Facebook Script

შეხების წყურვილი — პანდემიის გვერდითი მოვლენა

13 დეკემბერი, 2021 | ჩემი ფსიქიკა

ადამიანებს სოციალური ინტერაქციების ბუნებრივი მოთხოვნილება გვაქვს, მათ შორის ფიზიკური შეხების. შეხება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის კეთილდღეობისთვის. თუმცა, ვინაიდან COVID-19-ის პანდემია სოციალური დისტანციის დაცვას გვავალდებულებს, ბევრ ჩვენგანს შეხების წყურვილი აწუხებს. რა შედეგები მოყვება ამას და შესაძლებელია თუ არა შეხების ნაკლებობის ანაზღაურება?

ხელის ჩამორთმევით დაწყებული და ჩახუტებით დამთავრებული, სხვებთან კომუნიკაციის უამრავი გზა არსებობს, რომლითაც გაუაზრებლად ვიკმაყოფილებთ შეხების საჭიროებას. ახლა კი კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად ჩვენი ყოველდღიური ჩვევების შეცვლა გვიწევს. მიუხედავად ამისა, ფიზიკური კონტაქტი ადამიანის ერთ-ერთი მთავარი საჭიროებაა და მის გარეშე კიდევ უფრო უარესდება ის იზოლირებულობა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი უკვე გრძნობს.

მეცნიერება გვეხმარება იმის გააზრებაში, თუ რატომ არის სოციალური მხარდაჭერა და ადამიანებთან კონტაქტი საკვანძო ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით სტრესისა და გაურკვევლობის დროს.

► შეხება შეგრძნებებს შორის ყველაზე პრიმიტიულია. ის პირველი გრძნობაა, რომელიც გვიჩნდება, და ორსულობის მერვე კვირიდან უკვე არსებობს.

სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური კონტაქტი ბავშვობაში, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უწყობს:

  • კოგნიტიური და ფიზიკური უნარების გაუმჯობესებას

  • იმუნური სისტემის გაძლიერებას

  • აგრესიის შემცირებას

► მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ შეხება სხვის პირად სივრცეში შესვლას გულისხმობს, რაც არასდროს არ უნდა გავაკეთოთ ადამიანის თანხმობის გარეშე.

შეხების დადებითი ეფექტები

სოციალურ მხარდაჭერას — ურთიერთობებს, რომლებიც ადამიანს უზრუნველყოფს თანაგრძნობით, მზრუნველობითა და დაცულობით, თან კი ზრდის მის გამძლეობასა და თვითშეფასებას — ბევრი დადებითი ეფექტი აქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. 

სხვებთან კავშირის ქონის შეგრძნება, განსაკუთრებით ფიზიკური კონტაქტის გზით, სტრესის უარყოფითი ეფექტებისგანაც კი გვიცავს. ძლიერი სოციალური მხარდაჭერა და ინტიმური ფიზიკური კონტაქტი, მაგალითად, ჩახუტება, აძლიერებს იმუნურ სისტემას და შეუძლია, ინფექციებისგანაც კი დაგვიცვას. საყვარელ და სანდო ადამიანთან ფიზიკური შეხება ასტიმულირებს პარასიმპათეთიკურ ნერვულ სისტემას, რომელსაც სხეული სიმშვიდისა და დასვენების მდგომარეობაში გადაყავს. შეხების საპასუხოდ ნელდება გულისცემა, მცირდება სისხლის წნევა, იკლებს კორტიზოლის — სტრესის ჰორმონის — დონე და სხეული გამოყოფს ოქსიტოცინს — სიყვარულისა და სითბოს ჰორმონს.

ცუდად მყოფი ადამიანის ხელის ხელში აღებაც კი მას სირთულეების გადალახვაში დაეხმარება. თანაც ეს იმდენადვე სასარგებლოა ერთისთვის, რამდენადაც მეორისთვის — შეხებას ორმხრივი დადებითი ეფექტი აქვს.

სოციალური იზოლაციის გრძნობების შესამცირებლად უცნობი ადამიანის ნაზი შეხებაც კი საკმარისია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უფრო ხშირად უწევთ იზოლაცია, მაგალითად, ასაკოვნებსა და მათ, ვინც ხალხის გარემოცვაში უხერხულად გრძნობს თავს. შეხების ნაკლებობა, როგორც წესი, კაცებს გაცილებით მეტად აწუხებთ ქალებთან შედარებით, რაც ნაწილობრივ იმითაა გამოწვეული, რომ გავრცელებული არაჯანსაღი მასკულინური იდეალები პლატონურ — ანუ მზრუნველ, მაგრამ სექსუალობისგან დაცლილ — შეხებას აბრკოლებს.

საკუთარი თავისგან ფიზიკური სითბოს მიღება ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ მუდმივად ვანუგეშებთ საკუთარ თავებს — ვიზელთ შუბლს, ვისრესთ ხელებს, ვივარცხნით თმას, ხელს ვუსვამთ ყელს. ეს სექსუალურ შეხებაზეც ვრცელდება — მასტურბაცია შეიძლება შვების მომგვრელი შეხება იყოს, როგორც სტრესის შემცირების, ისე ლტოლვის დაკმაყოფილების მიზნით.

სურათი: WomanLog

შეხების წყურვილთან გამკლავება

პანდემიამდე პლატონური შეხების მისაღებად კარგი გზა იქნებოდა მასაჟი, პედიკური ან მანიკური, სტილისტთან მისვლა, ცეკვის გაკვეთილებზე სიარული და ა.შ. თუმცა ამჟამად ასეთი აქტივობები ნაკლებადაა ხელმისაწვდომი, თუკი უსაფრთხოდ დარჩენა გვინდა.

კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ახალ რეალობაში მათ, ვინც ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა (შშმ პირები, ქრონიკულად დაავადებული ან ასაკოვანი ხალხი), ყველაზე მეტად ესაჭიროებათ იზოლაცია და აწუხებთ შეხების წყურვილი. ამ ადამიანებს — კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში, განსაკუთრებით თუ მარტო ცხოვრობენ — ყველაზე მეტად აკლიათ ფიზიკური კონტაქტი, რადგან შვილებთან, შვილიშვილებთან, მეგობრებსა თუ სხვა ნაცნობებთან კონტაქტი შეზღუდული აქვთ.

► ადამიანი, რომელსაც შეხების წყურვილი აწუხებს, შეიძლება ძალიან მარტოსულად ან ზრუნვას მოკლებულად გრძნობდეს თავს. ამ სიმპტომებმა შეიძლება გაამწვავოს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა დეპრესია, შფოთვა, სტრესი და უძილობა.

მართალია, ადამიანებთან დისტანციურად კონტაქტი მარტოობასთან გამკლავებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, მაგრამ აშკარაა, რომ ვერც მობილურზე ლაპარაკი, ვერც ონლაინ მიმოწერა და ვერც რაიმე სახის ინტერაქციული მედია ვერ ანაცვლებს ადამიანის შეხებას. ადამიანის კანი უნიკალური და ჩაუნაცვლებელია. კანი ხშირად უყურადღებოდ გვრჩება, თუმცა ის ძალიან სპეციალიზებული ორგანოა, შეხების შეგრძნება კი წარმოუდგენლად კომპლექსური პროცესია.

მაშინ როგორ უნდა ვანუგეშოთ საკუთარ თავს, თუკი მარტო ვართ? აი, რამდენიმე ვარიანტი:

  • გაიხსენეთ წარსულში მომხდარი ის სიტუაციები, რომლებიც ფიზიკურ შეხებას მოიცავდა. ადამიანის სხეულს ძალიან კარგად შეუძლია წარმოსახვისგან რეალური სარგებლის მიღება.

  • მიიღეთ ხანგრძლივი ცხელი შხაპი ან აბაზანა და იგრძენით, როგორ ეხება წყალი თქვენს სხეულს.

  • ჩაეხუტეთ ბავშვობის სათამაშოს ან გაეხვიეთ თბილ საბანში — მძიმე, თბილი საბნები ზოგ ადამიანს შფოთვისა და მოუსვენრობის დაძლევაში ეხმარება.

  • თუკი შინაური ცხოველი გყავთ, უფრო მეტი დრო გაატარეთ მასთან; მაგალითად, კატის ან ძაღლის მოფერება ძალიან სასარგებლოა როგორც შინაური ცხოველისთვის, ისე ადამიანისთვის.

  • კარგად მოათვალიერეთ სახლი: იქნებ გამორჩეულად რბილი და ნაზი ქსოვილის ზედა გაქვთ, რომლის ჩაცმაც შეგიძლიათ, ან სპეციფიკური ტექსტურის ყდის მქონე წიგნი, რომლის ხელში დაჭერაც გესიამოვნებათ.

  • გამორჩეულად თბილად მოექეცით საკუთარ სხეულს — გაანებივრეთ საკუთარი თავი საშინაო სპათი, ლამაზი მანიკურით ან თვითმასაჟით; გააკეთეთ ისეთი ფიზიკური სავარჯიშოები, რომლებიც დასვენებისა და ენერგიის აღდგენის საშუალებას მოგცემთ; ან, თუკი ამის ხასიათზე იქნებით, დაკავდით მასტურბაციით.

ზოგი ადამიანი განიცდის ავტონომურ სენსორულ მერიდიანულ რეაქციას (ASMR) — თრთოლვისმაგვარ შეგრძნებას, რომელიც, ჩვეულებრივ, თავის ზედა ნაწილიდან იწყება და კისერსა და ხერხემლის ზედა ნაწილამდე ჩამოდის — როდესაც უსმენს გარკვეულ ხმებს, მაგალითად, ჩურჩულს ან თმის ვარცხნის ხმას.

ეს უნიკალური ხმები ასტიმულირებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია შეხებასა და კონტაქტთან. ადამიანები, რომლებიც განიცდიან ASMR-ს, სიმშვიდეს გრძნობენ როგორც გონებაში, ისე სხეულში. ASMR ასევე კარგი საშუალებაა სტრესსა და უძილობასთან გასამკლავებლად. ასეთი ხმების პოვნა YouTube-ზე, Spotify-ზე და სხვა პლატფორმებზე შეგიძლიათ.

კიდევ ერთი კარგი მეთოდია დღიურის წარმოება ან ცნობიერების ნაკადის სტილში წერა. წიგნაკში საკუთარი ფიქრებისა და გრძნობების ჩაწერა მათ გააზრებაში დაგეხმარებათ. ასეთივე თერაპიული შეიძლება აღმოჩნდეს თვითგაცნობიერების (Mindfulness) სხვა ტექნიკები, მაგალითად, მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები.

► ზოგ ადამიანს — განსაკუთრებით მათ, ვინც ძლიერი, თავშეკავებული პიროვნების სახით წარუდგენს თავს სამყაროს — საკუთარი თავის ნუგეშისცემა შეიძლება უხერხულად აგრძნობინებდეს თავს. ასეთ დროს უმჯობესია, ეს პროცესი თვითგანკურნების გზად აღიქვათ — თქვენ საკუთარ თავს ეხმარებით სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებაში და ამაში სამარცხვინო არაფერია.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: WomanLog

გაზიარება

მსგავსი სტატიები

მსხვერპლის დადანაშაულება, ძალადობა, გაუპატიურება, სექსიზმი

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება და რატომ ხდება ის?

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება? — როდესაც დანაშაულის ან ძალადობის შემთხვევაში საზოგადოება პასუხისმგებლობას მთლიანად ან ნაწილობრივ მსხვერპლს აკისრებს

ჩემი ფსიქიკა
სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

შეხების წყურვილი — პანდემიის გვერდითი მოვლენა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია