Facebook Script

რა არის ენდომეტრიოზი? — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ენდომეტრიოზი არის გინეკოლოგიური დაავადება, რომელიც საშვილოსნოს გარეთ ენდომეტრიუმის — საშვილოსნოს კედლის შიგნითა ლორწოვანი შრის — უჯრედების არსებობითაა გამოწვეული. სამწუხაროდ, ენდომეტრიოზისგან სრულად განკურნების გზა ნაპოვნი არ არის, თუმცა სიმპტომების შემსუბუქება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი.

ენდომეტრიოზი შეიძლება საკმაოდ ძლიერი ფიზიკური ტკივილის მიზეზი გახდეს და ის მსოფლიოს გარშემო მილიონობით ქალს აწუხებს. მიუხედავად ამისა, ენდომეტრიოზის შესახებ ფართო საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობაა და ზუსტი დიაგნოზის დასმას შეიძლება გინეკოლოგთან მრავალი კონსულტაცია დასჭირდეს. მსგავს რეალობას ნაწილობრივ განაპირობებს ისიც, რომ მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილი ნორმალიზებულია და ადამიანები, რომლებსაც მენსტრუაცია აქვთ, ამ ტიპის ტკივილს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.

ყოველთვიურად საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი — ენდომეტრიუმი — სქელდება, რათა პოტენციური ორსულობისთვის უფრო ხელსაყრელი გარემო შექმნას. განაყოფიერებული კვერცხუჯრედის არარსებობის შემთხვევაში, ეს გარსი ჩამოიფცქვნება და სხეულიდან მენსტრუალური სისხლის სახით გამოიყოფა. ენდომეტრიოზით დაავადებული ადამიანების შემთხვევაში კი, საშვილოსნოს გარეთ ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილი იზრდება. მსგავსი ქსოვილი მოქმედებს, როგორც ენდომეტრიუმის ქსოვილი — სქელდება და იშლება ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს. ამ შემთხვევაში განმასხვავებელია ის ფაქტი, რომ საშვილოსნოს გარეთ ჩამოშლილ ენდომეტრიუმის ქსოვილს სხეულიდან გამოსასვლელი გზა არ გააჩნია და „ხაფანგშია“ მომწყვდეული. ამგვარი დაგროვებული ენდომეტრიუმის ქსოვილი იწვევს დაზიანებებს, კვანძებსა და კისტებს.

ენდომეტრიოზი უმეტესად ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებს ემართებათ, თუმცა იშვიათად ის კაცის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებშიც გვხვდება — არსებობს მინიმუმ ოცი დაფიქსირებული შემთხვევა, რომლის დროსაც პათოლოგიური ქსოვილი ძირითადად მიმაგრებულია მუცლის ქვედა კედელზე და საზარდულის მიდამოში.

ენდომეტრიოზის სიმპტომები

ენდომეტრიოზს რამდენიმე სიმპტომი ახასიათებს, თუმცა ამ სიმპტომების სიმძიმე არ განაპირობებს დაავადების სიმძიმესაც.

ენდომეტრიოზის ყველა გავრცელებული სიმპტომია ტკივილი, რომელიც მოიცავს: 

  • მენსტრუალურ სპაზმურ ტკივილს, მუცლისა და წელის ტკივილს, რომელიც ხშირად მენსტრუაციის პერიოდს ახლავს თან — ის შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს დროთა განმავლობაში;

  • ქრონიკულ ტკივილს მენჯის არეში;

  • ტკივილს სექსის დროს ან მის შემდეგ. როგორც წესი, ენდომეტრიოზით გამოწვეულ ამ სახის ტკივილს უფრო „ღრმა“ ტკივილად მოიხსენიებენ, რადგან ის განსხვავდება ვაგინაში პენეტრაციის დროს გამოწვეული შესაძლო ტკივილისგან;

  • ნაწლავის ტკივილს;

  • ტკივილს შარდვის დროს. იშვიათ შემთხვევაში, შესაძლებელია სისხლის აღმოჩენა შარდში ან განავალში.

ენდომეტრიოზის სხვა სიმპტომებია:

  • საჭმლის მონელების პრობლემა — ფაღარათი, შეკრულობა, შებერილობა ან გულისრევა, განსაკუთრებით მენსტრუაციის დროს; 

  • ძლიერი სისხლდენა — ჭარბი სისხლდენა მენსტრუაციის დროს ან ლაქები მენსტრუაციებს შორის;

  • უნაყოფობა — ზოგჯერ ენდომეტრიოზის დიაგნოზი უნაყოფობის მიზეზის პოვნის დროს ისმევა.

► გაითვალისწინეთ, რომ ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა გინეკოლოგიური პრობლემებით (მაგალითად, მენჯის ანთებითი დაავადებით) და აუცილებლად ენდომეტრიოზზე არ მიუთითებს.

ენდომეტრიოზის გამომწვევი ფაქტორები

მიუხედავად იმისა, რომ ენდომეტრიოზი გავრცელებული პრობლემაა, ზუსტად არ არის დადგენილი მისი გამომწვევი მიზეზები. ზოგიერთი ქალი აღნიშნავს, რომ სიმპტომების გამოვლენისას ტკივილი სერიოზულად არ აღიქმება, რადგან მსგავსი ტკივილი მენსტრუალური ციკლის დროს ნორმალიზებულია. ეს კი იწვევს დაგვიანებულ დიაგნოსტირებას და მუდმივ ტანჯვას. 

წყარო: WomanLog

ენდომეტრიოზის გამომწვევი სავარაუდო ფაქტორებს შორისაა:

  • პერიტონეუმის უჯრედების ტრანსფორმაცია. ჰორმონებმა ან იმუნურმა ფაქტორებმა შეიძლება ხელი შეუწყონ პერიტონეუმის უჯრედების — მუცლის შიდა ლორწოვანი გარსის — ენდომეტრიუმის მსგავს უჯრედებად ტრანსფორმაციას. 

  • ემბრიონული უჯრედების ტრანსფორმაცია. ისეთ ჰორმონებს, როგორიცაა ესტროგენი, შეუძლიათ ემბრიონული უჯრედები — უჯრედები განვითარების ადრეულ ეტაპებზე — ენდომეტრიუმის მსგავს უჯრედულ იმპლანტად გარდაქმნას. 

  • ქირურგიული ოპერაცია. ქირურგიული ჩარევის დროს, როგორიცაა ჰისტერექტომია ან საკეისრო კვეთა, ენდომეტრიუმის უჯრედები შეიძლება შემთხვევით ტრანსპორტირდეს და ქირურგიულ ჭრილობას დაერთოს. 

  • ენდომეტრიუმის უჯრედების გადაადგილება. სისხლძარღვებმა ან ლიმფურმა სისტემამ შეიძლება ენდომეტრიუმის უჯრედები სხეულის სხვა ნაწილში გადაიტანოს. 

  • გენეტიკური ფაქტორები. თუკი თქვენი ოჯახის წევრს ჰქონდა ან აქვს ენდომეტრიოზი, მაშინ თქვენც გაზრდილი რისკის ქვეშ ხართ. 

  • ჰორმონები. როგორც დადგინდა, ჰორმონი ესტროგენი ხელს უწყობს ენდომეტრიოზის განვითარებას. აქტიურად მიმდინარეობს კვლევები, რათა გარიკვეს, რამდენად ზრდის ენდომეტრიოზის გაჩენის შანსს ჰორმონალური პრობლემები.

► იმ შემთხვევებში, როდესაც ენდომეტრიოზი კაცებში გამოვლინდა, გამომწვევი მიზეზი ხანგრძლივი ჰორმონალური თერაპია ან ღვიძლის პრობლემები იყო (მაგალითად, ციროზი ან ღვიძლის უკმარისობა). დაფიქსირებულია ისეთი შემთხვევაც, როდესაც კაცს ენდომეტრიოზის დიაგნოზი მას შემდეგ დაესვა, რაც პროსტატის კიბოს მკურნალობის კურსი გაიარა, მკურნალობის ეს კურსი კი ჰორმონ ესტროგენის მიღებას მოიცავდა.

ენდომეტრიოზი ვითარდება მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ითვლება, რომ ენდომეტრიოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ის ადამიანები, რომლებსაც მენსტრუალური ციკლი საკმაოდ ადრეულ ასაკში დაეწყოთ.

არსებობს ფაქტორები, რომლებიც ასუსტებენ ან აძლიერებენ ენდომეტრიოზის სიმპტომების გამოვლენას. მაგალითად, დასუსტებულმა იმუნურმა სისტემამ შეიძლება ვერ შეძლოს საშვილოსნოს გარეთ მზარდი ენდომეტრიუმის ქსოვილის ამოცნობა და მისი განადგურება, რის გამოც ის ზრდას განაგრძობს და სამომავლოდ პრობლემებს გამოიწვევს.

მეორე მხრივ, ორსულობის დროს ენდომეტრიოზის სიმპტომები სუსტდება. გარდა ამისა, მენოპაუზის შემდგომ ასაკში (60-65 წელი) ენდომეტრიოზის განვითარების შანსი იზრდება, რადგან სხეული ესტროგენს კვლავ გამოიმუშავებს, თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ მენოპაუზის შემდეგ ენდომეტრიოზის სიმპტომები ბოლომდე ქრება.

ენდომეტრიოზის სავარაუდო გართულებები

ენდომეტრიოზის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა არის უნაყოფობა, რაც შეიძლება მრავალი გზით გამოვლინდეს:

  • ფალოპის მილების დაზიანება

  • ჰორმონალური ცვლილებები

  • მენჯის ანთება

  • ადჰეზიები (შეხორცება)

  • იმუნური სისტემის დაქვეითება

  • კვერცხუჯრედების დაზიანება

მიუხედავად ამისა, ენდომეტრიოზის დიაგნოზი უნაყოფობას არ ნიშნავს! იმის გათვალისწინებით, რომ ასაკის მატებასთან ერთად ენდომეტრიოზი შეიძლება გართულდეს, ამ დაავადების მქონე ქალებს ურჩევენ, რომ შვილი ახალგაზრდა ასაკში გააჩინონ.

გარდა ამისა, მართალია, რომ ენდომეტრიოზი თავისთავად კეთილთვისებიანია, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ენდომეტრიოზსა და საკვერცხის კიბოს შორის კავშირი დადგინდა. მართალია, იშვიათად, მაგრამ ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს ენდომეტრიოზთან დაკავშირებული ადენოკარცინომები.

წყარო: WomanLog

ენდომეტრიოზის დიაგნოზის დასმა

სავსებით შესაძლებელია, რომ წლების განმავლობაში ექიმმა ვერ დაგისვათ ენდომეტრიოზის დიაგნოზი. არსებობს რამდენიმე ტესტი/პროცედურა, რომელთა დახმარებითაც ენდომეტრიოზის დიაგნოზი შედარებით მარტივად ისმევა:

მენჯის ღრუს გინეკოლოგიური გამოკვლევები. მენჯის ღრუს გამოკვლევის დროს ექიმი ამოწმებს ისეთ დარღვევებს, როგორებიცაა ნაწიბურები ან კისტები. ხშირად ენდომეტრიოზის მცირე უბნები შეუმჩნეველი რჩება, თუკი მათ კისტა არ გამოიწვიეს.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია დაგეხმარებათ ენდომეტრიული იმპლანტების ადგილმდებარეობისა და ზომის განსაზღვრაში და, დამატებით, ქირურგიული ჩარევის დაგეგმვაშიც.

ლაპაროსკოპია. ლაპაროსკოპია არის ქირურგიის სახეობა, რომლის დროსაც ქირურგი ჭიპის გვერდით პატარა ჭრილობას აკეთებს, რომელშიც წვრილ ინსტრუმენტს დგამს (ლაპაროსკოპს), რომლითაც ის მარტივად ამჩნევს საშვილოსნოს გარეთ მყოფი ენდომეტრიუმის ქსოვილის არსებობას ან მათ ნიშნებს.

ლაპაროსკოპიას შეუძლია ენდომეტრიუმის იმპლანტების ზომა, მოცულობა და მდებარეობა აჩვენოს. ამ პროცედურის დროს ქირურგს შეუძლია ქსოვილის აღება შემდგომი ტესტირებისთვის. ხშირად, სწორი ქირურგიული დაგეგმვით, ლაპაროსკოპიის დროს შესაძლებელია ენდომეტრიოზის სრულად ამოკვეთა.

ენდომეტრიოზის მკურნალობა

ენდომეტრიოზის სიმპტომების შემსუბუქებისთვის გადამწყვეტი როლი ენიჭება ჯანსაღი ცხოვრების წესს. მენჯის ქრონიკული ტკივილის მქონე ადამიანებისთვის ხშირად შვებისმომგვრელია რეგულარული ფიზიკური აქტივობა.

ზოგიერთი საკვები ენდომეტრიოზის სიმპტომებს აძლიერებს:

  • შემწვარი ან მაღალდამუშავებული საკვები

  • წითელი ხორცი

  • გლუტენი

ენდომეტრიოზის სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება ისეთი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, როგორებიცაა იბუპროფენი ან ნაპროქსენი.

► ყურადღება! არ მიიღოთ მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე.

სიმპტომებთან გასამკლავებლად კიდევ ერთი ვარიანტია ჰორმონოთერაპია.

მენსტრუაციის დროს ჰორმონების დონის კლება ან მატება ენდომეტრიუმის ქსოვილის გასქელებას, გაშლას და გათავისუფლებას იწვევს. ჰორმონალურმა მედიკამენტებმა შეიძლება შეანელონ ენდომეტრიუმის ქსოვილის ზრდა ან ხელი შეუშალონ ახლის წარმოქმნას. თუმცა, მსგავსი თერაპია არ არის მუდმივი გამოსავალი და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ენდომეტრიოზისთვის დამახასიათებელი ტკივილი ისევ დაბრუნდება.

მედიკამენტებისა და ჰორმონოთერაპიის კომბინაცია შეიძლება ეფექტური იყოს ენდომეტრიოზის ტკივილთან გასამკლავებლად. თუმცა, მსგავსი მედიკამენტების მიღება არ არის სასურველი იმ შემთხვევა, თუკი დაორსულებას ცდილობთ.

ჰორმონალური კონტრაცეპტივის მიღება (მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები) ხელს უწყობს ენდომეტრიუმის ქსოვილის დაგროვებაზე პასუხისმგებელი ჰორმონის კონტროლს. ბევრი ქალი აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ჰორმონალური კონტრაცეპტივის მიღების დროს მენსტრუაცია უფრო მსუბუქი იყო.

ისეთი მედიკამენტებისა თუ თერაპიის საშუალებების გამოყენება, რომლებიც მენსტრუაციას აჩერებენ (მაგალითად, გონადოტროპინის ჰორმონის გამომყოფი მედიკამენტები, რომლებიც ხელოვნურად იწვევენ მენოპაუზას, ან პროგესტერონის თერაპია, რომელიც აჩერებს მენსტრუაციას) გამოიყენება ენდომეტრიოზის სიმპტომებისგან თავის დასაღწევად.

არომატაზას ინჰიბიტორები მიეკუთვნებიან მედიკამენტების ისეთ კლასს, რომლებიც ორგანიზმში ესტროგენის რაოდენობას ამცირებენ. ექიმმა შეიძლება ენდომეტრიოზის სამკურნალოდ გირჩიოთ არომატაზას ინჰიბიტორის გამოყენება პროგესტინთან ან კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივთან ერთად.

იმ შემთხვევაში, თუკი ენდომეტრიოზის მძიმე სიმპტომები ტკივილგამაყუჩებლებით არ სუსტდება ან ადამიანს ამ მედიკამენტების მიღება არ შეუძლია, ინიშნება ოპერაცია. უფრო მწვავე შემთხვევებში, როდესაც, მაგალითად, ენდომეტრიოზი გავლენას ახდენს ნაწლავებზე, შარდის ბუშტზე, შარდსაწვეთზე ან მენჯის ნერვზე, როგორც წესი, ოპერაცია რეკომენდებულიც კია. 

► ოპერაციის შემდეგ ყველა არ იკურნება ენდომეტრიოზისგან. ვინაიდან მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, ენდომეტრიოზი შეიძლება წარმატებული ოპერაციის შემდეგაც დაბრუნდეს.

როგორც ჯანმრთელობის ყველა სხვა პრობლემის შემთხვევაში, ენდომეტრიოზისგან გამოჯანმრთელების შანსსაც ადრეული დიაგნოსტირება ზრდის. ამაში დაგეხმარებათ ხშირი შემოწმება და ექიმთან გეგმური ვიზიტის ჩანიშვნა. ენდომეტრიოზი ზოგჯერ რთული სამართავია და თქვენზე მორგებული მკურნალობის კურსის პოვნას შეიძლება დრო დასჭირდეს, თუმცა იმის გამორკვევა, თუ რა საშუალებებით შეგიძლიათ ენდომეტრიოზთან ბრძოლა, პირველი ნაბიჯია გამოჯანმრთელების გზაზე.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: WomanLog

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები საქართველოში

რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების მნიშვნელობა — აბორტი და უშვილობა: როგორია რეალობა საქართველოში?

ორსულობა და მშობიარობა
შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა
შშმ, პირები, ქალები, სექსუალური, ჯანმრთელობა, განათლება, ხელმისაწვდომობა, გამოწვევები, სექსუალობა, ეიბლიზმი, ძალადობა, ფიზიკური, ადაპტაცია, სტერეოტიპები,

შშმ პირები და სექსუალური ჯანმრთელობა — გამოწვევები და მათი მოგვარების გზები

რა გამოწვევების წინაშე არიან შშმ პირები სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით? — ეიბლიზმი, ინფორმაციის მიუწვდომლობა, სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, გარემოს არაადაპტირებულობა, სტერეოტიპები.

ჩემი სექსუალობა
რჩევები, მშობლები, შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობები, მოზარდები, კომუნიკაცია, ლაპარაკი, საუბარი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, სექსი, შვილი, ბავშვი, თინეიჯერი, ssm, shezguduli, shesadzleblobebi, mozardebi, laparaki, seqsi, sqesobrivi, momwifeba

რჩევები მშობლებს — შშმ მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

როგორ ვესაუბროთ გარდატეხის ასაკის შშმ მოზარდს სქესობრივ მომწიფებაზე? — პირადი საზღვრები, უსაფრთხოება, სექსი და სხვა თემები. გასათვალისწინებელი ფაქტორები მშობლებისთვის.

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

რა არის ენდომეტრიოზი? — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია