადების (PID) მკურნალობა

როგორც წესი, ექიმები PID-ის სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს ნიშნავენ, რომელთა მიღებაც, ჩვეულებრივ, 14 დღის განმავლობაშია საჭირო. ჩვეულებრივ, სიმპტომები ინფექციის სრულ გაქრობამდე ნელდება და საჭიროა, რომ პაციენტი მკურნალობას ბოლომდე მიჰყვეს. 

არსებობს შემთხვევებიც, როდესაც სიმპტომების სიმძაფრე არ უმჯობესდება ანტიბიოტიკების მიღებასთან ერთად და საჭიროა, რომ სხვა ტიპის მედიკამენტები დაინიშნოს. ეს აუცილებლობა მაშინაც იჩენს თავს, თუკი პაციენტი არის ორსულად ან მას ინფექციის ძალიან მწვავე ფორმა აქვს. ქირურგიული ჩარევები PID-ის შემთხვევაში იშვიათია, თუმცა თუ დაავადება აბსცესში იზრდება, მსგავსი სამედიცინო ჩარევა გარდაუვალია.

► აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ მკურნალობის პერიოდში არანაირი სექსუალური აქტივობა არ შეიძლება, მკურნალობის დასრულების შემდეგ კი მხოლოდ დაცული სექსია რეკომენდებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია სექსუალურ პარტნიორ(ებ)თან ამ დაავადების შესახებ, რათა მათაც მიიღონ მათთვის განკუთვნილი მკურნალობის დოზა. სხვა შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ ინფექციებმა თავიდან იჩინონ თავი.

მენჯის ანთებითი დაავადების (PID) თავიდან აცილება

როგორც აღინიშნა, PID-ის მთავარი გამომწვევი მიზეზი დაუცველი სექსისგან გაჩენილი ინფექციებია. შესაბამისად, მსგავსი ინფექციების თავიდან არიდება დაავადების გაჩენის რისკსაც ამცირებს. სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან თავის დასაცავად საუკეთესო მეთოდებია:

  • ნაკლები სექსუალური პარტნიორის ყოლა;

  • დაცული სექსი კონტრაცეფციული მედიკამენტების მიღების შემთხვევაშიც;

  • სწრაფი რეაგირება სიმპტომების (უჩვეულო ვაგინალური გამონადენი, მენჯის ტკივილი, არამენსტრუალური სისხლდენა) გამოჩენის შემთხვევაში;

  • რეგულარული სამედიცინო შემოწმებები — გინეკოლოგიური გამოკვლევისას ინფექციის აღმოჩენა საშვილოსნოს ყელშიც არის შესაძლებელი, რაც მის გავრცელებას შეუშლის ხელს.

► საუკეთესო გზა, რომ მაქსიმალურად შეამციროთ PID-ის გაჩენის რისკი, არის როგორც რეგულარული ექოსკოპიური და კოლპოსკოპიური გამოკვლევები, ისე, ახალი სექსუალური პარტნიორის გაჩენის შემთხვევაში, ორივე თქვენგანის ხელახალი ლაბორატორიული გამოკვლევა სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებზე.

როგორ ვიზრუნო საკუთარ თავზე, თუკი მენჯის ანთებითი დაავადება (PID) მაქვს?

ბუნებრივია, რომ ყველაზე სასარგებლო, რისი გაკეთებაც PID-ის სიმპტომებიან ადამიანს შეუძლია, არის ექიმთან გასაუბრება, გამოკვლევა და მკურნალობა, თუმცა არსებობს საკუთარ თავზე ზრუნვის სხვა ხერხებიც:

  • მოერიდეთ ვაგინის შიგნიდან დაბანას, რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიის გავრცელება ფალოპის მილებისა და საშვილოსნოსაკენ;

  • მედიკამენტური მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მიუბრუნდით ექიმს, რომ დარწმუნდეთ მკურნალობის ეფექტურობაში;

  • მიიღეთ მედიკამენტები დანიშნულებისამებრ;

  • გამოიყენეთ პრეზერვატივი ან თავდაცვის სხვა საშუალება სექსუალური კონტაქტისას სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) თავიდან ასაცილებლად;

  • მედიკამენტური მკურნალობის დასრულების შემდეგ მინიმუმ ერთი კვირა თავი შეიკავეთ სექსუალური აქტივობისაგან.

რა კითხვები უნდა დავუსვა ექიმს?

PID-ის დიაგნოზის ოფიციალურად დასმის შემდეგ, ექიმს კითხეთ:

  • რა ტიპის მკურნალობა დაგჭირდებათ;

  • დაგჭირდებათ თუ არა განმეორებითი შემოწმებები/კვლევები;

  • იმოქმედებს თუ არა დაავადება ნაყოფიერებაზე;

  • რა შესაძლო გართულებები შეიძლება მოჰყვეს დაავადებას თქვენს შემთხვევაში;

  • როდის შეგეძლებათ სექსუალური ცხოვრების გაგრძელება;

  • რა უნდა გააკეთოთ, რომ თავიდან აიცილოთ PID-ის ხელახალი გაჩენა.

ხშირად დასმული კითხვები

თუ PID მაქვს, ვეღარ დავორსულდები? — დადასტურებულია, რომ დაავადება მოქმედებს ნაყოფიერებაზე. ყოველი 8 პაციენტიდან 1 უნაყოფო ხდება ან რთულად ორსულდება. დაავადების რამდენჯერმე გადატანის შემთხვევაში ეს პრობლემა კიდევ უფრო რთულდება, თუმცა სწორედ მსგავსი გართულებების თავიდან ასაცილებლად არის აუცილებელი სიმპტომების გამოჩენისთანავე ექიმთან კონსულტაცია. PID-ის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა ყველანაირ სახიფათო განვითარებას აბრკოლებს.

კონკრეტულად როგორ ზემოქმედებს დაავადება ნაყოფიერებაზე? — ბაქტერიები აზიანებენ ფალოპის მილების შიდა ქსოვილებს, რაც კვერცხუჯრედის საკვერცხიდან მილამდე გადაადგილებას უშლის ხელს. ამ ეტაპის გამოტოვება კი ნიშნავს, რომ სპერმა ვერ გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს.

შეიძლება, რომ დაავადება განმეორდეს? — კი, სავსებით შესაძლებელია.  

თუ PID გადავიტანე, შემიძლია, განვაგრძო სექსუალური ცხოვრება? — ანტიბიოტიკების სრული კურსის ჩატარების შემდეგ, სულ მცირე ერთი კვირა მაინც უნდა შეიკავოთ თავი სექსისაგან. ეს ხელს უშლის ინფექციის ხელახალ შეჭრას რეპროდუქციულ სისტემაში.

დაავადების გაჩენისთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა პარტნიორის სქესს? — არა, რადგან დაავადების გამომწვევი ბაქტერია შეიძლება ბუდობდეს როგორც პენისზე, ისე ვაგინაზე.

შეიძლება, რომ PID სექსუალურად გადამდები ინფექციების გარეშეც გაჩნდეს? — კი, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება, რომ რეპროდუქციულ სისტემაში მოხვდეს ვაგინაში მოხვედრილი/არსებული სხვა ტიპის ბაქტერია.

► გახსოვდეთ, რომ მენჯის ანთებითი დაავადება საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში დროულად მიმართოთ ექიმს და გაიაროთ შესაბამისი მკურნალობა.

გამოყენებული წყარო:

სტატიის მთარგმნელი: მარიამ რაზმაძე

მთავარი სურათი: dtap

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

შერცხვენა სიმსუქნის გამო, Fat Shaming, წონა, დაცინვა, ბულინგი

შერცხვენა სიმსუქნის გამო და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე

რას ნიშნავს შერცხვენა სიმსუქნის გამო და რა გავლენა აქვს ამ ტიპის ქცევას ადამიანებზე? — ჭარბი წონის გამო ადამიანების დაცინვა, გარიყვა და ათვალწუნება

ჩემი სხეული
სილამაზის სტანდარტები, ფემინიზმი, ქალები, ბულინგი

ვიზუალურ სტანდარტებთან ბრძოლა — ფემინიზმის ანბანი

სხვადასხვა დროსა და ხალხში განსხვავებული წარმოდგენები არსებობდა იმის შესახებ, თუ რა არის სილამაზე და როგორია ქალის იდეალური სხეული. ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს ქალი ამ სტანდარტებს, ხშირად მისი სოციალური სტატუსის განმსაზღვრელიც კი არის.

ჩემი სხეული
ქალები, თმა, გაპარსვა, ეპილაცია

რატომ იშორებენ ქალები თმას?

სხეულიდან თმის მოშორება ქალებისთვის ხშირად შხაპის რუტინის სტანდარტული ნაწილია. თუმცა, იყო დრო, როცა ეს პროცესი საერთოდაც არ მიიჩნეოდა ნორმად და მის კულტურულ ევოლუციას თავისი ისტორია აქვს.

ჩემი სხეული
შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

მენჯის ანთებითი დაავადება (PID) — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია