Facebook Script

ქალიშვილობა — უმანკოების მითი, რომელსაც ქალები სძულს

მართალია, ჩვენი კულტურული ნორმები და დამოკიდებულებები სექსის მიმართ ნელი ნაბიჯებით იცვლება, თუმცა ტრადიციული გენდერული მიდგომები ქალის სექსუალობისადმი უცვლელი დარჩა. ამის ნათელი მაგალითია ქალიშვილობის ცნება და ის, თუ რამდენად დიდ როლს ვანიჭებთ მას.

კაცებს შეუძლიათ ჰქონდეთ სექსი, შეზღუდვებისა და შედეგების გარეშე — მეტიც, ეს სასურველი და წახალისებულია — ქალები კი დღემდე იბრძვიან საბაზისო რეპროდუქციული უფლებებისთვის და ებრძვიან საყოველთაო ზეწოლას, რომელიც მათ შერცხვენას ცდილობს და აიძულებს, თავშეკავებისა და უმანკოების მისეულ საზღვრებში მოაქციოს.

უმანკოების მითი და ზიანი, რომელიც მას ახლავს

როდესაც ქალიშვილობაზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, ვგულისხმობთ მდგომარეობას, როცა ქალს სექსი ჯერ არ ჰქონია. უამრავი ქვეყნის კულტურა — მათ შორის ქართული — ქალიშვილობის ცნებას უმანკოებისა და ფასეულობის მნიშვნელობას ანიჭებს: ქალი მხოლოდ მაშინაა უბიწო და პატიოსანი, როდესაც სექსი მხოლოდ ერთ კაცთან აქვს, ისიც აუცილებლად ქორწინების შემდეგ.

სინამდვილეში, ქალიშვილობა მხოლოდ სოციალური კონსტრუქტია — იდეა, რომელიც მოიგონა და დაამკვიდრა ხალხმა. მას არავითარი სამედიცინო და ბიოლოგიური განმარტება არ აქვს. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ მისი კულტურული მნიშვნელობა და ბიოლოგიური მარკერები.

ქალის სექსუალობის მართვა

მიუხედავად იმისა, რომ პირველი სექსი უნივერსალური გამოცდილებაა, ის პირობები, რომლებიც ქალიშვილობას განსაზღვრავს, ხალხის მიერაა შექმნილი და ქალების სექსუალობის მართვისა და ექსპლუატაციისთვის გამოიყენება — ისინი ზღუდავს ქალების სექსუალურ თავისუფლებას.

► სოციალური ნორმები, რომლებსაც დიდწილად კაცების სურვილები მართავს, ქალთმოძულეობაზეა დაფუძნებული და აძლიერებს იმ იდეას, რომ ქალი სასურველი მხოლოდ მაშინაა, თუ „უმანკოა“ და აქამდე არ ჰქონია სექსუალური ურთიერთობები.

ისტორიულად, ქალიშვილობა ყოველთვის ქალების სხეულის კონტროლს უკავშირდებოდა  — ნაყოფიერების მონიტორინგისა და მამობის დადგენის მიზნით — და მისი პრაქტიკული დანიშნულება არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება იყო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა კონტრაცეფციის სანდო ფორმები არ არსებობდა. ამ სისტემაში ქალის სექსუალობა შემოსაზღვრულია ქორწინების ჩარჩოებით — მასში ქალების სხეული იყო და არის წარმოდგენილი, როგორც მოხმარების პროდუქტი, რომელიც „ხელუხლებელ“ მდგომარეობაში მამიდან ქმარს გადაეცემა და ქალს მხოლოდ ბავშვის გაჩენისა და გვარის გაგრძელების საშუალებად განიხილავს.

ამ პატრიარქალური აზროვნების „დამსახურებით“, ქმრებისთვის უმანკოების „შენახვის“ აუცილებლობა დღემდე იმდენად ფესვგადგმულია ქალების ცნობიერებაში, რომ ამ მითიდან გადახვევა მათ უარყოფით გრძნობებს აღუძრავს საკუთარი სხეულისა და სექსუალობის მიმართ.

სურათი: WomanLog

სექსის გაიგივება მორალთან

ქალის მორალს უმეტესად მის ქალიშვილობასთან აკავშირებენ. სოციალური სტანდარტების მიხედვით, „კარგი ქალია“ ის, ვისაც ქორწინებამდე სექსი არ აქვს, და ყველა, ვინც ამ ნორმას გადაუხვევს, „ცუდი ქალია“. ამგვარად, ქალიშვილობა ქალის მორალურობის ჩამნაცვლებელი გახდა და უმანკოების მითი ქალებს ასწავლის, რომ მათი მორალი სასქესო ორგანოზე გადის და არა — მათ გონებაზე ან გულზე.

უმანკოების ცნებას, განსაკუთრებით როდესაც ის ახალგაზრდა გოგოსკენაა მიმართული, მისი ფასეულობა საშიშ ორბუნებოვნებამდე დაჰყავს: ის ან უმანკოა ან არ არის, და თუკი არ არის, მაშინ „ბოზია“ — „ბოზია“, რადგან სექსი ჰქონდა არასწორ ასაკში (მაგალითად, „ძალიან ახალგაზრდას“), არასწორ დროს (მაგალითად, ურთიერთობის „ძალიან ადრეულ ეტაპზე“), არასწორ ადამიანთან (მაგალითად, ვინც „არ უყვარს“ ან მისი ქმარი არ არის) ან არასწორი გრძნობებით (მაგალითად, არა სიყვარულის, არამედ სიამოვნების გამო).

► საზოგადოებას ძალიან ეშინია იმ იდეის, რომ ქალს შეეძლოს, უბრალოდ ჰქონდეს სექსი ვისთანაც სურს და ამისთვის არ დაისაჯოს.

ქალის ნივთად აღქმა

ქალიშვილობა პასიურობის მდგომარეობაა, რომელიც დაპყრობის იდეას ეფუძნება — ის ისეთი რამაა, რაც „იკარგება“ ან „ირთმევა“. ამით ხაზი ესმება იმას, თითქოს პირველი სექსის დროს ქალები რაიმე ფორმის სიამოვნების მიღების ნაცვლად საკუთარი თავის რაღაც ნაწილს კარგავენ. „უმანკოდ“ დარჩენის ზეწოლა ქალებს აფიქრებინებს, რომ სექსის ქონით ისინი ბინძურები ან რამით „ნაკლულები“ გახდებიან. ამგვარად, პირველი სექსი ქალებისთვის დასასრულს უფრო გამოხატავს, ვიდრე დასაწყისს.

► კაცები თავს დამცირებულად გრძნობენ, როდესაც პარტნიორის სხეულზე ექსკლუზიური „წვდომა“ არ აქვთ, რადგან ეს  მამაკაცურობის მსაზღვრელად იქცა.

ქალებს სექსუალური სიამოვნების მიღების სურვილის ქონის უფლება არ აქვთ და საზოგადოება მათ მხოლოდ კაცის სიამოვნების წყაროდ განიხილავს. ეს მიდგომა სრულიად უგულებელყოფს ქალს, როგორც ინდივიდს, და მის სხეულს — ქალის სხეული არათუ უბრალოდ ნივთია, არამედ ისეთი ნივთია, რომელიც შეიძლება შეაფასო და გამოიყენო კაცების მომსახურებისთვის, რაც, თავის მხრივ, გაუპატიურების კულტურას უდევს საფუძვლად.

► გაუპატიურების კულტურაში, როდესაც ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება, საზოგადოება ყოველთვის მას ადანაშაულებს მომხდარში. ხშირად ოჯახიც კი მოძალადის ნაცვლად მსხვერპლს აკისრებს პასუხისმგებლობას და მას მუქარით, დამცირებით ან ფიზიკური ძალადობითაც კი უსწორდება.

ქალის ნივთად აღქმისა და გაუპატიურების კულტურის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ე.წ. „მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით“. ხშირ შემთხვევაში მოტაცებული გოგო ოჯახის ზეწოლით ქორწინდება მოძალადეზე ან შერცხვენილად ითვლება და ოჯახისა და ნათესავების მხარდაჭერის გარეშე რჩება.

ქალიშვილობის შემოწმების პრაქტიკები

უმანკოების მითმა ქალებს საკუთარ სხეულზე ყოველგვარი ავტონომია დაუკარგა. ბევრ ქვეყანასა და კულტურაში — მათ შორის ხშირად საქართველოშიც — ქალის მიერ ქორწინებამდე ქალიშვილობის დაკარგვა დღემდე ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევა.

რელიგიური და კულტურული ტრადიციების მიერ ქალიშვილობისთვის ამხელა ფასის მინიჭებამ ქალიშვილობის შემოწმების პრაქტიკები შემოიღო. მაგალითად, ბევრ კულტურაში საქმროს საცოლის უმანკოების დასადასტურებლად პირველი ღამის შემდეგ სისხლიანი ხელსახოცის ან თეთრეულის ჩვენება უწევს. მსგავსი ტრადიცია საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაშიც არსებობს — იენგე. იენგე არის ქალი, რომელიც წყვილს პირველ ღამეს ელოდება და შემდეგ სისხლიან ზეწარს ამოწმებს.

ქალიშვილობის შემოწმების კიდევ ერთი გავრცელებული პრაქტიკაა ე.წ. „ორი თითის“ ტესტი: როდესაც ექიმი ხელით ამოწმებს ქალის საქალწულე აპკს — ვაგინის კედელზე არსებულ თხელ მემბრანას — დაზიანებებზე. ამით „აფასებენ“ ახალგაზრდა გოგოებისა და ქალების სოციალურ „ღირებულებას“, რათა გაიგონ, რამდენად „შესაფერისები“ არიან ისინი ქორწინებისთვის ან სამსახურში ასაყვანად. ეს პრაქტიკა არამეცნიერული, არაეთიკური და დამამცირებელია და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, თუმცა ის დღემდე 20-მდე ქვეყანაშია აქტუალური.

► სინამდვილეში, საქალწულე აპკის მდგომარეობას არავითარი კავშირი არ აქვს ქალიშვილობასთან. აპკი ბევრი სხვადასხვა გზით შეიძლება დაზიანდეს პირველ სექსამდე ან შეიძლება საერთოდაც არ გაიხეს სექსის დროს. სწორედ ამიტომ, საქალწულე აპკის შემოწმებით ვერ დადგინდება, ჰქონია თუ არა ქალს სექსი.

იხილეთ აგრეთვე:

სურათი: Rebecca Hendin/VICE

ქალიშვილობის გარშემო შექმნილი ზეწოლის გამო ის იმდენად „ღირებული“ გახდა, რომ მოხმარების პროდუქტად გადაიქცა და ჰიმენოპლასტიკის მეშვეობით მისი „აღდგენის“ პრაქტიკა დამკვიდრდა. ჰიმენოპლასტიკა საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციაა, რომელსაც ბევრი ქალი, მათ შორის საქართველოში, საკუთარი ნებით თუ ოჯახის მხრიდან ზეწოლით მიმართავს, რადგან ეშინია განქორწინების, საზოგადოებიდან გარიყვის ან, ბევრ ქვეყანაში, უარესის — სიკვდილით დასჯის.

მეტიც, უმანკოების მითით შეპყრობილობა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მრავალ ქვეყანაში ქალებს ასახიჩრებდნენ და კლავდნენ მხოლოდ და მხოლოდ სექსის გამო. აფრიკაში გავრცელებული ქალის გენიტალიის დასახიჩრების პრაქტიკა, რომლის დროსაც ქალს კლიტორის გარეთა ნაწილს ან/და გენიტალიის სხვა უბნებს აჭრიან, ასევე დაკავშირებულია ქალიშვილობასთან და უმანკოების მითთან, რადგან სწამთ, რომ ასე სექსი ქალისთვის ნაკლებად სასიამოვნო ხდება, რაც ამცირებს იმის ალბათობას, რომ ის ქმარს უღალატებს. აღსანიშნავია, რომ ეს პრაქტიკა გავრცელებულია საქართველოშიც, კახეთში, ეთნიკურად ავარიელ მოსახლეობაში.

ადრეული ქორწინება

უმანკოების მითი ხშირად ხდება ადრეული ქორწინების მიზეზი. ერთი მხრივ, სექსუალობაზე დადებული ტაბუ ახალგაზრდებს უზღუდავს შესაძლებლობას, თავისუფლად შეხვდნენ ერთმანეთს, მეორე მხრივ კი ქორწინებამდე სექსის მიუღებლობის გამო მათ სექსუალური ცხოვრების დაწყებისა და საკუთარი სექსუალობის შესწავლის ერთადერთ გამოსავლად ადრეული ქორწინება ესახებათ.

ეს ფენომენი განსაკუთრებით მძიმედ გოგოებზე აისახება, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევთ მათი უფლებების დარღვევის შედეგები.

ქალების უმანკოებაზე არსებული წარმოდგენების გამო ადრეული ქორწინებისას გოგოები ხშირ შემთხვევაში ორი-სამი წლით უმცროსები არიან ბიჭებზე. მაგალითად, 2010-2020 წლებში 16-19 წლის ახალგაზრდების ასაკობრივ კატეგორიაში დაქორწინებული ბიჭების რაოდენობა 7 113-ია, გოგოების კი ამაზე 5-ჯერ მეტი — 36 003.

► საქართველოში ქალების 14 პროცენტი 18 წლამდე ასაკში ქორწინდება, რაც ევროპაში ადრეული ქორწინების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს (2010 წლის მონაცემებით).

♦ ადრეულ ქორწინებას თან სდევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები, დაწყებული ადრეულ ასაკში მშობიარობით და დამთავრებული ადრეული ქორწინების თანმდევი ფსიქოლოგიური ტრავმებით.

♦ გარდა ამისა, საქართველოში გავრცელებულია წარმოდგენა, რომ განათლება და ქორწინება ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ არის, რის გამოც გოგოებს ხშირად უწევთ სკოლის მიტოვება ან უმაღლეს განათლებაზე უარის თქმა.

♦ ადრეული ქორწინებისას განქორწინების რისკიც უფრო მაღალია. თუმცა, განქორწინება მრავალ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით ქალებისთვის. უმანკოების სტიგმა ზღუდავს მათ არჩევანს ხელახლა დაქორწინების მხრივ, ქორწინების დროს არსებული შეზღუდვების გამო კი ქალები მარტონი რჩებიან არასათანადო განათლებით, დასაქმების გამოუცდელობითა და სუსტი სოციალური კავშირებით. შესაბამისად, ბევრი მათგანი ამჯობინებს, ცხოვრება რთულ პირობებში გააგრძელოს.

სურათი: Susanna Hayward / Getty Images

უმანკოების მითის მეორე მხარე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი სექსის გარშემო არსებული ზეწოლა სქესზეა დამოკიდებული. გოგოებზე მუდმივადაა ზეწოლა, რომ მათ უნდა მოიცადონ და კარგად შეარჩიონ, ვის „მისცემენ“ საკუთარ ქალიშვილობას. ბიჭებზე, მეორე მხრივ, ამის საპირისპირო ზეწოლაა — რაც შეიძლება მალე ჩამოიშორონ ვაჟიშვილობის დაღი, რათა უფრო „მამაკაცურები“ გახდნენ.

გარდატეხის ასაკში შესვლისთანავე ბიჭებისგან ელიან, რომ ისინი სექსუალური აქტივობის მანქანებად უნდა იქცნენ. კაცებისთვის სექსი ისეთ საჭიროებად განიხილება, რომელიც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, ვაჟიშვილობა კი დაცინვისა და გაკიცხვის საგანია. ბიჭებს ასწავლიან, რომ მათ აკისრიათ ქალის „შებმის“ ვალდებულება და პარტნიორების სიმრავლე მათი „მამაკაცურობის“ დასტურია. ეს მიდგომა გულისხმობს, რომ სექსის ალბათობას განსაზღვრავს კაცის უნარი, დაარწმუნოს ქალი, და არა — ქალის თანხმობა სექსზე. ეს იმ მცდარ წარმოდგენასაც უკავშირდება, თითქოს ქალებს არ აქვთ სქესობრივი ლტოლვა და სექსისგან სიამოვნებას არ იღებენ, და გაუპატიურების კულტურის კიდევ ერთი საშიში საფუძველია.

ასეთი სოციალური ზეწოლა სრულიად უგულებელყოფს თანხმობის არსებობას კაცების მხრიდან — საზოგადოება მათ სექსზე უარის თქმის უფლებას საერთოდ არ აძლევს, უარის შემთხვევაში კი მათ „კაცობას“ ან სექსუალურ ორიენტაციას აყენებს ეჭვქვეშ. ამავე ზეწოლის გამო საქართველოში ძალიან გავრცელებულია პრაქტიკა, როცა არასრულწლოვანი ბიჭები ყოველგვარი ემოციური მზაობის გარეშე, ხშირად კი რომელიმე უფროსი ნათესავის თანხლებით, სექს-მუშაკებთან მიჰყავთ „დასავაჟკაცებლად“. ასეთ გარემოში, სადაც სექსი სრულიად დაცლილია გრძნობებისგან და ის მხოლოდ ფიზიკურ კმაყოფილებამდე დადის, პირველი სექსუალური გამოცდილების მიღება ბევრისთვის დიდ სტრესთან, სექსუალურ ტრავმებსა და  სექსზე არასწორი წარმოდგენების ჩამოყალიბებასთანაა დაკავშირებული.

როგორ უნდა გადავიაზროთ ქალიშვილობის ცნება?

ქალიშვილობა უბრალოდ იდეაა და იდეები იცვლება. ის სექსისტურია და დიდ ზიანს აყენებს ქალებს, მცდარად უკავშირდება უმანკოებას, ახალისებს გაუპატიურების კულტურასა და ადრეულ ქორწინებას. ის მხოლოდ ჩვენ შევქმენით და ვირწმუნეთ. ქალიშვილობის იდეის გადააზრება სექსისა და სექსუალობის შესახებ უფრო ჯანსაღი და მრავლისმომცველი დამოკიდებულების გაჩენის საშუალებას მოგვცემს.

სექსუალობა ქალებსაც აქვთ. ძველად ქალების სქესობრივი ლტოლვა მკაცრად შეუფერებელ და არაქალურ რამედ მიიჩნეოდა და ქალები უბრალოდ კაცების ლტოლვის დაკმაყოფილების ყველაზე მიღებულ საშუალებად განიხილებოდნენ. რეალურად, სქესობრივი ლტოლვა და სიამოვნების მიღების სურვილი კაცებსაც აქვთ და ქალებსაც და მათი ჩამოყალიბება ძალიან ადრეულ ასაკში იწყება.

ადამიანი თავად განაგებს საკუთარ სხეულს. ქალები არ არიან არც მამების და არც ქმრების საკუთრება და დაუშვებელია ადამიანის ნივთად აღქმა.

► სექსუალური ძალადობა მსხვერპლის ბრალი არ არის და მასში დამნაშავე მხოლოდ მოძალადეა.

საქალწულე აპკი ქალიშვილობის დასტური არ არის. ის წარმოდგენა, თითქოს პირველი სექსის დროს სისხლდენა აუცილებელია, მოძველებული და მცდარია. სისხლდენა და აპკის შემოწმება ვერ ადგენს, ჰქონია თუ არა ქალს სექსი.

არ არსებობს სწორი და არასწორი დრო პირველი სექსისთვის. პირველი სექსი ახალი გამოცდილებაა და არა — რაიმეს დაკარგვა, წაბილწვა ან შერცხვენა. არავინ უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის უმანკოების მითს და პატივი უნდა ვცეთ სხვების სურვილებს, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ემთხვევა ისინი ჩვენსას.

მთავარი სურათი: ანიკი გელაშვილი / Femea

სტატიის ავტორი: შოთა ფუტკარაძე / Femea

მსგავსი სტატიები

სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
სექსი, seqsi, ჯანმრთელობა

რამდენად სასარგებლოა სექსი თქვენი ჯანმრთელობისთვის?

რა სარგებელი მოაქვს სექსს? — მშვიდი ძილი, ტკივილის შემცირება, ჰორმონების რეგულაცია, გულის ვარჯიში, გაძლიერებული იმუნიტეტი და მრავალი სხვა.

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

ქალიშვილობა — უმანკოების მითი, რომელსაც ქალები სძულს

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია